ინტერნეტის წარმოქმნა-მოკლე ისტორიული ექსკურსი
ჯერ კიდევ შორეულ 1969 წელს აშშ-ში შეიქმნა კომპიუტერული ქსელი APRANET-ი, რომელიც შეიმუშავა პერსპექტიული კვლევითი პროექტების სააგენტომ (Advanced Research Projects Agency), რომლის აბრევიატურა APRA, შემდგომში გადაკეთდა, როგორც DAPRA .
ეს სააგენტო პენტაგონმა დააფუძნა 1958 წელს „საბჭოთა თანამგზავრის კოსმოსში გაშვების შთაბეჭდილების ქვეშ, აშშ-ს სამხედრო-სამეცნიერო რესურსების მობილიზაციის მიზნით და საბჭოთა კავშირზე უპირატესობის მოსაპოვებლად სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში“.
თავიდან ეს არ გახლდათ პრიორიტეტული პროგრამა. მასზე მუშაობდა სააგენტოს ერთ-ერთი განყოფილება, კერძოდ, ინფორმაციის დამუშავების ტექნოლოგიის სამმართველო. ამ უკანასკნელს კი საფუძვლად ედო “პაკეტების კომუტაციის“, ანუ ინფორმაციის გადაცემის გამოგონება, რომლის ავტორებიც იყვნენ დონალდ დევისი ბრიტანეთის ნაციონალური ფიზიკური ლაბორატორიიდან და პოლ ბარანი Rand Corp.-დან. ექსპერიმენტალურად ქსელი გაეშვა იუტას, სანტა-ბარბარას და ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტებს შორის.
ამ ექსპერიმენტს მოჰყვა დიდი გამოხმაურება და ვაშინგტონში 1972 წელს გამართული კონფერენციის შემდეგ შემუშავებულ იქნა TCR (მონაცემთა გადაცემის მართვის პროტოკოლი) და IP (ქსელთაშორისი პროტიკოლი).
აშშ-ს მთავრობამ, მისი ვიზავის, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, სადაც საბჭოთა მეცნიერების ანალოგიურ გამოგონებებს არ მიექცა სათანადო ყურადღება, ოპერატიულად გადასცა APRANET-ი პენტაგონის კავშირის მართვის განყოფილებას, რომელმაც შექმნა მონაცემთა გადაცემის სამხედრო ქსელი (Defence data network). 1983 წელს შეიქმნა დახურული სამხედრო ქსელი Milnet, ხოლო APRANET დაკავდა სამეცნიერო კვლევითი საქმიანობით და დაერქვა APRAINTERNET-ი. აქ ამერიკის მთავრობამ გამოიყენა იგივე მეთოდი სახელმწიფოსა და კომერციული სექტორის ინტეგრირებული საქმიანობისა გლობალური დომინირების მიზნით, რომელსაც ის წარმატებით იყენებდა სხვა შემთხვევებშიც - პენტაგონმა გადაიყვანა ინტერნეტი კომერციულ საფუძვლებზე, რისთვისაც დაიწყო კომპიუტერების მწარმოებლების სუბსიდირება, რათა ამ უკანასკნელთ ჩაერთოთ TCR-IP პროტოკოლები შემდგომში მათი საერთო ქსელში გაერთიანების მიზნით.
ამ პროცესის პარალელურად სხვადასხვა კვლევითი ცენტრებში მიმდინარეობდა ანალოგიური კვლევები. კერძოდ, 1977 წელს დაიწერა პროგრამა MODEM-ი, რომელიც კომპიუტერებს შორის ფაილების გადაცემის საშუალებას იძლევა, შემუშავდა ჰიპერტექსტის გადაცემის პროტოკოლი (HTTR), რესურსების უნიფიცირებული იდენტიფიკატორი (URL), ჰიპერტექსტის განთავსების ენა (HTML).
საინტერესოა, რომ ინტერნეტის კომერციულ საფუძვლებზე გადასვლის გადაწყვეტილებიდან ორიოდე წელიწადში, 1985 წლიდან იწყება ელექტრონული ფოსტის გამოყენება სხვადასხვა საზოგადოებებს შორის. ჩამოყალიბდა საერთო აზრი ადამიანთა შორის ელექტრონული კომუნიკაციის სიკეთის შესახებ. იქმნება საზოგადოებრივი მოძრაობები, რომლებიც ითხოვენ ინტერნეტზე საყოველთაო წვდომას, შესაბამისად, 1991 წელს ჩნდება WWW ( WORLD WIDE WEB) და სხვა ტექნოლოგიები, რომლებმაც ინტერნეტზე საყოველთაო წვდომის ბაზა შექმნეს. 1993 წელს ჩაეშვა ინტერნეტ-ბრაუზერი Mosaic, რომელმაც წლიური ინტერნეტ-ტრაფიკი 341%-ით გაზარდა. დაიწყო ინტერნეტის და მასთან დაკავშირებული კომპიუტერული კომუნიკაციების ექსპონენციალური ზრდა.
საინტერესოა, რომ ინტერნეტის და მასთან დაკავშირებული კომპიუტერული ტექნოლოგიების ბუმი დროში ზუსტად ემთხვევა ერთპოლუსიანი მსოფლიოს ეპოქას, ხოლო მის მიმართ წინააღმდეგობის ზრდის კვალდაკვალ დღის წესრიგში დგება ციფრულ-ვირტუალური სამყაროს გეოპოლიტიკური კონტურები, რომლებიც აშკარა იყო სპეცსამსახურების დონეზე, მაგრამ მისი სამხედრო ასპექტი თვალსაჩინო გახდა აშშ-ს მიერ ე.წ. კიბერ-ჯარების შექმნის შემდეგ, რასაც მოჰყვა ანალოგიური ნაბიჯები ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის და სხვა გეოპოლიტიკური აქტორების მხრიდან.
ზოგიერთი ტერმინის შესახებ
ციფრული განზომილების გაჩენამ გეოპოლიტიკურ რეალობაში ახალი, ადექვატური და მიღებული ტერმინების აუცილებლობა გააჩინა, რაც მეტად რთული ამოცანაა. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ახალი ციფრული სამყაროსთვის გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ბრძოლა იმეორებს ზღვისა და ხმელეთის ცივილიზაციების დიქოტომიას, ერთგვარად მიედინება კლასიკური გეოპოლიტიკის დამფუძნებელთა მიერ დადგენილ კალაპოტში. კოლექტიური დასავლეთი გამოდის ინტერნეტის “სრული თავისუფლების“ ლოზუნგით, რაშიც ცხადია, იგულისხმება შეერთებული შტატების ხელმძღვანელი როლი, ხოლო რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სხვა მსხვილი ქვეყნები გამოდიან ინტერნეტზე სუვერენიტეტისა და გაეროს შემადგენლობაში მყოფი კავშირგაბმულობის საერთაშორისო კავშირის იურისდიქციის დამყარების მოთხოვნით.
პირველობისათვის ბრძოლა ასევე მიმდინარეობს ინტერნეტთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ნორმატივებისა და სამუშაო ტაქსონომიის შემუშავება-დანერგვის სფეროში.
სათანადო ტერმინების შემუშავებას ართულებს ის გარემოება, რომ ციფრული სივრცე ყველა სხვა დანარჩენისგან განსხვავებით, ადამიანის მიერაა შექმნილი და ცვლილებებს ექვემდებარება, ამიტომ ტერმინები გარკვეული სიფრთხილითა სტრატეგიული პერსპექტივის გათვალისწინებით უნდა შემუშავდეს.
