«პრემიერმა» გამოაქვეყნა სისხლის სამართლის საქმე #090060045-ის ორი ტომის მასალები. საქმის გამოძიება დაიწყო 2006 წლის 26 იანვარს ლაშა შუშანაშვილის, კახა შუშანაშვილისა და გელა ლალიაშვილის მიმართ, ქურდული სამყაროს წევრობის, «კანონიერი ქურდობისა» და დიდი ოდენობით ფულადი თანხის ორგანიზებული ჯგუფის მიერ გამოძალვის ფაქტზე. რეალურად, ყოველ შემთხვევაში საქმის მასალების ორი ტომიდან, ირკვევა, რომ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი, სადაც გამოძიება დაიწყო, დაინტერესებული იყო წყნეთში არსებული ერთ-ერთი სახლით, რომელზეც სოდ-ი ამ საქმის ყველა ტომში ამტკიცებს, რომ ლაშა შუშანაშვილის საკუთრებაა, თუმცა, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი კი არა, ერთი მოწმეც არ არსებობს, ვინც ღიად და არა მიახლოებით იტყვის, რომ წყნეთის სახლი შუშანაშვილის საკუთრებაა. საქმე ისაა, რომ კანონით ყოველი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება, ბრალდებულის სასარგებლოდ მეტყველებს. ამ შემთხვევაში სხვაგვარად მოხდა, ეჭვი იყო, არ დადასტურდა, მაგრამ სახლი მაინც სახელმწიფომ წაიღო და წაიღო არა შუშანაშვილისგან, არამედ რეალური მესაკუთრისგან. ამ თემაზე ბევრს არ გავაგრძელებ, იმ მიზეზით რომ «პრემიერის» წინა ნომერში ყველა დეტალი განვიხილეთ. ახლა გადავდივართ ამ საინტერესო საქმის ახალ ეტაპზე. აქამდე მხოლოდ «მოწმეები» გვყავდა საქმეში, მესამე ტომში ბრალდებულები გამოჩნდნენ.
2006 წელს დაიწყო გამოძიება, ბრალი სამი პირს წაუყენეს და არც ერთი მათგანი არაა დაკითხული, იმიტომ რომ ვერც ერთ მათგანს ვერ მისწვდნენ. არ ვიცი, ერთი ცნობილი გამონათქვამი დაემართა თუ არა სოდ-ს, მაგრამ ფაქტია: ყურძნის სიყვარულით ღობეს დაუწყეს კოცნა და გამოძიების დაწყებიდან ზუსტად ხუთი (რა სიმბოლურია, არა?) წლის შემდეგ დააკავეს პროფესიით იურისტი, ფირმა «ნეო-ტურის» დირექტორი შალვა ბიზიკაშვილი. მისი დაკავების მიზეზი გახდა შსს-ს სოდ-ის პირველი მთავარი სამმართველოს ო.დ.ბ. სამმართველოს პირველი სამსახურის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ჩატარებული პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ბიზიკაშვილს «აღმოაჩნდა კანონსაწინააღმდეგო ნივთი». ბიზიკაშვილი დააკავეს დიდუბის ავტოსადგურის ტერიტორიაზე და მას ბრალად წარედგინა 223-ე პრიმა მუხლი და მე-18 მუხლი. სსკ 181-ე მუხლი კანონით გამოძალვას გულისხმობს.
