რაში გადაუხადეს ნაციონალებმა ივანა მელაის ბიუჯეტიდან 161 213 ლარი

რაში გადაუხადეს ნაციონალებმა ივანა მელაის ბიუჯეტიდან 161 213 ლარი

 

პროკურატურა მილიონ 500-ათასიანი გაფლანგვის საქმეს სწავლობს - საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური აუდიტის სკანდალური დასკვნა

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლი' 2011-2012 წლების ფინანსური აუდიტი განახორციელა და უარყოფითი დასკვნა გასცა. შემოწმებით გაირკვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტმა, მინიმუმ, 703 054 ლარით იზარალა, 1 423 737 ლარი კი ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა' არამიზნობრივად გახარჯა. სახელმწიფო აუდიტის სკანდალური დასკვნა, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის' ფინანსური დარღვევების გარდა, ტელეკომპანია ,,პიკის' უმაღლესი მენეჯმენტის სახელფასო და ბინის ქირის ხარჯსაც ეხება. მოკლედ, რა რაოდენობის თანხას იღებდა უკრაინელი მომღერალი ივანა მელაი ყოველთვიურად ტელეკომპანია ,,პიკზე' მუშაობისას და რამდენს უხდიდნენ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე დაქირავებულ ბინაში? - ,,ვერსია' ექსკლუზიურად გთავაზობთ აუდიტის ანგარიშს, რომელიც უკვე მთავარ პროკურატურაშია გადაგზავნილი.

ძირითადი დარღვევების ზოგადი მიმოხილვა
კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი, კანონთან შეუსაბამო ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა' რუსულენოვანი ტელეპროდუქციის დამზადებისა და გაშვებისთვის, ტენდერის საფუძველზე, შპს ,,პიკს' 14 000 000-ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ანგარიშსწორება მიწოდებული ტელეპროდუქციის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო. აუდიტის ჯგუფმა შერჩევით, 2012 წლის მაისში, ივნისსა და ივლისში, ეთერში გასული გადაცემა „ახალი ამბების“ ფაქტობრივი საათების რაოდენობა, ამავე თვეების მიღება- ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული საათების რაოდენობას შეუდარა და გამოვლინდა სხვაობა 63 საათის ოდენობით, რაც სატენდერო წინადადებით განსაზღვრული ფასის თანახმად, 268 698 ლარია. აქედან გამომდინარე, მაუწყებელმა 2012 წლის მხოლოდ მაის- ივნის- ივლისში და მხოლოდ გადაცემა „ახალი ამბების“ მომზადებისთვის, შპს „პიკს“ ზედმეტად 268 698 ლარი აუნაზღაურა. ამასთან, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და შპს „პიკს“ შორის, 2012 წლის 13 ნოემბრის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულება შეწყდა. მე-3 არხის მართვისთვის გამოყოფილ 14 000 000 ლარსა და „პიკისთვის“ ანაზღაურებულ 12 576 263 ლარს შორის წარმოქმნილი სხვაობა - 1 423 737 ლარი ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა' მიმდინარე ხარჯისთვის გამოიყენა, რაც მაუწყებლის მიერ გაწეული არამიზნობრივი ხარჯია.