ამავე დროს, ციფრული სივრცე ფიზიკურს თავისებურად ასახავს - ის არის ერთგვარი ინტერაქტიული რუკა საინფორმაციო ნაკადებით, რომლებიც ერთმანეთს კვეთენ. ციფრულ ზონებს აქვთ გამოხატული ნაციონალური იდენტიფიკაცია ადგილობრივი სახელმწიფო კონტროლის, გამოყენებული ენის და სადომენო ზონების მიხედვით, კომუნიკაციების მარშრუტებს, სერვერებსა და ტექნიკურ კვანძებს, რომლებიც მიერთებულია ინტერნეტთან, აქვთ გეოგრაფიული ლოკალიზაცია.
ციფრული სივრცე ფიზიკურ სამყაროს თავისებურად გარდაქმნის და CPR-ისა და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით გლობალიზაცია მოიცავს დედამიწის ყველაზე შორეულ კუთხეებსაც კი.
ვინაიდან გეოპოლიტიკამ შეიძინა ახალი, ციფრული განზომილება, დგება საკითხი ადექვატური ტერმინის შექმნის შესახებ, რომელიც გეოპოლიტიკას და ციფრულ სივრცეს გააერთიანებდა.
ასეთ ტერმინის შესაქმნელად ამ ბოლო დროს გამოიყენება სიტყვა კიბერ, შესაბამისად შეიქმნა ნეოლოგიზმები - კიბერგეოპოლიტიკა და კიბერსივრცე.
სიტყვა “კიბერ“-ი, ჩვენში კიბერნეტიკის, ნორბერტ ვინერისა და ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების ასოციაციას აღძრავს, თუმცა ეს ტერმინი პირველმა დიდმა ბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა გამოიყენა თავის “სახელმწიფოში“. ამ უკვდავი ნაწარმოების მესამე თავში სახელმწიფო შედარებულია გემთან, ხოლო მისი მესაჭეები არიან ღმერთი, ბედი და კეთილი დრო. მმართველისა და მესაჭის შედარებას პლატონი სხვა ნაწარმოებებშიც აკეთებს. თანამედროვე მეცნიერებაში ეს ტერმინი შემოიტანა ფრანგმა ფიზიკოსმა და მათემატიკოსმა ანდრე-მარი ამპერმა. თავის ნაწარმოებში “ მეცნიერების ფილოსოფიის გამოცდილების შესახებ“ (1834-1843 წ.) ის კიბერნეტიკას სახელმწიფოს მართვის ხელოვნებას უწოდებს. პოლონელი მეცნიერი ბრონისლავ ტრენტოვსკი 1849 წელს იმეორებდა ამპერის ამ გამოთქმას და კიბერნეტიკას ნაციის მართვის ხელოვნების აღმნიშვნელ ტერმინად მიიჩნევდა. თუმცა, კიბერნეტიკა, როგორც ტერმინი, საყოველთაოდ ცნობილი ნორბერტ ვინერმა გახადა. მან მიანიჭა ამ ტერმინს “მანქანებში და ცოცხალ ორგანიზმებში ინფორმაციის გადაცემის კანონზომიერებათა შესახებ მეცნიერების“ მნიშვნელობა. ნორბერტ ვინერი ცდილობდა შეემუშავებინა საერთო მოდელი გამომთვლელი მანქანებისა და ცოცხალი ორგანიზმების ქცევის აღწერისათვის, რათა შეემუშავებინა მართვის საერთო თეორია ცოცხალი ორგანიზმებისა და ადამიანთა საზოგადოებისათვის.
ნორბერტ ვინერის მიმდევარი და მოსწავლე იყო ჯონ ლიკლაიდერი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა APRANET-ის პროექტის განხორციელებაში.
ლოურენს რიჩარდსი და როჩელ იანგი განიხილავდნენ კიბერნეტიკას, როგორც საზოგადოებისა და ხელისუფლების ურთიერთობის სტრატეგიის საყრდენს, რადგან ის, როგორც მეცნიერება, ტექნოლოგიური და საკომუნიკაციო პროცესების ასიმილაციის ფენომენის შესწავლის საშუალებას იძლეოდა.
კიბერნეტიკა, ისევე როგორც გეოპოლიტიკა ინტერდისციპლინარულია და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მოიცავს, კიბერნეტიკას იყენებდნენ არამარტო ფიზიკოსები და მათემატიკოსები, არამედ პოლიტიკის, სოციოლოგიის და მართვის და განათლების მკვლევარები, სამხედროები, ლინგვისტები და ფილოსოფოსებიც კი.
აქ ისმის კითხვა პოლიტიკისა და კიბერნეტიკის მიმართების შესახებ - როგორც ვიცით, პოლიტიკის ძველბერძნული დეფინიცია მართვას ნიშნავს.
არგუმენტი, რომ კიბერნეტიკა არა მართვას, არამედ ეფექტურ მართვას ნიშნავს, ხოლო პოლიტიკა თავის არსში გულისხმობს მტერს, არარელევანტურად გვეჩვენება, ვინაიდან ეფექტური მართვა არათუ არ გამორიცხავს მტრობას, არამედ ახალ სტადიაში გადაჰყავს ის, რასაც ადასტურებს მთელი მისი განვითარების ისტორია.
წმინდა სემანტიკური თვალსაზრისით სიტყვა “კიბერ”-ის გამოყენება ციფრული სამყაროს, ვირტუალური სივრცის აღსაწერად არცთუ ორგანულად გვეჩვენება, ვინაიდან მისი თარგმნის შემთხვევაში ვღებულობთ ეფექტური მართვის სივრცის მნიშვნელობას, რაც აზრს მოკლებულია მრავალი ასპექტით. პირველი - ის არ აღწერს საკუთრივ ახალი სივრცის ხასიათს, მეორე - ეფექტური მართვა საერთოდ არ არის ამ სივრცის მთავარი მახასიათებელი და მესამე - გაუგებარია, ვინ არის მმართველი, მესაჭე, რაც ამ სიტყვაში კონკრეტულად იგულისხმეს როგორც ძველმა ბერძნებმა, ისე ანდრე-მარი ამპერმა, ბრონისლავ ტრენტოვსკიმ და ნორბერტ ვინერმა. კიდევ უფრო დიდ გაუგებრობაა ტერმინი კიბერგეოპოლიტიკა. თვითონ ტერმინი გეოპოლიტიკა - მისი დეფინიციებიდან გამომდინარე, ვერ იმატებს კიბერ-ის, როგორც ეფექტური მართვის მნიშვნელობის შემცველი ტერმინის დამატებას, რადგან სიტყვა პოლიტიკა, რომელიც გეოპოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, სწორედ პოლისის მართვის ხელოვნებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მიუხედავად გარკვეული ინერციისა, საჭიროა ამ ფენომენის აღსანიშნავად შევეცადოთ უფრო ადექვატური სემანტიკის მქონე ტერმინის დამკვიდრება. კერძოდ, ასეთად მიგვაჩნია ახალი ტერმინი “მეტაგეოპოლიტიკა”. ბერძნული პრეფიქსი “მეტა” ფართოდ გამოიყენება ეპისტემიოლოგიაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და ფილოსოფიაში, მისი ერთ-ერთი მნიშვნელობა “შემდგომი”, ანუ რაღაც, რაც უფრო მაღალ სტადიაშია გადასული, ზუსტად შეესაბამება გეოპოლიტიკის, როგორც მეცნიერების ახალ საფეხურს, როდესაც მან შეიძინა ახალი, ციფრული განზომილება. ამავე დროს, ახალი, ციფრული განზომილების ათვისებამ გეოპოლიტიკის არსი არ შეცვალა. პირიქით, მეგაცივილიზაციური დიქოტომია საზღვაო და სახმელეთო ცივილიზაციებს შორის, რომლებიც აღმოჩენილი და აღწერილი იქნა გეოპოლიტიკის ფუძემდებლების მიერ, კიდევ უფრო მწვავე გახდა. გეოპოლიტიკური დაპირისპირების ყველა ასპექტი, ისეთები, როგორც იდეოლოგია, დიპლომატია, კარტოგრაფია, არმია და დაზვერვა ახალ ციფრულ, კიბერ და ჩვენი ტერმინის მიხედვით, მეტა სტადიაში გადავიდა, რასაც ქვემოთმოყვანილი ფაქტებიც ცხადყოფს. თუმცა, სანამ ფაქტებზე ვისაუბრებდეთ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შევეხოთ მეტა, იგივე კიბერ სივრცის ცნებას და მის მიმართებას გეოპოლიტიკასთან.