არაიურისტებისთვის მცირე განმარტება:
«გამოძალვისას, ხელყოფის ძირითად ობიექტს წარმოადგენს საკუთრების უფლება, ხოლო დამატებითი ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თავისუფლება, მისი პატივი და ღირსება. ამ დანაშაულისთვის დამახასიათებელია სუბიექტის მიზანი, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს სხვის ქონებას ან მოიპოვოს საკუთრების უფლება გარკვეული სახის ქონებაზე. შესაბამისად, დამნაშავე ორიენტირებულია, მიიღოს მხოლოდ ქონებრივი სარგებელი. ამასთანავე, მიზნის მიღწევა შესაძლებელია ხელშეკრულების ან რაიმე სხვა დოკუმენტის შედგენით მასზე უფლების მოპოვების გზით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძალვა ყოველთვის პირდაპირი განზრახვით არის ჩადენილი და შეუძლებელია მისი არაპირდაპირი განზრახვით ან გაუფრთხილებლობით ჩადენა, რადგან დამნაშავე ანგარებით მოქმედებს. გამოძალვის სუბიექტური მხარე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დამნაშავისთვის ცნობილია ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის მოთხოვნის უკანონო ბუნება. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე კი, ქონების მესაკუთრისადმი ან ქონების მფლობელისადმი მოთხოვნის წაყენებაში გამოიხატება, რასაც თან ახლავს მუქარა დაზარალებულის იძულებისთვის. არ არის აუცილებელი, მოთხოვნა გულისხმობდეს მატერიალური სიკეთის უშუალოდ დამნაშავისთვის გადაცემას, არამედ შესაძლოა, დამნაშავემ დაზარალებულს წაუყენოს მოთხოვნა მისთვის სასურველი პირისთვის ქონების გადაცემის თაობაზე. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დამნაშავე მიმართავს იძულებას მუქარის გამოყენებით. თავის მხრივ, მუქარა გულისხმობს როგორც ძალადობის გამოყენების, ასევე ქონების განადგურების ანდა სახელგამტეხი ცნობის გახმაურების, ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარას, რამაც შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის უფლება. მუქარა შეიძლება იყოს არარეალურიც და არ შეიცავდეს საფრთხეს, მაგრამ დაზარალებული მას საფრთხისშემცველად მიიჩნევდეს, რითაც სარგებლობდეს და მიზანს აღწევდეს დამნაშავე. საფრთხისშემცველი არ ნიშნავს მხოლოდ სახელისგამტეხ ცნობას, არამედ მასში იგულისხმება ასევე სხვაგვარი არასასურველი ინფორმაციის გავრცელების მუქარაც, მაგალითად, როდესაც დამნაშავე დაზარალებულს ემუქრება, რომ გასცემს კომერციული საიდუმლოს შემცველ ისეთ ინფორმაციას, რითაც მას ზიანი მიადგება. ასეთი შემთხვევაც იძულების ფარგლებში ექცევა. მუქარის ფორმა შეიძლება იყოს წერილობითი, ზეპირი, ელექტრონული და ა.შ. მთავარია, მან მიაღწიოს დაზარალებულამდე და მის მიერ რეალურად აღიქმებოდეს. გამოძალვა დანაშაულთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც მათი დაწყებისთანავე ჩადენილად ითვლება. გამოძალვის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზანი. მიუხედავად იმისა, დამნაშავემ მიიღო თუ არა დიდი ოდენობით სარგებელი, მას ეს კვალიფიკაცია მაინც შეეფარდება, თუკი მუქარის ეტაპზე სწორედ ასეთი შინაარსის განზრახვა ვლინდება»...
მესმის, რომ არაიურისტებისთვის, განსაკუთრებით ჰუმანიტარული განათლების ადამიანებისთვის, ის, რაც ზემოთ წერია, მძიმედ წასაკითხია, მაგრამ იმისთვის, რომ გავიგოთ, რა მოხდა რეალურად, ეს, ასე ვთქვათ, განმარტება აუცილებელი იყო. ანუ ლაშა შუშანაშვილის საქმის 2 ტომში, პირი, რომელიც ზემონახსენები მუხლით დააკავეს, გარდა 223-ე პრიმა მუხლისა, ჯერ იყო და 2006 წელს 223-ე პრიმა მუხლი «ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა» დაკანონდა და მას შემდეგ საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელიც ქვეყნის (საქართველოს) სახელით «აჩაქუჩებს» ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსს. მერე მიხვდნენ, რომ მხოლოდ «კანონიერი ქურდობის» აღიარება (დადასტურება) არ ნიშნავდა არაფერს, თუ ამღიარებელს ბანდა (სამი წევრი მაინც) არ უმაგრებდა «ბირჟას». არც ეს აღმოჩნდა საკმარისი და 223-ე პრიმა მუხლით დაკავებულებს სხვა რომელიმე მუხლს უმატებდნენ. საქმე ის გახლავთ, რომ რაკი კანონში დაკანონდა ეს «ზვანია», ლოგიკურად «კანონიერ ქურდად» ითვლება ის, ვინც პროკურატურას დაუდასტურა სტატუსი, ხოლო სასამართლომ ეს სტატუსი ოფიციალურად «დააჩაქუჩა». თქვენ ქვემოთ იხილავთ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს და თავად მიხვდებით, რამდენი «დაჩაქუჩებული» «კანონიერი ქურდი» ჰყავს საქართველოს. დიახ, ვინც ვერ დააპატიმრეს, ანუ ვის მიმართაც განაჩენი არ დადგა, ის, წესით, უკაცრავად, მაგრამ სახელმწიფოსგან «ჩარტყმულია». დიახ, ასე გამოდის სწორედაც ამ 223-ე პრიმა მუხლის ნაკვალევზე...
