საიდუმლო შტაბი ავლაბარში და ივანიშვილ-პატარკაციშვილის ურთიერთობის უცნობი დეტალები - ვალერი გელბახიანი ერეკლე კოდუასთან ნათესაობას უარყოფს
ერთმანეთს 2007 წლის 7 ნოემბრისშემდეგშევხვდით - მაშინბადრიპატარკაციშვილისსაარჩევნოშტაბისხელმძღვანელიიყო. მეორედღესსაქართველოდანწავიდა. ველოდი, რომიმდროინდელიპროკურატურადაკითხვაზედამიბარებდა, რადგანპრაქტიკულად, ბოლოჟურნალისტივიყავი, ვისაცინტერვიუმისცა... მასშემდეგბევრმაწყალმაჩაიარა... სიმბოლურია: ბადრი (არკადი) პატარკაციშვილისგარდაცვალებიდანზუსტად 7 წლისშემდეგ, 13 თებერვალსისეშევხვდი... რაზევილაპარაკეთ? - თითქმისყველაფერზე, მათშორის, საიდუმლოშტაბზეც... მოკლედ, ,,ვერსია' წარმოგიდგენთვალერიგელბახიანისსკანდალურადარა-ჩვეულებრივინტერვიუს...
- ბატონო ვალერი, მართალია, ოლიგარქზე ჩემი და თქვენი შეხედულებები განსხვავებულია, მაგრამ მაინც გკითხავთ: პატარკაციშვილმა საქართველოს უახლეს ისტორიაში რა როლი შეასრულა?
- დიდი მადლობა, რომ შეხვედრა სწორედ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების დღეს მოაწყვეთ... მოკლე პასუხით იმ სრულ სურათს ვერ დავხატავ, რაც ბადრის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჰქონდა, თუმცა ვიტყვი, რომ ის ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენა იყო. ბადრი მხოლოდ ბიზნესმენი კი არ იყო, რომელმაც ფული იშოვა, არამედ, მოწოდებული გახლდათ, საზოგადოებას ჭირსა და ლხინში გვერდით დადგომოდა... როცა ტელევიზია შექმნა, კარგად მახსოვს, ერთადერთი იდეა ჰქონდა - ,,იმედი' ხალხის სამსახურში ჩამდგარიყო, თავისუფლებისა და დემოკრატიის ტრიბუნა ყოფილიყო. მაშინ საზოგადოებრივი აზრი სწორედ ,,იმედმა' განსაზღვრა და, მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტარული ხელისუფლება ყალიბდებოდა, საზოგადოება თამამი გახადა. პატარკაციშვილი ერთადერთი ტრიბუნა იყო, რომელმაც საზოგადოების მობილიზება შეძლო.
- ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ პატარკაციშვილს მაფიოზურ- კრიმინალური მითებიც უკავშირდება...
- სხვათა შორის, მისი გარდაცვალების შემდეგ, რაღაც მასალას თავი მოვუყარე და მინდოდა, წიგნად გამომეცა, მაგრამ ვეღარ მოვახერხე.
- ამ წიგნში პატარკაციშვილის ცუდი მხარეებიც უნდა გეჩვენებინათ?
- დიახ, მინდოდა, მისი მოღვაწეობის ცუდი კუთხეც ყოფილიყო ანუ კრიმინალური რუსეთი როგორ იმართებოდა, ამ პროცესში ბადრი პატარკაციშვილს რა როლი ჰქონდა და როგორი აუცილებელი იყო, რაღაც საკითხების გადაწყვეტას ორგანიზებული სახე მისცემოდა. მაშინ რუსულ ხელისუფლებაში ისეთი ქაოსი იყო, ყველაფერი დაჯგუფებებით წყდებოდა - პოლიტიკურ ბანაკში, ბიზნესსამყაროსა და ბიზნესსამყაროს ქვემოთაც რამდენიმე დაჯგუფება არსებობდა და თუ ძალა არ გქონდა, გადაწყვეტილება სისრულეში მოგეყვანა, დამარცხდებოდი. ამიტომ, რუსმა ოლიგარქებმა დაინახეს, რომ ერთადერთი გამოსავალი ორგანიზებული ჯგუფების ყოლა იყო.
- ესე იგი, ადასტურებთ, რომ პატარკაციშვილს კრიმინალსა და მაფიასთან შეხება ჰქონდა?
- რა თქმა უნდა... დღეს ყველას უნდა, წარმოაჩინოს, რომ რუსეთში ფული ისე იშოვა, როგორც ანგელოზმა, მაგრამ ასე არაა.
- კრიმინალს თავი რომ დავანებოთ, ისიც მსმენია, რუსეთში დიდი ფულის შოვნა სპეცსამსახურების მფარველობის გარეშე შეუძლებელიაო...
- პატარკაციშვილს კავშირი მხოლოდ ერთ კი არა, ბუნებრივია, ყველა ძალოვან უწყებასთან ჰქონდა...
- ,,ფსბ'-სა და ,,გრუ'-სთანაც?
- ყველასთან... გავლენა ამის მეშვეობით ჰქონდა და კავშირზე ისეთი დაჯგუფებები ჰყავდა, მაგალითად, ყოფილი ავღანელები, რომლებიც აღსრულებაში სპეციალურ ფუნქციას ასრულებდნენ.
- ერთ-ერთი ასეთი საშა მაისურაძე იყო, არა?
- სახელებსა და გვარებს ვერ ვიტყვი... ეს უფრო რუსული საყრდენი იყო. ქართველები ბადრის დაცვის უზრუნველყოფას ეწეოდნენ. სხვათა შორის, ჩეჩნეთის რეგულაციის პროცესშიც ბადრის უზარმაზარი წვლილი მიუძღვის - როცა რუსეთის ხელისუფლებამ ჩეჩნეთში მესამე ომი დაიწყო, მხოლოდ ძალაზე იყურებოდა და რეგულაციის შანსი ნაკლები არსებობდა. ამიტომ, საჭირო იყო შუალედური რგოლი, ვინც ჩეჩნებთან დაილაპარაკებდა. ბადრის მეშვეობით ჩეჩნებთან რამდენიმე მოლაპარაკება გაიმართა და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
- ამ დროს ბადრის პუტინთან ჯერ ისევ კარგი ურთიერთობა ჰქონდა?
- პუტინი ბადრისთან ახლოს პრემიერობის დროს იყო, პრეზიდენტობისას - აღარ. მაშინ, როცა პუტინი პრემიერი იყო, ბადრი, რეგულაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, ამიტომ ბიზნესსა და პოლიტიკაში მისდამი ნდობა ჩამოყალიბდა და შანსი გაუჩნდა, ფული ეშოვა. ბადრიმ შეძლო, რომ ხელისუფლებასა და მისდამი ანტაგონისტურად, სეპარატისტულად განწყობილ დაჯგუფებებს შორის მორიგება მომხდარიყო. ზოგჯერ ეს ფინანსების მეშვეობით ხდებოდა. მაგალითად, ჩეჩნეთში, რამდენიმე ეპიზოდი ვიცი, რუსეთის ხელისუფლებას, მოლაპარაკებისთვის რომ მიეღწია, საკმაოდ დიდი ფულის გადახდა მოუწია.
- ამ ფულს ხელისუფლება იხდიდა თუ პატარკაციშვილი?
- ეს ხელისუფლების ფული იყო, თუმცა ფულს ბადრის ხელში არავინ აძლევდა. ბადრი შუამავალ რგოლებს ნახულობდა, რომლებიც ხელისუფლებაზე გაჰყავდა...
- ბატონო ვალერი, არსებობს მოსაზრება, რომ პატარკაციშვილი ბიზნესმენი კი არა, უბრალოდ, ბერეზოვსკის ,,კასირი' იყო...
- თუ ძალიან გაინტერესებთ, ბერეზოვსკიზეც გეტყვით - ასე არ ყოფილა.
- აბა, როგორ იყო?
- მათ საუბარს რამდენჯერმე შევასწარი და ,,ვერხი' ბადრის უფრო ეჭირა, ვიდრე - ბერეზოვსკის. პროცესი ბადრის მიჰყავდა, თუმცა ბერეზოვკის, პოლიტიკური თვალსაზრისით, უფრო დიდი ბეგრაუნდი ჰქონდა - პროფესორი იყო, რუსულ წრეებში ტრიალებდა... ბადრის რუსულ ხელისუფლებასთან კავშირი ბერეზოვსკის მეშვეობით მოხერხდა, თავად ბერეზოვსკი კი ფულის პატრონი ბადრის მეშვეობით გახდა. - ერთმანეთი როგორ გაიცნეს? - საბჭოთა კავშირის ბოლოს, ბადრი საქართველოში ,,ჟიგულის' ბაზის დირექტორის მოადგილე იყო და ტოლიატიდან აქაური ,,ვაზის' სისტემის მარაგნაწილებით უზრუნველყოფას ახდენდა. ერთხელ, როცა კუიბიშევიდან ტოლიატში მიდიოდა, წვიამიანი ამინდი ყოფილა და ტრასაზე ვიღაც, როგორც ბადრი ამბობდა, იძუძგებოდა. ბადრის მანქანა გაუჩერებია...
- ეს გალუმპულ- გაძუძგული კაცი ბერეზოვსკი იყო?
- დიახ. მაშინ ბერეზოვსკი მეცნიერი გახლდათ - გამოთვლითი მანქანების პროფილით დისერტაცია ჰქონდა დაცული და ტოლიატში იმიტომ მიდიოდა, თავისი მეცნიერული ნაშრომი დაენერგა. ტოლიატის ქარხნის ხელმძღვანელობასთან ბადრის პირადმა ურთიერთობამ ქარხანაში ფუნქცია ბერეზოვსკისაც მოუძებნა. ამის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირის დაშლა დაიწყო, ბადრიმ მოახერხა და ქარხნის კომერციული ნაწილი თავისი მართვის ქვეშ გადაიყვანა. ამ პროცესის მონაწილე ბერეზოვსკიც გახდა და ბადრის მოსკოვისკენ კარი გაუხსნა.