ციფრული, ანუ კიბერსივრცე სივრცისა და ვირტუალური სამყაროს ურთიერთკავშირი მეტად მახვილგონივრულად აღწერა მწერალმა - ფანტასტმა უილიამ გიბსონმა, რომელმაც პირველმა გამოიყენა ტერმინი Cyberspace თავის 1982 წელს გამოქვეყნებულ მოთხრობაში Burning Chrome, ორი წლის შემდეგ მან განავითარა ეს თემა თავის საკულტო რომანში ნეირომანსერი (Neuromancer). აქ მან აღწერა სივრცე, რომელსაც მან უწოდა კიბერსივრცე-Cyberspace, როგორც “საყოველთაო, (კონსენსუსური) ჰალუცინაცია” . მართლაც, მეტასივრცე არ არის ადგილი, რომელიც არსებობს ფიზიკურ სამყაროში, მისი ლოკაცია ასევე არ არის კომპიუტერში, ან მონაცემთა გადაცემის ქსელში. ინტერფეისის ტექნოლოგიას ციფრული მონაცემები გადააქვს ადამიანის გრძნობათა ორგანოებისათვის აღქმად რეალობაში. როგორც მარიან მოზერი და მაკლოუდ დუგლასი აღნიშნავენ “ეს არ არის რომელიმე ადგილი, ის არსებობს მხოლოდ თავის ტვინის სივრცეში” ამ აზრით, უილიამ გიბსონის დეფინიცია სრულიად გამართლებულია - ეს მართლაც ჰგავს კონსენსუსურ ჰალუცინაციას და ილუზიას.
მეტასივრცისა და ფიზიკური რეალობის თემატიკა ძალიან საინტერესოდ აისახა მსოფლიო ლიტერატურაში და კინემატოგრაფში, გავიხსენოთ ისეთი ფილმები, როგორიცაა ძმები ვაჩოვსკების “მატრიცა”, დევიდ კამერონის “ავატარი” ან ვიქტორ პელევინის რომანი “ჩაპაევი და სიცარიელე” და სხვა.
ამავე დროს, არსებობს კიბერსივრცის კონკრეტული დეფინიცია, რომელიც შეიმუშავა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ( International Organization for Standartization- ISO). ამ დეფინიციის მიხედვით “კიბერსივრცე არის კომპლექსური გარემო, რომელიც წარმოიქმნება ადამიანების, პროგრამული უზრუნველყოფის და მომსახურების ურთიერთქმედებით ინტერნეტში, რაც ხორციელდება ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და ქსელური დაერთებების მეშვეობით, რომელსაც არა აქვს რაიმე ტიპის ფიზიკური ფორმა”
აშშ-ს 2003 წლის დოკუმენტში “ The National Strategy to Secure Cyberspace” ვკითხულობთ: “კიბერსივრცე შედგება ასიათასობით ერთმანეთს დაკავშირებული სერვერების, მარშრუტიზატორების, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებისა და კომუტატორებისაგან, რომლებიც ამუშავებენ ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. აქედან გამომდინარე, კიბერსივრცის ნორმალური ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეკონომიკისა და ნაციონალური უსაფრთხოებისათვის”.
კიბერსივრცის ფენომენი მრავალდონიანია, ამ დონეების საუკეთესო აღწერას გვთავაზობს ინტერნეტის დიზაინის ისეთი არქიტექტორი, როგორიცაა დევიდ კლარკი, რომელიც ამ დიზაინის კონსტრუირების სათავეებიდან მოდის.
კიბერსივრცის ფიზიკური დონე
ეს არის კიბერსივრცის საფუძველი - ფიზიკური მოწყობილობები, რომლებსაც იგი ეყრდნობა. კიბერსივრცე არის ერთმანეთთან დაკავშირებული გამოთვლითი მოწყობილობების სივრცე, ამიტომ მისი ფონდები არის კომპიუტერები და სერვერები, სუპერკომპიუტერები და ბადეები, სენსორები და გადამყვანები, ინტერნეტი, სხვა სახის ქსელები და საკომუნიკაციო არხები. კომუნიკაციები შეიძლება მიმდინარეობდეს კაბელებით ან ბოჭკოებით, რადიოგადაცემის საშუალებით ან ფიზიკური ტრანსპორტით, გამოთვლითი და შესანახი მოწყობილობებით ადგილიდან ადგილზე. ფიზიკური დონე ალბათ ყველაზე ადვილად აღსაქმელია, ვინაიდან ის ხელშესახებია, მისი ფიზიკურობა აძლევს მას მდებარეობის დასაბუთებულ განცდას.
ფიზიკური მოწყობილობები, როგორიცაა მარშრუტიზატორები ან მონაცემთა ცენტრები, არსებობენ კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილებზე და, შესაბამისად, მათზე ვრცელდება ადგილობრივი იურისდიქცია. ზოგიერთი ფიზიკური კომპონენტი, როგორიცაა საცხოვრებელი სახლების წვდომის ქსელები, არის კაპიტალიზირებული და მრეწველობა, რომელიც მათ აწარმოებს, არის, მაგალითად, სამშენებლო კომპანიების მსგავსი, ანუ სატელეკომუნიკაციო კომპანიები ტრადიციული სამიზნეებია ტელეკომუნიკაციების მარეგულირებლებისათვის, რადგან მათი ფიზიკური აქტივები მათ „ადვილად საპოვნელს” ხდის.
2. ლოგიკური დონე
ვირტუალური სივრცის ფიზიკური საფუძვლები მნიშვნელოვანია-კიბერსივრცე ნამდვილი არტეფაქტების ანაწყობს წარმოადგენს, რომელიც შედგება რეალური ელემენტებისაგან და არა-ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ფანტასტიური კონცეფციისაგან, მაგრამ კიბერსივრცის ბუნება -მისი ძლიერი და სუსტი მხარეები - დიდწილად დამოკიდებულია იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება ლოგიკურ დონეზე. ლოგიკური დონე დაკავშირებულია კოდთან, რომელიც თავის თავში მოიცავს როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე პროტოკოლებს, რომლებიც ჩართულია მათში. საერთოდ, პროტოკოლი განსაზღვრავს წესებს და კონვენციებს, რომლებიც აუცილებელია გარკვეული მიზნების, მაგალითად, კომუნიკაციის მისაღწევად. პროტოკოლის ფორმალიზაციის შედეგად ვღებულობთ სტანდარტს. პროგრამული უზრუნველყოფა არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ამ პროტოკოლის რეალიზაციას ახდენს.