შემდეგ მოხდა ისე, რომ «კანონიერი ქურდები» შემოაკლდათ და თავად დაიწყეს მონათვლა. ასე მივიღეთ შედეგად, მაგალითად, «სკაიპა ერთი» (გვყავს მეორეც) რომელსაც ციხეში უთხრეს, «კანონიერი ქურდი» ხარო, სკაიპის მეშვეობით მოგნათლესო და «დაბრო» მისცეს. მერე უთხრეს, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში დახმარება უნდა გაუწიო თურმეო და სიხარულით ცას ეწია, «ცნობილი გავხდებიო». საბოლოოდ კი გაირკვა, რომ თურმე «სკაიპა» ერთი საცოდავი და ჭკუას აცდენილიც კი ყოფილა.
ოფიციალური მონაცემებით, სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლით 2009 წელს ჩადენილ დანაშაულზე პროკურატურამ დევნა დაიწყო 15 პირის მიმართ, აქედან 4 პირზე პირველი ინსტანციის სასამართლოში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. 2010 წელს ამავე მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 47 პირის მიმართ და პირველი ინსტანციის სასამართლოში საპროცესო შეთანხმებას მხოლოდ სამი პირი დაეთანხმა. 2011 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 16 პირის მიმართ დაიწყო და აქედან 13-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. 2012 წელს 11 პირის მიმართ დაიწყო გამოძიება და ამ ეტაპზე პროკურატურაში არ მოიპოვება ოფიციალური ინფორმაცია, დასთანხმდა თუ არა რომელიმე მათგანი საპროცესო შეთანხმებას. წინა, 2006-2008 წლების სტატისტიკა მთავარი პროკურატურის ანალიტიკურ სამსახურში არაა, იმ უბრალო მიზეზით, რომ ამ პერიოდში პროკურატურა სტატისტიკური ინფორმაციის აღრიცხვას არ აწარმოებდა. ამ ფონზე სასამართლოს სტატისტიკური მონაცემები უფრო სრულყოფილია: 2006 წელს სსკ 223-ე პრიმა მუხლით მსჯავრდადებული იყო 22 პირი, თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 18-ს, სასჯელის ვადად 3-დან 5 წლამდე პატიმრობა განესაზღვრა 11 პირს, 5-დან 8 წლამდე _ ოთხს, 10-დან 15-მდე _ სამს, პირობითი მსჯავრი კი ოთხ პირს დაედო. 2007 წელს 223-ე პრიმა მუხლით მსჯავრდადებული იყო 61 პირი, თავისუფლება აღეკვეთა ყველას, მათ შორის: 3-დან 5 წლამდე _ სამ პირს, 5-დან 8 წლამდე _ 39-ს, 14 დაპატიმრებული იქნა 8-დან 10-წლიანი ვადით, 7-ს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა შეეფარდა. 2008 წელს 41 მსჯავრდადებულიდან 30-ს აღეკვეთა თავისუფლება, 4-ს _ 3-დან 5 წლამდე, 23-ს _ 5-დან 8 წლამდე, 2-ს _ 8-დან 10-მდე, 11-ს კი პირობითი მსჯავრი დაედო. 2009 წელს 22 მსჯავრდადებულიდან 17 დააპატიმრეს, 2-ს 1-წლიანი მსჯავრი დაედო, 10-ს _ 5 წლის ზემოთ, 1 დააპატიმრეს 10 წლით, 2-2 _ 15- და 20-წლიანი ვადით, 5-ს კი პირობითი მსჯავრი დაედო. 