- ანუ, ხელმა ხელი დაბანა...
- დიახ, ისინი ასე დაძმობილდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ტოლიატის ქარხანა მთლიანად მათ ხელში აღმოჩნდა და პირველი დიდი ფულიც სწორედ მაშინ იშოვეს - დაახლოებით, 3 ათასი მანქანა საზღვარგარეთ გაყიდეს და ეს თანხა მხოლოდ ორმა გაიყო.
- ამ დროს ბადრისა და ბერეზოვსკის რუსული სპეცსამსახურები უკვე აკონტროლებენ?
- არა, სპეცსამსახურები შემდგომი პერიოდია - როცა ტოლიატის ქარხანა მოგებას აღარ იძლეოდა, მათ იქ ჯდომა აღარ უღირდათ და სანავთობო, ასევე, მეტალურგიული ქარხნის შესყიდვები დაიწყეს, რაც ცენტრალური ხელისუფლების გარეშე შეუძლებელი იყო. ბერეზოვსკიმ მოახერხა და კრემლის წრეებზე გავიდა.
- წარმატებაში გარკვეული როლი, ალბათ, ებრაელობამაც შეასრულა...
- დიახ, ძირითად როლს სწორედ ებრაელობა თამაშობდა - მაშინ ელცინის კარზე მთლიანად ებრაელები იყვნენ... ბერეზოვსკიმ სერიოზული თანამდებობა მიიღო - ,,სნგ'-ს ქვეყნების სახელმწიფო მდივანი გახდა, კრემლში იჯდა და ელცინის ეკონომიკურ პოლიტიკასაც წარმართავდა. ჩუბაისი და სხვა ოლიგარქები დაიძმაკაცეს...
- იმხანად, რუსულ ბიზნესში ბიძინა ივანიშვილი არ ჩანდა?
- რუსეთში მოღვაწეობა ისე დაამთავრა, რომ ერთმანეთს არც კი იცნობდნენ.
- ესე იგი, მითია, რომ ამბობენ, ბიძინა და ბადრი ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდნენ და ერთხელ, გასვენებაში, ბადრიმ ბიძინას შეაგინაო?
- არა, არა... რომ გითხრათ, ბადრის ბიძინა უყვარდა- მეთქი, ტყუილი იქნება. ბადრის თავისი წარმოდგენები, შეხედულებები ჰქონდა და მისგან საქებარს ვერასოდეს გაიგებდით. მიაჩნდა, რომ ბიძინას ის დონე არ ჰქონდა, რაც მსხვილ ბიზნესმენს უნდა ჰქონდეს. ბადრი ამბობდა, მთავარი ჯერ ადამიანობაა და მერე, ფულიო. ფასეულობების თვალსაზრისით, არ თვლიდა, რომ მისი ტოლფასი ადამიანი იყო - ეს სიმართლეა! მტრად არ მიაჩნდა, მაგრამ ბოლო დროს ეჭვობდა, რომ ბიძინა მის მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო.
- ბიძინამ ბადრის მიშა ,,დააწერა'?
- გამოვიდა, რომ ბიძინამ ბადრის ადგილი დაიკავა - ბადრი მიშასთან ძალიან ახლოს იყო და აფინანსებდა კიდეც.
- რამდენს აძლევდა?
- მხოლოდ მაშინ, როცა ,,ვარდების რევოლუციის' აქციები იწყებოდა, ვიცი, 300 ათასი მისცა.
- ჟვანიასაც ხომ აფინანსებდა?
- ჟვანიას, ,,ახლებს' სერიოზულ ფულს აძლევდა. სხვათა შორის, რევოლუციის დროს, მიშას კულუარებიდან ეხმარებოდა - ბადრიმ შტაბი შექმნა, სპეციალისტები ჩამოიყვანა...
- რუსები?
- არა, ბალტიისპირელები...
- ეს ბალტიისპირელები ,,პიარშჩიკები' იყვნენ?
- არა, დემონსტრაციებისა და აქციების სპეციალისტები, რომელთაც კავშირი მიშას შტაბთან ჰქონდათ. ამ შტაბში რამდენჯერმე მივედი და ბადრის ვკითხე, აქ რას ზიხარ, ,,არკადიაში' რატომ არ ხარ-მეთქი და მიპასუხა, აქედან პროცესებს უკეთ ვაკონტროლებთო.
- საიდუმლო შტაბი სად მდებარეობდა?
- ავლაბარში, ქალაქის პროკურატურის ყოფილ შენობაში...
- ამ შტაბზე მედიასთან დღემდე არ გილაპარაკიათ?
- არა... შტაბში ნახაზებსაც ნახავდით - ქუჩები როგორ უნდა გადაკეტილიყო, ხალხის ნაკადი საიდან დაძრულიყო და თავი სად მოეყარა. მოკლედ, აქ ინსტრუქციები, ასე ვთქვათ, იჭედებოდა და მერე, მიშას შტაბში მიდიოდა...
