Alfa Romeo-ს განუმეორებელი ხიბლი

Alfa Romeo-ს განუმეორებელი ხიბლი

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

Alfa Romeo-ს ბრენდის ავტომობილები მთელს მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. იტალიურ კონცერნს სახელი, უპირველეს ყოვლისა, თვითმყობადმა და გამორჩეულმა, მხოლოდ მისვის დამაარსებელმა სტილმა, რომლის ერთგულიც იგი საუკუნეზე მეტია რჩება, გაუთქვა.

სამხრეთიდან ჩრდილოეთში

Alfa Romeo-ს ისტორია ნეაპოლში, მის მშობლიურ ქალაქ მილანიდან გვარიანად შორს დაიწყო. სწორედ იქ, ფრანგმა ალექსანდ დარაკმა 1906 წელს ორი ავტომობილის ლიცენზირებული წარმოებისათვის თავისი ფრანგული კომპანიის ფილიალი შექმნა. მას Societa Anonima Italiana Darracq (SAID) - დარაკის ღია იტალიური კომპანია ეწოდა.

აღნიშნული ფილიალის ბაზაზე 1910 წელს შეიქმნა მსუბუქი ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Alfa (Anonima Lombarda Fabricca Automobili). ცოტა ხანში კომპანიამ წარმოება მილანის გარეუბანში გადაიტანა. ასე წარმოიქმნა ლომბარდიაში ავტოწარმოება. კომპანიის ემბლემაში მილანის სიმბოლიკა - გველი და წითელი ჯვარი გამოიყენეს.

Alfa-ს პირველმა მოდელებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით მათ სისწრაფეს აღნიშნავდნენ. 24HP პირველი ავტომობილი იყო, რომელმაც 100 კმ საათში სისწრაფე განავითარა. 1915 წელს კომპანია ნიკოლა რომეომ შეიძინა, რომელმაც დასახელებას თავისი სახელი შემატა და მას შემდეგ ავტომობილები

უკვე Alfa Romeo-ს ბრენდით იწარმოებოდა. მათგან პირველი 20-30HP Tornado გახლდათ.

1920 წელს კომპანიის ავტომობილმა პირველ ავტორბოლაში გაიმარჯვა. იმავე წელს შეიქმნა განთქმული, ულამაზესი მოდელი RL, რომელსაც ლონდონის ავტოსალონზე «იტალიური როლს როისი» უწოდეს. კომპანიის საქმეები სულ უფრო უკეთ მილიოდა. 1929 წელს შეიქმნა სპორტული გუნდი Scuderia Ferrari, სამი წლის შემდეგ კი, გაიხსნა ფილიალები ინგლისში, საფრანგეთში, ბელგიაში, ჩეხოსლოვაკიაში, ავსტრიაში, შვეციაში, ესპანეთსა და უნგრეთში.

მალე საწარმო სამრეწველო რეკონსტრუქციის ინსტიტუტის დაქვემდებარებაში გადავიდა. განთქმული კონსტრუქტორის უგო გობატოს ხელმძღვანელობით განხორციელდა საამქროების მოდერნიზაცია. მალე იგი ვიტორიო იანომ შეცვალა, რომელმაც საფუძველი სერიულ წარმოებას ჩაუყარა. 1938 წელს კომპანიაში

მესამე დიდი კონსტრუქტორი ორაციო სატა პულიგა მოვიდა, რომელმაც სარბოლო გუნდი ჩამოაყალიბა და შექმნა განთქმული მოდელი 6C 2500. გარდა ამისა, მანვე წამოიწყო თვითმფრინავების ძრავების გამოშვება.

მეორე აღმასვლა

მეორე მსოფლიო ომისას Alfa Romeo-ს ქარხნები გვარიანად დაზარალდა. ომის დამთავრების შემდეგ უმთავრესი ამოცანა წარმოების აღდგენა გახლდათ. კომპანიის მესვეურებმა გადაწყვიტეს ფინანსური მდგომარეობა ძველი მოდელების განახლებით გამოესწორებინათ. ეს სწორი სვლა აღმოჩნდა.