2010 წელს 13-დან 11 დააპატიმრეს სხვადასხვა სასჯელით და მხოლოდ 2-ს დაედო პირობითი მსჯავრი, 2011 წელს 38 მსჯავრდადებულიდან 36 დააპატიმრეს, მათ შორის მაღალი სასჯელი, 15-დან ზემოთ, 13-ს მიესაჯა, 2012 წელს 12 მსჯავრდადებულიდან 12-ვე დააპატიმრეს. ესაა ოფიციალური სტატისტიკა (2013 წლის არ მოგვეპოვება), რომელშიც შედის ზემოდასახელებული ორი «სკაიპაც» და კიდევ რამდენიმე პირი, რომლებიც ნაციონალურ სინამდვილეში «მოინათლნენ» და არა სკაიპით და არა «კანონიერი ქურდების» მიერ. ისინი, არც მეტი, არც ნაკლები, ყოფილი პროკურორები ან ორგანოს თანამშრომლები იყვნენ და ჯერ პროკურატურამ, შემდეგ კი სასამართლომ «მონათლა». ერთ-ერთი «შავი პროკურორის» საქმეს «პრემიერი» მომავალ ნომრებში გაგაცნობთ და ეს საქმე პირდაპირ უკავშირდება ერთი ე.წ. კანონიერი ქურდის, ლაშა შუშანაშვილის (რომლის სს საქმესაც «პრემიერი» უკვე ორ თვეზე მეტია აქვეყნებს) მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს.
არსად მოიხსენიება. ერთ ფურცელსაც ვერ იპოვით, სადაც ამ კაცის გვარი იქნება ნახსენები და უცებ მესამე ტომი სწორედ ამ პირის მიმართ წაყენებული ბრალით იწყება. არამხოლოდ «გონივრული ეჭვის» საფუძველზე შეიძლება ვიფიქროთ, რომ გამოძიებამ ხუთწლიანი ძებნის შედეგად ხელჩასაჭიდი ვერ იპოვა და «განტევების ვაცად» ამიტომ იქცა ბიზიკაშვილი. ალბათ, დაისმება კითხვა: თუ ბიზიკაშვილს შუშანაშვილთან არანაირი შეხება არ ჰქონდა, რატომ სტაცეს მას ხელი? საქმე ისაა, რომ შუშანაშვილთან არა, მაგრამ ბიზიკაშვილს შეხება ჰქონდა იმ ქვეყანასთან, სადაც იმჟამად იყო შუშანაშვილი. ბიზიკაშვილის ბიზნესი საბერძნეთს უკავშირდებოდა და სოდ-ისთვის ეს იყო «კოვზი გავარდა, ჯამში ჩავარდა» მომენტი, რომლის გამოუყენებლობა, უბრალოდ, «არაპროფესიონალიზმის» დადასტურება იქნებოდა. მოკლედ, ბიზიკაშვილი აიყვანეს და აყვანის დღესვე, ისე, რომ, კიდევ ვიმეორებ, ლაშა შუშანაშვილის საქმის მასალებში არსად ფიგურირებდა, ეგრევე ქუჩაში წაუყენეს ბრალად «კანონიერი ქურდობა» და «გამოძალვა». ბიზიკაშვილის პირადი ჩხრეკისას სოდ-მა ამოიღო: სამი ცალი ხუთასევროიანი კუპიურა, 14 ცალი 100-ევროიანი კუპიურა, 24 ცალი 50 ევრო, 2 ცალი ასდოლარიანი, 2 ცალი ოცლარიანი, 2 ცალი ათლარიანი, 8 ცალი ხუთლარიანი, 2 ცალი ორლარიანი, ერთდოლარიანი ორი მონეტა, ერთი ცენტი, ექვსი ცალი ფურცელი წარწერებით, პასპორტი, სურათები, საბერძნეთში ყოფნის ნებართვა, სამი ცალი მობილური. ეს იყო სულ, გაჭირვებული კაცისთვის ძალიან ბევრია, ბიზნესმენისთვის _ ცოტა, თუმცა სოდ-ისთვის _ საკმარისი იმისთვის, რომ ბიზიკაშვილი დაეკავებინათ «კანონსაწინააღმდეგო ნივთის ან ნივთიერების» თან ტარების გამო. რომელია დასახელებული ნივთებიდან კანონსაწინააღმდეგო, არ ვიცი, მაგრამ ოქმში ასეა გაფორმებული და რა უფლება მაქვს, არ ვენდო ან არ დავიჯერო? ბიზიკაშვილი დაკითხეს და მან დააფიქსირა, რომ ისარგებლებდა დუმილის უფლებით. საქმეში ჩაერთო ბიზიკაშვილის მიერ დასახელებული ადვოკატი. საქმის მასალების მეთოთხმეტე ფურცელი