ინტერნეტი წარმოადგენს შესაძლებლობების ნაკრებს, რომლებიც, დიდწილად მიზანმიმართულად იქნენ მოწყვეტილნი ტექნოლოგიური დეტალებისაგან, რომლებსაც ის ეყრდნობოდა. თუ ვინმეს სურს გაიგოს, რატომ აქვს ინტერნეტის ნაწილს მოწყვლადობა, რატომ არის შესაძლებელი ფიშინგური შეტევები და “ მომსახურებაზე უარი” - ის სწორად, მაგრამ არცთუ სასარგებლოდ დაუკავშირებს კომპიუტერებს და კავშირგაბმულობის საშუალებებს ფიზიკის კანონებს. შეიძლებოდა აშენებულიყო სულ სხვაგვარი ინტერნეტი ერთი და იგივე ფიზიკის პირობებში, გადაწყვეტილებები, რომლებიც ახდენენ ინტერნეტის ფორმირებას, ზედა, ლოგიკურ დონეზე მიიღება, სადაც შეიქმნა და ფორმირდა ინტერნეტის პლატფორმული ხასიათი. ასე რომ, ეს ცენტრალური დონეა მრავალი მოსაზრების გამო, რომლებიც კიბერსივრცის ანალიზის დროს წარმოშვებიან, ისევე, როგორც ის დონეები, რომლებიც ეხებიან ინფორმაციას და ადამიანებს. ინტერნეტის დიზაინი იმგვარად არის შექმნილი, რომ მისმა კომპონენტებმა უნდა გასწიონ მომსახურება, ხოლო მომსახურებები ისეა დამუშავებული, რომ შესაძლებელი იყოს მათი გაერთიანება ახალი, უფრო რთული მომსახურებისათვის. ქვედა საფეხურის მომსახურებები მოიცავენ execution environments, მონაცემთა გადაცემას და მონაცემთა სტანდარტულ ფორმატებს, მათზე შენდება აპლიკაციები, როგორებიცაა ტექსტური პროცესორი, მონაცემთა ბაზა და ინტერნეტი, მათი კომბინირებით კი ჩნდება კიდევ უფრო რთული მომსახურებები, მაგალითად, Web-თან მონაცემთა ბაზის გაერთიანებით ვღებულობთ დინამიური კონტენტის გენერაციას და აქტიურ ვებ-ობიექტებს, ასე იქმნება ინტერნეტზე დაშენებული ისეთი ობიექტები, როგორიცაა ფეისბუკი, რომელიც თვითონ არიან პლატფორმა შემდგომი გამოყენებისათვის. კიბერსივრცის ბუნება გულისხმობს ფიზიკური საძირკველის ზემოთ მომუშავე ახალი ლოგიკური კონსტრუქციების შექმნაზე და გაერთიანებაზე დაფუძნებულ შესაძლებლობებისა და სერვისების უწყვეტ და სწრაფ ევოლუციას. ამრიგად, კიბერსივრცის ლოგიკური დონე წარმოადგენს პლატფორმების სერიას, რომელთაგან თითოეული შემდგომ შესაძლებლობებს ქმნის, ხოლო ისინი კი ხდებიან შემდგომი სიახლის პლატფორმები. კიბერსივრცე ძალიან პლასტიურია და ის შეიძლება აღვწეროთ, როგორც რეკურსიული, ერთმანეთზე აწყობილი პლატფორმების სახით. პლატფორმები შეიძლება განსხვავდებოდნენ დეტალებში, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი რამ - თითოეული მომდევნოს საფუძველს წარმოადგენს.
გასათვალისწინებელია, რომ ერთი და იგივე ფიზიკური ელემენტების გამოყენებით შეიძლება მივიღოთ თავის არსით დახურული სისტემა ფიქსირებული ფუნქციებით, როგორიცაა, მაგალითად საჰაერო მოძრაობის სისტემა. მათ ჰქონდათ ფიქსირებული ფუნქციები და ჩაკეტილი ხასიათი. ასეთი სისტემების მაგალითია ტელეგრაფი და ტელეფონი. ისინი წინ უსწრებდნენ კომპიუტერს და ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ ელექტრონიკას ვუწოდებთ. სწორედ ურთიერთკავშირი ქმნის კიბერსივრცეს, და სწორედ კომპიუტერის პროგრამირებადობა და უნივერსალობა ხდის შესაძლებელს მოქნილ ლოგიკურ სტრუქტურას. პროდუქტიულობისა და შედარებითი კონკურენტული უპირატესობისაკენ მისწრაფება კიბერსივრცის ბევრი ასპექტის ფორმირებას უწყობს ხელს, მათ შორის ინოვაციების სწრაფად დანერგვასა და გამოყენებას.
ლოგიკური დონე არის კიბერსივრცის "პლატფორმა-პლასტიურობის კომპონენტი", რომელიც ზრდის მის შესაძლებლობებს, ეს კი, თავის მხრივ, კვებავს იმ აქცენტს და ყურადღებას, რომელსაც (ამ დონეს) აქცევენ ბაზარი და კიბერსივრცეზე მომუშავე სპეციალისტები.
მაგრამ ჩვენ არ უნდა შევიზღუდოთ თავი მხოლოდ ამ დონით, რადგან ამ მისწრაფების სხვა ასპექტია მოლოდინი იმისა, თუ რას გულისხმობს ეს სწრაფი ცვლილებები ადამიანური დონისათვის. გასაგებია, რომ სწრაფი ცვლილებები წინ წამოწევენ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უნარი ამოიცნონ ახალი შესაძლებლობები და რომლებსაც ცვლილებებისა და მუშაობის ახალი პირობების არ ეშინიათ.
3. ინფორმაციული დონე
როგორც ზემოთ აღვნიშნავდით, კიბერსივრცეს მრავალი ასპექტი აქვს, მათ შორის ტექნოლოგიებით განპირობებული ადამიანთა ურთიერთკავშირი, ამავე დროს გამოცდილებაში ცენტრალური ადგილი უკავია ინფორმაციის შექმნას, შენახვასა და დამუშავებას. ინფორმაცია კიბერსივრცეში სხვადასხვა ფორმას ღებულობს. ეს არის მუსიკა და ვიდეო, რომელსაც ერთმანეთს ვუზიარებთ, ესაა ონლაინ წიგნები და ფოტოები, ესაა მეტამონაცემები, ანუ ინფორმაცია ინფორმაციის შესახებ, ინფორმაცია, რომელსაც ვქმნით და მოვიპოვებთ სხვა ინფორმაციების ძიების დროს. კიბერსივრცეში ინფორმაციის ხასიათი ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც კომპიუტერებმა დაიწყეს მუშაობა მონაცემთა ნაკრებებზე. ეს მონაცემები იქნენ დამუშავებულნი იზოლირებული კომპიუტერების მიერ ქსელთაშორისი ურთიერთობის ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე. მონაცემები “ცხოვრობდნენ” ლენტებში, კარტის ყუთებში, უფრო გვიან დისკებში. მონაცემები სტატიკურად ითვლებოდა და გამოიყენებოდა აუცილებლობის მიხედვით, წიგნები - ეს ავტორთა სტატიკური პროდუქტებია, გამოსახულებანი სტატიკურია და ა.შ.
დღემდე არსებობენ სტატიკური ინფორმაციის “საცავები”, მაგალითად კორპორაციების ტრანსაქციების ჩანაწერები, რომელთაგანაც მოიპოვება დამატებითი ინფორმაცია, მაგრამ გაცილებით მეტი ინფორმაცია იქმნება დინამიურად და შეკვეთით, რაც შლის საზღვრებს შენახვასა და გაანგარიშებას შორის, ვებ -გვერდები ახლა ხშირად იქმნება შეკვეთით, ცალკეული მომხმარებლისა მოთხოვნილებებისა და იმ კომპონენტების გათვალისწინებით, რომლებიც მონაცემთა ბაზებში ინახება. ამჟამად ინფორმაცია სულ უფრო პირადი და არა საზოგადო გამოცდილება ხდება და სულ უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მისი საიმედოობა და ავთენტურობა, ვინაიდან ის გადაადგილდება ონლაინ -სივრცეში.
4. უმაღლესი დონე-ხალხი
ადამიანები არ არიან კიბერსივრცის პასიური მომხმარებლები. ისინი ამ სივრცის ხასიათს აფორმირებენ და განსაზღვრავენ იმ საშუალებებით, რომლებსაც ირჩევენ მისით სარგებლობისას. ადამიანები და ხასიათი, რომელიც ვარირებს რეგიონიდან რეგიონამდე კიბერსივრცის ხასიათის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ ადამიანებს შეაქვთ წვლილი ვიკიპედიის განვითარებაში, ეს ნიშნავს, რომ ვიკიპედია არსებობს, თუ ადამიანები ტვიტავენ, ე. ი. ტვიტერი არსებობს.
ალფრედ ტაიერ მეჰენი თავის წიგნში “ ზღვის ძლევამოსილების გავლენა ისტორიაზე” წერს: “ზღვისპირა ხალხების ისტორია უფრო ნაკლებად განისაზღვრებოდა მმართველების შორსმჭვრეტელობითა და წინასწარხედვით, ვიდრე ამ ხალხების მდგომარეობით, კონფიგურაციით, რაოდენობით და ხარისხით - ერთი სიტყვით, ყველაფერ იმით, რასაც ბუნებრივი პირობები ქვია”. თუ ჩვენც განვიხილავთ ამ დაკვირვებას კიბერსივრცის კონტექსტში, უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანები, მათი განსხვავებულობა ქვეყნების მიხედვით, არიან კიბერსივრცის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ისევე, როგორც ჩვენ უნდა ვანსხვავებდეთ სხვადასხვა პროტოკოლებსა და მოწყობილობებს”.
საინტერესოა, რომ დევიდ კლარკი კიბერსივრცის დახასიათებისას დ ჩამოყალიბების იდეის ავტორის ამერიკული გეოპოლიტიკის და მისი საზღვაო იმპერიად ჩამოყალიბების იდეის ავტორს, ადმირალ ალფრედ ტაიერ მეჰენს ციტირებს. ზოგადად, კიბერსივრცის განვითარება გეოპოლიტიკურ ასპექტში შეიძლება განვიხილოთ, როგორც გეოპოლიტიკის ციფრულ რეალობაში გადაყვანა. ამავე დროს, ჩვენ შევეცდებით განვიხილოთ მეტასივრცის და ინტერნეტის წარმოქმნა ისტორიულ რაკურსში და ისეთ მოვლენებთან მიმართებაში, როგორიცაა, გლობალური საზღვაო იმპერიის ჩამოყალიბება ბრიტანეთის იმპერიის სახით, ინგლისის ინდუსტრიული რევოლუცია, საზღვაო და სახმელეთო იმპერიების გლობალური დაპირისპირება, რის სადემონსტრაციოდ შევეცდებით განვიხილოთ ისეთი მოვლენები, როგორებიცაა კიბერომი, კიბერდიპლომატია, კიბერკარტოგრაფია და კიბერსივრცის იდეოლოგიური ასპექტები.
II.II ზღვის და ხმელეთის ცივილიზაციების დიქოტომია და ციფრული, იგივე კიბერ, იგივე მეტაგეოპოლიტიკა
მინის დინასტიის პარადოქსი - ჩინეთი და ბრიტანეთი
ალბათ, ძნელია მოიძებნოს კაცობრიობის ისტორიაში ისეთი აუხსნელი, ირაციონალური ქმედება, როგორიც მინის დინასტიის მეორე იმპერატორის ჩან გაოშის მიერ იქნა გატარებული 15 -ე საუკუნეში.
ჩინეთის “ოქროს ფლოტი” ჩან გაოშის მამის, იმპერატორ ჯუ დის ბრძანებით შეიქმნა. არაფერი არსებობდა თანამედროვე მსოფლიოში მისი მსგავსიც კი. გემების ზომები, რიცხვი და ტექნიკური სრულყოფილება იმ ეპოქისთვის სრულიად გასაოცარი იყო. ლეგენდარული ადმირალის ჩჟენ ხეს მეთაურობით ჩატარებულმა ექსპედიციებმა, რომელშიც 250-ზე მეტი სავაჭრო, სამხედრო და დამხმარე გემი მონაწილეობდა, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მაშინდელ აზია-წყნარი ოკეანის სამყაროში, რომელიც იმ ეპოქაში მსოფლიოს დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი იყო. თითქოს არაფერს შეეძლო შეეჩერებინა ჩინეთის იმპერიის მსოფლიო დომინაციისკენ სწრაფვა და სწორედ აქ იწყება პროცესი, რომელიც ჩინელებმა ხატოვნად აღწერეს, როგორც დრაკონის გადაწყვეტილება კლანჭების შეკეცვის შესახებ - თავისი პირველივე დეკრეტით მამის სიკვდილის შემდეგ 1424 წელს ტახტზე ახლად ასულმა ჩან გაოშიმ შეაჩერა ახალი გემების მშენებლობა. ლეგენდარული ადმირალი ჩჟენ ხე გადააყენეს, ხოლო “ოქროს ფლოტის” კაპიტნები და ადმირალები დაამცირეს და მათ მიმართ რეპრესიებიც კი გაატარეს. შემდეგი იმპერატორის - ჩჯუ ჩჟანცზის დროს ჩატარდა “ოქროს ფლოტის” კიდევ ერთი ექსპედიცია, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ფლოტი დაწვეს, ნახაზები რუკები და დოკუმენტები გაანადგურეს, 1500 წლიდან ორ იალქნიანზე დიდი გემის აშენება სახელმწიფოს ღალატად ჩაითვალა, აქედან 50 წლის შემდეგ კი ზღვაში გასვლა აიკრძალა. დაიწყო სანაპირო ზოლიდან მოსახლეობის გადასახლება ჩინეთის კონტინენტურ სიღრმეში.
