,,ოცნება' და ნაციონალები პრეზიდენტისა და გვენეტაძის წინააღმდეგ?!

,,ოცნება' და ნაციონალები პრეზიდენტისა და გვენეტაძის წინააღმდეგ?!

რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე და ვის დაასახელებს პრეზიდენტი გვენეტაძის კანდიდატურის ჩაგდების შემთხვევაში

უზენაესი სასამართლოს პირველკაცობისთვის ბრძოლა საპარლამენტო და სასამართლო კულუარებში ერთდროულად მიდის, თუმცა საზოგადოებამდე მხოლოდ მწირი ინფორმაცია აღწევს. ნინო გვენეტაძის კანდიდატურა პრეზიდენტმა პარლამენტს ოფიციალურად წარადგინა. რეგლამენტის თანახმად, კომიტეტებსა და ფრაქციებში კანდიდატურის განხილვები ერთი კვირის განმავლობაში, ანუ მომავალ ოთხშაბათს უნდა ამოიწუროს. თუმცა 23 თებერვლამდე, კოტე კუბლაშვილის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევა მაინც არ ესწრება. ჯერჯერობით, უმრავლესობას გარკვეული მხოლოდ ის აქვს, რომ შაბათ-კვირას რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ, რათა მომავალი კვირის ორშაბათ-სამშაბათს გვენეტაძეს თბილისში მოუსმინონ. წამყვანი კომიტეტი იურიდიული იქნება და დიდი ალბათობით, უმრავლესობის სხდომაზე გვენეტაძეს კოალიციის ყველა ფრაქცია ერთად მოუსმენს, ცალ-ცალკე დაბარების ნაცვლად.

ეს ის ზოგადი, მწირი ინფორმაციაა, რაც საკითხის გარშემო ვრცელდება. მოვლენები კი გაცილებით საინტერესოდ კულუარებში ვითარდება. ,,საქართველოს მოსამართლეთა ერთობის' აღმასრულებელმა დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა Fაცებოოკ- ში დაწერა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ვითარება ძალიან დაიძაბა. კუბლაშვილმა სხდომა დატოვა, რადგან ახალი მოსამართლეების არჩევის საკითხი კიდევ ერთხელ გადაიდო. ასარჩევი 45-მდე ადამიანია, არადა, მოსამართლის პოზიციაზე ვაკანსია ჯერ კიდევ შარშან ოქტომბერში გამოცხადდა. ,,ვერსიის' ინფორმაციით, სხდომა საბჭოს წევრმა და თავმჯდომარეობის ყოფილმა კანდიდატმა, ევა გოცირიძემ ჩაშალა და განაცხადა, ეს საკითხი ახალი თავმჯდომარის არჩევამდე გადავდოთო. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ გოცირიძემ ,,ოცნების' თამაში ითამაშა და ნაციონალ კუბლაშვილს სასამართლოში 45 ,,თავისიანის' დატოვების საშუალება არ მისცა. ხოლო იქედან გამომდინარე, რომ ნინო გვენეტაძისთვისაც სცადა ხელისშეშლა საინტერესო განცხადებით, ალბათ, იმედი აქვს, რომ მეორე კანდიდატი, ვისაც გვენეტაძის ჩაგდების შემდეგ პრეზიდენტი დაასახელებს, თავად იქნება - ევა გოცირიძემ ორი დღის წინ მედიას განუცხადა, რომ ნინო გვენეტაძეს დიდი ხანია იცნობს და იგი ღირსეული კანდიდატია. უბრალოდ, ,,კანონი კრძალავს დისციპლინარული გადაცდომისთვის გათავისუფლებული მოსამართლის ხელახლა გამწესებას, ეს როგორ გამორჩათ პრეზიდენტის იურისტებს საკვირველია'.

კიდევ უფრო საკვირველი ის არის, როგორ გამორჩა იუსტიციის საბჭოს მოქმედ წევრსა და გამოცდილ სამართლის ექსპერტ ევა გოცირიძეს, რომ კანონში ,,საერთო სასამართლოების შესახებ' ცვლილება თითქმის ერთი წელია შევიდა და ეს მუხლი გვენეტაძეს ბარიერს აღარ უქმნის. ეს სასამართლო კულუარებია. საპარლამენტოს რაც შეეხება, აქ ჯერ ისიც არ აქვთ გარკვეული, შიგნით ვინ ვის ებრძვის. უცნაურია ისიც, პარლამენტის უმრავლესობაში ერთი ადამიანი რომ არ აღმოჩნდა, რომელიც კანონებს ბოლომდე ჩაიკითხავდა და უმრავლესობის ლიდერის პირითა და მთელი კოალიციის სახელით, პრეზიდენტს არ შეუთვლიდა, თავმჯდომარის პოსტზე 2-3 კანდიდატი დაასახელეო. პირიქით, დავით საგანელიძე და დანარჩენი ,,ოცნება' ახლა ხელზე იმას იხვევენ, პრეზიდენტმა შეთანხმება დაარღვია, ჩვენ 2-3 კანდიდატის დასახელება შევთავაზეთ და მან მხოლოდ ერთი წარგვიდგინაო. თუმცა ამას რომელი კანონით ითხოვენ, როცა არსად წერია, რომ პრეზიდენტს ამ პოსტზე რამდენიმე კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს, როგორც ცესკო- ს, საზოგადოებრივი მაუწყებლის, მარეგულირებელი კომისიის და სხვა საჯარო სამსახურების შემთხვევაში, ამას აღარ აკონკრეტებენ. ეს ლაფსუსიც იქით იყოს - სერიოზული ფაქტორი ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილის განცხადებები იყო, უფრო სწორად, მთელი ,,მესიჯბოქსი' პრეზიდენტისა და პარლამენტის მიმართულებით, რომ ალასანია- უსუფაშვილის თამაშს პარლამენტი არ ითამაშებს. ,,პირველმა მოქალაქემ' განაცხადა: ,,თავისუფალი დემოკრატები ცდილობენ, სამართლებრივი პროცესი პოლიტიკურად წაიყვანონ. კეთილი ინებონ და, პროკურატურას ხელი შეუწყონ. ისე, ალასანიას გუნდის წევრები ამ საკითხზე რატომ არ ითხოვენ პარლამენტში კომისიის შექმნას? მსგავსი განცხადებები მათგან არ მახსოვს, იგივე რესპუბლიკელები, რომლებიც ვერ მალავენ და ალასანიას უჭერენ მხარს, ხელოვნურად აგორებულ თემებზე რომ კომისიას ქმნიან, შეამოწმონ პროკურატურა ამ ნაწილშიც. ამის ნაცვლად, მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და პროკურატურას პირდაპირ ემუქრებიან'. ამ განცხადებებს პოლიტიკური თარჯიმანი არ სჭირდება, ისედაც გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი ნინო გვენეტაძის კანდიდატურას არ ემხრობა: ჯერ ერთი იმიტომ, რომ მარგველაშვილმა დაასახელა, მერე იმიტომ, რომ რესპუბლიკელების ყოფილი წევრია და კიდევ იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, იგი მხარს ქუთაისელ მოსამართლეს, უზენაეს სასამართლოში ნამუშევარ და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანს ლობირებს.

