დემოკრატიული მოძრაობის წევრი გიორგი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება პანიკაშია და განცხადებები და შავი პიარი, რომელიც კრების წინააღმდეგ აგორდა, სწორედ ხელისუფლებიდან მოდის.კობახიძე გამორიცხავს სახალხო კრებასთან რუსული ფულის და რუსული გეგმის კავშირს და აცხადებს, რომ ეს ხელისუფლება ძალიან მალე დამთავრდება.
- ჩვენი გეგმა გათვლილია იმაზე, რომ რაც უფრო სწრაფად მოხდება ხელისუფლების გაშვება, მით უფრო კარგი იქნება. მთავარი პირობა ჩვენი ის არის, რომ უკან დახევას არ ვაპირებთ. პირობა, რომელიც ხალხს მივეცით, რომ უკან არ დავიხევთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, იქნება შესრულებული, - აცხადებს კობახიძე, რომელსაც იმედი აქვს, რომ საპროტესტო აქციებზე ხალხი მივა და ეს აქციები სამი-ოთხი თვე არ გაიჭიმება.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა 2011 წელი სააკაშვილისთვის ბოლო საპრეზიდენტო წელი. ბურჯანაძის თანაპარტიელი დარწმუნებულია, რომ თვის ბოლოს ანუ მაისის ბოლოს სააკაშვილის მმართველობა დასრულდება. გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი კობახიძესთან
ბატონო გიორგი, ხელისუფლება რევოლუციური ოპოზიციის ნაბიჯებში რუსულ კვალს ხედავს. კოკა გაბაშვილმა პირდაპირ განაცხადა, ხელისუფლება არ დაუშვებს საქართველოში რუსული სცენარით არეულობას. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- მე მთავარ სათქმელს ვიტყვი: ხელისუფლება აშკარად პანიკაშია. პანიკის პირველი ნიშანი ის არის, რომ გამრავლდა პოლიტპატიმრების რიცხვი უკვე ახალგაზრდების ხარჯზე. მხედველობაში მაქვს რუსთავში ჩატარებული სპეცოპერაცია პოლიციის მიერ, როცა იყო პროვოცირებული ექსცესები და შემდეგ დააპატიმრეს ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები. ეს არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი. თუ ვინმეს რაღაც პარალელები ელანდება, პირველ რიგში, ეს პარალელი დაინახოს. ეს არის ანალოგი 20-იანი წლების ბოლშევიკურ საბჭოთა წყობილებასთან. რაც შეეხება რუსეთთან დაკავშირებით გოკა გაბაშვილის განცხადებას, ბუნებრივია, გაბაშვილი არის გამხმოვანებელი. ის არ არის ის ფიგურა, რომელსაც თვითონ შეეძლება პოლიტიკური შეფასებების კეთება. მას ამის უფლებაც არ აქვს. აქ არის იმ თამაშის ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება დიდი ხანია გვთავაზობს. მთლიანად რუსული სცენარით მოღვაწეობს ამ 7 წლის განმავლობაში სააკაშვილის ხელისუფლება. მხედველობაში მაქვს ის, რომ ტერიტორიების 20% რუსებს გადასცა თავისი გამიზნული მოქმედებების შედეგად და ეკონომიკის საკონტროლო პაკეტი. ეს არ არის ჩემი სიტყვები. ეს არის ცნობილი ქართველი ეკონომიკის ექსპერტების - ეკონომიკის საკონტროლო პაკეტი რუსეთის ხელში აღმოჩნდა ამ ხელისუფლების გამოისობით. აქედან გამომდინარე, ჯერ სარკეში ჩაიხედოს მიხეილ სააკაშვილმა და მერე გამოიყვანოს ამ ტექსტებით თავისი ხელქვეითები ჩვენზე სასაუბროდ. ეს არის ის სცენარი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის ინტერესებშია და ჩვენი ქვეყნის გადარჩენისკენ არის მიმართული.
შეგნებულად არასწორად აფასებს ხელისუფლება მიმდინარე პროცეს? სურს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მსგავსი განცხადებებით კიდევ უფრო დაძაბოს?