ასევე, შპს „პიკსა“ და მაუწყებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, „პიკს“ უნდა დაემზადებინა მინიმუმ, 100 საათის ოდენობის საგანმანათლებლო- შემეცნებითი პროგრამები, რაც, ფაქტობრივად, არ შესრულებულა. ხელშეკრულების თანახმად, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო - სახელშეკრულებო თანხის 2%-ის ოდენობით, რაც 280 000 ლარია. აუდიტით გაირკვა, რომ ხელშეკრულების ეს მუხლი მაუწყებელს არ გამოუყენებია. იმის გამო, რომ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს', ბიუჯეტით გათვალისწინებულ 14 000 000 ლარზე წინასწარი ხარჯთაღრიცხვა არ გააჩნდა და ხელშეკრულების შესრულების პროცესში სათანადო მონიტორინგს არ ახორციელებდა, სახელმწიფო აუდიტორები ვერ ადასტურებენ, მაუწყებლის მიერ გადახდილი თანხა „პიკის“ გაწეულ მომსახურებაზე ადეკვატურია თუ არა. 2010 წლის 7 დეკემბერს, პირველი და მეორე სატელევიზიო არხების სარეკლამო და სასპონსორო დროის გაყიდვის მიზნით, ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა' კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მხოლოდ შპს „ჯენერალ მედია“ მონაწილეობდა, რომელიც საკონკურსო კომისიის წევრებმა გამარჯვებულად გამოაცხადეს. არადა, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის' გარდა, ,,ჯენერალ მედია' ტელეკომპანია ,,იმედს', ,,რუსთავი 2'-ს, ,,მზეს', ,,პირველ სტერეოსა' და ,,საქართველოსაც' ემსახურებოდა. ფაქტობრივად, ,,ჯენერალ მედია' ერთადერთი ,,სელერი' იყო საქართველოს სატელევიზიო სარეკლამო სივრცეში, რომელიც შეკვეთას სარეკლამო სააგენტოების საშუალებით იღებდა და შემდეგ, სარეკლამო ბიუჯეტს ზემოხსენებული ტელეკომპანიებს შორის ანაწილებდა. მაუწყებელსა და „ჯენერალ მედიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, „ჯენერალ მედია“ მაქსიმალურად უნდა ეცადოს, მაუწყებლის ეთერში სარეკლამო მომსახურება ჩართოს მის მიერ შემუშავებულ მომსახურების პაკეტებში; განახორციელოს ქმედებები მაუწყებლის ეთერში რეკლამის მოზიდვის მხრივ“ და სხვ. რა ქმედებები განახორციელა „ჯენერალ მედიამ“ ხელშეკრულების აღნიშნული მუხლის შესასრულებლად და რამდენად ეცადა მაუწყებლის სარეკლამო დროის გაყიდვას - კონტროლის მექანიზმი მაუწყებელს არ გააჩნდა. შესაბამისად, მაუწყებლის სარეკლამო დროის გაყიდვის საკითხი მთლიანად დამოკიდებული იყო „ჯენერალ მედიას“ შეხედულებასა და კეთილსინდისიერებაზე. 2010 წლის 22 დეკემბერს, შპს „ჯენერალ მედიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ჯენერალ მედიას“ საანგარიშო თვეში გაწეული სარეკლამო მომსახურებისთვის თანხა მაუწყებლისთვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვში უნდა გადაერიცხა. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, შპს „ჯენერალ მედიას“ ეკისრებოდა პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, შეუსრულებელი ვალდებულების ყოველ დღეზე. ამ სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით, შპს „ჯენერალ მედიას“ მიერ ჩარიცხული თანხების ანალიზის შედეგად, სახელმწიფო აუდიტებმა დაადგინეს, რომ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს თანხა 99 525 ლარი იყო, რაც ,,საზოგადოებრივმა მაუწყებლმა' არ გადაიხადა. 2011-2012 წლებში, მაუწყებლის მფლობელობაში არსებული საიჯარო ფართების კატეგორიები, ტარიფები და ფასდაკლების სისტემის წესი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანებებით განისაზღვრებოდა. საიჯარო ხელშეკრულებების დადგენილ ტარიფებთან შედარებით სახელმწიფო აუდიტორებმა გამოავლინეს, რომ 2011-2012 წლებში, მაუწყებელმა შიდაკონტროლის მექანიზმების უქონლობის გამო, ტარიფების ცვლილებები დროულად არ ასახა საიჯარო ხელშეკრულებებში; რიგ შემთხვევებში, მაღალი კატეგორიის ფართები გაქირავებული იყო უფრო დაბალი კატეგორიის ფართის ფასად, მაგალითად, კომერციული ფართები საოფისე, საოფისე კი დამხმარე ფართობის ფასად. ყველაფერ ამის გამო, ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა' 54 831 ლარის შემოსავალი დაკარგა.  
