საპრეზიდენტო არჩევნები იანვარში გაიმართება - იქნება თუ არა ივანიშვილი “ოცნების” კანდიდატურა

საპრეზიდენტო არჩევნები იანვარში გაიმართება - იქნება თუ არა ივანიშვილი “ოცნების” კანდიდატურა

სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა ამ წლის ბოლოს ეწურება და როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, საპრეზიდენტო არჩევნები იანვრის დასაწყისში გაიმართება. ამჯერად პრეზიდენტს 300 კაციანი საარჩევნო კოლეგია ირჩევს და ანალიტიკოსები არ გამორიცხავნ, რომ ახლა "ოცნებაში" მიდიოდეს კანდიდატურის შერჩევის პროცესი, ან უკვე შერჩეული ჰყავს.

ანალიტიკოსების ვარაუდით, შესაძლოა საპრეზიდენტო კანდიდატი რიგ მიზეზთა გამო, "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყოს, ან ისეთი პირი, რომელსაც საზოგადოების მეტ-ნაკლები ნდობა აქვს და დასავლეთისთვისაც მისაღებია.

უნდა აღინიშნოს, რომ 300-კაციან საარჩევნო კოლეგიაში შედის: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 ადამიანი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.

მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან წარმომადგენლები შემდეგნაირად შეირჩევა - ყველა პარტიას, რომელმაც 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში 1% მაინც მიიღო, შეუძლია, რომ საარჩევნო კოლეგიაში დელეგატი წარადგინოს, რაოდენობა კი მიღებული პროცენტების პროპორციულად ნაწილდება.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.

„ყველაფერი არის მშვიდად, წყნარად, შეჯამდება არჩევნების შედეგები, აქედან მეათე დღეს გაიმართება პარლამენტის სხდომა. ამის შემდეგ საპარლამენტო ცხოვრება დაიწყება. აქედან ძალიან მალევე, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება, შემდეგ შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია.

„ქვეყანა ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას. არაერთი პროექტი ხორციელდება, ჩვენი 4-წლიანი პროგრამის შესრულებას ვიწყებთ. პასუხისმგებელი ვართ, რომ 4 წლის თავზე შესაბამის ანგარიშს ჩავაბარებთ ქართულ საზოგადოებას. ჩვეულებრივად, მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, რის დადგმასაც ახლა ოპოზიცია ცდილობს, არის ქარიშხალი ჭიქაში",- განაცხადა კობახიძემ.

ვინ შეიძლება გახდეს მეექვსე პრეზიდენტი და რა მოჰყვება საპრეზიდენტო არჩევნებს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქართული ოცნება" ისეთ ადამიანს შეარჩევს, რომელსაც ექნება მეტ-ნაკლები ცნობადობა, საზოგადოების ნდობა და დასავლეთისთვისაც მისაღები იყოს.

"ქართული ოცნება" ალბათ ისეთ შეცდომას აღარ დაუშვებს, რაც სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში დაუშვა. ჩემთვის დღემდე აუხსნელი მიზეზების გამო, მასზე შეაჩერა არჩევანი და ეს მას დაუჯდა არა მარტო პოლიტიკურად, არამედ სხვა განზომილებითაც, რაც ყველამ კარგად დაინახა.

"შესაბამისად, შერჩეული იქნება ადამიანი, რომელიც შეიძლება "ქართულ ოცნებასთან" ასე პირდაპირ არ იყოს აფილირებული და საზოგადოებაში ექნება მეტ-ნაკლები ცნობადობა და ნდობის კრედიტი, რომ ეს არ იყოს "რუხი ცხენი" - არსაიდან მოსული ადამიანი. ალბათ ახლა ასეთ კანდიდატურაზე მიდის მუშაობა და მისი გამოძებნა. ერთია, რომ პარტიას ვინმეს შერჩევა უნდოდეს და მეორეა, რომ ის ამ თანამდებობის დაკავებაზე დათანხმდეს",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილი რამდენად დათანხმდება, ანალიტიკოსმა გვითხრა:

"ვერ გეტყვით რამდენად შეიძლება დათანხმდეს, ყოველ შემთხვევაში, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ვარიანტი არ განიხილება, მაგრამ პოლიტიკური სიტუაცია ისე სწრაფად და განუჭვრეტლად ვითარდება, რომ ყველაფერი დასაშვებია",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანჯაფარიძე ფიქრიბს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები პოზიციის პროტესტისთვის დამატებითი მოტივაცია ვერ გახდება.

