,ქართული ოცნებისთვის' საყრდენი ბურჯანაძისა და ინაშვილის პარტიები იქნება'

,ქართული ოცნებისთვის' საყრდენი ბურჯანაძისა და ინაშვილის პარტიები იქნება'

ამუკა გამყრელიძის პროგნოზები და შეფასებები

ყოფილი სახელისუფლებო პარტია ,,ქართულ ოცნებას' ქვეყანაში ქაოსის შექმნაში ადანაშაულებს, ოპოზიციის სხვა ნაწილი - უსუსურობაში. ექსპერტების ნაწილი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ხედავს. სხვანაირად აფასებს მოვლენებს საზოგადოება ,,ივერიის' დამფუძნებელი, ექსპერტი მამუკა გამყრელიძე.     
- თუ სამოქალაქო დაპირისპირებაში ხელჩართულ ბრძოლას ვიგულისხმებთ, ასეთი რამ მოსალოდნელი არ არის. იმედია, საზოგადოებას ჯერ კიდევ ახსოვს 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირება, მისი დამანგრეველი შედეგები და თავს მაქსიმალურად შეიკავებს. პროცესების ესკალაციას რუსეთის ფაქტორიც შეუწყობს ხელს... თუ დაპირისპირებას იმას დავარქმევთ, რომ საზოგადოება გახლეჩილია, ამ შემთხვევაში, დაპირისპირების ალბათობა არსებობს, თუმცა გარეშე ძალების ჩაურევლად ნაკლებად მოსალოდნელია. დარწმუნებული ვარ, რუსეთის სპეცსამსახურები ამ საკითხზე უკვე მუშაობენ და მათ ხელს ადგილობრივი კოლაბორაციონისტებიც უწყობენ. ეს ქმნის საშიშ ფონს. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი რუსეთზე ეკონომიკურადაა დამოკიდებული. არიან ისეთებიც, რომლებიც ნაციონალებს გამწარებული ჰყავდათ და სურთ, მათზე იერიში მიიტანონ. არ ვამბობ, რომ ისინი სამშობლოს მტრები არიან. დღეს ორი დაპირისპირებული მხარე ლაპარაკობს, არ დებს არგუმენტებს, მათ ერთმანეთის არ ესმით. ამაზე მეტი დაპირისპირება რა შეიძლება იყოს? სამწუხაროდ, აღარ არიან ე.წ. ნაცები და ,,ქოცები', არიან ანტინაციონალები და ანტიქოცები. ისინი, უბრალოდ, ერთმანეთის მოწინააღმდეგეები არიან და არა გარკვეული იდეის მიმდევრები. 

- იდეის არქონა ცალკე პრობლემაა... ასეთი მდგომარეობა რამ შექმნა? 
- ძალა, რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, ერთი იდეის გარშემო შეკრებილი საზოგადოება კი არა, დესტრუქციული იყო. ნაციონალების წინააღმდეგ გამოიყენეს შავი პიარის ელემენტები და ყველაფერი, მართლაც, ძალიან ოსტატურად იყო გაკეთებული, ვერაფერს ვიტყვით. 

- ანუ ციხის ცნობილი კადრები ოსტატურად გათვლილი საარჩევნო გეგმის ნაწილი იყო? 
- ასე მიმაჩნია... როცა ხელისუფლებაში ნეგატივზე მოსული ძალა მოდის, ის პოზიტივს ვერასოდეს მოგცემს: ეკონომიკაში სერიოზული პრობლემებია - ორი წლის შედეგებით დაანონსებული ჯერ 7%-იანი ეკონომიკური ზრდა, 5%-ზე ჩამოვიდა, მაგრამ ესეც არ სრულდება და ნელ-ნელა რეცესიაში შევალთ. ამას ისიც დავუმატოთ, რომ არ შესრულდა ,,ქართული ოცნების' ერთი წინასაარჩევნო დაპირებაც კი, გამონაკლისების გარდა. ის, რომ გაზი და ნავთობი უნდა გაიაფებულიყო, გაჭირვებული ფენისთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ გაზზე ფასის ზრდა მივიღეთ, რაც აუცილებლად აისახება ელექტროენერგიაზეც. სამუშაო ადგილები, მართალია, ცოტათი, მაგრამ შემცირდა. საინვესტიციო პროექტები ისეთი დონის არაა, როგორც ნაციონალების დროს იყო. რაც მთავარია, გაცემულია სამართლიანობის აღდგენის პირობა. როცა ვიღაც ასეთ პირობას გაძლევს, უნდა მიხვდე, რომ გატყუებს. სამართლიანობა ზუსტი კი არა, აბსტრაქტული ცნებაა და სამართლიანობაზე ყველას თავისი შეხედულება აქვს. კანონის დაცვა - კი ბატონო... 

