ყველასთვის მოულოდნელად ამერიკის პრეზიდენტმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ორიოდ თვეში ეწურება, მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეში იერიშების მიტანის ნება მიეცა და მას დიდი ბრიტანეთიც აჰყვა. რუსეთის ტერიტორიის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის გადაწყვეტილებაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რადგან ეს ორი ქვეყანა, ბოლოს და ბოლოს, ერთმანეთთან ომობს, იმის მიუხედავად, რომ არც ერთს არ აქვს გამოცხადებული ომი მეორისთვის (რაც, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ და დამატებით ამზეურებს გეოპოლიტიკისთვის დამახასიათებელ ფარისევლობას), რომ არა ერთი მაგრამ: რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის გადაწყვეტილებას იღებს არა კიევი, არამედ ვაშინგტონი.
უცნაურია, რომ ეს გადაწყვეტილება თეთრმა სახლმა სწორედ ახლა მიიღო, როდესაც უკრაინას ამ უფლების მინიჭება ომის მიმდინარეობაში გარდატეხის შეტანაში ვერ დაეხმარება. მით უფრო, რუსეთის პრეზიდენტმა ორიოდ თვის წინათ განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური წამოების იარაღით დაბომბვას განიხილავდა, როგორც ამ იარაღის მწარმოებელი ქვეყნის თავდასხმას რუსეთის ფედერაციაზე, ვინაიდან, მისი თქმით, აღნიშნული იარაღის მართვა, მათ შორის, დამიზნება მხოლოდ მწარმოებელს შეუძლია და არავითარ შემთხვევაში უკრაინელ სამხედროებს. CIA-ის ყოფილი ანალიტიკოსის, ლარი ჯონსონის განმარტებით, ხსენებული „ატაკამსები“, რომლებითაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორია დაბომბა, უკრაინაში ამ წლის მარტიდანაა შეტანილი (ესე იგი, აშშ-ს მათი გამოყენების გადაწყვეტილება სწრაფად და მოულოდნელად არ მიუღია). მათი რაოდენობა 50 ცალია და მათი 36 პროცენტი უკვე გამოიყენეს უკრაინელებმა, თუმცა როგორც რუსული, ისე ამერიკული წყაროების ცნობით, მიზანს ვერც ერთმა ვერ მიაღწია, მხოლოდ ერთმა გამოიწვია ხანძარი, დანარჩენები კი რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო (თითოეული „ატაკამსის“ ღირებულება 1.2-1.5 მილიონი აშშ დოლარია), რაც, ლარი ჯონსონის განცხადებით, სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების რეკლამა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამ თაობის „ატაკამსების“ ფრენის რადიუსი 300 კილომეტრია და მისი გაუმჯობესებული ვარიანტებიც არსებობს.
მანამდე კი, 2024 წლის სექტემბრის ბოლოს, ვლ. პუტინმა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში მოსალოდნელ ცვლილებებზეც ისაუბრა, რაც, მოკლედ რომ თქვათ, რუსეთს საშუალებას მისცემდა, უფრო მოქნილად გამოეყენებინა ბირთვული იარაღი, ანუ იზრდებოდა იმ საფრთხეების ჩამონათვალი, რაც რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას მისცემდა (თუმცა, დამეთანხმებით, როდესაც ბირთვული იარაღი გაქვს, კაცმა რომ თქვას, როცა საჭიროდ ჩათვლი, სწორედ მაშინ გამოიყენებ).
მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ზემოხსენებულო ნებართვა გასცა, კრემლის საიტზე რფ-ის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ე. წ. ბირთვული დოქტრინის განახლებული ვარიანტიც გამოქვეყნდა (როგორც ჩანს, ისინიც შესაფერის მომენტს ელოდნენ), რომელიც გულისხმობს, რომ ამიერიდან რუსეთის ფედერაცია იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი იმ შემთხვევაში:
- თუკი მას თავს დაესხმებიან არაბირთვული იარაღით, მაგრამ ეს მის უსაფრთხოებას უქმნის „კრიტიკულ საფრთხეს“ (იგივე მიდგომა ვრცელდება ბელორუსიაზე, როგორც მოკავშირე სახელმწიფოს წევრზე);
- საჰაერო-კოსმოსური თავდასხმის შემთხვევაში, როდესაც დადასტურებულია მასირებული შეტევა. ჩამოთვლილია საფრენი აპარატები: ტაქტიკური ავიაცია, უპილოტო საფრენი აპარატები, ფრთოსანი რაკეტები. ჰიპერბგერითი და სხვა საფრენი აპარატები (დოქტრინის წინა ვარიანტში ამ კონტექსტში ნახსენები იყო მხოლოდ ბალისტიკური რაკეტები);
- ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს თავდასხმა, რომელსაც მხარს უჭერს ბირთვული სახელმწიფო, განიხილება, როგორც მათი ერთობლივი თავდასხმა.
- ე. წ. ბირთვული დოქტრინა ცხადდება დოკუმენტად, რომლის ადაპტირებაც შესაძლებელია ვითარების შეცვლის პარალელურად.
რუსული სარაკეტო პასუხი
მაგრამ მხოლოდ დოკუმენტით არ შემოფარგლულა რფ-ის რეაქცია აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე. მეორე დღესვე, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკისა და ბრიანსკის ოლქებზე რამდენიმე ამერიკული „ატაკამსით“ მიიტანეს იერიში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას უკრაინულ ქალაქ დნეპროპეტროვსკში გამოიყენეს ახალი, დღემდე უცნობი საშუალო სიშორის რაკეტა (სახელად „ორეშნიკი“), რის შედეგადაც, რუსული წყაროების ცნობით, განადგურდა დნეპროპეტროვსკის სამხედრო წარმოება „იუჟმაში“.
მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ „ორეშნიკი“ საომარი მოქმედებების პროცესში დაიტესტა და, თუ სატელევიზიო გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტის საკმაოდ აღტაცებული გამომეტყველებით ვიმსჯელებთ, ასეთ შედეგს ისიც არ ელოდა.
ბუნებრივია, არავის აქვს ზუსტი მონაცემები „ორეშნიკის“ შესახებ (მიზეზი მარტივია - ეს სამხედრო საიდუმლოა), ამიტომ ცნობისმოყვრეობის დაკმაყოფილება რუსული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გვიწევს.
შესაბამისად, სწორედ რუსეთის პრეზიდენტმა აცნობა დანარჩენ მსოფლიოს, რომ „ორეშნიკი“ დამოუკიდებელი რუსეთის შემოქმედებაა და არა მოდერნიზებული ძველი საბჭოთა რაკეტა და მისი სიჩქარე 2-3 კილომეტრია წამში. დამატებით, ამრიკელმა სამხედრო ექსპერტებმა დასძინეს, რომ „ორეშნიკს“ აქვს 6 ქობინი და თითოეულს, ასევე, დამატებით შეუძლია, იქონიოს 6-6 ქობინი, ანუ საბრძოლო მასალა და თუმცა პირველ ჯერზე ახალმა რაკეტამ არაბირთვული იარაღით გაანადგურა სამიზნე, მას შეუძლია, ბირთვული შეტევის განხორციელებაც.
ასევე, ითქვა, რომ „ორეშნიკის“ გადაჭერა დღეს არსებული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით შეუძლებელია, მისი მოქმედების რადიუსად კი 3 000- 6 000 კილომეტრი დასახელდა.