- თუკი გავყვებით ვერსიას, რომ პატარკაციშვილი მოკლეს, მკვლელობის მოტივი შეიძლება, სწორედ ის გამხდარიყო, რომ მიშაზე ბევრი რამ იცოდა?
- ადამიანებს ამის გამო არ ხოცავენ...
- ბატონო ვალერი, ბადრი რუს ოლიგარქად ითვლებოდა და თუკი სააკაშვილი მისი ინსტრუქტაჟით მოქმედებდა, მაშასადამე, ,,ვარდების რევოლუცია' რუსული პროექტი გამოდის...
- რუსული რატომ იყო? სხვათა შორის, ეჭვი ბადრისაც ჰქონდა, ავანსცენაზე რუსული მოთამაშეები არ გამოჩენილიყვნენ. ცალსახად ვამბობ, რომ აქ რუსული წილი არ ყოფილა - მაშინ ბადრის რუსეთთან ურთიერთობა ისე ჰქონდა გართულებული, რუსული სპეცსამსახურებისგან თავისდასაღწევად ანტირუსულ ხელისუფლებას ეძებდა.
- ...ბადრი როგორ გაიცანით?
- მაშინ აღორძინებაში ვიყავი. ბადრი აჭარაში, ასლანთან ჩამოვიდა, კარგად მახსოვს - თეთრი კოსტუმი ეცვა, თვალშისაცემად გამოიყურებოდა. ვიკითხე, ვინაა- მეთქი. მითხრეს, ბადრი პატარკაციშვილიაო. ეს სახელი და გვარი გაგონილი მქონდა... ვისაუბრეთ, მერე, ასლანის გარეშე, ყავა დავლიეთ. მითხრა, გიცნობ, შენზე დადებითი შთაბეჭდილება მაქვს და ვიმეგობროთო. რატომაც არა-მეთქი.
- ეს რომელი წელია?
- 1998. მერე, თვითონ მირეკავდა ხოლმე...
- მისთვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ადამიანი როგორ გახდით - ერთად რამე ისეთს ხომ არ აკეთებდით?
- არა... ამის ერთ-ერთი ფაქტორი მასთან გიორგი თარგამაძის წასვლა იყო.
- გიორგი თარგამაძე ბადრის თქვენ მიუყვანეთ?
- არა. გიორგიც მაშინ გაიცნო, როცა - მე. როცა გიორგისა და ასლანს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ბადრი ტელევიზიას აყალიბებდა და გიორგი თვითონ მიიწვია, ნუ გეშინია, პრობლემები არ გექნება და ერთად ვიყოთო. გიორგისთან ვმეგობრობდი. ბადრი ამას ხედავდა... 2003 წლის არჩევნები რომ მოახლოვდა და ,,აღორძინებიდან' წამოვედი, მიწვევა ყველა პარტიიდან მქონდა - გამსვლელ სიაში ჩამსვამდა...
- გამსვლელ სიას ნაციონალებიც გთავაზობდნენ?
- დიახ, მაგრამ ყველა პარტიაზე უარი ვთქვი, რადგან ,,პერებევშიკები' არ მიყვარს - ჩემს მორალში არ იყო, რომ აღორძინებიდან წამოსული სხვა პარტიაში შევსულიყავი. ბადრიმ დამიძახა და მითხრა, თუ გინდა, ახლების სიაში ჩაგსვამ ან ჟვანიას ვეტყვიო, მაგრამ უარი ვუთხარი, ერთადერთი, კენჭს დამოუკიდებლად და საკუთარ რაიონში ვიყრი- მეთქი... სწორედ ამ დროს მუხრან მაჭავარიანის საკითხი დადგა.
- რას გულისხმობთ?
- აღორძინებამ მუხრანი, რომელთანაც მართლა ვმეგობრობდი, მაჟორიტარად ყვარელში დააყენა. საჩხერეში ჩავედი თუ არა, მუხრანი ვნახე, მოვიკითხე და ვკითხე, კენჭს ყვარელში იყრი- მეთქი? რა ვიცი, შემომთავაზესო. მივუგე, თუ ყვარელში კენჭი იმიტომ უნდა იყარო, რომ ილიას სამშობლოა, საჩხერე მხოლოდ აკაკის კი არა, შენი სამშობლოცაა და კენჭი აქ უნდა იყარო- მეთქი. იუარა, არა, აქ შენ უნდა მიიღო არჩევნებში მონაწილეობაო. შევთავაზე, თუ პირობას მომცემ, რომ კენჭს საჩხერის მაჟორიტარად იყრი, არათუ, გვერდში დაგიდგები, კანდიდატებს ჩაგიხსნი - ყველასთან მივალ და ვეტყვი, მუხრანი ჩვენი მორალია და მასთან კონკურენცია არ შეიძლება- მეთქი. პრინციპში, ასეც იქნებოდა, მაგრამ მუხრანმა კატეგორიული უარი თქვა. სხვათა შორის, ყვარელში კანდიდატად ბადრის და, ნანა იყო დარეგისტრირებული... მოკლედ, მუხრანთან საუბრის დროს ბადრიმ დამირეკა და მთხოვა, მუხრანი დამალაპარაკეო. მუხრანს რომ ვუთხარი, ბადრის უნდა შენთან დალაპარაკება- მეთქი, ეგონა, ბიწაძე რეკავდა, მაგრამ რომ გაიგო, პატარკაციშვილი იყო, დაელაპარაკა და ბადრიმ მადლობა გადაუხადა. მუხრანი ვერ მიხვდა, მადლობა რატომ გადაუხადა. მერე ბადრიმ მითხრა, ჩავთვალე, მუხრანმა არ მაკადრა, ჩემს წინააღმდეგ წასულიყოო... მოკლედ, ამასობაში, ჩემი თემა წამოვიდა ანუ ბადრიმ მითხრა, თუ მუხრანი კენჭს არც საჩხერეში იყრის, მაშინ შენ წადიო. მივუგე, იქ ბიძინაა და მის ,,პროტივ' არ წავალ- მეთქი.