 1950 წელს გამოვიდა ახალი, 159-ე მოდელი. მას მოჰყვა 1900 Coupe და 1900 Spider. ამავე პერიოდში დაინერგა სერიული კონვეიერული წარმოება. 50-იანი წლების ბოლოს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ

Renault-თან. ამავდროულად, კომპანიის წარმომადგენლობები გაიხსნა ესპანეთში, სამხრეთ კორეაში, ბრაზილიასა და მექსიკაში.

60-იანი წლები ულამაზესი, განთქმული მოდელის SZ-ის გამოშვებით დაიწყო. აშენდა ახალი ქარხანა, სადაც Alfa Romeo-ს ავტომობილებთან ერთად იწარმოებოდა პარტნიორ Renault-ის მცირელიტრაჟინი მოდელები და დიზელის ძრავები.

70-იან წლებში კომპანიამ არაერთი სპორტული წარმატება იზეიმა. რასაც ხელი ახალი თავკაცის ეტორე მასაჩეზის მიერ განხორციელებულმა წარმოების რეორგანიზაციამ და სპორტული მოდელების წარმოებისათვის დიდი მნიშვნელობის მინიჭებამ განაპირობა.

80-იანი წლების დასაწყისში Alfa Romeo-მ ხელშეკრულება კიდევ ერთ განთქმულ ავტომწარმოებელთან, ამჯერად იაპონურ Nissan-თან გააფორმა. ამ თანამშრომლობის შედეგი მოდელ Arna (Alfa Romeo Nissan Autoveicoli)-ის გამოშვება გახლდათ.

დაკარგული დამოუკიდებლობა

1986 წელს Alfa Romeo კონცერნ Fiat-ის შემადგენლობაში შევიდა. უნდა ითქვას, რომ დამუკიდებლობის დაკარგვის მიუხედავად, კომპანიამ თავისი ინდივიდუალური სტილი და ტრადიციები შეინარჩუნა. ამასთან, გაუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობა და ისედაც აღმავლობის გზაზე მდგომი კომპანიის საქმეები კიდევ უფრო უკეთ წავიდა.

90-იან წლებში Alfa Romeo-ს წარმოება სულ უფრო და უფრო გაიფურჩქნა. სწორედ ამ პერიოდში გამოვიდა ძალზე პოპულარული 145-ე, 146-ე და 155-ე მოდელები, ახალი Spider და GTA. 1997 წელს მოდელ Alfa Romeo 156-ს «წლის ავტომობილის» ტიტული მიანიჭეს.

2001 წლის სექტემბერში ფრანქფურტის ავტოსალონზე წარმოადგინეს კომპანიის ორი მარგალიტი: Alfa Romeo 156 GTA და Sportwagon GTA, რომლებსაც დიდი მოწონება ხვდა წილად. იმავე წელს Alfa Romeo 147-ს «წლის ავტომობილის» ტიტული მიანიჭეს.

2005 წელს ჟენევის ავტოსალონზე წარმოადგინეს Alfa Romeo 159, რომელსაც უდიდესი ფურორი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის ფანებმა უკანა კარებების სახელურების ადრინდელ, ტრადიციულ ადგილას დაბრუნების გამო უკმაყოფლება გამოთქვეს, 159-ე მოდელი უდავოდ უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ავტომობილია.

ბოლო წლებში Alfa Romeo ფეხზე კიდევ უფრო მყარად დადგა. ბაზარზე გამოვიდა პოპულარული მოდელები უნივერსალი 159 Sportwagon და Alfa Romeo Spider-ის ღია ვერსია Brera. შედეგად, კომპანიამ მსოფლიო ბაზარზე თავისი წილი და მისი განუმეორებელი სტილის თაყვანისმცემელთა რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა.