მინისტრი შსს-ს რეფორმირების უწყებათშორისი კომისიის პირველ სამუშაო სხდომას დაესწრო

მინისტრი შსს-ს რეფორმირების უწყებათშორისი კომისიის პირველ სამუშაო სხდომას დაესწრო

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კოორდინირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათშორისი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა გაიმართა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათშორისი კომისია მთავრობის დადგენილებით შეიქმნა. კომისიის ფუნქციონირების მთავარი დანიშნულებაა მოამზადოს შესაბამისი სამართლებრივი და კონცეპტუალური ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოებისა და საპოლიციო სტრუქტურების გამიჯვნას და მათზე დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას. დადგენილების პროექტის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო კოორდინირებას გაუწევს და უხელმძღვანელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების კომისიას, რომლის შემადგენლობაში შედიან აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოსა და პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლები.

როგორც დღეს გამართულ უწყებათშორისი კომისიის სამუშაო სხდომაზე შეთანხმდნენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების განსახორციელებლად, კომისიის ეფექტიანი მუშაობისთვის საჭიროა უფრო აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესებში სამოქალაქო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რაც კომისიის მუშაობას უფრო დემოკრატიულსა და გამჭვირვალეს გახდის.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადებით უკვე მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და გამოთქვა სურვილი, ჩაერთოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში.

დღესვე, სამუშაო სხდომაზე შემუშავდა სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტების სქემა, რომელიც რეფორმირების განსახორციელებლად ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმის მიხედვით განისაზღვრა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, როგორც რეფორმირების კომისიის მუშაობის კოორდინატორი, დაინტერესებულ პირებს, სამოქალაქო სექტორს, ექსპერტებს, კიდევ ერთხელ სთხოვს, უფრო აქტიურად ჩაერთონ პროცესებში და შეახსენებს, რომ კომისიის მიერ დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად, განცხადების შემოტანის ბოლო ვადა გახლავთ 1 მარტი. განაცხადების მიღების პროცესი უკვე ორი თვეა მიმდინარეობს.