ზურაბ მელიქიშვილი: ,,საქართველოს ეკონომიკა ჩიხში მთავრობის სუსტი მენეჯმენტის გამო შევიდა'

ზურაბ მელიქიშვილი: ,,საქართველოს ეკონომიკა ჩიხში მთავრობის სუსტი მენეჯმენტის გამო შევიდა'

საქართველოს გადარჩენის რა 36 ნაბიჯს სთავაზობს ხელისუფლებას და ემზადება თუ არა ვადამდელი არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებასა და მთავრობას საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის 36 ნაბიჯს სთავაზობს. ვრცლად გაწერილი გეგმა ყველა სფეროს მოიცავს _ პოლიტიკას, ეკონომიკას, უსაფრთხოებას, განათლებას, ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვას. ნაციონალური მოძრაობის გადარჩენის გეგმა, სარეკლამო კლიპის ფორმატით, უკვე ტელეეთერშიც ტრიალებს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ოპოზიციის ფლანგზე გამაგრებული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. რას გულისხმობს საქართველოს გადარჩენის ნაციონალური გეგმის ეკონომიკური ნაწილი და როგორ გამოვიყვანოთ ჩიხიდან საქართველოს ეკონომიკა? ,,ვერსიას' ნაციონალი დეპუტატი ზურაბ მელიქიშვილი ესაუბრება.

- ბატონო ზურაბ, საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის 36 ნაბიჯი სარეკლამო რგოლის სახით გადის ტელევიზიებში. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებით?
- საქართველოში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ პარტიამ ხედვა ტელეეთერით არჩევნების დროს უნდა წარმოადგინოს. პრინციპში, ეს მართლაც წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე. მსგავსი შეხედულება გვერდით გადავდოთ - ამ გეგმით, ეკონომიკის გადარჩენას გთავაზობთ. გაუბედურებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში უკვე ვიცხოვრეთ, როცა აღარც პოლიტიკა იყო საინტერესო, აღარც ბიზნესი, მოსახლეობის ნახევარზე მეტი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. ამ პროგრამით ვამბობთ, რომ სანამ დროა, ეკონომიკა ამ არასახარბიელო მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. ასე რომ, წინასაარჩევნო კამპანია არაა. აქცენტს სხვადასხვა მიმართულებაზე ვაკეთებთ. თუ ეკონომიკურ ნაწილზე ვსაუბრობთ, ამ მხრივ უმთავრესი გადასახადების შემცირებაა - შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველომ ინვესტორებს ყველაზე დაბალი გადასახადები უნდა შესთავაზოს რეგიონში, რათა ქვეყანაში საინვესტიციო გარემო მიმზიდველი გახდეს. როცა მთავრობის წევრები რამდენიმე ასეულ მილიონიან ინვესტიციაზე გვპასუხობენ, საიდუმლოაო და შემდეგ მის გაურკვეველ სიას აქვეყნებენ, კითხვები ჩნდება. ფრთხილი, მაგრამ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ლარს მეტი ინვესტიცია გაამყარებსო. ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია გადასახადების განაკვეთების სტაბილურობა. საერთო- სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახადების გარდა, მოსაკრებლებსაც ვგულისხმობ. ინვესტორმა უნდა იცოდეს, გრძელვადიან პერიოდში რა გარემოში მიდის, რომ მომავალში სიურპრიზებს არ ელოდოს. 