  
არამიზნობრივადგახარჯულიბიუჯეტი 
2011 წელს, ზღვრული მოცულობის ფარგლებში, ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა' სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29 000 000 ლარი მოითხოვა. არადა, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, მაუწყებლის ასიგნება 25 000 000 ლარით განისაზღვრა, საიდანაც ხარჯი 18 344 400, არაფინანსური აქტივების ზრდა კი 6 655 600 ლარი იყო. 2011 წლის 8 აპრილს, სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებით, მაუწყებლის ასიგნებები 20 000 000 ლარით გაიზარდა და 45 000 000 ლარი გახდა. ასიგნებების ზრდა, რომელიც მთლიანად ხარჯების მუხლით განხორციელდა, იმან გამოიწვია, რომ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მესამე არხის დასაფინანსებელი თანხა მაუწყებელმა წლიურ ბიუჯეტში ასახა. წლის ბოლოს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 1 500 000 ლარით გეგმა დაზუსტდა, რამაც მაუწყებლის წლიურ ბიუჯეტში 46 500 000 ლარი შეადგინა. 2012 წელს, ზღვრული მოცულობის ფარგლებში, ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა' სახელმწიფო ბიუჯეტიდან 28 200 030 ლარი მოითხოვა, მაგრამ ბიუჯეტიდან 49 600 000-ლარიანი დაფინანსება მიიღო ანუ 21 400 000 ლარი. დაფინანსება იმიტომ გაიზარდა, რომ მაუწყებელმა მესამე სატელევიზიო არხის მართვისთვის - 14 000 000, ქუთაისში მეორე სატელევიზიო არხის ამოქმედებისთვის კი 7 000 000 ლარი გამოყო. წლის ბოლოს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მაუწყებლისთვის გამოყოფილი 1 000 000 ლარით გეგმა დაზუსტდა, რამაც მაუწყებლის წლიურ ბიუჯეტში 50 600 000 ლარი შეადგინა. 2011-2012 წლებში, მაუწყებლის საშტატო განრიგი და სახელფასო განაკვეთები გენერალურ დირექტორს არ დაუმტკიცებია. აუდიტის პერიოდში, შტატით მომუშავეთა რაოდენობა 53 ერთეულს, შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო რაოდენობა კი 978 ერთეული იყო. საშტატო და შტატგარეშე თანამშრომელთათვის დარიცხული შრომის ანაზღაურება, როგორც საბიუჯეტო დაფინანსებიდან, ასევე საკუთარი შემოსავლებიდან, 13 545 897 და 15 767 259 ლარი იყო. 2011 წელს თანამშრომელთა საშუალო ხელფასი 1 095, 2012 წელს კი 1 274 ლარი გახლდათ. 2011 წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სარეზერვო ფონდიდან მაუწყებელს მიზნობრივად 21 400 000 ლარი გამოუყვეს, 2012 წელს კი - 1 000 000 ლარი. 2011-2012 წლებში, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა მესამე არხის ფუნქციონირებაზე, ,,ევროვიზიის' ხარჯებზე, მეორე არხის ფუნქციონირებაზე, არჩევნებთან დაკავშირებულ კვლევებზე, სატელიტურ მომსახურებაზე, კრედიტორულ და სახელფასო დავალიანებებზე დაიხარჯა.