სასამართლოსადმი შუამდგომლობაა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვკითხულობთ: «მოგეხსენებათ, რომ სოდ-ში წარმოებაშია სს #090060045 საქმე ლაშა შუშანაშვილის, კახა შუშანაშვილისა და შალვა ბიზიკაშვილის მიმართ»... ანუ 2006 წელს სოდ-ი თუ ძმებ შუშანაშვილებთან ერთად ედავებოდა გელა ლალიაშვილს, 2011 წელს ის უცებ «გაქრა» და ჩანაცვლდა ბიზიკაშვილით, მაგრამ საქმეს ძველი ნომერი დარჩა. კარგით, ჩავთვალოთ, რომ ეს კანონზომიერია და ისიც კანონზომიერად ჩავთვალოთ, ბიზიკაშვილს წინასწარი პატიმრობა რომ შეეფარდა. ბიზიკაშვილის შემდეგ დაკითხეს შპს «ბეტას» მძღოლი, რომელმაც აჩვენა: «მუშაობის პერიოდში მე გზებზე არანაირი პრობლემები არ მქონია და არც არავის შეუქმნია ჩემთვის პრობლემები და არც არავინ დამმუქრებია და არც არავის მოუთხოვია ჩემთვის ფული უსაფრთხო გადაადგილებისთვის». უფრო ცხადი რომ იყოს, ბიზიკაშვილს ჰქონდა გადამზიდავი ფირმა, მისი ფირმის სატვირთო მანქანებს საქართველოში შემოჰყავდათ მანქანები და სხვა ტვირთი. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, მაგრამ მსგავსი ბიზნესით რატომ უნდა დაინტერესებულიყო სოდ-ი იმ პერიოდში, როცა მას მართავდა ერეკლე-ირაკლი კოდუა, ალბათ, მიხვდებით. ამასობაში მოსამართლე არევაძემ დააკანონა ბიზიკაშვილის აქამდე დაუკანონებელი ჩხრეკა და ამოღებული ნივთები, რა თქმა უნდა, უკანონოდ ცნეს. პირის მიმართ ბრალდების დადგენის შესახებ დადგენილებაში კი ვკითხულობთ: «შალვა ნესტორის ძე ბიზიკაშვილმა ჩაიდინა ქურდული სამყაროს წევრობა, მან ჩაიდინა გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულისა და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების და მათი ნივთის განადგურების და დაზიანების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში: საქართველო-საბერძნეთს შორის მომუშავე გადამზიდავი კომპანია შპს «ნეო-ტურის» დირექტორმა, საქართველოს მოქალაქე შალვა ბიზიკაშვილმა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გაიცნო ძმები ლაშა და კახა შუშანაშვილები, რომლებიც სხვადასხვა დროს ე.წ. «კანონიერი ქურდების» მიერ თავადაც აღიარებული იყვნენ კანონიერ ქურდებად, რის შემდეგაც ისინი სისტემატურად მონაწილეობდნენ ქურდულ შეკრებებსა და გარჩევებში, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა რეგიონებში იმართებოდა (ხაზგასმა _ ოფიციალური დოკუმენტით ლაშა და კახა შუშანაშვილებს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავთ 2003 წლის შემდეგ. _ დ.მ.) გავლენის სფეროების განაწილების მიზნით (მსგავსი, სასამართლოს მიერ დადგენილი, ფაქტი და დამდგარი განაჩენი არ არსებობს, არც კომუნისტებისა და არც შემდგომ წლებში. საკითხავია, საიდან მოიტანა სოდ-მა ეს ინფორმაცია. პასუხი ამაზე საქმეში არ მოიძებნება. _ დ.