რა აზრი აქვს რუსული რულეტის თამაშს − რუსეთთან?

რა აზრი აქვს რუსული რულეტის თამაშს − რუსეთთან?

ბაიდენის ადმინისტრაცია ნელ-ნელა სრულად მიეცემა დავიწყებას, თუმცა მის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას შესაძლოა უდიდესი გავლენა ჰქონდეს მსოფლიოზე − აშშ-მა ნება მისცა უკრაინას ამერიკული ATACAMS-ის ტიპის რაკეტების გამოყენებაზე რუსეთის სიღრმეებში, რომელთა სამოქმედო რადიუსი 300 კილომეტრია. უკრაინის მიერ ამ რაკეტების გამოყენებას რუსეთის მხრიდან შემაშფოთებელი პასუხი მოჰყვა: ჰიპერბგერითი საშუალო მოქმედების რაკეტები. თუ უკრაინა განაგრძობს ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული რაკეტებით რუსეთში უფრო ღრმა შეტევას, რუსეთის პასუხი პროპორციულად უფრო დიდი იქნება და შესაძლოა NATO-ს მიმართ ესკალაციურიც.

რა უნდა ვიცოდეთ: რაკეტების რაოდენობა, რომელსაც უკრაინა ფლობს, ძალიან ცოტაა იმისათვის, რათა გადამწყვეტი გავლენა იქონიოს ომის მიმდინარეობაზე. უკრაინა ვერ გაიმარჯვებს ATACMS-ის და მსგავსი ტაქტიკური რაკეტების გაშვებით. დიახ, მათ შეუძლიათ მეტი ტკივილი მიაყენონ რუსეთს, დაარტყან ისეთ სამიზნეებს, როგორებიცაა ამუნიციის სათავსოები, სამხედრო ბაზები და სხვა. მაგრამ არავის სჯერა, რომ ეს არის ომის მომგები იარაღი. ყველაფერი ის, რასაც ეს რაკეტები მოიტანენ, უფრო მეტი გვამია ორივე მხრიდან.
პირველ მსოფლიო ომში ხშირად ხდებოდა ახალი იარაღების გამოცდა, რადგან მიიჩნეოდა, რომ ისინი გადამწყვეტ როლს შეასრულებდნენ ბრძოლის ველზე. ისეთი იარაღები, როგორებიცაა მომწამვლელი გაზი (1915) და ტანკები (1916). თუმცა, მეორე მხარე საკმაოდ სწრაფად ახდენდა ადაპტირებას და ომი უსასრულოდ გრძელდებოდა − ამის მიუხედავად, მხარეებში მაინც არსებობდა გულწრფელი რწმენა იმის შესახებ, რომ ახალ იარაღს შეეძლო სანგრების საშინელი ომი გაერღვია და დაესრულებინა.
დღეს ასეთი გულწრფელი რწმენა არ არსებობს. მთავარი მიზანი, როგორც ჩანს, არის ტრამპის მომავალი ადმინისტრაციისთვის საქმეების გართულება და მისი გაცხადებული მიზნის − რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების არ დაშვება. სწორედ ამიტომ, ბაიდენის ადმინისტრაცია იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რომ იანვარში ტრამპის ინაუგურაციამდე უკრაინას გაუგზავნოს დარჩენილი 6 მილიარდი დოლარის იარაღი და მასთან დაკავშირებული ყველა ტიპის დახმარება, ნაღმებიც კი.

აი, რას ამბობს ენტონი ბლინკენი:

„პრეზიდენტი ბაიდენი მზად არის, ჩვენ ხელთ არსებული ყოველი დოლარი ამ დროიდან 20 იანვრამდე უკრაინისთვის იქნას მიწოდებული. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას ჰქონდეს ისეთი საჰაერო თავდაცვა, რომელიც მას სჭირდება. ჰქონდეს არტილერია, რომელიც მას სჭირდება. ჰქონდეს ჯავშანტექნიკა, რომელიც მას სჭირდება“.

არსებითად, რუსეთთან რუსული რულეტის თამაშისას, ბაიდენმა და ბლინკენმა წარმოუდგენელი დონის უგუნურება და წინდაუხედაობა აჩვენეს.

წყარო: Playing Russian Roulette – With Russia − Antiwar.com Blog