- ხელისუფლება პანიკაშია და თავს იცავს. ეს არის ინსტინქტებზე განპირობებული მოქმედებები. რაც შეეხება რუსეთს, რუსეთს აქვს ასეთი პოზა: მაგინე რაგინდ უშვერი სიტყვებით, ოღონდ ჩემი ინტერესები გამატარებინე. იგივე ვაშაძის გუშინდელი განცხადებაც შეიძლება ამ რიგში ჩავაყენოთ. თურმე ვაშაძეს აქვს საფუძველი, რომ დააკნინოს რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკური ფიგურა; მაშინ, როცა ვაშაძეს და მის დირექტორ სააკაშვილს, როცა გაეხარდებათ, მაშინ უბარტყუნებენ მედვედევი და პუტინი ხან ერთ ლოყაში, ხან მეორეში, თან პანღურებსაც არ აკლებენ.
რის საფუძველზე აკეთებთ განცხადებას, რომ ხელისუფლება პანიკაშია. თქვენი აზრით, სააკაშვილი რევოლუციურ სუნს გრძნობს?
- თუ ოპოზიციურ ძალებს გულისხმობთ, აქ ეს არის მეორეხარისხოვანი, რადგან მე სახალხო კრებაზე ვლაპარაკობ. სახალხო კრება არ არის პოლიტიკური წარმონაქმნი. რა თქმა უნდა, მას პოლიტიკური მიზნებიც გააჩნია, რადგან საქმე ქვეყნის გადარჩენას და არსებული სისტემის დემონტაჟს ეხება. ეს არის წმინდა სახალხო მოძრაობა, რადგან ამ მოძრაობის მართვაში გაცილებით დიდი როლი წარმომადგენლობის თვალსაზრისით აქვთ საზოგადოების წარმომადგენლებს, ვიდრე პოლიტიკურ სუბიექტებს. ეს არის ფაქტი. სახალხო კრება არის ის ორგანო, რომელსაც ნებისმიერი პარტიისგან განსხვავებით, რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს ამ პარტიას, ე.წ. რადიკალია თუ რვიანელია, ყველა შემთხვევაში კრებას აქვს ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება. ამ პოზიციას ზურგს უმაგრებს ის ასი ათასობით ხელმოწერა, რომელიც ჩვენ გვაქვს კარგად დაარქივებული.
თქვენი აზრით, სახალხო კრების უფრო ეშინია ხელისუფლებას თუ ოპოზიციური ძალების? სააკაშვილი პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ყოველთვის სუსტად მიიჩნევდა.
-სააკაშვილს ხალხის ეშინია. მხოლოდ და მხოლოდ ხალხს აქვს ის ძალა, რომ ხელისუფლება აიძულოს.
გასაგებია, მაგრამ ხალხს სჭირდება ოპოზიციის სახით ძალა, რომელსაც ანდობს ქვეყნის მართვას. სამწუხაროდ, ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ძალად ვერ ჩამოყალიბდა.
- პოლიტიკოსებიდანაც მხოლოდ იმას აქვს ფასი და ღირებულება, ვისაც მხარს ხალხი უჭერს. ჯამი რომ აიღოთ ყველა დანარჩენი ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების ერთის მხრივ და მეორე მხრივ, სახალხო კრება, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, სახალხო კრება გადაწონის. ეს თქვენ შეგიძლიათ 21 მაისს დათვალოთ. ეს არის თვლით უპირატესობა და არა გულზე მჯიღის ცემით.
სახალხო კრების მხრიდან მოქმედებების დაწყების 21 მაისისთვის გადადების შემდეგ ითქვა, კრება საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში დარწმუნებული არ არისო.
- ეს არის დემაგოგია და ხელისუფლების დაკვეთის შესრულება, როცა ვიღაც ამბობს, რომ 2 მაისიდან გადავწიეთ 21 მაისისთვის. ყველამ კარგად იცის და შეგიძლიათ დოკუმენტები გადაამოწმოთ, რომ 15 მარტს ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ 2 მაისს წარმოვადგენთ გეგმას და გაცნობებთ თარიღს, როცა დავიწყებთ ბოლო ფაზას ჩვენი აქტიური მოქმედებების. ეს არის დოკუმენტი, რომელიც გაზეთებშიც გამოქვეყნდა. ამიტომ ადამიანი უკვე ამ დემაგოგიას რომ იშველიებს, ამით ის თავის სისუსტეს აღიარებს. რაც შეეხება 21 მაისს, ის კიდევ ბევრ რაღაცას უკავშირდება და ამას მერე თანდათან მიმდინარეობის დროს ყველა მიხვდება და დაინახავს.