- ამბობთ, ,,ქართული ოცნებას', რომელიც კოალიციური გაერთიანებაა, 2012 წლის არჩევნებისთვის ერთიანი სამოქმედო გეგმა, იდეა და მიმართულება არ ჰქონდა. მაგრამ ამომრჩეველს მაშინ სხვა არჩევანი ჰქონდა? 
- ეს ყველაზე მტკივნეული საკითხია. რაც ნაცმოძრაობამ გააკეთა, ალბათ, ძალიან წინდაუხედავი პოლიტიკური ძალა თუ მოახერხებდა - თავისივე წიაღში, იდეურად დაახლოებულ ადამიანებში ისეთები ვერ მოძებნეს, რომლებიც ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალას შექმნიდნენ და რომელსაც იგივე ვექტორი ექნებოდა, რაც ნაცმოძრაობას ჰქონდა. ავიღოთ აშშ, სადაც ერთმანეთს ებრძვიან რესპუბლიკელები და დემოკრატები. ხან ერთი მოდის ხელისუფლებაში, ხან - მეორე, მაგრამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი არ იცვლება. შიდაპოლიტიკურ საკითხებში კი განსხვავება, რა თქმა უნდა, არის. 

- ჩვენთანაც მსგავსი პოლიტიკური კულტურა რომ არსებობდეს, მნიშვნელოვანი გზა უნდა გავიაროთ. როგორც ვხვდები, გინდათ, საქართველოში, აშშ- მსგავსად, ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა იხილოთ და აქედან ერთი ნაცმოძრაობა იყოს, არა? 
- არ აქვს მნიშვნელობა, ორი იქნება თუ მეტი. მთავარია, პოლიტიკური ძალების ძირითადი კურსი დასავლეთისკენ, ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ იყოს მიმართული. ამ ვექტორს, განსაკუთრებით, ჩვენი აგრესიული მეზობლის გათვალისწინებით, ალტერნატივა არ აქვს! ჩემი ვარაუდით, მომავალში ,,ქართული ოცნებისთვის' საყრდენი ბურჯანაძისა და ინაშვილის პარტიები იქნება. ამომრჩეველი მესამე, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ძალას ელის. 

- მესამე ძალა პატრიოტთა ალიანსი იქნება? 
- არა, ჩემის აზრით, ეს დროებითი მოვლენაა. მათი მიზანია, ებრძოლონ ნაციონალებთან გაიგივებულ, ერთი ვექტორის ხალხს. ჩემი აზრით, დღეს ძირითადი ბრძოლა პროგრესის ანუ დასავლური ვექტორის მომხრეებსა და იმ რეტროგრადებს შორის მიმდინარეობს, რომლებიც ისევ რუსეთის ორბიტაში გაერთიანდებიან. 

