ზოგიერთ დარგში ინვესტიციები გაიზარდა, თუმცა საერთო მაჩვენებელი ჯერ ვერ გაუმჯობესდა

ზოგიერთ დარგში ინვესტიციები გაიზარდა, თუმცა საერთო მაჩვენებელი ჯერ ვერ გაუმჯობესდა

ინვესტიციების მოცულება ჯერ კიდევ მცირდება, თუმცა არის დარგები, სადაც ინტერესი უკვე გაიზარდა. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის მე-2 კვარტალში 580.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 12%-ით ნაკლებია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, კლება განპირობებულია რეინვესტიციისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.

საქსტატისმონაცემებით, 2025 წლის მე-2 კვარტალში სააქციო კაპიტალმა 123.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.3%-ია, ხოლო რეინვესტიციამ 466.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 80.4%-ით განისაზღვრა.

ამასთან, „საქსტატისწინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 327.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 56.4%-ია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი - 66.4 მლნ. აშშ დოლარით (11.4%), ხოლო მესამეზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 54.4 მლნ. აშშ დოლარით (9.4%). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 77.2% შეადგინა.

2025 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში 54.4 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილი მაჩვენებელია. შარშან, მეორე კვარტალში, ენერგეტიკაში სულ 18.5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ენერგეტიკაში კაპიტალდაბანდება ექვსი თვის ჭრილშიც გაზრდილია, ამ დარგში წლის პირველ ნახევარში 126.1 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც წლიურად 34.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ასე რომ, დარგისადმი ინტერესი თანდათან იზრდება.

როგორც განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა, მაია მელიქიძემ აღნიშნა, სექტორში ინვესტიციები, ძირითადად, გამანაწილებელი კომპანიების მხრიდან იდება და გენერაციას ამ ზრდაში შედარებით ნაკლები წვლილი აქვს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ინვესტიციები ახალი გენერაციის ობიექტების მიმართულებითაც გააქტიურდეს.

ენერგეტიკის დარგში, შარშანდელ ექვს თვესთან შედარებით, ზრდა გვაქვს. ძირითადად, თანხების ინვესტირება ხდება გადამცემ ქსელებში და არა გენერაციის ნაწილში, რაც ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ქსელური კომპანიების თვალსაზრისით, ბუნებრივია, ხდება ინვესტიციების განხორციელება, როგორც ეპ ჯორჯიას, ასევე ენერგო პროს მიერ. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები განვახორციელოთ გენერაციის მიმართულებით და მოვიზიდოთ მეტი კაპიტალი არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო მიმართულებით.

კაპიტალდაბანდების მიხედვით, ენერგეტიკა მესამე ადგილზეა მაშინ, როდესაც ძალიან დიდი საჭიროება, მისი პოტენციალიდან გამომდინარე, რომ ენერგეტიკის განვითარებაში ჩაიდოს თანხა, - განუცხადა ბიზნეს მედიას მელიქიძემ.

ინვესტიციების კლებასთან დაკავშირებით, შეფასებას აკეთებს ბიზნესიც. კომპანიანუტრიმაქსისმმართველი პარტნიორის, ბექა ბექაიას აზრით, დაძაბული ვითარების ფონზე, მათ შორის ევროპელი ინვესტორები, ჯერჯერობით, საქართველოს ბაზარს სიფრთხილით უყურებენ.

შიდა პოლიტიკური დაძაბულობაა, კი ვხედავთ, რაც ხდება და ამით კმაყოფილი ვერავინ იქნება, ვერც ბიზნესი და ვერც ნებისმიერი სფერო. პარალელურად, ვხედავთ, სამეზობლოში რა ხდება, რუსეთსა და უკრაინას ვგულისხმობ. დადებითი, რაც ხდება ისაა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი თითქოს მშვიდობისკენ წავიდნენ და ეს ძალიან კარგია ჩვენი რეგიონისთვის.

საერთო ჯამში, არ ვფიქრობ, რომ დღეს, საქართველოში ძალიან სასურველი გარემო იყოს ინვესტირებისთვის. ჩვენ ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა, უფრო მეტად ევროპულ კომპანიებთან, ისინი ძალიან სიფრთხილით ეკიდებიან, ჯერჯერობით. იმედია, დასტაბილურდება ჩვენთან ვითარება და ეს ინტერესი, უფრო სტრატეგიული ინვესტორების მხრიდან, გაიზრდება, - განაცხადა ბექა ბექაიამ.

2025 წლის აპრილ-ივნისში, წამყვანი ინვესტორი ქვეყნებ სამეული ასე გამოიყურებოდა: პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 242.7 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.8%-ს შეადგენს; მეორე ადგილზე იმყოფება თურქეთი - 54 მლნ აშშ დოლარით (9.3 %); ხოლო მესამეზე ჩეხეთი - 38.3 მლნ აშშ დოლარით (6.6%). მთლიანობაში, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 57.7%- შეადგენს.