- 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში, საჩხერის მაჟორიტარად ივანიშვილი ვინმეს ამზადებდა?
- არ ვიცი...
- ბიძინას იცნობდით?
- საკითხი ცნობა- არცნობაზე არ იდგა. მართალია, მაშინ ოფიციალური პოლიტიკური მოთამაშე არ გახლდათ, მაგრამ ბიძინა მსხვილი იყო. ბადრის ვუთხარი, მასთან ,,დოსტუპი' არ მაქვს-მეთქი. ბადრიმ, მოიცაო და მდივანს დაურეკა, ბიძინასთან შემაერთეო.
- წეღან მითხარით, ბადრი და ბიძინა ერთმანეთს არ იცნობდნენო, დაგავიწყდათ?
- მოსკოვში ბიზნესშეხება არ ჰქონდათ... ერთმანეთი მოიკითხეს. ბადრიმ უთხრა, ,,კაროჩე', თუ საჩხერეში ვინმე გინდა, არიან ადამიანები, ვისაც პოლიტიკური ინტერესი აქვთ და უარს იტყვიანო. ბიძინამ უპასუხა, ხომ გითხარი, პოლიტიკისგან შორს ვარო. სხვათა შორის, მერე, ეს ლაპარაკი ბიძინამ დაადასტურა... ბადრიმ საუბარი გააგრძელა, ამა და ამ კაცს თუ იცნობ, ჩემთან ზის და, თუ რამე პრეტენზია გაქვს, ეს კაცი, ძმაო, ამბობს, ბიძინას გარეშე კენჭს არ ვიყრიო.
- ბიძინამ რა უპასუხა?
- რაზეა ლაპარაკი, მაგ ამბავში არ ვერევი და, თუ ვინმე ეტყვის, ბიძინას არ უნდიხარო, ერთ ადგილას პანჩური ამოარტყასო. აი, ბადრისა და ბიძინას ამ ლაპარაკს შევესწარი... მართალია, ბადრის დეტალები არ უთქვამს, უკმაყოფილო რატომ იყო, მაგრამ მერე ბიძინამ დაწერა, რომ მიშას წინააღმდეგ ბრძოლა შესთავაზა, ძალები გავაერთიანოთ და მიშა დავამარცხოთო, რაზეც უარი უთხრა... მოკლედ, ასე გადავწყვიტე საჩხერეში კენჭისყრა და არჩევნები მოვიგე კიდეც... რა თქმა უნდა, ბადრიმ დამაფინანსა.
- მეტყვით, რამდენი მოგცათ?
- როგორ არ ვიტყვი - 30 ათასი დოლარი ,,ქეში' მომცა.
- ეს ხომ შავი ფულია?
- ჩემთვის ეს შავი ფული კი არა, დახმარება იყო და ყველაფერი ოფიციალურად, ხარჯებში გავწერე, ამომრჩევლისთვის კი არ მიმიცია?! არჩევნებს ყოველდღიური ხარჯი აქვს და ვინმემ არ თქვას, საარჩევნო პროცესში 30 ათასი დოლარი ფულიაო. სხვათა შორის, ბადრიმ მითხრა, თუ არ გეყოფა და კიდევ დაგჭირდება, ერთი ზარი და ფულის პრობლემა არ გექნებაო, მაგრამ აღარ ვთხოვე.
- ვიდრე ცოცხალი იყო, ფინანსურად მუდამ გეხმარებოდათ?
- დიახ.
- თქვენ სთხოვდით?
- არა, თვითონ მაძლევდა... ერთხანობა, რომ შევხედე, მიშა რა გზით მიდიოდა - სიტყვიერი კონფლიქტი მომივიდა, რაც სიკვდილსიცოცხლის წინაშე დამაყენებდა და უკრაინაში წასვლა გადავწყვიტე. ბადრიმ რაღაც თანხა მომცა და მითხრა, თუ დაგჭირდება, ინვესტიციას მოგახმარ, თუმცა ისევ მას დავჭირდი.
- რას გულისხმობთ?