- ყველა იმ ფაქტორისა და პროცესის გათვალისწინებით, რაც სახეზეა, ,,ქართულმა ოცნებამ' გააცნობიერა, რომ რეიტინგის დაკარგვის საფრთხე ემუქრება და დაკავებების კასკადი ამიტომ დაიწყო? ამ თვალსაზრისით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა პროცესების კატალიზატორად ხომ არ იქცევა? 
- მოსახლეობას პური და სანახაობა სჭირდება. ამ დაკავებებით ,,ქართული ოცნება' მოსახლეობას სანახაობას უწყობს. ვაზაგაშვილების ოჯახის მიმართ ჩემს დამოკიდებულებაზე არ ვისაუბრებ, რადგან ასეთი გაფეტიშებისგან კარდინალურად განსხვავებული პოზიცია მაქვს. მიმაჩნია, რომ ისინი საზოგადოების ასეთი ინტერესის ღირსნი არ არიან. ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალური შეტევა მიიტანოს სამართალდამცავ ორგანოებზე. ვნახეთ გახმაურებული დაჭერები. პოლიციელები მხარდაჭერას, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს მხრიდან უნდა გრძნობდნენ, განსაკუთრებით, კრიმინალთან ბრძოლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უძლურები გახდებიან. ისეთი საჩვენებელი დაჭერები, როგორიც ირაკლი ფირცხალავას, მანამდე კი გენშტაბის უფროსის აყვანა იყო, სახელმწიფოს სიძლიერეზე ცუდად იმოქმედებს. 

- რატომ, პოლიცია ხელშეუხებელია? 
- არ ვამბობ, რომ პოლიციური სახელმწიფო უნდა შევქმნათ, მაგრამ ეს ადამიანები კრიმინალსა და გარეშე მტერს ისე უნდა ებრძოდნენ, არ ჰქონდეთ განცდა, რომ მეორე დღეს ჟურნალისტი თუ არასამთავრობო გალანძღავს ან დააკავებენ. ფირცხალავას მიმართ, ალბათ, იყო გარკვეული კითხვები, მაგრამ ჯერ გამოიძიონ და მერე დაიწყონ დაჭერები. 

- ,,ქართული ოცნება' საჩვენებელ დაჭერებში ნაციონალებს ბაძავს? 
- ნაცმოძრაობა ძალიან ხშირად მიმართავდა ამ ხერხს, განსაკუთრებით ირაკლი ოქრუაშვილის შს მინისტრობისას. სახლებში შევარდნები, ტელეკამერების წინ დაჭერები იაფფასიანი ხერხია. 

- ნაცმოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნები ხელისუფლებაში დაბრუნებითა და ყველას დაჭერით იმუქრებიან. ამის რესურსი აქვთ? 
- აბსურდია... იმდენი ჭკუა აქვთ, მსგავსი განცხადებები არ გააკეთონ. ეს ჭორებია და ნუ ავყვებით. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ნაცმოძრაობას, ალბათ, ექნება ძალა, ამომრჩეველთა ხმების, პლუს-მინუს, 30% მიიღოს. ხელისუფლებაში მოსვლის რესურსი აღარ აქვს. ვადამდელი არჩევნები თუ ჩატარდება, ალბათ, ნაკლები შანსი ექნება... 2016 წლის პარლამენტში შეძლებენ, შექმნან გარკვეული კოალიცია. ნაცმოძრაობა ჩამოსაწერი ნამდვილად არ არის. თუ არჩევნები, რა თქმა უნდა, გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდება. 

- სამართლიანი არჩევნების ჩატარება გაეჭვებთ? 
- რატომღაც ეჭვი მეპარება, ,,ქართულ ოცნებას' 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება არ სურდეს. გაყალბების შემთხვევაში, ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ. ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს არჩევნებში ყოველთვის იყენებს. 

- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ,,ქართული ოცნებისთვის' ხელსაყრელია? 
- უდავოდ. ერთის მხრივ იმიტომ, რომ მისი რეიტინგი სერიოზულად ეცემა. ქვეყნის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორდება. შესაბამისად, წელიწადნახევრის შემდეგ, უფრო უარეს სურათს მივიღებთ. 2016 წლის ოქტომბერში, ,,ქართული ოცნების' მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად შემცირდება. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წლის მარტში ან აპრილში აუცილებლად გამოჩნდება გარკვეული ძალები, რომლებიც მესამე ძალად მოიაზრებიან და მივიღებთ სხვანაირ პოლიტიკურ სურათს, რომელიც ,,ქართული ოცნებისთვის' სასურველი არ უნდა იყოს...