„ქართული ოცნების“ მიდგომები და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დაანონსებული ცვლილებები კანონის უზენაესობის მიმართულებით, როგორც ჩანს, პრაქტიკულად ამოქმედდა. ამის ნათელი მაგალითია 17 სექტემბერს განხორციელებული გახმაურებული დაკავებები, რომლებმაც საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მმართველი გუნდის ყოფილი წევრი და ცნობილი სპორტსმენები, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და მოკრივე გიორგი კანდელაკი დააკავეს, რაც ბევრი მოქალაქისთვის კანონის წინაშე თანასწორობის სიგნალად იქნა აღქმული, თუმცა ოპოზიცია ამას კვლავ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს. მათი განცხადებით, ეს დაკავებები, შესაძლოა, მმართველი გუდის შიდა დაპირისპირებასთან იყოს კავშირში.
ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური, რომელიც ადრე „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო, ამჯერად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზვიადაურმა, როგორც მისმა ადვოკატმა, მაგდა კოტრიკაძემ განაცხადა, დუმილის უფლება გამოიყენა და მომხდარზე კომენტარი არ გააკეთა. ეს არ არის ზვიადაურის პირველი შეხება სამართალთან. მას წარსულში მკვლელობის ბრალდებითაც აკავებდნენ, თუმცა 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სწორედ ამ საქმის შემდეგ ჩამოართვეს მას იარაღის ტარების უფლება.
სპეცოპერაციის ფარგლებში კი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩაატარა, შიდა ქართლში, უკანონო ალკოჰოლური სასმელების ბიზნესის გამო, „ქართული ოცნების“ გორის საკრებულოს წევრი, ბორია გოგიჩაიშვილი და მოკრივე გიორგი კანდელაკი დააკავეს. უწყების ცნობით, ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის უაქციზო ალკოჰოლური სასმელი და სიგარეტი, ხოლო დანაშაულში 7 პირია მხილებული.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე კიდევ ერთხელ გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ სახელმწიფო, როგორც არასდროს, ძლიერი და სუვერენულია. მისი თქმით, ეს შესაძლებლობას აძლევს ხელისუფლებას, ეფექტიანად ებრძოლოს ყველა კატეგორიის დანაშაულს, მათ შორის, კორუფციულ და ორგანიზებულ დანაშაულებს. მან ჟურნალისტებს მოუწოდა, დღეიდან დაიწყონ ათვლა და დააკვირდნენ, რამდენად ეფექტიანი იქნება ეს ბრძოლა.
„ჩვენ კორუფციასთან საბრძოლველად მივიღეთ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მათ შორის, ბევრი მიმართულებით, პრაქტიკა შევცვალეთ რადიკალურად. თქვენ იცით, რომ მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება, აღვკვეთეთ პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკა და ა.შ. უამრავი ნაბიჯი გადაიდგა და ასევე უამრავი საკადრო ცვლილება განვახორციელეთ. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ კორუფციის აღმოსაფხვრელად. იყო რთული პროცესები ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნის გარშემო და დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს.
შესაბამისად, ეს ყველაფერი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად ვებრძოლოთ ყველა კატეგორიის დანაშაულს, მათ შორის, კორუფციულს, პოლიტიკურად მოტივირებულს, ნარკოტიკულ და ორგანიზებულ დანაშაულებს, რისი პრაქტიკული შესაძლებლობაც არ გვქონდა აქამდე. დღეს, ამ ყველაფრის შესაძლებლობა გვაქვს. შეგიძლიათ, დღეიდან დაიწყოთ ათვლა და ნახოთ, რამდენად ეფექტიანი იქნება სახელმწიფო ყველა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა პრემიერმა.
ოპოზიცია ამ დაკავებებს უკვე პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს და მას მმართველ გუნდში მიმდინარე დაპირისპირების ნაწილად აფასებს. მათთვის ეს კანონის უზენაესობის სიმბოლო კი არა, შიდა დაპირისპირების შედეგია.