- 2002 წელს უნგრეთში, ბუდაპეშტში, ,,ფბრ'-ის სკოლაში 20-დღიანი კურსი გავიარე, სერტიფიკატიც ავიღე და რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი გავიცანი, მათ შორის, ბელორუსელი დეპუტატი... ერთხელ, ბადრიმ დამირეკა, თუ ბელორუსში ვინმეს იცნობ, შეგიძლია, დაეკონტაქტოო. კი-მეთქი. აბა, მოსინჯე, ლუკაშენკოსთან ჩვენი შეხვედრა თუ შედგებაო... მინსკში გადავფრინდი, ამ კაცს დაველაპარაკე, ასე და ასეა საქმე- მეთქი. მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმიყვანა... მოკლედ, ეს შეხვედრა შედგა... ბადრისთან ლონდონში, სახლშიც დავდიოდი და ჩვენს შორის ნდობა ჩამოყალიბდა...
- მაშინაც, როცა პოლიტიკურად გააქტიურდა, ყველაზე მეტად, მგონი, თქვენ გენდობოდათ... ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანდა...
- დამიძახა და მითხრა, ამ საქმეს სხვას ვერ ვანდობო. ვკითხე, იმდენი ძმაკაცი გყავს და რაღა მაინცდამაინც მე-მეთქი. პოლიტიკა არავის ესმისო.
- პირდაპირ გკითხავთ: ერეკლე კოდუა ბადრისთან თქვენ მიიყვანეთ?
- არა!
- ამბობენ, კოდუას ნათესავი ხართ - შორეული ბიძა...
- (იღიმება) ეს პირველად მესმის! კოდუას სახეზეც არ ვიცნობდი, მისი მხოლოდ თანამდებობა ვიცოდი...
- სოდ-ში, როცა კოდუა შეფი იყო, არასოდეს მისულხართ?
- არა. როცა მინისტრი იყო, ვანო მერაბიშვილს, კაბინეტში, ორჯერ შევხვდი.
- რა მიზნით?
- ერთხელ, საჩხერის პოლიციის საკადრო საკითხზე მქონდა კამათი. მეორე შეხვედრა პირადული იყო - რაღაც ჯგუფს ბიზნესში პოლიციასთან პრობლემა ჰქონდა და მაშინ დამიწყო, ბიზნესში არ ვერევიო. ეს 2004 წელს მოხდა. ადეიშვილთან უფრო მეტი კონტაქტი მქონდა - პროკურორი იყო, მე - პარლამენტარი, დაჭერებზე ამომრჩევლები მაწუხებდნენ, მე კი, ადეიშვილს ვაწუხებდი. რაც შეეხება კოდუას, ბადრი მეუბნებოდა ხოლმე, შსს-ში ჩემი ხალხი მყავს და ფულს ვუხდიო, მაგრამ არ ვეკითხებოდი, ვინ არიან- მეთქი... მერე მითხრა, კოდუას უნდა ენდოო.
- ესე იგი, ეჭვობთ, ფულს კოდუას უხდიდა?
- კი არ ვეჭვობ, დარწმუნებული ვარ! ბადრი ვიღაც არ იყო და კოდუას სხვანაირად არ ენდობოდა.
- კი ბატონო, მაგრამ როგორც მოვლენათა განვითარებამ ნათელყო, შეცდომა დაუშვა...
- შეცდომისგან ვინაა დაზღვეული?! უცნობთან რატომ გარისკავდა?.. სხვათა შორის, ჩანაწერშიც ვამბობ, მე ჩამოგშორდებითმეთქი ანუ ვხედავდი, რომ ინტრიგა იყო...
- ის ყბადაღებული ჩანაწერი თქვენ გააკეთეთ?
- არა. მართალი გითხრათ, ,,ვჩალიჩობდი' - კოდუას ჩაწერა მინდოდა. სიგარეტის კოლოფში ჩამწერი მედო, მაგრამ დაცვამ სიგარეტი დამატოვებინა და ვერ ჩავწერე.
- ლონდონის შეხვედრას ბადრიც იწერდა?
- ბადრი იწერდა!
- ანუ, ის, რომ კოდუას ჩამწერი თითქოს ფეხსაცმელში ჰქონდა, სიმართლე არაა?
- ფეხსაცმელი ოთახში იწერდა და აივანზე - არა?! რას ამბობთ...
- თუ ეს შეხვედრა ბადრიმ ჩაიწერა, ნაცონალთა ძალოვნებმა ხელში როგორღა ჩაიგდეს?
- იმ ღამეს ამ ჩანაწერის ინგლისურენოვანი ვარიანტი გაკეთდა და შეხება რამდენიმე ადამიანს ჰქონდა.
- მაინც, ვის და რამდენს?
- ბადრის, ბერეზოვსკისა და ბადრის თანაშემწე მოტკინს.
- ჩანაწერი ნაციონალებს მოტკინმა მისცა?
- არა, მოტკინს გამოვრიცხავ! ეჭვი ბერეზოვსკიზე მაქვს!
- ბერეზოვსკიმ ბადრის რატომ უღალატა?