2011 წელს, ,,ევროვიზიის' კონკურსის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 256 300 ლარი, მივლინებებზე კი 178 200 ლარი წავიდა. 2012 წელს, წინასაკონკურსო მზადებისთვის 81 300 ლარი, ხოლო მივლინებებზე 88 100 ლარი გახარჯეს. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ,,ევროვიზიის' კონკურსის ხარჯისთვის 150 000 ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც მაუწყებელმა შპს ,,ტიტანს' 120 000 ლარზე ხელშეკრულება გაუფორმა, რომელსაც კონკურსში მონაწილე ქვეყნებში ჯგუფი ,,ელდრაინის' პოპულარიზაცია უნდა განეხორციელებინა. მიღება- ჩაბარების აქტების მიხედვით, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ შპს ,,ტიტანმა' სარეკლამო ღონისძიებები ევროპის 12 ქვეყანაში ჩაატარა, თუმცა ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი ანგარიში და მასალები სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინეს. შესაბამისად, გაწეული ხარჯის მიზნობრიობა და რეალურობა დოკუმენტურად ვერ დასტურდება. 2011 წელს, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის' მეორე სატელევიზიო არხის ქუთაისში ასამოქმედებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 1 500 000 ლარი, ძირითადად, ქუთაისში პარლამენტის შენობისა და მეორე არხის ოფისის სატელევიზიო ქსელის მოწყობის საპროექტო სამუშაოებზე გაიხარჯა. 2012 წელს, მაუწყებლის მეორე არხის ფუნქციონირებისთვის 6 729 100 ლარის ღირებულების სატელევიზიო ტექნიკა და აპარატურა შეიძინეს.    

ფინანსური დარღვევები მაუწყებლის მესამე არხზე 
2010 წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულებისა და ,,მაუწყებლობის შესახებ' საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებელმა მესამე, რუსულენოვანი სატელევიზიო არხი, ტელეკომპანია ,,პიკი' შეიქმნა. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, 2010 წლის 15 ივლისის ხელშეკრულებით, მესამე არხი მართვის უფლებით გადაეცა ერთი კვირით ადრე, 2010 წლის 7 ივლისს დაფუძნებულ კომპანია ,,ქეი 1'-ს. მომსახურების ღირებულება 13 919 500 ლარით განისაზღვრა. მესამე არხი კომპანია ,,ქეი 1'-ს მართვის უფლებით, ერთწლიანი ვადით გადასცეს, თუმცა 2011 წლის 30 აგვისტოს შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012 წლის 16 იანვრამდე გაგრძელდა. მაუწყებლის საშუალებით, 2011 წელს, ,,ქეი 1'-მა მესამე არხის წარმატებულად ფუნქციონირებისთვის, სათანადო ხარჯთაღრიცხვის წარდგენის გარეშე, ფინანსთა სამინისტროსგან 20 000 000 ლარი მოითხოვა. ამის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ,,ქეი 1'-სთვის ეტაპობრივად, 19 400 000 ლარი გამოყვეს. 2011 წელს, მაუწყებლმა ,,ქეი 1'-ს 18 420 235 ლარი გადაურიცხა, გამოყოფილ და გადარიცხულ თანხებს შორის სხვაობა - 979 765 ლარი, მაუწყებელმა მესამე არხის სატელიტით მომსახურებისთვის პირდაპირ გადაიხადა. ,,ქეი 1'-ის მიერ 2011 წელს გაწეული ხარჯების აუდიტისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ,,ქეი 1'-ის სრულყოფილი საბუღალტრო დოკუმენტაცია ვერ მოიძია. ,,ქეი 1'-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრე ფარულავას განმარტებით, კომპანია 2011 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა და შესაბამისად, აღარც თანამშრომლები ჰყავდა.საბუღალტრო დოკუმენტაცია, რაც სახელმწიფო აუდიტორებმა მოითხოვეს, იმ დროისთვის ხელმისაწვდომი აღარ იყო, ხოლო ,,ქეი 1'-ის დამფუძნებლები და ყოფილი გენერალური დირექტორები - რობერტ უილიამ პარსონსი და ეკატერინე კოტრიკაძე საქართველოში არ იმყოფებოდნენ.