იმას, რომ გადაჭერა, ყოველ შემთხვევაში, რთულია, მოწმობს დასავლური მედიით გავრცელებული თავდაპირველი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთმა კონტინენტთაშორისი რაკეტა გამოიყენა (ანუ რადარმა დააფიქსირა რაკეტა, მაგრამ, სულ მცირე, ვერ ამოიცნო). როგორც რფ-ის პრეზიენტი ამბობს, „ორეშნიკს“ ეს შესაძლებლობა არ აქვს. თუმცა მისი ფრენის რადიუსი სავსებით საკმარისია ევროპის ტერიტორიის დასაფარად. რფ-ის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების სარდალ კარაკაევის მტკიცებით, „ორეშნიკს“ შეუძლია სამიზნეების განადგურება ევროპის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, დაცული სამიზნეებისაც.
რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში გამართულ თათბირზე, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სარაკეტო სისტემების შემქმნელი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ (რომლებსაც, რუსეთის პირველი პირისგან განსხვავებით, რატომღაც, საკმაოდ მოწყენილი და დაძაბული სახეები ჰქონდათ), ბრძანა „ორეშნიკის“ სერიულ წარმოებაში ჩაშვებისა (მისი საომარ მქომედებებში გამოცდების პარალელურად) და სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების შეიარაღებაში ჩართვის შესახებ.
რაც მთავარია: „ორეშნიკის“ გარდა დამუშავების პროცესშია მსგავსი ტიპის კიდევ რამდენიმე სისტემა, რომელთა სერიულ წარმოებასაც მათი გამოცდის შემდეგ დაიწყებენ.
ამერიკული რეაქცია
„ეკონომისტის“ ცნობით, აშშ-ის კონგრესი აპირებს, მოითხოვოს პრეზიდენტ ბაიდენის იმპიჩმენტი, რადგან, მათი შეფასებით, მის მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რუსეთის წინააღმდეგ შორი მოქმედების რაკეტების გამოყენების უფლების მიცემა საფრთხეს უქმნის აშშ-ს უსაფრთხოებას. ეს ინიციატივა კონგრესმენ თომას მასს ეკუთვნის და იმას გარდა, რომ ბაიდენის ქმედებას არაკონსტიტუციურს უწოდებს, კონგრესმენი ამატებს, რომ პრეზიდენტ ბაიდენს დამოუკიდებლად მოქმედების ნება არ გააჩნია.
პენტაგონის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა (სანამ გაირკვეოდა, რომ „ორეშნიკი“ საშუალო სიშორის და არა კონტინენტთაშორისი რაკეტა იყო, ანუ აშშ-ს ვერ მისწვდებოდა), არც თუ ცნობილმა, მაგრამ რანგით ადმირალმა, განაცხადა, რომ რუსეთის მოქმედებას ბირთვული დარტყმით უნდა უპასუხონ, რათა რუსეთი განადგურდეს, ოღონდ ბირთვული არსენალი ბოლომდე არ უნდა დაცალონ, რათა სხვა ბირთვული სახელმწიფოების შეკავების საშუალება დარჩეთ (ეს განცხადი მოწმობს, რომ დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილშიც არ უჩივიან სახელმწიფო უწყებებში ცხელთავიანობის ნაკლებობას).
ლარი ჯონსონის თქმით, აშშ-მა და ნატომ ვერ გააოცეს მსოფლიო თანამედროვე შეიარაღებით, პირიქით, უკრაინის არმიის წარუმატებლობამ დააზიანა აშშ-ს იმიჯი, ვინაიდან 20022 წლის თებერვლამდე უკრაინას სიდიდითა მეორე არმია ჰყავდა ევროპაში, რომელსაც 2007 წლიდან ნატო წვრთნიდა.
ბუნებრივია, იბადება კითხვა: რატომ არ პასუხობს რუსეთი აშშ-ს, როდესაც ამერიკული „ატაკამსებით“ უკვე დაიბომბა რუსეთის ტერიტორია? ლარი ჯონსონის ვერსიით, რუსები ხედავენ, რომ ამერიკული შეიარაღება კრიტიკულ საფრთხეს არ უქმნის რუსეთს და ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებების შეტანას, კერძოდ, მასში „კრიტიკული საფრთხის“ ხსენებას იმის მინიშნებად მიიჩნევს, რომ, თუკი ამერიკული რაკეტები რუსეთს კრიტიკულ ზიანს მიაყენებენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებენ ბირთვულ პასუხს.