- ბერეზოვსკი პოლიტიკური მოთამაშე და პოლიტიკით მოწამლული იყო - დღედაღამ იმაზე ფიქრობდა, პუტინის საწინააღმდეგოდ რა გაეკეთებინა. მასთან მიკამათია და მითქვამს, ბადრის პრეზიდენტობის კანდიდატად დაყენება წაგებული თამაშია, ნაციონალები ყველაფერზე წავლენ და ხელისუფლებას არ დაგვითმობენ- მეთქი. ჩემი გეგმა ასეთი იყო - სააკაშვილის წინააღმდეგ ,,გრეჩიხას' მეშვეობით გვებრძოლა ანუ ჩვენ ,,გრეჩიხას' მივხმარებოდით და მათ ეჭიდავათ. ამ ჭიდაობას, ეჭვი არ მეპარებოდა, მიშა მოიგებდა, მაგრამ დასუსტდებოდა და საპარლამენტო არჩევნებში მოვუგებდით. ამ გეგმაზე აგვისტოშივე ვიყავით შეთანხმებულნი...
- 2007 წლის აგვისტოში?
- დიახ.
- მაშასადამე, 7 ნოემბერიც თქვენ დაგეგმეთ ანუ სისხლი გინდოდათ?
- ოპოზიციის მონახაზში სისხლი არ იყო! აგვისტოში ახალი პარტიის დაპრეზენტება გვინდოდა, სექტემბრიდან კი, მთელ საქართველოში მოძრაობას დავიწყებდით...
- ყველაფერი ოქრუაშვილმა არია?
- დიახ...
- ნაცებმა შემოგიგდეს?
- არა. ოქრუაშვილი ბადრის პროექტი იყო ანუ ბადრი პოლიტიკაში რამდენიმე მეთოდით თამაშობდა.
- ეს იცოდით?
- არა, თუმცა ვიცოდი, რომ ბადრი ოქრუაშვილთან კონტაქტობდა... შეთანხმებულები ვიყავით, რომ ნიკორწმინდაში ახალი პარტიის პრეზენტაცია უნდა გამართულიყო. 28-ში, დილით, ბადრი ურეკიდან უნდა ჩამოფრენილიყო, მაგრამ დამირეკა, ვერ მოვფრინავ, სტუმრები მომივიდნენო.
- მოგატყუათ?
- ეს ტყუილი იყო...
- რა მიზნით მოგატყუათ?
- როგორც ჩანს, იმ ღამეს ოქრუაშვილი გამოიძახა და, ალბათ, უთხრა, თუ ჩვენ დავიწყებთ, შენ თამაშიდან გასული ხარ და თუ რამის თავი გაქვს, დაიწყეო. ალბათ, იმან დასტური მისცა - 7-8 სექტემბერს ოქრუაშვილმა ის განცხადება გააკეთა, რაც ბადრიმ მაშინ მითხრა, როცა ნიკორწმინდიდან ურეკში გავუარე, ვაცადოთ და ჩვენ მერე ჩავერთოთო...
- ბატონო ვალერი, გამახსენეთ, ამ პარტიას რა უნდა რქმეოდა?
- ქრისტიან- დემოკრატები ანუ რაც მერე გიორგიმ უჩვენოდ გააკეთა.
- თარგამაძემაც გიღალატათ?
- არა, არა... უბრალოდ, ის გააკეთა, რაზეც შეთანხმებულები ვიყავით - ის ამ პროცესში თავიდანვე იყო ჩართული - ასეთი შეთანხმება არსებობდა: ბადრი პარტიის ლიდერი იქნებოდა, თარგამაძე - თავმჯდომარე, მოადგილე - გუბაზ სანიკიძე, მე კი - გენსეკი.
- რასაც ახლა მიყვებით, პრინციპში, შეთქმულებაა!
- რატომ? ახალი პარტია გამოდიოდა ასპარეზზე... მაშინ ვინ გათვლიდა, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნებოდა? ჩვენ საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადებოდით, მაგრამ ყველაფერი ოქრუაშვილმა არია...
- მეჩვენება, რომ პატარკაციშვილი ორმხრივ თამაშს თამაშობდა...
- სამმხრივსაც...
- ანუ?
- პარალელურად, მოლაპარაკებას ნინო ბურჯანაძესთან აწარმოებდა, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე და ნაცების ერთ-ერთი საყრდენი იყო.
- ბურჯანაძეს რას სთავაზობდა?
- საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად გამოსულიყო. ისე, ,,გრეჩიხასთანაც' მოთავე ბადრი იყო...
- ბატონო ვალერი, სიტყვა გაგვიგრძელდა, მაგრამ საუბრის დასაწყისში ხაზგასმით აღნიშნეთ, ბადრისთვის მთავარი ადამიანობა იყოო. კეთილი, მაგრამ საშა მაისურაძეზე უნდა გკითხოთ...
- საშას ენდობოდა...
- მაისურაძემ ბიზნესმენი ჯონი გიგანი ააფეთქა - ბედად, მანქანაში ბავშვები არ იხსნდნენ. ამის მერე, ის პატარკაციშვილმა თავისთან წაიყვანა. ეს შტრიხი პატარკაციშვილის ჰუმანისტობაზე მეტყველებს?