რა ხდება პროცედურულად, თუ პარლამენტი ნინო გვენეტაძის კანდიდატურას ჩააგდებს: მარგველაშვილი მეორედაც იგივე კანდიდატს ვერ დაასახელებს. კანონში წერია, რომ ამის გაკეთება მას მეორედაც შეუძლია, თუმცა პოლიტიკურ- პრაგმატულად ამას არავითარი აზრი არ აქვს. ასევე, არც კონსტიტუცია და არც ცალკეული კანონები არ სცნობს ვადებს უზენაესი მოსამართლის არჩევისთვის. შესაბამისად, პროცედურული ომი პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის იმდენხანს შეიძლება გაგრძელდეს, სანამ პარლამენტი არ შეიცვლება 2016-ში, ან პრეზიდენტი _ 2017- ში. თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს რამდენჯერმე უარყოფს, საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც თებერვალში იხსნება და ივნისში იხურება, უზენაესი სასამართლოს პირველი პირის არჩევას ვერ მოასწრებს. მერე ზაფხულიც დგება, საშემოდგომო სესია იხსნება და ამ სესიაზეც რომ ჩაუგდონ კანდიდატურები, გამოდის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2016 წლამდე ვეღარ აგვირჩევია. ეს პროცედურები _ დასახელება, წარდგენა, ოფიციალურად დარეგისტრირება, კომიტეტებში, ფრაქციებში, სხდომებზე მოსმენა და მერე კენჭისყრა, ყოველ ახალ კანდიდატზე თავიდან ხომ უნდა გავიაროთ. თუმცა ეს, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი სცენარია _ რაში აწყობს ,,ოცნებას' უზენაესში პირველკაცად კუბლაშვილის მოადგილის, ზაზა მეიშვილის დატოვება?! უფრო პრაგმატული სცენარია, ივანიშვილის განცხადებებისა და შიდაომების გამო, პარლამენტმა გვენეტაძის კანდიდატურა ჩააგდოს და ზოგადად, ასე ,,ყაროს' პრეზიდენტის მიერ დასახელებული ხალხი, ვიდრე სასურველი, ვთქვათ, ევა გოცირიძე, გია მეფარიშვილი, ანდაც მამუკა ახვლედიანი არ დასახელდება. დააყენებენ სხვა კანდიდატებს, ალაპარაკებენ, კითხვებს დაუსვამენ, ხმას არ მისცემენ და იტყვიან _ ამას მხარდაჭერა არ ჰქონდა, შემდეგიო... გვენეტაძე ჯერ პარლამენტშიც არ მისულა, და უკვე ,,შემდეგზე' რომ ვსაუბრობთ, ალბათ, ცოტა უცნაურია, მაგრამ ამას თავისი რკინის ლოგიკა აქვს: ცნობილია, რომ 18-19 თებერვალს, ქუთაისში უმრავლესობის სხდომები ჩატარდა. როგორც ,,ვერსიამ' კულუარულად გაარკვია, ამ შეკრებებზე გვენეტაძის მხარდაჭერით თავი არავის გამოუდია _ ერთგვარი ჩუმი შეთანხმება დაიდო, რომ გვენეტაძის კანდიდატურა ჩავარდება. უმრავლესობა რასაც იზამს, იმას ვიზამთ ჩვენცო, გვითხრეს ,,კონსერვატორებმა', პარტია ,,ოცნებაში' რამდენიმე დეპუტატი ამბობს, გვენეტაძეს პირადად კი ვიცნობთ, მაგრამ ეს ხმის მიცემასთან არაფერ შუაშიაო, ეკა ბესელია ,,ვერსიასთან' ასეთი კომენტარით შემოიფარგლა: ,,გვენეტაძეს პირადად ვიცნობ, ვიცი მისი პრინციპულობა, პროფესიონალიზმი. თუმცა კოლეგებთან კონსულტაციები გვექნება და მის კანდიდატურაზე ამ დღეებში ვიმსჯელებთ'. ჰოდა, ეს ,,მაგრამ' და ,,თუმცა' კარგს რომ არაფერს ნიშნავს, ყველას ესმის. სხვათა შორის, თურმე, ამ პროცესში ყველაზე ჩუმად ზაქარია ქუცნაშვილი და მისი მხარდამჭერი 22 დეპუტატია - ესეც აპრიორი 23 ხმა გვენეტაძის წინააღმდეგ.