საკუთარი საზღვაო ძლიერების განადგურება, განვითარებაზე უარის თქმა, როგორც ეს თანამედროვე ადამიანის რაკურსიდან ჩანს, არ იყო იმპერატორების ან მათთან დაახლოებული რამდენიმე ადამიანის ახირება. ჩინურ ელიტას კარგად ჰქონდა გააზრებული თავისი მოქმედების მოტივები. მათ კარგად ესმოდათ, რომ ზღვის სტიქია, საზღვაო ვაჭრობა, ერთის მხრივ, ხელს უწყობდა კერძო ინიციატივას, ასუსტებდა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს, მეორეს მხრივ სანაპირო ზოლში მდიდარი სავაჭრო ფენის ჩამოყალიბება ასუსტებდა ჩინეთის იმპერიის მკაცრ იერარქიას, იმპერატორის ღვთაებრივ ძალაუფლებას. ჩინეთის საიმპერატორო კარი არც განიხილავდა რაიმე კომპრომისს გაძლიერების სტადიაში შესულ სავაჭრო ფენასთან. ის არც მის მიერ რაიმე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დაელოდა და ჩანასახშივე გაანადგურა ის. ეს იყო კლასიკური სახმელეთო ცივილიზაციის რეაქცია მოსალოდნელ შედეგებზე - თუ ისტორიას ჩავხედავთ, საზღვაო ვაჭრობის განვითარება ერთის მხრივ, იწვევს სავაჭრო ბურჟუაზიის განვითარებას და პოლიტიკური ცვლილებებს, რაც თვალნათლივ ჩანს თუნდაც ინგლისის ან იაპონიის მაგალითებზე და, მეორეს მხრივ დიდია ცენტრალური ხელისუფლებისაგან კონტროლის დაკარგვის საფრთხე ქვეშევრდომებზე და კოლონიზებული ტერიტორიების სუვერენიზაცია, რაც დავინახეთ ესპანეთის, საფრანგეთის თუ ბრიტანეთის იმპერიების ზღვისგაღმა ტერიტორიებთან ურთიერთობის მაგალითზე. იმპერატორი, რომელიც თავის ღვთაებრივ მოვალეობად თვლიდა ქვეშევრდომებზე ზრუნვას, ასეთ შესაძლებლობას ვერ დაუშვებდა, ისევე, როგორც სავაჭრო კაპიტალის მიერ პოლიტიკური მოთხოვნების დაყენებას. ამერიკელმა ისტორიკოსმა სტივენ პინკუსმა თავის შესანიშნავ მონოგრაფიაში “1688 წელი-პირველი თანამედროვე რევოლუცია” ნათლად აჩვენა, როგორ გამოიწვია საზღვაო ვაჭრობის შედეგად ვაჭართა ფენის შემოსავლების ზრდამ პოლიტიკური გადატრიალება ინგლისში. მდიდარი ადამიანები არ არიან განწყობილნი მოითმინონ აბსოლუტური ხელისუფლება და მიისწრაფვიან კონტროლირებადი გახადონ ის. ამას შედეგად მოჰყვა რევოლუცია და მეფის მიერ რეალური ხელისუფლების დაკარგვა, რომელიც თავის ხელში აიღო მესამე ფენამ - ახალმა ბურჟუაზიამ. სწორედ ასეთი სცენარი, ბუნებრივია, იმპერატორის კარს არ ხიბლავდა და აიცილა კიდევაც თავიდან მისი განხორციელება, თუმცა ამას ჩინეთის დეგრადაცია და ძალიან მოკლე ხანში მისი სრული განადგურების საფრთხის წინაშე დადგომა მოჰყვა.
საინტერესოა, რომ ეს საფრთხე ჩინეთს სწორედ ინგლისისგან შეექმნა, ქვეყნისაგან, რომლის შესახებ მინის დინასტიის პირველ იმპერატორებს არაფერი სმენოდათ და რომელიც თავისი მოსახლეობის რიცხვით და წარმოებით, ისევე როგორც ფლოტითა და შეიარაღებით “ცისქვეშეთთან“ მიმართებაში საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა. “მე ვაფასებ ჩემი შვილის, გეორგის სურვილს გახდეს ჩემი ქვეშევრდომი, მაგრამ არ ვიცი, რაში გვჭირდება ეს დაუხვეწავი ნივთები, რომლებსაც ის საჩუქრად გვთავაზობს, ჩვენი ხელოსნები გაცილებით სრულყოფილ ნივთებს აკეთებენ”, - ასე უპასუხა ჩინეთის იმპერატორმა ბრიტანელთა ელჩობის თხოვნას გაეხსნათ ჩინეთის ბაზარი ინგლისელი ვაჭრებისათვის. “ცის შვილი” ვერ წარმოიდგენდა, რომ მოკლე ხანში დაიწყებოდა ახალგაზრდა ბრიტანეთის იმპერიის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების სერია, რომელიც ოპიუმის ომებით დაიწყო და ბრიტანულ-ფრანგული საექსპედიციო კორპუსის მიერ პეკინის აღება მოჰყვა. აქ აუცილებელია ითქვას, რომ საფრანგეთი ამ ექსპედიციაში ეპიგონი იყო. ნამდვილი აქტორი, რომლის გაკვალულ გზას სხვა კოლონიური სახელმწიფოები მიჰყვებოდნენ, სწორედ ბრიტანეთის იმპერია გახლდათ.
ბრიტანეთის ძლევამოსილ საზღვაო იმპერიად გადაქცევის მიზეზები
მინის იმპერიისგან განსხვავებით, გაერთიანებულმა სამეფომ მრავალი ისტორიულ-გეორაფიული მიზეზის გამო არ, ან ვერ დააბრკოლა საოკეანო ვაჭრობის შედეგად ბურჟუაზიის გამდიდრება. ამ მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა ჩვენი ნაშრომის თემიდან და ცალკე მონოგრაფიის საგანია, თუმცა არ შეიძლება ამასთან დაკავშირებით არ გავიხსენოთ ვილჰელმ დამპყრობელის მიერ ინგლისის დაპყრობა და მანამდე არნახული ხელისუფლების ცენტრალიზაცია, ახლადჩამოყალიბებული ნორმანული ელიტისთვის ციხე-სიმაგრეების აშენების აკრძალვა ვილჰელმის მიერ, რათა მათ არ ქონოდათ წინააღმდეგობის გაწევის უნარი მეფის ჯარის მიმართ, გამსვლელი სასამართლოების სისტემა და დიდებულების ვალდებულება თვეში ერთხელ გამოცხადებულიყვნენ მეფის კარზე, განუწყვეტელი ლაშქრობები ლამანშის გადალახვით და ამით გამოწვეული უკმაყოფილება, ყველაფერ ამის შედეგად ელიტის კონსოლიდაცია და “თავისუფლებათა დიდი ქარტია”, რომელიც ჯონ უმიწაწყლოს მიერ გადადგმული იძულებითი ნაბიჯი იყო და რომელმაც გადამწყვეტი როლი იქონია ინგლისის მთელს შემდგომ ისტორიაზე. ზოგადად, სწორედ ინგლისში ჩამოყალიბდა და გასაოცარი სტაბილურობით განვითარდა არისტოკრატია, რომლისთვისაც კომერციული საქმიანობა არ წარმოადგენდა რაღაცას, რაც ლახავდა მათ ღირსებას. ამავე დროს კუნძულოვანი იზოლაციონიზმი, საუკუნეთა განმავლობაში ძირს უთხრიდა საერთო ევროპული კათოლიკური ერთობის მექანიზმს, რაც საბოლოოდ ჯერ პურიტანობაში, ხოლო შემდეგ ანგლიკანური ეკლესიის ჩამოყალიბებაში გამოიხატა. დიდი არმადის განადგურება ამ რელიგიური დაპირისპირების გადამწყვეტი ეტაპი იყო. დაიწყო ინგლისის შემოტრიალება ევროპის საქმეებიდან ოკეანისაკენ, რომლის სივრცეები, ახალი მიწები განუსაზღვრელი სიმდიდრეებით, ტროპიკული კუნძულები უცნობი და ეგზოტიკური ტომებით ანდამატივით იზიდავდა ნისლიანი ალბიონის მცხოვრებლებს. სწორედ ინგლისში მოხდა გადამწყვეტი შემოტრიალება ხმელეთის ადამიანიდან ზღვის ადამიანისაკენ, ამასთან უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან ხმელეთი-ზღვის და ხმელეთი-ოკეანის დიქოტომია. ამ უკანასკნელს გლობალური ხასიათი აქვს და, შესაბამისად, რობინ გეორგ კოლინგვუდის აზრი, რომ ცივილიზაციების განვითარება დროში უნდა განვიხილოთ სქემით - გამოწვევა -პასუხი ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მართებულია. გლობალურ გამოწვევას თავისი პასუხი სჭირდებოდა და ის ინდუსტრიული რევოლუციით გაიცა. სწორედ ინგლისის საბოლოო შემობრუნებამ გლობალური საზღვაო ცივილიზაციისაკენ გამოიწვია ინდუსტრიული რევოლუცია. შეგახსენებთ, რომ 1735 წელს ინგლისში გამოიგონეს პირველი კოქსის ღუმელი, 1740 - ინდუსტრიული წესით გამოადნეს ფოლადი, 1768 - შეიქმნა ორთქლის მანქანა, 1769 - პირველი თანამედროვე ფაბრიკა ნოტინგემში, 1770 - პირველი საქსოვი დაზგა, 1786 - პირველი მექანიკური საქსოვი დაზგა, 1865 -პირველი ორთქლმავალი, ეს და სხვა უამრავი ფაქტი მოწმობს, რომ დიდი ინდუსტრიული რევოლუცია მოხდა სწორედ ინგლისში, რომელიც 19-ე საუკუნიდან მსოფლიოს სამჭედლო ხდება.