"მე ნამდვილად ვერ ვხედავ იმის მიზეზს და მოტივს, რომ ოპოზიციამ პრეზიდენტის კანდიდატურის გამო აქციები გამართოს. აქციას რაღაც აზრი, დატვირთვა და რაღაც არგუმენტაცია ხომ უნდა ჰქონდეს, რომ ხალხი გამოჰყვეს?! აგერ ვხედავთ, რომ აქციებს არჩევნების გაყალბების მოტივით მართავენ, მაგრამ მაინცდამაინც ბევრ მონაწილეს ვერ აგროვებენ.

"მორეც, სადღეისოდ ოპოზიციის პოზიცია ასეთია, რომ პარლამენტში არ შევლენ და თუ საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვას არ აპირებენ და ისევ ქუჩაში იდგებიან, მათთვის პრეზიდენტის კანდიდატურის გაპროტესტებას რა აზრი აქვს? მათთვის სულერთი იქნება ვინ იქნება პრეზიდენტი, თუკი ისინი ოფიციალურ პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებენ.

"ვიდრე პრეზიდენტს დაამტკიცებდეს კოლეგია, დასავლეთმა უნდა აღიაროს საპარლამენტო არჩევნები, რომ მიუხედავად არსებული დარღვევებისა, მაინც მეტ-ნაკლებად ლეგიტიმური იყო და თუკი დასავლეთი საპარლამენტო არჩევნებს აღიარებს, პრეზიდენტის კანდიდატურაზე რა რეაქცია უნდა ჰქონდეს?

„ჩემი აზრით, საღი აზრიდან და პოლიტიკური პრაგმატიზმიდან გამომდინარე, "ოცნებამ" ისეთი პიროვნება უნდა შეარჩიოს, რომელიც მას აწყობს, პოლიტიკურ პრობლემებს არ შეუქმნის და იქნება ისეთი, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება ასევე დასავლეთისთვისაც",-განაცხადა ანჯაფარიძემ "რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" თავად ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა წამოაყენოს. მისი თქმით, არაა გამორიცხული დასავლეთს და ოპოზიციას ანალოგიური რეაქცია ჰქონდეს, როგორც საპარლამენტო არჩევნებისას ჰქონდა.

"არაა გამორიცხული, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილმა იყაროს კენჭი, რადგან ის უკვე სხვა რომელიმე კანდიდატს აღარ ენდობა. მისი ინიციატივა იყო როგორც გიორგი მარგველაშვილის, ისე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა და არცერთმა არ "გაუმართლა".

„თან რაღაც გარანტიებიც ექნება, თუმცა არჩევნებში მონაწილეობას პარლამენტი იღებს და თუ ის არალეგიტიმური იქნება და დასავლეთიდან არ აღიარებენ, ლეგიტიმაცია არ ექნება არც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და არავინ არ მიულოცავს.

"ახლა თავისთავად გამორიცხულია, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა კვლავ წამოაყენონ, უფრო ბიძინა ივანიშვილი მგონია, რომ მერე არავინ არ თქვას, რომ არაფორმალური მმართველობაა.

"ეს ოპოზიციისთვის დამატებითი მიზეზი იქნება, რომ ქუჩაში გამოვიდეს. შიდა სიტუაცია ისედაც დაძაბულია, კულმინაციური მომენტი იქნება, როცა პარლამენტის ე.წ. პირველი სესია ჩაინიშნება. პრეზიდენტის არჩევნები კი, რა თქმა უნდა, სიტუაციას უფრო გაამწვავებს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

 

არაგველი641 მარგველაშვილი და ზურაბიშვილი არანაირად არ იყვნენ ივანიშვილის კანდიდატები. ისინი დასავლეთის ქვოტით აირჩიეს და მაგიტომაც იქეთკენ წავიდნენ საბოლოოდ.
2 კვირის უკან
არაგველი641 პრეზიდენტად მე ვისურვებდი პეტრე მამრაძეს.
დაასახელეთ ყველამ თქვენი ფავორიტი.
2 კვირის უკან