მ.). მას შემდეგ, რაც ძმებმა შუშანაშვილებმა საქართველოს ფარგლები დატოვეს, ორივე საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ განაგრძობდა დანაშაულებრივ საქმიანობას (არც ამ შემთხვევაშია სადმე ფიქსირებული ფაქტი და არ არსებობს განაჩენი. _ დ.მ.) _ ქურდული სამყაროს წესებით საქმეების გარჩევას, რასაც კვლავ ახორციელებენ კონკრეტული ფიზიკური პირების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. შალვა ბიზიკაშვილი იზიარებდა რა კრიმინალური სამყაროს მიზნებს, საბერძნეთში არსებული ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, ახლო ურთიერთობა ჩამოაყალიბა (არადა ამ დროს ლაშა შუშანაშვილი საბერძნეთის ციხეში ზის, კახა კი ესპანეთში. _ დ.მ.) კახაბერ შუშანაშვილთან. შალვა ბიზიკაშვილს ასევე ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს მოქალაქეებთან ჯემალ მამნიაშვილთან და გელა ლალიაშვილთან, რომლებიც საბერძნეთის ტერიტორიაზე ეწეოდნენ ბიზნესსაქმიანობას. ამავე პერიოდში ძმები შუშანაშვილებისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯემალ მამნიაშვილმა საბერძნეთში, სალონიკში, 15 000 ევროდ, მართვის უფლებით, შეიძინა კვების ობიექტი, რესტორანი «ვენერა». 2010 წლის დასაწყისში ძმებმა შუშანაშვილებმა მათი გავლენის ქვეშ მყოფი ქურდული სამყაროს წევრების შალვა ბიზიკაშვილისა და გელა ლალიაშვილის მეშვეობით, ჯემალ მამნიაშვილს მოსთხოვეს ხსენებული რესტორნის მათთვის, როგორც ქურდული სამყაროს წევრებისთვის, გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ სერიოზული პრობლემების შექმნით. მუქარისთვის რეალური სახის მიცემის მიზნით, 2010 წლის თებერვლის მეორე ნახევარში ჯემალ მამნიაშვილი ქურდული სამყაროს, გამოძიებით დაუდგენელმა სამმა პირმა, მიიყვანა სალონიკში მდებარე ერთ-ერთ ინტერნეტკაფეში, სადაც ვირტუალური კომუნიკაციის ქსელის, სკაიპის ვიდეოზარით ჯემალ მამნიაშვილს ესაუბრა კახაბერ შუშანაშვილი. მან ფიზიკური ლიკვიდაციისა და ქონების განადგურების მუქარით ჯემალ მამნიაშვილს მოსთხოვა რესტორნის მათთვის გადაცემა, ვადად განუსაზღვრა სამი თვე. ვადის ამოწურვის შემდეგ მამნიაშვილის მხრიდან მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 2010 წლის აგვისტოში, სალონიკში, გარეუბანში მდებარე საკუთარ სახლში, ქურდული სამყაროს, გამოძიებით დაუდგენელმა ოთხმა პირმა მამნიაშვილი მიიყვანა ლაშა შუშანაშვილთან, რომელმაც ფიზიკური ლიკვიდაციის, ქონების განადგურების მუქარითა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით, პირადად მოსთხოვა რესტორნის მათთვის, როგორც ქურდული სამყაროს წარმომადგენლებისთვის, გადაცემა და დამატებით ე.წ. ჯარიმის, ორმოცი ათასი ევროს გადახდა. მუქარის რეალურობის შიშით, მამნიაშვილმა მოახერხა კახა და ლაშა შუშანაშვილებისგან მალულად საბერძნეთის დატოვება და საქართველოში ჩამოსვლა»...