ჯერჯერობით დუმს ახლად არჩეული პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც პოლიტიკურ პროცესებზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს. ოფიციალური განცხადებები არც დასავლეთის სხვა სახელმწიფოების ლიდერებს გაუკეთებიათ, თუმცა, რადგან აშშ-ს მიერ ნებართვა გაცემულია, ხოლო რუსეთი, არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ ევროპას დაემუქრა, ერთ-ერთი ვერსიით, ბოლო უკრაინელის ამოწურვის შემდეგ ევროპას მოუწევს დარტყმის მიღება. შესაძლოა, ამითაც აიხსნას, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთისა და პოლონეთი ევროდეპუტაციის დაინტერესება საქართველოს დამუნათებითა და კრიტიკით: ბალტიისპირეთი პირველი ხაზის სამიზნეა, ხოლო პოლონეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ჰაბია, სამხედრო მიზნებით კი, სწორედ ის შეიძლება, იქცეს დარტყმის უპირველეს ობიექტად, თუ ვითარება გამწვავდება.
მხარეებმა სვლები გაცვალეს, მაგრამ მაინც უპასუხოდ რჩება კითხვა: რატომ არის დასავლეთი რფ-ის პრეზიდენტის კეთილგონიერების (რომ არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, თუკი, მისი შეფასებით, რუსეთს ყოფნა-არყოფნის საფრთხე დაემუქრება) ან სიმხდალის (ვერ გაბედავს ბირთვული ბომბის სროლას), ან რუსეთის ბირთვული არსენალის გაუმართაობის იმედად?!
ამის მიუხედავადაც, უკრაინას, როგორც ჩანს, ბოლომდე მოუწევს გეოპოლიტიკური დაპირისპირების პოლიგონობა, როდესაც მისი მოსახლეობა შეეწირება დაპირისპირებული მხარეების მიერ თავიანთი ძალების დემონსტრირებასა და მოსინჯვას, რაც, ცხადია, იფუთება, როგორც უკრაინელი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის (თან, ისეთი თავისუფლებისთვის, როდესაც აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვის უფლება სხვებთან უნდა შეათანხმო, საკუთარი არც შეიარაღება გაქვს, არც ფული და არც სარადარო და თანამგზავრული მოწყობილობები).
საზარბაზნე ხორცს ფასი არავისთვის აქვს, მაგრამ, როდესაც ხორცსაკეპი ამოქმედებულია, მისი გაჩერება ჭირს. დასავლეთი ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს. სავარაუდოდ, სამომავლო სვლებს გეგმავენ: ან დაასკვნიან, რომ უკვე საკმარისი სისხლია დაღვრილი და შესაძლებელია, მოლაპარაკების მაგიდა მიუსხდნენ, ან საზარბაზნე ხორცობისთვის ევროპა მზადდება (აშკარაა, უკრაინა აღარ ჰყოფნის).
თუ გავიხსენებთ, რომ აშშ-ს სტრატეგიაა, სხვების მეშვეობით სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მიღწევა, მას, სავარაუდოდ, შემონახული ექნება თავისი მიზნების ეფექტიანად მიღწევის საშუალებები, თუმცა, მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების შედეგად რუსეთი, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის მეხუთედი არათუ დაპყრობილი, აღიარებულიც აქვს, უფრო ძლიერია, ვიდრე 2022 წლის 22 თებერვლამდე, რაც პრობლემებსაც გვიმძიმებს და ნათლად მიანშნებს, რომ გეოპოლიტიკური ვაჭრობისას შესაძლოა, ხურდის ფუნქციაც არ გვქონდეს.