ქართულმა პარტიამ კახეთიდან დაიწყო საპროტესტო აქციები. ხომ არ მოხდება თქვენი პოზიციების გადაკვეთა? სუბარი აცხადებს, რომ მალე ქართული პარტია ხალხს თბილისში დაუძახებს და დედაქალაქში გაიშლება პროტესტი.
- ყველას აქვს აქციის ჩატარების უფლება. აქციების ჩატარება, თუ ეს არის გულწრფელი, ევალება კიდეც, თუ ძალას პოლიტიკური ძალა ჰქვია. ამიტომ ჩვენ არანაირი სურვილი არ გაგვაჩნია იმისა, რომ დავუშვათ, რაღაც პროტესტი გამოიწვიოს ამ აქტივობებმა ჩვენში. ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება გადაკვეთას: სახალხო კრება როცა ჩანასახში იყო, იმთავითვე განვაცხადეთ, რომ კრება იმიტომ არის სახალხო, რომ მისი კარი ყოველთვის ღია იქნება მათთვის, ვინც ამ მიზნებს და პრინციპებს გაიზიარებს, რომელიც გაცხადდა საინიციატივო ჯგუფის პირველივე განცხადებაში. ეს განცხადება დღესაც ძალაშია და მომავალშიც ძალაში იქნება. აქ მთავარი პირობაა ის, რომ ის მიზნები და მოქმედების გეგმა უნდა იყოს გაზიარებული, რათა პროცესში ჩაერთონ. მეტსაც გეტყვით, ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს აქვს შანსი იმისა, რომ გადადგას ნაბიჯი და გადავიდეს ჭეშმარიტ გზაზე, რომელიც არის ქვეყნის გადარჩენის ყველაზე მოკლე გზა. ჩვენ არავის კონკურენტად არ განვიხილავთ.
დემოკრატიული მოძრაობის წევრები მოსალოდნელ დაპატიმრებებზე საუბრობენ. ბურჯანაძის სიტყვებია, არც გაბედონ, თორემ შესაბამის ძალას დავუპირისპირებთო. იგრძნობა, რომ ხელისუფლება რიგი ლიდერების მიმართ განსაკუთრებულყურადღებას იჩენს, ვინმეს უთვალთვალებენ ან ა.შ.?
- ეს არ არის ზეპირი, რაღაც პრევენციაზე გათვლილი განცხადება. რადგან მათ გაბედეს და გია ბურჯანაძეს ხელი მოკიდეს, ბუნებრივია, რომ ეს მუდმივად უტრიალებთ თავის მოკლე მხედველ აზროვნებაში. ჩვენ არასდროს ვლაპარაკობთ საიდანღაც მოტანილი ვერსიებით. ჩვენ ვლაპარაკობთ კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით. მაგრამ, როგორც გია ბურჯანაძის დაპატიმრების შემდეგ დაამუხრუჭეს და მიხვდნენ, რომ ეს მათ ცოტ დაუძლეველ სირთულეებს შეუქმნიდა, პროცესის მიმდინარეობის დროს გადაწყვეტილება შეცვალეს. ეს გაფრთხილება არის შეხსენება იმისა, რომ ჩვენ ყოველდღიურად კიდევ უფრო ვძლიერდებით. ყველას ცხვირში ნავთად ედინება ის შეცდომა, რომელიც არის ადამიანის წინააღმდეგ მიმართული, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი.
ჯერ კიდევ ფიქრობენ ოპოზიციონერები და უფლებადამცველები, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და ერთიანი ძალით შეუტიოს სააკაშვილის რეჟიმს, თუ რეალურად უნდათ რეჟიმის შეცვლა. ამისთვის კი მათ პირადი ამბიციები გვერდზე უნდა გადადონო. შესაძლებლად მიგაჩნიათ ასეთი დაპირისპირების ფონზე ოპოზიციის გაერთიანება?