რა ისტორიული ვითარება იყო ამ კუნძულზე იმ დროს? ინგლისი იყო კუნძული, რომელიც გამოეყო ევროპის კონტინენტს მე-16 საუკუნიდან და გადადგა პირველი ნაბიჯები წმინდა საზღვაო არსებობისკენ. ეს, ისტორიული თვალსაზრისით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ზედნაშენია. რა გარე მოვლენაც არ უნდა ავირჩიოთ, როგორც საბოლოო ნაბიჯი წმინდა საზღვაო არსებობისკენ - იამაიკის აღება კრომველის მიერ 1655 წელს, სტიუარტების საბოლოო განდევნა 1688 წელს, თუ ევროპული მშვიდობა უტრეხტში 1713 წელს - მთავარია ის, რომ ერთმა ევროპელმა ხალხმა შეწყვიტა კუნძულის განხილვა, რომელზედაც ის ცხოვრობდა, როგორც გარკვეულწილად შორეული ევროპული მიწის ნაწილისა და გააცნობიერა იგი, როგორც წმინდა საზღვაო არსებობისა და ოკეანეებზე საზღვაო დომინირების საფუძველი. მე-16 საუკუნიდან ინგლისი შევიდა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში და დაიწყო პორტუგალიის, ესპანეთის, საფრანგეთის და ჰოლანდიისათვის კოლონიების წართმევა. მან დაამარცხა ყველა მისი ევროპელი მეტოქე, არა მორალური ან ძალისმიერი უპირატესობის გამო, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ გადადგა გადამწყვეტი და შეუქცევადი ნაბიჯი მყარი ხმელეთიდან ღია ზღვისკენ და ასეთ ვითარებაში სახმელეთო კოლონიების ხელახალი დაპყრობა უზრუნველყოფილი იყო. სწორედ ეს მენტალური განწყობა, ეს უნიკალური ისტორიული გზა გლობალურ გამოწვევასთან ერთად გახდა ინგლისის, როგორც პირველი გლობალური საზღვაო იმპერიის ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი.
კარლ შმიდტს თავის ცნობილ ნაშრომში “პლანეტარული დაძაბულობა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის-დასავლეთის და აღმოსავლეთის დაპირისპირება” - მეცნიერულ -ტექნიკური პროგრესის ფენომენის გაჩენა სწორედ გლობალური საზღვაო ცივილიზაციის ჩამოყალიბებიდან ამოყავს.
“წმინდა საზღვაო არსებობაზე გადასვლა უკვე თავისთავად და მის პირდაპირ შედეგებში ატარებს ტექნოლოგიების, როგორც დამოუკიდებელი და თვითკმარი ძალის ემანსიპაციას. ტექნოლოგიის ნებისმიერ განვითარებას ხმელეთის არსებობის წინა პერიოდებში არასოდეს გამოუწვევია ისეთი პრინციპის გაჩენა, როგორიცაა აბსოლუტური ტექნოლოგია. ამავდროულად, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ზღვისპირა და შიდა საზღვაო კულტურის ფორმები ჯერ კიდევ არ ნიშნავს გადასვლას წმინდა საზღვაო არსებობაზე. მხოლოდ ოკეანის დაუფლებისას გემი ხდება სახლის ნამდვილი ანტითეზა. პროგრესის უპირობო რწმენა (გააზრებული, როგორც ტექნოლოგიური პროგრესი) არის სარწმუნო ნიშანი იმისა, რომ საზღვაო არსებობაზე გადასვლა დასრულდა. საზღვაო არსებობის ისტორიულად, სოციალურად და მორალურად უსასრულო სივრცეში ბუნებრივად წარმოიქმნება აღმოჩენების უსაზღვრო თანმიმდევრობის ჯაჭვური რეაქცია. აქ საუბარია არა მომთაბარე და მიწადმოქმედ ხალხებს შორის განსხვავებაზე, არამედ ხმელეთსა და ზღვას შორის - ადამიანური არსებობის ორი საპირისპირო ელემენტის წინააღმდეგობებზე. აქედან გამომდინარე, არასწორია „ზღვის მომთაბარეებზე“ საუბარი და მათი გაიგივება ცხენებზე, აქლემებზე და ა.შ ამხედრებულ მომთაბარეებთან. არ არის სწორი ხმელეთის პირობების გაიგივება ზღვის ელემენტებთან. კაცობრიობის საარსებო სივრცე თავისი ზებუნებრივი, ისტორიული გაგებით რადიკალურად განსხვავებულია ყველა პარამეტრით - გარეგანით თუ შინაგანით - იმისდა მიხედვით, ლაპარაკია ხმელეთზე თუ საზღვაო არსებობის ფორმაზე. რა პოზიციიდანაც არ უნდა შევხედოთ ამ განსხვავებას - ზღვიდან ხმელეთამდე თუ ხმელეთიდან ზღვამდე - ის ვლინდება ძალის სრულიად განსხვავებულ სტრუქტურირებულ ცივილიზაციურ და კულტურულ ველში. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თავად კულტურა უფრო მეტად უკავშირდება მიწას, ხოლო ცივილიზაცია ზღვას, საზღვაო მსოფლმხედველობა ტექნომორფულად არის ორიენტირებული, ხოლო სახმელეთო -სოციომორფულია”
აქ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს არნოლდ ტოინბის სიტყვები, რომლებიც კარლ შმიდტსაც მართებულად მიაჩნია. არნოლდ ტოინბი თავის გახმაურებულ ნაშრომში "The World and the West" დასავლეთს, როგორც ეს სათაურიდანაც ჩანს, უპირისპირებს მთელს მსოფლიოს. ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის აზრს ის ხედავს იმაში, რომ აღმოსავლეთმა დაიწყო შეიარაღება ქრისტიანული რელიგიისგან გათავისუფლებული დასავლური ტექნიკით, ხოლო ამ ტექნიკას უწოდებს “ევროპული კულტურის ნატეხს, რომელიც მას მოტყდა 16-ე საუკუნის ბოლოს”. ტოინბის აზრით, დასავლეთი ოთხსაუკუნენახევარი აწარმოებდა თავის ინდუსტრიალურ-ტექნიკურ ექსპანსიას აღმოსავლეთისაკენ ოთხი ძირითადი მიმართულებით - ესაა რუსეთი, ისლამური სამყარო, ინდოეთი და აღმოსავლეთ აზია. ტოინბი თვლის, რომ აგრესია ხორციელდება ქრისტიანული ტრადიციის ნორმებისაგან გათავისუფლებული ტექნიკის მეშვეობით (entfesselte Technik) ის, რომ დღევანდელმა აღმოსავლეთმა თვითონ დაიწყო ამ ტექნიკის ფართოდ გამოყენება, ტოინბისთვის არის აღმოსავლეთის იძულებითი თავდაცვა დასავლეთის აგრესიის წინაშე.