- თქვენი გეგმა საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადასახადების (დღგ) შემცირებასა და აქციზის გადასახადის გაუქმებას გულისხმობს. სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლები არ შემცირდება? 
- რა თქმა უნდა, ბიუჯეტს შემოსავლები დააკლდება. მაგრამ როცა ხელისუფლებაში ყოფნისას, ფინანსური კრიზისის პერიოდში, საშემოსავლო გადასახადი 5%-ით შევამცირეთ, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს 250 000 000 ლარი დააკლდა. ეს ეკონომიკაში ჩატოვებული თანხა იყო. იმ თანხით, რომელიც ბიზნესს დარჩა, მეწარმეებმა წარმოება განავითარეს. ბიუჯეტში შემოსავლების გასაზრდელად გადასახადების ზრდა არ შეიძლება - ეს მარტივი, ფისკალური გათვლაა, რომელსაც პირუკუ რეაქცია აქვს. ხელისუფლება აქციზის გადასახადის ზრდას აპირებს, რაც ბიზნესზე პირიქით იმოქმედებს. ბიზნესმენი იძულებული გახდება, ეს ცვლილება ფასში ასახოს ან თანამშრომლები შეამციროს. გადასახადების შემცირებით დაზოგილი თანხა ეკონომიკას დარჩება, ხოლო მეწარმეს საშუალება ექნება, დაარეგულიროს ფასი პროდუქციასა და მომსახურებაზე. მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველაზე დაბალი გადასახადები და მაღალი ხარისხის მომსახურება იყოს და ჩვენი ქვეყანა რეგიონში ცენტრი გახდეს. ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც მანქანების გაფორმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გავატარეთ, სულ რაღაც წელიწადნახევარში, ექსპორტის ჩამონათვალში, მანქანების რეექსპორტი პირველ ადგილზე გავიდა. ამას ავტობაზრობების განვითარება მოჰყვა, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი გაჩერებულია. 

- საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის გზები თუ იცოდით, ხელისუფლებაში ყოფნისას რატომ არ გადადგით ეს 36 ნაბიჯი? 
- ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვედით, მაშინ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.5 მილიარდი ლარი იყო, ბიუჯეტში კი 600 მილიონი ლარის საგადასახადო შემოსავალი დაგვხვდა. 2012 წელს, ქართულ ოცნებას 30 მილიარდი ლარის მშპ-ს შესაძლებლობის მქონე ქვეყანა გადავაბარეთ. 2003 წელს, საერთაშორისო სავალუტო რეზერვი 200 მილიონი იყო, რომელიც მსოფლიო ბანკისგან ვალში იყო აღებული, ჩვენ კი 3 მილიარდის სავალუტო რეზერვი დავტოვეთ. ხელისუფლებაში რომ მოვედით, 23 სახეობის გადასახადი დაგვხვდა და 6 სახეობამდე დავიყვანეთ. 2003 წელს, 800-მდე სახეობის ლიცენზიისა და ნებართვის ვალდებულება დაგვხვდა, მაგრამ საგრძნობლად შევამცირეთ და ლიცენზიისა თუ ნებართვის აღების პროცედურებიც გავამარტივეთ. 2007 წელს, ეკონომიკური ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი - 12% დაფიქსირდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ვცდილობდით, დამატებითი სიახლეები შემოგვეტანა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ თუ მკითხავთ, უნდა გაკეთებულიყო თუ არა მეტი, გიპასუხებთ - ცხადია, უნდა გაკეთებულიყო. ახლა მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ, რადგან ფაქტი სახეზეა, ეკონომიკა ნელ-ნელა ნადგურდება. ყველას, მათ შორის დღევანდელ ხელისუფლებასაც შეუძლია წარსულზე მიგვითითოს, მაგრამ ამის მიღმა საქმეც აკეთოს. ბიზნესმენებსა და ინვესტორებს დაანახონ, რომ საქართველო შენდება. ამის ნაცვლად, წარსულის შეფასებით არიან დაკავებულები, თანაც, მარტივი მიზეზის გამო, ობიექტურები არ არიან. ,,ოცნებამ' წინასაარჩევნო კამპანია უშუალოდ ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის პერიოდის ლანძღვაზე ააგო. როცა ორი მხარე დავობს, რთულია უპირატესობა ერთ მიანიჭო. სამართლებრივი დავა ან გამოძიება კი უნდა წარიმართოს, მაგრამ ეს ყველაფერი პოლიტიკური მოტივით ხორციელდება, ბიზნესმენები, მეწარმეები და ინვესტორები კი ამას ხედავენ. 

- ჩამოთვლილი რეფორმები მნიშვნელოვანია, მაგრამ აღიარეთ, რომ დასაქმება თქვენ დროსაც პრობლემა იყო... 
- ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს მოსახლეობის 100%-ს ვერ შევთავაზეთ სამუშაო ადგილები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილები არ იქმნებოდა. რაც უნდა გვითხრან ოპონენტებმა, ფაქტია - მშპ 7.5 მილიარდი ლარიდან 30 მილიარდზე ავიყვანეთ. ანუ, სამუშაო ადგილები იქმნებოდა... 