მამნიაშვილი საქართველოში შემოვიდა, თბილისში კი გზად «გადაეყარა» პოლიციის სამმართველოს შენობა, მაგრამ ცალი თვალითაც არ შეიხედა იქ, გზადვე «გადაეყარა» პოლიციის განყოფილება, მასაც ჩაუარა და პირდაპირ სოდ-ში მივიდა. ადვილი წარმოსადგენია, როგორი შეშინებული იყო მამნიაშვილი, მით უმეტეს, რომ თავის დროზე მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა. საქმე ისაა, რომ მამნიაშვილს ბრალად ედებოდა საბერძნეთში ემიგრანტი ქართველებისთვის ფულის თაღლითურად გამოძალვა, ამიტომ ის იძულებული გახდა, თავი საქართველოსთვის შეეფარებინა, მაგრამ საქართველოშიც იმხილებოდა დანაშაულის ჩადენაში და, პრინციპში, სოდ-ში კი უნდა მისულიყო... მოკლედ, ასეა თუ ისე, მამნიაშვილი მივიდა სოდ-ში და თქვა ის, რაც ზემოთ წაიკითხეთ და რაც შუშანაშვილებთან ერთად ბიზიკაშვილსაც წარუდგინეს ბრალად. საქმე ისაა, რომ სწორედ მამნიაშვილის ჩვენება გამოიყენა სოდ-მა და საბერძნეთს შუშანაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა. საბერძნეთმა, დანაშაული ჩვენს ტერიტორიაზეა ჩადენილი და ჩვენ უნდა გავასამართლოთ დასახელებული პირებიო. ლაშა შუშანაშვილი გაასამართლეს და ბრალი მამნიაშვილისთვის გამოძალვის ფაქტზე მოუხსნეს, არ დადასტურდა და იმიტომ. სოდ-მა უკან დაიხია, მაგრამ «მეგობარი ქვეყნის» სასამართლოს არ ენდო და გამოძიება გააგრძელა. ამასობაში მამნიაშვილი საქართველოდანაც გაქრა, მისი ალი-კვალი დღემდე უცნობია... სამაგიეროდ სოდ-მა ბიზიკაშვილს დაუწყო «პრავების კაჩავი»... საქმეში ჩაკერებულია დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ დანაშაულის ამსახველი ვიდეო არსებობს, თუმცა სადაა ეს ჩანაწერი, კაციშვილმა არ იცის. ასევე, უგზო-უკვლოდაა დაკარგული რამდენიმე მოწმე, რომელიც წაყენებულ ბრალს ადასტურებდა, მათ შორის ერთი, მერაბ კალანდაძე, სადახლოს გამშვებ პუნქტზე დაცხრილეს ორიოდ წლის წინათ (ჩვენ მისი ჩვენებები გამოვაქვეყნეთ და ფარული ვიდეოჩანაწერის ტექსტიც, რაც ძირითადად წყნეთის სახლს ეხებოდა). სასაცილოა, მაგრამ ლაშა შუშანაშვილის საქმეში დევს ისეთი ადამიანების ჩვენებებიც, რომლებიც თავის დროზე სახელმწიფო სტრუქტურებში ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ, დაკითხულთა შორის რამდენიმე გენერალი და რამდენიმე მინისტრიცაა.
მოკლედ, ბიზიკაშვილს უთხრეს, "კანონიერი ქურდი" ხარო და ჩასვეს... რა ხდებოდა ციხეში და რა მასალები დევს საქმეში, ამას მომდევნო ნომერში გაგაცნობთ.