Fidez-ის ყოფილმა ევროპარლამენტარმა, იოსეფ საიერმა მარია შმიდტის მოწვევა მიიღო ბუდაპეშტის „21-ე საუკუნის ინსტიტუტში“ (XXI. SzázadIntézet) სამუშაოდ.
„მივიღე გენერალურ დირექტორ მარია შმიდტის საპატიო მოწვევა და ფონდის ფარგლებში მე და ჩემმა კოლეგებმა დავაარსეთ თავისუფალი ევროპის ინსტიტუტი. ინსტიტუტის დაარსებით იწყება გრძელვადიანი, მჭიდრო თანამშრომლობის ახალი ეტაპი“, − წერს „მანდინერი“.
„ჩვენ გვჯერა ევროინტეგრაციის პრინციპის, ეროვნული სუვერენიტეტის შენარჩუნების საფუძველზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფლებას, უარვყოფთ ევროპის შეერთებული შტატების იდეას და ვეთანხმებით უნგრეთის ძირითად კანონს, რომლის თანახმად ევროპული თანამშრომლობის საფუძველია წევრი ქვეყნების დამოუკიდებლობა, რომელშიც ერები, კავშირის სასარგებლოდ, უარს არ იტყვიან ეროვნულ სუვერენიტეტზე, არამედ განახორციელებენ ამ იდეას ევროკავშირის ინსტიტუტების მეშვეობით“, − თქვა საიერმა.
თავის განცხადებაში საიერმა წარმოადგინა რამდენიმე მომავალი პროექტი, როგორებიცაა ევროპის დამოუკიდებელი კონცეფციის შემუშავება, სუვერენიტეტის ინდექსის შექმნა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის და ერთა უფლებების ქარტიის პროექტის დაწერა.
მის მუშაობას ინსტიტუტში „ინტელექტუალური, პროფესიული, ანალიტიკური და საკონსულტაციო ხასიათი ექნება“ და „არ დაბრუნდება პოლიტიკის ბრძოლის ველზე“.
საიერმა ასევე წერილი დაწერა „მანდინერისთვის“, 21-ე საუკუნის ინსტიტუტში გაწევრიანებასა და თავისუფალი ევროპის ინსტიტუტის დაარსების თაობაზე, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ:
„ისტორიის უდიდესი მოღვაწეები ყოველთვის მაგალითს გვაძლევდნენ და მათი ქმედებებიდან, დღევანდელ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ძალზე ბევრის რამის სწავლა შეიძლება. დე გოლმა − მე-20 საუკუნის საფრანგეთის უმთავრესმა პოლიტიკურმა ფიგურამ, არა მხოლოდ შეცვალა თავისი ქვეყნის ისტორია, არამედ გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ევროპის მომავალზე. პროგრამა „ერების ევროპა“, რომელიც მან წარმოადგინა, ჯერ კიდევ გვთავაზობს ცენტრალური ევროპის იმპერიის ალტერნატივას. პრეზიდენტმა დე გოლმა თავისი შეხედულებები „ფუშეს გეგმაში“ შეაჯამა, 1960-იანი წლების დასაწყისში. გეგმა მიზნად ისახავდა ევროპული თანამშრომლობის შექმნას, მაგრამ ეროვნული სუვერენიტეტის შენარჩუნების შედეგად. იმ დროს ევროპა ჯერ კიდევ გამოდიოდა ომის ტრავმის მდგომარეობიდან, ამიტომ ერებს შორის მშვიდობიანი ინტეგრაციის ძლიერი სურვილი გაჩნდა. საფრანგეთსა და გერმანიას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები კარგი საფუძველი იყო საერთო ევროპული იდეების განვითარებისათვის.
ამაში ასევე დიდი როლი მიუძღოდა კანცლერ ადენაუერსა და პრეზიდენტ დე გოლს შორის არსებულ კარგ პირად ურთიერთობას. თუმცა, ზოგიერთ ნაწილში − მაგალითად, საერთო ევროპულ სასამართლოსთან და ზოგიერთ საერთო ბიუროკრატთან დაკავშირებით საქმე იმდენად შორს წავიდა, რომ ტრადიციულად ნაციონალისტმა ფრანგებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, რას მოიტანდა მომავალი, თუ ეს მდგომარეობა არ შეიცვლებოდა. „ფუშეს გეგმა“ იყო პასუხი ინტეგრაციის პირველ სიმპტომებზე, ფაქტზე, რომ კავშირის ინსტიტუტები სულ უფრო მეტად ერეოდნენ ეროვნულ სუვერენიტეტში, მჭიდრო ევროპული გაერთიანების პროცესში. გეგმა მიზნად ისახავდა უფრო ეფექტიანი კონტროლის შენარჩუნებას წევრი სახელმწიფოებისთვის. ფუშეს გეგმის მიხედვით, გადაწყვეტილების მიღების ძირითადი უფლებამოსილებები ეროვნული სახელმწიფოების ხელში უნდა ყოფილიყო. გეგმის თანახმად, სისტემა, რომელიც დაფუძნებული იყო წევრი ქვეყნების ერთსულოვან გადაწყვეტილებებზე, უზრუნველყოფდა, რომ არცერთი ქვეყანა არ აღმოჩენილიყო დაქვემდებარებულ მდგომარეობაში. ამ გზით მიიღწეოდა საერთო ევროპული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებში შენარჩუნდებოდა ეროვნული სუვერენიტეტი. ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ წევრი ქვეყნების ლიდერები და თითოეულ ქვეყანას ექნებოდა ვეტოს უფლება.