- ბადრი ასეთი ფსიქოტიპი იყო, რომ დაჩაგრულის მხარეს იდგა.
- უკაცრავად, ადამიანი, რომელიც ტერაქტს აწყობს, დაჩაგრულია?
- ის, ალბათ, ასე თვლიდა, რომ საშა დაჩაგრეს და პატრონობა სჭირდებოდა...
- მაისურაძე ამ აფეთქებამდეც, როგორც ვიცი, ბადრისთან იყო. ასევე, ცნობილია, რომ მაისურაძის გათავისუფლებაში, 7 ნოემბრის მერე, გარდაცვლილმა ოლიგარქმა 70 თუ 80 ათასი გადაიხადა...
- მისთვის საშა მაისურაძე კადრი იყო... ასეთი რაღაცები ბადრის რუსეთში არ უკეთებია - რუსეთში არც ერთი მკვლელობა არ უკავშირდება.
- ლისტევის მკვლელობა?
- გამოუგონეს!
- ვთქვათ, ასეა, მაგრამ საშა მაისურაძეს ჯონი გიგანი რა მოტივით უნდა აეფეთქებინა?
- ვერაფერს გეტყვით...
- ...თქვენსა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის ურთიერთობა რატომ დაიძაბა?
- ბადრიმ თავი საქართველოს შეწირა - ვერავინ მეტყვის, რომ რამე არაქართული ელემენტი ჰქონდა. ოჯახმა კი, ბადრის ქონების გადარჩენა დაიწყო და არა - ბადრის ღირსებისა და ინტერესების. ეს, რა თქმა უნდა, მეწყინა.
- თუკი ოჯახი, რომელსაც გარდაცვლილთან ბიოლოგიური ბმა აქვს, ასე თვლის საჭიროდ, თქვენ რატომ განაწყენდით?
- თქვენ გგონიათ, ღირსება მე არ მაქვს?! მე ვის შევეწირე? - ბადრის! მარტო მე ვიყავი? - 41 ათასი რეგისტრირებული აქტივისტი გვყავდა, რომელსაც ოჯახმა გადმორიცხული ფული არ მისცა და ჯიბეში ჩაიდო, მადლობაც არავის უთხრა, 500-მდე ადამიანი ციხეში აღმოჩნდა, რამდენიმე გარდაიცვალა, ათასობით ემიგრაციაში წავიდა. მე ოჯახთან ჩახუტებული ვყოფილიყავი, ამ ხალხს კი ჩემთვის დედა ეგინებინა?
- ,,იმედის' დაბრუნება სამართლიანობის აღდგენა იყო?
- თავიდან ბოლომდე თამაშია - ბიძინას უნდოდა, ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ ბადრის ოჯახთან მტრობა არ ჰქონდა. წინა ხელისუფლებასაც აწყობდა, მანამდე დაებრუნებინა, ვიდრე ქულები ბიძინას ჩაეწერებოდა. სამართლიანობა რომ ყოფილიყო, ტელევიზია, ოჯახს კი არა, გოგი ჯაოშვილს უნდა დაბრუნებოდა - გოგის ტელევიზია იყო! ინა რა შუაშია?
- ...ბატონო ვალერი, თქვენი პროგნოზები, როგორც წესი, მართლდება, ამდენი ინფორმაცია საიდან გაქვთ?
- ლოგიკა...
- კი ბატონო, მაგრამ ხომ შეიძლება, ვინმემ სპეცსამსახურებთან კავშირი დაგწამოთ?
- ბიძინა მაწვდის ინფორმაციას, ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს? სხვათა შორის, პირველად მე ვთქვი, ივანიშვილი პრემიერად ღარიბაშვილს დანიშნავს- მეთქი. ახლა კი, იძულებული გახდება, ისევ თვითონ მოვიდეს, რადგან პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და ესეც ლოგიკურია...
- ბოლოს, ბატონო ვალერი, ბადრი პატარკაციშვილი, როგორც მეგობარი და პოლიტიკური თანამოაზრე, გენატრებათ?
- მამის დაკარგვაზე ისე არ მინერვიულია, როგორც - ბადრის დაკარგვაზე, რადგან მხოლოდ ბადრი კი არა, ყველაფერი დავკარგე, თუ რამე გამაჩნდა, მათ შორის, მატერიალური თვალსაზრისით, ხუთი წელი ოჯახს მოვწყდი, ჩამოვედი და ისევ ტალახი მივიღე. დღემდე ისე ვარ, როგორც კეთროვანი - ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია.
- ბიზნესი არ გაქვთ?
- არა.
- აბა, რა სახსრებით ცხოვრობთ?
- ვადვოკატობ - პროცესებზე დავდივარ და ესაა ჩემი შემოსავლის წყარო. 25 წლის მანქანა მყავს, ხან სად გამიჩერდება, ხან - სად და ამ დღეში მხოლოდ იმის გამო ჩავვარდი, რომ ბადრის თანამებრძოლი ვარ!