შვედეთმა და ფინეთმა თავიანთი მოქალაქეების გაფრთხილება დაიწყეს, მოემზადონ ომისთვის, რადგან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმა მძვინვარებს.
ორშაბათს სტოკჰოლმმა გამოაქვეყნა თავისი ბროშურის „კრიზისის ან ომის შემთხვევაში“ უახლესი ვერსია, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ასწავლის, როგორ მოემზადონ ეროვნული კრიზისისთვის.
ბროშურა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხუთჯერ გამოიცა, ახლა მოცულობით ორჯერ მეტია (32 გვერდი) და ფოკუსირებულია ომისთვის მზადყოფნაზე, რადგან შვედეთის მთავრობა მოსახლეობას უკრაინაში მდგომარეობის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
„უსაფრთხოების მდგომარეობა სერიოზულია და ყველამ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი გამძლეობა სხვადასხვა კრიზისისა და, საბოლოოდ, ომის მიმართ“, − თქვა მიქაელ ფრისელმა, შვედეთის სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების სააგენტოს დირექტორმა.
მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ბროშურის დაახლოებით 5,2 მილიონი ეგზემპლარი გადაეცემა შვედურ ოჯახებს, ტექსტი ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ, სხვადასხვა ენაზეც.
ბროშურა მოუწოდებს მოქალაქეებს, მოიმარაგონ საკვები და პირველადი დახმარების ნივთები, ასევე ბავშვთა საკვები, მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები.
შვედეთში კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც მეზობელმა ფინეთმა კრიზისისთვის მოსამზადებელი საკუთარი ონლაინბროშურა გამოაქვეყნა, სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ მოიქცეოდა ფინეთის მთავრობა ომის შემთხვევაში.
ჰელსინკიმ აღნიშნა, რომ სექტემბრის ბოლოს ჩატარებული სამთავრობო გამოკითხვის თანახმად, ფინელების მხოლოდ 58%-ს აქვს შინ ადეკვატური სასწრაფო დახმარება კრიზისთან გასამკლავებლად.
გაფრთხილებები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ნორვეგიამ მიმდინარე წლის დასაწყისში ბეჭდური ბროშურები გამოაქვეყნა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მართონ მოქალაქეებმა სიტუაცია დამოუკიდებლად, ეროვნული კრიზისისა და ომის შემთხვევაში.