გაერთიანების წევრმა ქვეყნებმა გეგმა უარყვეს და შედეგად, ფედერალისტური მიმართულება ევროპულ თანამშრომლობაში დომინანტი გახდა. მას შემდეგ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროკავშირი (და მისი წინამორბედი) ცენტრალიზებულ ორგანიზაციად იქცა, რომელიც წევრ ქვეყნებს სულ უფრო მეტ ძალაუფლებას ართმევს, მაგრამ სარგებელი ხშირად შედეგებში არ აისახება. კავშირმა დაამტკიცა, რომ არ შეუძლია გაუმკლავდეს გასული ათწლეულების მთავარ კრიზისებს. დღეს ევროპა სულ უფრო მეტად ჩამორჩება გლობალურ კონკურენციას და მუდმივ კრიზისშია. დღესაც კი, ფუშეს გეგმის პრინციპებმა შეიძლება დაგვანახონ გზა ევროპისკენ, რომელიც პატივს სცემს ერების სუვერენიტეტს და გაურბის იმპერიულ ევროპულ ჩიხს, რომლისკენაც კონტინენტი მიისწრაფვის.
თავდაპირველი ევროპული პროექტი ეფუძნებოდა ქვეყნებს, რომლებიც ნებაყოფლობით გადასცემდნენ თავიანთი სუვერენიტეტის ნაწილს გაერთიანებას, როცა ამას ყველასთვის სარგებელი მოჰქონდა. თუმცა, ევროკავშირში ინტეგრაცია სულ უფრო მეტად ხდება გენერალური გეგმა, რომელიც ეროვნული სუვერენიტეტის შელახვისკენაა მიმართული. ბრიუსელში წევრ ქვეყნებს მოწინააღმდეგეებად მიიჩნევენ. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს ხშირად თვითნებური გადაწყვეტილებები გამოაქვს, რომლებიც თანამეგობრობის სამართლის უპირატესობას ეფუძნება და არა ეროვნულ კანონმდებლობას, და ეს კიდევ უფრო ამძაფრებს კონფლიქტს წევრებს შორის. ეს დინამიკა განსაკუთრებით პრობლემურია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის; ისინი, თავიანთი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ერთგული ევროპელები არიან და ეროვნულ სუვერენიტეტს ფუნდამენტურად მიიჩნევენ. ისინი იბრძოდნენ თავისუფლებისა და თვითგამორკვევისთვის და ამას არავის ბრძანებით არ დათმობენ. დღეს კავშირის მმართველი მიმართულება აშკარად ფედერალისტურია, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ნაციონალური, საერთო ევროპა სურს და არა იმპერია.
სიტუაცია არ არის უიმედო, რადგან ევროპის პოლიტიკურ რუკაზე ახლახან გამოჩნდა ძალა, რომელსაც შეუძლია განავითაროს ერებზე დაფუძნებული პროგრამა და კავშირი შესაბამისად გარდაქმნას. ეს ახალი ძალა „პატრიოტები“ არიან. „პატრიოტთა ფრაქციის“ ჩამოყალიბება ისტორიული მნიშვნელობის გარდამტეხი მომენტია, რადგან ევროკავშირის ისტორიაში პირველად იქმნება ბიპოლარული პოლიტიკური სტრუქტურის შესაძლებლობა. არის რეალური პოლიტიკური დებატების შანსი და − რაც ახლა უფრო მნიშვნელოვანია − არის რეალურ ამომრჩეველზე დაფუძნებული ძალაუფლების შეცვლის შესაძლებლობა, რომელიც ფუნდამენტურად დაარღვევს კავშირის იმ პოლიტიკურ სისტემას, რომელიც აქამდე უცვლელი ჩანდა. ახალი ფრაქცია არა მხოლოდ იდეოლოგიურ, არამედ პოლიტიკურ გამოწვევას უქმნის ამჟამად არსებულ დომინანტურ ფედერალისტურ ტენდენციას, რომელიც ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას „მეტ ევროპაში“ ხედავს.