სახელმწიფო აუდიტორებმა ,,ქეი 1'-ის საბუღალტრო პროგრამა ,,ორისში' ასახული ინფორმაცია და ბუღალტრული დოკუმენტაციის ნაწილი მოიძიეს. შედეგად, ,,ქეი 1'-ის აუდიტორული პროცედურები არასრულყოფილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, სათანადო პასუხისმგებელი პირების მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. 2011 წელს, ფულადი სახსრების გასავალი 21 523 337 ლარი იყო, მათ შორის, საოპერაციო ხარჯებზე 15 561 080, ძირითად და არამატერიალურ აქტივებზე 2 229 229, საბანკო სესხის დაფარვაზე 3 700 000 ლარი დაიხარჯა. შრომის ანაზღაურებაზე 7 767 857 ლარი გაიხარჯა, მათ შორის ხელფასებზე - 7 653 865, პრემიებზე - 47 337, დაზღვევის ხარჯზე - 48 488, სხვადასხვა ხარჯებზე - 18 167 ლარი. რაც შეეხება ,,ქეი 1'-ის უმაღლესი მენეჯმენტის ყოველთვიურ ხელფასს, გენერალური დირექტორი, რობერტ უილიამ პარსონსის ხელფასი, კონტრაქტით, თვეში 23 125 აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ხელზე, ეროვნულ ვალუტაში 38 989 ლარს იღებდა; გენერალური დირექტორის მოადგილე, დევიდ ჩატერის ხელფასი, კონტრაქტით, 12 500 აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო, ხელზე კი 29 341 ლარს იღებდა; გენერალური დირექტორის მოადგილე, მელანი ანსთეის კონტრაქტი 12 500 ევროზე ჰქონდა გაფორმებული, ხელზე კი 29 341 ლარს იღებდა; გენერალური დირექტორის მოადგილეს, ზურაბ კოდალაშვილს კონტრაქტით, თვეში 8 750 ევრო უნდა მიეღო, თუმცა ეროვნულ ვალუტაში მისი ყოველთვიური ხელფასი რატომღაც 20 539 ლარი იყო; გენერალური დირექტორის მოადგილეს, ეკატერინე კოტრიკაძეს, კონტრაქტით, 9 250 ევრო უნდა მიეღო, თუმცა ყოველთვიურად, ხელზე 9 250 ლარს იღებდა.   
  
,,პიკის' თანამშრომელთა სახელფასო და ბინის ქირის ხარჯები 
უკრაინელ მომღერალსა და მოდელს, ივანა მელაის, რომელიც საქართველოში საცხოვრებლად მიხეილ სააკაშვილის მოწვევით ჩამოვიდა, ტელეკომპანია ,,პიკმა' გადაცემის წაყვანა შესთავაზა. სატელევიზიო გადაცემას ,,ივანა მელაისთან ერთად' ერქვა და, კონტრაქტით, მისი ყოველთვიური ხელფასი 10 000 აშშ დოლარი იყო, თუმცა წლის განმავლობაში, ივანა მელაის 161 213 ლარი ჩაურიცხეს. ,,პიკმა' კონტრაქტი გაუფორმა უკრაინელ ჟურნალისტ ალექსანდრე მოტორნისაც, რომელსაც უკრაინაში სიუჟეტები უნდა მოემზადებინა და ასევე, პირდაპირ ჩართვებშიც მიეღო მონაწილეობა. თითო სიუჟეტის ფასი 350 აშშ დოლარით განისაზღვრა, თუმცა ალექსანდრე მოტორნის მთლიანობაში 54 114 ლარი ჩაურიცხეს. პოპულარულ ჟურნალისტ მატვეი განაპოლსკის ტელეკომპანია ,,პიკზე' მიჰყავდა გადაცემა ,,მოვლენების პიკზე', კონტრაქტით, მისი ყოველთვიური ხელფასი 4 000 ევრო იყო, თუმცა წლის განამვლობაში 40 885 ლარი გადაუხადეს. პოტენციურ პარტნიორებთან სამაუწყებლო პროდუქტის შესაძენად, ,,პიკის' სახელით, მოლაპარაკებებს