არნოლდ ტოინბიმ ეს ნაშრომი 1953 წელს გამოაქვეყნა, აღმოსავლეთის წინააღმდეგობაში ის პირველ რიგში, საბჭოთა კავშირს და მის მოკავშირეებს გულისხმობდა, მით უმეტეს, რომ ამ დროს სსრკ-ს მიერ ჩამოყალიბებული კომუნისტური ბლოკი ჩინეთსაც მოიცავდა, დღევანდელ ვითარებაში, როდესაც დასავლეთის მთავარ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა ჩინეთი, რომლის უკვე ახლა უმცროს პარტნიორად მოიაზრება რუსეთი, არ შეიძლება არ დავაფასოთ ტოინბის შორსმჭვრეტელობა.
ბრიტანეთის გლობალურმა საზღვაო იმპერიის განვითარებამ, მისმა უნიკალურმა ხასიათმა წინააღმდეგობები წარმოშვა არამარტო კონტინენტალურ სახელმწიფოებში - ბრიტანეთმა ვერ აიცილა თავიდან ის პროცესი, რომლისაც ასე ეშინოდათ ჩინელებს - ზღვისგაღმა ტერიტორიების კონტროლი.
ზღვაოსანი ფინიკიელების მიერ დაპყრობილმა კოლონიებმა მალე მოიპოვეს დამოუკიდებლობა და კართაგენმა თავისი დიდებით სრულიად დაჩრდილა ტვიროსი. ბერძნული პოლისების ისტორია სავსეა მსგავსი მაგალითებით.
ბევრი ბრიტანელი ისტორიკოსი ჩრდილოეთ ამერიკის გამოყოფას ბრიტანეთის იმპერიისათვის გამოუსწორებელ კატასტროფას უწოდებს და მეფე გეორგის ფსიქიურ აშლილობას აბრალებს.
აშშ-მ მოკლე ხანში გაიარა გზა სახმელეთოდან საზღვაო იმპერიამდე, რის შესახებაც ზემოთ ვწერდით. აშშ-ს, როგორც საზღვაო იმპერიის ჩამოყალიბება, მისი შემობრუნება ოკეანეებისაკენ, გლობალური საზღვაო ძლევამოსილებისაკენ სწრაფვის კონკრეტულ კონცეფციად გადაქცევა, ამერიკული ტექნოლოგიური ზონის შექმნის პარალელურად მიმდინარეობდა, უფრო მართებული იქნებოდა გვეთქვა, რომ როგორც ბრიტანეთის შემთხვევაში, სწორედ გლობალური საოკეანო ძლევამოსილებისაკენ შემობრუნებამ გახადა შესაძლებელი ის გასაოცარი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, რომელსაც 19-ე საუკუნის ბოლოდან დღემდე ვადევნებთ თვალს. როგორც უფრო ხელსაყრელ გარემოში დაარსებულმა კართაგენმა გადაასწრო ტვიროსს, ატარებდა რა ფინიკიელთა საზღვაო ცივილიზაციის კოდს, რომელმაც საშუალება მისცა ამ ქალაქ -სახელმწიფოს შეექმნა და დაენერგა იმ დროისათვის მოწინავე ტექნოლოგიები ქალაქმშენებლობის, გემთმშენებლობის და სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში, გაბატონებულიყო მაშინდელი ოიკუმენას დიდ ნაწილზე და გამოეწვია რომი მსოფლიო ბატონობისთვის ბრძოლაში, ასევე ბრიტანეთის განაყოფმა აშშ-მ, საზღვაო იმპერიად გადაქცევის შემდეგ, მიაღწია ტექნიკური განვითარების ისეთივე რევოლუციურ აფეთქებას, როგორიც 18-ე საუკუნის ინგლისის ინდუსტრიული რევოლუცია გახლდათ.
ზოგადად, ტექნიკური აღმოჩენების ისტორია გვაჩვენებს, რომ ისინი ყველგან და ყოველთვის ხდებოდა და რომ ისინი სრულიადაც არ ატარებდნენ დროში აღმავალ ხასიათს. ინდოელების, ჩინელების, გერმანელების, ფრანგების თუ რუსების აღმოჩენები არაფრით ჩამოუვარდებოდნენ ინგლისელების და მათი განაყოფების მიღწევებს. საქმე ისაა, რომ ეს აღმოჩენები ეფექტურად ინერგება რეალურ ცხოვრებაში, თუ ისინი სათანადო ნორმატივების სისტემაში მოხვდებიან. საზღვაო ცივილიზაციის პირობებში კი ტექნიკური აღმოჩენები არ იზღუდება ნორმატივების ფიქსირებულ სისტემაში, რომელიც დამახასიათებელია სახმელეთო ცივილიზაციებისათვის. აბსოლუტური, შიშველი ტექნიკა, ინდუსტრია, რომელიც ტექნიკურ აღმოჩენებს დაუყოვნებლივ აქცევს იარაღად - ეს გლობალური საზღვაო იმპერიების წარმოქმნის შედეგია, რომელსაც ავტომატურად მოჰყვებოდა სახმელეთო იმპერიების ჯაჭვური საპასუხო რეაქცია, როგორც ამას მართებულად აღნიშნავდა არნოლდ ტოინბი.
ინდუსტრიული რევოლუციიდან და დღემდე ჩვენ თვალს ვადევნებთ გლობალური საზღვაო იმპერიების პლანეტარული დომინირებისაკენ სწრაფვას. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა ტექნიკური მიღწევა, დაწყებული ტყვიამფრქვევითა და თვითმფრინავით - დამთავრებული კონვეირით, ავიამზიდითა და ატომური ბომბით - პირველად სწორედ იმ სამყაროში დაინერგა, რომელსაც დღეს ჩვენ ანგლო-საქსურს ვეძახით და რომელიც ჩვენს თვალწინ ერთიანდება სწორედ მათი საზღვაო ცივილიზაციის კოდისადმი კუთვნილების ნიშნით “აუკუსის” ბლოკში.
“აუკუსი” აქ შემთხვევით არ გვიხსენებია. თავის დროზე მაშინდელი ოიკუმენისთვის მსოფლიო მნიშვნელობის მქონე პუნიკურ ომებში კართაგენის საზღვაო ცივილიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში სახმელეთო ცივილიზაცია - რომი -იძულებული გახდა შეექმნა საბრძოლო ფლოტი, რამაც მას, საბოლოო ჯამში, გამარჯვება მოუტანა.
ჩინეთმა, რომელმაც მინის დინასტიის დროს უარი თქვა საზღვაო ძლიერებაზე, შედეგად კაცობრიობის ისტორიაში პირველი გლობალური საზღვაო იმპერიის, ბრიტანეთის მიერ უმძიმესი დარტყმები მიიღო, რამაც მის არსებობასაც კი შეუქმნა საფრთხე.
დღეს ის, როგორც თავის დროზე რომი, ანგლო-საქსების საზღვაო ძლიერების წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც თავის დროზე საკუთარი კოდის შესანარჩუნებლად დათმო. ამავე დროს, სახეზე გვაქვს სტალინი-მაოს კავშირის მსგავსი ალიანსის კონტურები დასუსტებულ რუსეთთან, რომელიც უკვე უმცროსი ძმის როლშია.
სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი ჩინეთის მმართველი ელიტის მიერ დასავლური პარადიგმის გადალახვა, რაც სი ძინპინისათვის იმპერატორის დონის ძალაუფლების გადაცემაში გამოიხატა, ასევე ჩინეთის მიერ რუსეთთან, ირანთან და არაბულ სამყაროსთან, აფრიკასთან და ლათინურ ამერიკასთან მიმართებაში გადადგმული ნაბიჯები.
ეს ისტორიული რევანში კი შეიძლება ტაივანში დაიწყოს - იგი ამ გრანდიოზული გეოპოლიტიკური ბრძოლის ცენტრალური ადგილია.
გაგრელება იქნება