„პატრიოტთა ფრაქციამ“ მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი მიზანი: ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა და ევროკავშირის ტრანსფორმაცია. ეს ახალი ძალა აღიარებს კონტინენტის გარე საზღვრების დაცვის აუცილებლობას, მოქმედებს არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ, იცავს ევროპის ქრისტიანულ სულიერ მემკვიდრეობას, წარმოადგენს საღ აზრს დებატებში და, ბოლოსდაბოლოს, მხარს უჭერს მშვიდობას. ფრაქციის ფორმირებამ შოკში ჩააგდო ევროკავშირის ენერგოცენტრი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ოპონენტების გარეშე მუშაობდა. პირველად გამოჩნდა ორგანიზებული პოლიტიკური ძალა, რომელიც მმართველი მიმართულების რეალისტურ ალტერნატივას წარმოადგენს და ეს ახალი დინამიკა თვალსაჩინოა ევროპარლამენტის დონეზეც, ვინაიდან „ევროპელი პატრიოტები“ სიდიდით მესამე ფრაქციას შეადგენენ. ევროპარლამენტი აღარ არის მხოლოდ ლიბერალური და ფედერალისტური ტენდენციების სცენა, არამედ იგი იმ რეალურ პოლიტიკურ ასპარეზად იქცა, სადაც ეროვნული სუვერენიტეტის მხარდამჭერები იმყოფებიან. „პატრიოტების ფრაქცია“ წარმოადგენს ცენტრალიზაციის მცდელობების მკაფიო ალტერნატივას და მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს უშუალო გავლენა მოახდინონ მათ შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. „პატრიოტები წარმატებული ევროპის დაბრუნებას გვპირდებიან. ევროპისა, რომელიც არ მოქმედებს ზემოდან ქვემოდან, არ მბრძანებლობს, არ სჯის, არამედ აშენებს ევროპულ თანამშრომლობას წევრი ქვეყნების თანაბარი უფლებების პატივისცემის საფუძველზე“.
დე გოლი და „ფუშეს გეგმა“ დღეს ევროპის მომავლის მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა. მიუხედავად იმისა, რომ კონცეფცია თავდაპირველი სახით ვეღარ აღდგება, მისი სული − ერთა სუვერენიტეტია, რომელიც დღეს არა მხოლოდ მართებული, არამედ რეალისტურიცაა. შესაძლებელია ერთდროულად წარმოებდეს პროევროპული და ეროვნულ სუვერენიტეტზე დამყარებული პოლიტიკა. 60 წლის წინ დე გოლმა წარმატებას ვერ მიაღწია და იმისათვის, რათა ამ იდეამ დღეს გაიმარჯვოს, მეტი ძალა და მონდომებაა საჭირო, ვიდრე მაშინ, მაგრამ ეს არ არის შეუძლებელი, რადგან ამ რეალისტური პროგრამის განხორციელებას დემოკრატიული მხარდაჭერა და მოქალაქეთა უმრავლესობის ხმა სჭირდება. „პატრიოტების ფრაქციის“ გამოჩენასთან ერთად არსებობს რეალური შანსი, რომ ევროკავშირი რადიკალურად შეიცვლება. ევროპა კვლავ ძლიერი იქნება, თუ იგი თავის საფუძვლებს დაუბრუნდება: „ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიის პატივისცემას“.
Telex-ის შეკითხვაზე, რას ფიქრობს ვიქტორ ორბანი საიერის ახალ თანამდებობაზე, ბერტალან ჰავასიმ, პრემიერმინისტრის პრესის ხელმძღვანელმა, თქვა: „ეს მხოლოდ დროის საკითხია“.
ძირითადად ვარაუდობდნენ, რომ ორბანი არ შეწყვეტს კონტაქტს საიერთან, Fidesz-ის EP დელეგაციის ხელმძღვანელთან, პარტიის ერთ-ერთ მთავარ ინტელექტუალთან და ერთ-ერთ დამფუძნებელ წევრთან. გასულ კვირას ჰავასიმ დაამატა, რომ „პრემიერი რეგულარულად ხვდება იოზეფ საიერს“, რადგან ისინი უნივერსიტეტიდან მეგობრობენ.
ყოფილი ევროპარლამენტარი ამბობს, რომ მან ბოლო ოთხი წელი სულიერი ზრდისთვის გამოიყენა, მძიმე ავადმყოფობის ფონზე.
რაც შეეხება 2020 წელს პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლას, მან განაცხადა: „მე არ გავაკეთებ კომენტარს 2020 წლის დეკემბერში ჩემს გადადგომასთან დაკავშირებულ პირად საკითხებზე, ეს არის ჩემი კანონიერად დაცული პირადი ცხოვრების ნაწილი და ეს არ არის სხვისი პასუხისმგებლობა“, − თქვა საიერმა და ბოლოს დასძინა, რომ 2020 წელს არ მოიხმარდა ნარკოტიკს და მის წინააღმდეგ არანაირი სამართალწარმოება არ ყოფილა აღძრული. მას მხოლოდ ჯარიმის გადახდა მოუწია, Covid-19-ის შეზღუდვების დარღვევის გამო.