ვახტანგ მაისურაძე აწარმოებდა, რომელსაც კონტრაქტით თვეში 3 975 ლარი უნდა მიეღო, წლის განმავლობაში კი 33 225 ლარი გადაურიცხეს. რაც შეეხება საცხოვრებელი ბინების იჯარას, მთლიანობაში, ,,პიკის' თანამშრომელთა ბინების იჯარაზე 197 208 ლარი დაიხარჯა. რობერტ უილიამ პარსონსისთვის ი. აბაშიძის #44-ში, 1 500 აშშ დოლარად იქირავეს ფართი. მთლიანობაში კი 42 474 ლარი გადაიხადეს; რობერტ უილიამ პარსონსისთვის ლ. ასათიანის #14-ში, 1 920 აშშ დოლარად დაქირავებულ ფართში, მთლიანობაში 42 474 ლარი გადაიხადეს; ზურაბ კოდალაშვილისთვის ი. აბაშიძის #56-ში, 1 7000 აშშ დოლარად დაქირავებულ ფართში, მთლიანობაში 26 466 ლარი გადაიხადეს; ივანა მელაისთვის ი. ჭავჭავაძის #5-ში, 1 500 აშშ დოლარად დაქირავებულ ფართში 20 388 ლარი გადაიხადეს. ამას ივანა მელაის წლიური ხელფასი - 161 213 ლარიც დაუმატეთ და ამიერიდან, ვიღას უნდა გაუკვირდეს, რატომ გაიდგა ასე ღრმად ფესვები უკრაინაში არცთუ ცნობილმა მელაიმ საქართველოში, ან რატომ ჩაწერა ცნობილი სიმღერა - «МАМА, А Я ЛЮБЛЮ ГРУЗИНА». ისე, არსებობს ინფორმაცია, რომ ივანას მამა სამშობლოში პერსონა ნონ გრატადაა გამოცხადებული. სხვათა შორის, ივანა მელაისთვის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ძვირფას საჩუქრებს არ იშურებდა და სხვადასხვა ფეშენებელურ სასტუმროშიც ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ასვენებდა. სახელმწიფო ბიუჯეტში ეს თანხა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის იყო გამოყოფილი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ხუშტურებისთვის ხარჯავდა და რომელიც წელიწადნახევრის წინ, მაშინდელმა პარლამენტარმა, ირინა იმერლიშვილმა განასაჯაროა...

ქობულეთის #24-ში, ალევტინა დუდაევასთვის 2 050 აშშ დოლარად დაქირავებულ ფართში, მთლიანობაში 52 190 ლარი გადაიხადეს; უ. ჩხეიძის #9-ში, დევიდ ჩატერისა და მელანი სარა ანთეისთვის, 2 500 აშშ დოლარად დაქირავებულ ფართში, ჯამში, 29 192 ლარია გადახდილი. რაც შეეხება ავტომანქანების იჯარის ხარჯებს, 2011 წელს, 186 604 ლარი, აპარატურისა და სტუდიის იჯარამ კი 41 235 ლარი შეადგინა. ჯამში, ,,ქეი 1'-ის უმაღლესი მენეჯმენტის შემოსავლებმა 864 978 ლარი შეადგინა. აქედან გენერალურმა დირექტორმა, რობერტ პარსონსმა ხელფასის სახით, მთლიანობაში, 355 120 ლარი მიიღო, ბინის ქირაში 42 474 ლარი გადაუხადეს, სხვა ხარჯებში - 11 201 ლარი, მისმა ჯამურმა შემოსავალმა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, 408 795 ლარი შეადგინა. გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ კოდალაშვილმა ხელფასის სახით, ჯამში, 169 595 ლარი მიიღო, ბინის ქირაში 26 466 ლარი გადაუხადეს, სხვა ხარჯებში - 4 482 ლარი, მთლიანობაში, კოდალაშვილმა 200 543 ლარის შემოსავალი მიიღო; დევიდ ჩატერმა