- ისიც ფაქტია, რომ სამართლიანობის აღდგენის მიზნით, ბევრი ბიზნესმენი გედავებათ. მათ შუაღამისას მოდულის შენობაში იბარებდით, ქონებას ართმევდით? 
- ეს ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში დანაშაულია. ფაქტებზე, რაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხდებოდა, უმეტესად გადამეტებულად, ზოგჯერ სამართლიანად მიგვითითებენ. დღეს ბევრად უარესი ხდება და ეს ქვეყნისთვის დამღუპველია. ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, დანაშაული დანაშაულია, გაფუჭებული საქმე - გაფუჭებული და გაკეთებული საქმე - წარმატება. ერთი პროექტი დამისახელეთ, რომელიც ბოლო 2 წელში, ინვესტიციის კუთხით განხორციელდა. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანა ვერ ვითარდება, ყველა მიმართულებით პრობლემებია. 2013 წლის სექტემბერში, პარლამენტში, ბიუჯეტის განხილვისას რომ განვაცხადეთ შემოსავლებს მივხედოთ, რადგან მოსალოდნელია გარღვევაო, ყურადღება არ მოგვაქციეს და წლის ბოლოს, ბიუჯეტი 700 მილიონი ლარით გაირღვა. ეს ნიშნავდა, რომ იმ წელს დაგეგმილი, 700 მილიონის საქმე, არ გაკეთდა! 2014 წლის მეორე ნახევარში ვსაუბრობდით, რომ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში პრობლემებია და არც ეს გაითვალისწინეს. საქართველოს ეკონომიკაში ბიუჯეტს მშპ-თან თანაფარდობაში დიდი წილი აქვს. როცა ხარჯვითი ნაწილი არასწორად სრულდება, წლის ბოლოს ამ თანხის გამოყრა და წლის განმავლობაში გაწერილი პროექტებისთვის გადაცემა, ლარზე ზეწოლას გამოიწვევდა. მით უმეტეს, იმ პერიოდში უკვე სახეზე იყო დოლარის გამყარების ტენდენციები, რასაც ადგილზე ლარის გაუფასურებაც დაემატა. როდესაც დოლარის გამყარების ტენდენციები მოჰყავთ მაგალითად, ისიც გვითხრან, რომელ ადგილზეა საქართველო იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს შორის. ლარის გაუფასურება მტკივნეულია ჩვენი მომხმარებლისთვის, რადგან პროდუქტები ძვირდება. იურიდიულ პირებს, 90 თეთრამდე გაზის ტარიფიც გაუძვირდება. გამონაკლისი პურის მწარმოებლებია, რომლებიც 84 თეთრს ისედაც იხდიან და ამ 6-თეთრიან სხვაობას ხელისუფლება შეღავათს უწოდებს. ამ ფონზე, მეწარმე იძულებული იქნება პროდუქცია გააძვიროს, ან თანამშრომლები შეამციროს. არის თუ არა ეს იმ გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი, რაც ამ მიმართულებით ხორციელდება? ხალხის დაიმედება და განცხადება, თითქოს მოლაპარაკებას აწარმოებენ ,,სოკართან', არაფერს ნიშნავს. აზერბაიჯანულ კომპანიას საქართველოში ბუნებრივი აირი კი შემოაქვს, მაგრამ გაზის ტარიფი არ გაუძვირებია. იმპორტის ფასი იგივეა, უბრალოდ, იმ რაოდენობის დოლარს ახლა მეტი ლარი სჭირდება. საიდან უნდა მოიტანოს ,,ყაზტრანსგაზთბილისმა' იმ რაოდენობის ლარი, რომ გაზი შეიძინოს? რა თქმა უნდა, გაზის ტარიფი უნდა გააძვიროს და იურიდიულ პირებს ამიტომაც გაუგზავნა შეტყობინებები. 

- ნაციონალები აქციზის გადასახადის გაუქმებას ითხოვთ. ამით სააქციზო პროდუქცია, მათ შორის, გაზიც გაიაფდება? 
- აქციზის გადასახადის გაუქმებით, მეწარმე გარკვეულ თანხას დაზოგავს და იმპორტის ფასის გაძვირების გამო, საკუთარი პროდუქტის ფასის ლავირებას შეძლებს. აქციზის გადასახადის გაუქმებით, მეწარმეს გარკვეული ლუფტი გაუჩნდება და შედეგად, პროდუქციასაც გააიაფებს. 