მარტივად შეგვიძლია დავითვალოთ პრეზიდენტის რჩეულის მხარდამჭერები: რესპუბლიკელები, 9-კაციანი ფრაქციით, რომლებიც გვენეტაძეს ოფიციალურად ლობირებენ და ამის შესახებ განცხადება დავით ბერძენიშვილმა გააკეთა. ალასანიას თავისუფალი- დემოკრატები 8-კაციანი ფრაქციით, სადაც გვენეტაძის მხარდამჭერი ტექსტით შალვა შავგულიძე და გია ცაგარეიშვილი ღიად გამოვიდნენ და ,,ეროვნული ფორუმი', 6-კაციანი ფრაქციით, რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი მიროტაძემ თქვა, რომ გვენეტაძის კანდიდატურა მათთვის მისაღებია. მართალია, ეს ,,ოცნების' საწინააღმდეგოდ ცურვას არ ნიშნავს, თუმცა ეს 6 ხმა გვენეტაძეს რომ მივათვალოთ და კიდევ რესპუბლიკელებთან ასოცირებული ერთადერთი დეპუტატი ოცნებიდან, თამარ კორძაია, 76 მაინც ძალიან შორია - ეს სულ რაღაც 24 ხმაა. ხმათა ამ რაოდენობას მაჟორიტარები და ,,ოცნება' უნდა დავუმატოთ, რომ 76-მდე მივიდეთ, ანდაც ნაციონალები, სრული შემადგენლობით. ნაციონალებმა კი ,,ვერსიასთან' ძალიან გულახდილი და პრაგმატული პოზიცია გაამხილეს, სინამდვილეში, რატომ არ დაუჭერენ მხარს მათ მიერვე გაგდებულ კანდიდატს. გივი თარგამაძე: ,,ჯერ ერთი, ნინო გვენეტაძე შევარდნაძისდროინდელი მოსამართლეა, გახრწნილი და კორუმპირებული სისტემის ნაწილი. შემდეგ, მან თავი იმით გამოიჩინა, რომ იმ სიების ერთ-ერთი ავტორია, რომელთა მიხედვით ციხიდან რუსეთის ჯაშუშები და მძიმე დანაშაულების ჩამდენი პირები უპირობოდ გაათავისუფლეს. თუნდაც ამის გამო გვენეტაძის ამ პოსტზე წარდგენა დიდი უპასუხისმგებლობაა. რაც შეეხება იმას, ჩვენ რატომ არ გვყავს კანდიდატი, არც გვიმსჯელია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს წყლის ნაყვა იქნებოდა. ჩვენ კოტე მოგვწონდა და იყო კიდეც თავმჯდომარე, ამიტომ ახლა მარჩიელობას, ვინ მოგვწონს იმ 28 კანდიდატიდან და ა.შ. აზრი არ აქვს, ჩვენი სიმპათიები ახლა მაინც არაფერს ცვლის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტია, სასამართლოში ზაზა მეიშვილი დარჩეს. რაზეა ლაპარაკი - ,,ოცნებას' ნამდვილად დავეხმარებით ნინო გვენეტაძის კანდიდატურის ჩაგდებაში!'. რა გამოდის, გვენეტაძის კანდიდატურა არც ,,ოცნებას' აწყობს, არც ნაციონალებს და ავტომატურად, ერთ ბანაკში ხვდებიან? დავუშვათ, ნაციონალებს სასამართლოში ზაზა მეიშვილის დატოვება სურთ, მაგრამ რა სურს ,,ოცნებას' - რქებით მანამ უნდა მიაწვეს, ვიდრე მარგველაშვილი სასურველ კანდიდატს არ დაასახელებს? და ვინ მოიგებს ამით, ხალხი და სასამართლო თუ ნაციონალური მოძრაობა?! და კიდევ ერთი: ზაქარია ქუცნაშვილი, თავისი 22-კაციანი გუნდით საგანელიძეს უპირისპირდება, საგანელიძე - პრეზიდენტს, პრეზიდენტი - ივანიშვილს, ივანიშვილი - რესპუბლიკელებსა და ალასანიას. ნაციონალების წინააღმდეგი ამ ვითარებაში, არავინ გამოდის, ასე რომ, ჯერი უმრავლესობაზეა, უმრავლესობაში კი დღეს ისეთი მოცემულობაა, კანდიდატად ნინო გვენეტაძე კი არა, თემიდა რომ მიუყვანონ, ალბათ, 76 ხმას ისიც ვერ შეაგროვებს.