ასეთი გახმაურებული დაკავებები, რომლებიც მმართველი გუნდის ყოფილ წევრებსა და მხარდამჭერებს ეხება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს წინასაარჩევნო პერიოდში. შესაძლოა, ეს ორგვარად აისახოს ამომრჩეველთა განწყობაზე: ნაწილი შეიძლება მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან სამართლიანობისა და კანონის წინაშე თანასწორობის დადასტურებაა, რაც რეიტინგზე დადებითად აისახება და ახალ მხარდამჭერებსაც მოიპოვებს; მეორე ნაწილი კი ამ ფაქტს, შესაძლოა, შიდაპარტიული ბრძოლისა და მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირებების ნიშნად აფასებს, რაც მათ ნდობას შეარყევს.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი, თამარ ჩიბურდანიძე for.ge-სთან ამბობს, რომ კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს და გამორიცხულია, ვინმე პრივილეგიებით სარგებლობდეს, თუნდაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყოს.
„როგორ შეიძლება, ამ ფაქტებთან დაკავშირებით ითქვას, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით, ვინმეს გამო დაკავებაა. სამწუხაროდ, გამოძიება ფაქტებით საუბრობს. გიორგი კანდელაკის შემთხვევაში, ძალიან მძიმე დანაშაულზეა საუბარი - ფალსიფიცირებული ალკოჰოლის ძვირადღირებულად გასაღებაზე. როცა გამოძიება პირდაპირ დებს ფაქტებს კორუფციაზე, ფულის აღებაზე, გათეთრებაზე და ა.შ., რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვისი მომხრეა და ვისი გუნდის წევრი. საკითხი ისეთ საქმეებს ეხება და ისეთ საქმეებზეა საუბარი, რომ აქ პოლიტიკური კონტექსტი საერთოდ რა შუაშია. ვერასოდეს შევეგუები კანონდამრღვევ და კორუმპირებულ ადამიანს.
ვინც არ უნდა იყოს, იქნება ეს ახლობელი, ოჯახის წევრი თუ თანაგუნდელი. პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს ზურაბ ზვიადაური. ჩვენ პირველი მოწვევის პარლამენტში ვიყავით, ის დეპუტატი იყო და ჩვენი თანაგუნდელია. მასთან ვთანამშრომლობდი და როგორც პიროვნებას, პატივს ვცემდი. ოჯახის წევრიც რომ იყოს, როცა იარაღის ტარების უფლება არ აქვს და მას ატარებს, ამაზე რა რეაგირება უნდა ჰქონდეს პოლიციას? მით უმეტეს, ზვიადაურის ირგვლივ, ვიცით, რა მძიმე ფაქტიც მოხდა და მას იარაღის ტარების უფლება ჩამორთმეული ჰქონდა. ამიტომ, ფაქტი ერთია: ხელისუფლება არავის გადაუსვამს თავზე ხელს, იქნება ეს გუნდის მოქმედი თუ ყოფილი წევრი, მხარდამჭერი თუ ვინც გინდა, ის. კანონი არის კანონი და ის ყველას თანაბრად შეეხება“, - ამბობს ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ოპოზიცია ამ თემებით სპეკულაციას ცდილობს, მაგრამ არ გამოუვა, რადგან „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მშვენივრად ხვდება, რომ კანონი ყველას თანაბრად უნდა ეხებოდეს და თუკი ხელისუფლება კორუფციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას გაამკაცრებს, ამაში ცუდი რა უნდა იყოს.
„კი, ბატონო, ალბათ, ბევრი იკითხავს, რაღა ამ წინასაარჩევნოდ მოუნდა ხელისუფლებას ეს დაკავებებიო, რომელიც ნამდვილად გაბედული და რისკიანი ნაბიჯია. შესაძლოა, ზოგიერთ ხელისუფლებას ამაზე თავი შეეკავებინა. თუმცა, ახლა მე ვსვამ კითხვას: თუკი ხელისუფლება რისკავს და ის არ ცდილობს, ვინმეს თავზე ხელის გადასმას, არ მალავს ფაქტს, რომ მხარდამჭერებსა და ყოფილი გუნდის წევრებს შორისაც არსებობს კორუფცია და დანაშაული, ამაში ცუდი რა არის? პირიქით, ეს ხომ ხელისუფლებას დადებით კონტექსტში წარმოაჩენს. ამიტომ, წინასაარჩევნოდ, ხელისუფლებას ამით მხარდამჭერები კი არ დააკლდება, პირიქით, გაეზრდება“, - ამბობს ჩიბურდანიძე.