ჯამში 95 229 ლარის ხელფასი მიიღო, ბინის ქირაში 29 192 ლარი გადაუხადეს, სხვა ხარჯებში - 6 568 ლარი, ხოლო მთლიანობაში 130 989 ლარის შემოსავალი მიიღო; მელანი ანსთეის ჯამური ხელფასი 95 051 ლარი იყო, ბინის ქირისა და სხვა ხარჯებისთვის მისთვის თანხა გამოყოფილი არ არის, რადგან დევიდ ჩატერთან ერთად, ერთ მისამართზე ცხოვრობდა; ეკატერინე კოტრიკაძის ჯამური შემოსავალი 29 600 ლარი იყო, თუმცა იმის გამო, ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, მხოლოდ 4 თვის ხელფასია გაცემული, შესაძლოა, კოტრიკაძის ჯამური შემოსავალი გაცილებით მეტიცაა. რაც მთავარია, სახელმწიფო აუდიტორების დასკვნის მიხედვით, ,,ქეი 1'-ის გენერალურ დირექტორთან, რობერტ უილიამ პარსონსთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მისი ხელფასი გადასახადების გარეშე, თვეში 18 500 აშშ დოლარი, ხოლო გადასახადების გათვალისწინებით - 23 125 ლარი იყო. რობერტ პარსონსა და მისი ოჯახის წევრებს, წელიწადში ცხრაჯერ შეეძლოთ, რომ ევროპაში მოგზაურობის ხარჯების ანაზღაურებითაც ესარგებლათ. ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო მისი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა, თვეში არაუმეტეს 1 500 აშშ დოლარით გადასახადების გარეშე და ყოველთვიურად, მობილურზე საუბრისთვის 500 ლარით. 2012 წელს, ,,პიკის' 420 თანამშრომლისთვის, ჯამში, 6 128 359 ლარის ოდენობის ხელფასი დაირიცხა. მათ შორის, ძირითადი ხელფასის სახით - 5 862 330, პრემიებისა და ბონუსის სახით - 59 012, ბიუროების ხელფასისთვის - 207 017 ლარი. შრომის ანაზღაურების მუხლში დამატებით შესულია გაცემული საწვავის ხარჯები და სხვა დასაბეგრი შემოსავლები, რაც მთლიანობაში, 250 554 ლარია. 2012 წელს, ,,პიკის' გენერალურის დირექტორის, ალექსანდრე ფარულავას ყოველთვიური ხელფასი 10 000 ლარი იყო. ხელფასის გარდა, შემოსავლების სახით, ფარულავამ 65 906 ლარი მიიღო, მაგრამ 7 982 ლარზე, სათანადო ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა. სახელმწიფო აუდიტორების დასკვნის მიხედვით, ალექსანდრე ფარულავამ 19 164 ლარი ისეთ გადასახადებს წარმოადგენს, რომლებიც ,,პიკის' საბანკო ანგარიშებით დასტურდება, მაგრამ შესაბამისი ხარჯების გაწევის საფუძვლები წარმოდგენილი არ არის. სხვათა შორის, 16 674 ლარი - რესტორნების მომსახურების, 23 782 ლარი კი მივლინების ზენორმატიული ხარჯია. მოკლედ, როგორც აღვნიშნეთ, აუდიტის დასკვნა უკვე მთავარ პროკურატურაშია. ვის პასუხისმგებლობის საკითხს დასვამენ სამართალდამცავები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გამორიცხული არაა, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის' მაშინდელი ხელმძღვანელობა, ,,ქეი-1'-ისა და ,,პიკის' მენეჯმენტს დაკითხვებზე სიარული მოუწიოთ. სხვათა შორის, ,,პიკი' აღარ არსებობს...