- ნოდარ ხადურმა ,,ვერსიას' განუცხადა, აქციზის გადასახადთან დაკავშირებით ნაციონალები ხელს ჩვენსკენ ნუ იშვერენ, რადგან თავად ჩაწერეს კონსტიტუციაში, რომ აქციზის გადასახადის გარდა, ყველა გადასახადი უნდა შემცირდესო... 
- კარგად მახსოვს, რატომ მივიღეთ საკონსტიტუციო ჩანაწერი გადასახადების არგაზრდასთან დაკავშირებით, რაც ,,თავისუფლების აქტშიც' ავსახეთ. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ინვესტორი, გნებავთ, ადგილობრივი ბიზნესმენი დარწმუნებული ყოფილიყო, გრძელვადიან პერიოდში, გადასახადებთან დაკავშირებით, მას სახელმწიფოს მხრიდან სიურპრიზები არ ელოდა. ამავდროულად, სახელმწიფოსა და პირველ რიგში, მთავრობას, მობილურობისთვის უნდა ჰქონდეს საშუალება, საჭიროების შემთხვევაში, ამ მხრივ, გარკვეული ნაბიჯები გადადგას. რაც შეეხება აუცილებლობას, გადასახადის გაზრდა არ ნიშნავს, რომ ამით საბიუჯეტო შემოსავლები გეზრდება. იქიდან გამომდინარე, რომ გაზრდილი გადასახადი მძიმე ტვირთად აწვება ბიზნესს, უკურეაქცია აქვს. ასეთ შემთხვევაში, ან ბიზნესმენი აძვირებს პროდუქტს, რითაც მომხმარებელი ზარალდება, ან სამსახურიდან ათავისუფლებს თანამშრომლებს, რის გამოც, სოციალური კუთხით, ეს ხალხი ისევ ბიუჯეტს აწვება ტვირთად. არადა, უმუშევრების დაკმაყოფილება ბიუჯეტიდან გაცილებით ძვირი ჯდება და სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი მოწოდება, რომ აქციზის გადასახადი გაუქმდეს. 

- პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა ,,ვერსიას' განუცხადა, რომ მთავრობის კანცელარიის ეკონომიკური პროფილის მაღალჩინოსნები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილმა გაათავისუფლა, ინვესტორებს პირდაპირ წილში ჩაჯდომას სთავაზობდნენ. ასეთი ფაქტების შესახებ გსმენიათ? 
- ბოლო ორწელიწადნახევარში, ნათესაურ- მეგობრული ურთიერთობების შედეგად, ამა თუ იმ სფეროებს ითვისებდნენ და ასეთი ფაქტები არსებობს. ონოფრიშვილს შეეძლო, ამაზე უფრო ადრე ესაუბრა - როცა თვითონაც ხელისუფლებას წარმოადგენდა. მანამდე არაფერი იცოდა და მერე გაიგო, ,,თავისუფალმა დემოკრატებმა' კოალიცია რომ დატოვეს? მსგავსი დამოკიდებულება, ნათესაური და მეგობრული ურთიერთობები, ცუდის მომტანია. ეკონომიკას ნათესაურ- მეგობრულ ურთიერთობებზე ალერგია აქვს, რომელიც ხშირად მომაკვდინებელია. 

- მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ლარის კურსთან დაკავშირებითაც კი განსხვავებულ განცხადებებს აკეთებდნენ. ეს პროცესი ბიზნესგარემოზეც მოქმედებს? 
- რა თქმა უნდა, მთავრობის ეკონომიკური გუნდის არაერთიანობა ბიზნესგარემოზეც ახდენს გავლენას, რადგან ამ პროცესს ადგილობრივი ბიზნესმენებიც ადევნებენ თვალ-ყურს და ინვესტორებიც. მიზეზი სუსტი მენეჯმენტია. რეალურად, საქართველოს ეკონომიკა ჩიხში სწორედ მთავრობის სუსტი მენეჯმენტის გამო შევიდა.