- ვისთვისაც მიზანი არის წმიდათა წმინდა ანუ მიზანი, არც მეტი, არც ნაკლები, ეხება საქართველოს ნორმალურ ქვეყანად ქცევას, მის ამ ჭაობიდან ამოყვანას, რომელშიც ის იმყოფება. მათ აქვთ ამის საშუალება. იმიტომ, რომ ეს შეთავაზება გაკეთებულია. რას ჰქვია, ჩვენ რატომ უნდა მივიდეთ კრებასთან? ზოგიერთისგან გაიგებთ. კრებამ უნდა გადმოდგას ჩვენსკენ ნაბიჯებიო. კრება არის ხალხის ერთობა, ეს ვერ გაიგეს მათ და პარტია არის პარტია. დემოკრატიული მოძრაობა მივიდა კრებასთან. მე ვარ დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი და ამის არ მრცხვენია. ასევე უნდა მივიდნენ სხვა პარტიებიც. ისინი მიდიან ხალხის წარმომადგენლობასთან და არა პარტიასთან. მე მგონია, რომ ეს განცხადებები უფრო ხელის შეშლაზეა გათვლილი, ვიდრე იმ სურვილზე, რომ ნათელი მიზნები იყოს მიღწეული.
როგორც განცხადებებიდან ისმის, ოპოზიციური პარტიები კრებას ნინო ბურჯანაძის და რუსული ფულის გამო ერიდებიან.
- ეს ყველაფერი ტყუილია. ეს ყველაფერი შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეროვნულ ფორუმთან და ეროვნულ საბჭოსთან. ისინი კრებაში იყვნენ, მაგრამ არა ნინო ბურჯანაძის გამო შეიჩერეს იქ უფლებამოსილება. არანაირად ეს არ იყო მათი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი. არც დავუშვათ ის, რომ იქ მათთვის მიუღებელ ქვედა დინებებს ხედავდნენ ჩვენი პარტიის მხრიდან. მათი უფლებამოსილების შეჩერება ცოტა სხვა რაღაცეებმა განაპირობა. ეს ჩემთვის დღემდე აუხსნელია, იმდენად სუბიექტურია ეს მიზეზები. ამიტომ საფუძველი არ აქვს მსგავს განცხადებებს ოპოზიციონერების მხრიდან. ვიმეორებ, ყველაფერი არის ხელისუფლების ”შავი პიარის" შედეგი, რომელსაც ყვება ის, ვისაც აწყობს.
დაბოლოს, რიგი პოლიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ სახალხო კრებას ქართულ პარტიას ჩააძირვინებდნენ და მერე ხელისუფლება სუბარს და მის თანაპარტიელებს მიხედავდა.
- არანაირად არ შედის ჩემს ინტერესებში ვინმეს პარტიაზე ვილაპარაკო. მაგრამ ერთირამ უნდა ვთქვა. სახალხო კრების წინააღმდეგ რომ მიდის მუშაობა მთელი ამ დროის განმავლობაში, ეს არის ფაქტი. ამას ვინმე შეგნებულად აკეთებს თუ შეუგნებლად, შედეგისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ის, რომ დავუშვათ, ჩვენი მეშვეობით ვიღაც სხვა უნდა ჩაძიროს ხელისუფლებამ, ეს არის აბსურდი. იმიტომ, რომ თუ ვინმეს ჩაძირვა უნდა, ენდომება იმის ჩაძირვა, ვინც უფრო ძლიერია. პარტია ასე მოკლე დროში არ კეთდება, როგორც ზოგიერთს უნდა რომ გვაჩვენოს. ეს პროცესი ბევრ ორგანიზაციას აქვს გავლილი და გაკეთებამდე ძალიან ცოტა მისულა. იმიტომ, რომ ეს არის გარკვეულ დროში კარგად გათვლილი მუშაობა, რომელიც გარკვეულ საფუძვლებს ეფუძნება. ეს საფუძვლებია ერთის მხრივ, იდეოლოგიური და მეორე მხრივ, შესაძლებლობები და საშუალებები. ამის შემდეგ შეიძლება, ამაში ყველას არ უმართლებს, რომ შეიქმნას პარტია. თან პარტიის შექმნას წლები სჭირდება. ბევრი ორგანიზაცია, რომელსაც პარტია ჰქვია, დღემდე პოლიტიკურ კლუბად არის დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ წლებს ითვლის მათი არსებობა.