«Ноев ковчег»: საქართველო - 2015: ნიში ახალი პოლიტიკური ძალისათვის

«Ноев ковчег»: საქართველო - 2015: ნიში ახალი პოლიტიკური ძალისათვის

სტატიაში, რომლის ავტორია ცნობილი რუსი პოლიტოლოგი ანდრეი ეპიფანცევი, საუბარია 2014 წლის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებზე და მოცემულია 2015 წლის სავარაუდო პროგნოზები.

გთავაზობთ ამონარიდს:

„მოსალოდნელია, რომ 2015 წელს თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობა გაუარესდება. ამაზე გავლენას მოახდენს უკრაინის საკითხის გამო რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობის მორიგი გამწვავება. სხვაგვარად არ გამოვა - საქართველომ, რომელიც თავის თავს დასავლეთთან აიგივებს, არ შეიძლება არ იგრძნოს ამ გამწვავების შედეგები. შეიძლება უკვე ითქვას, რომ სინამდვილეში თბილისი უკვე გრძნობს სიტუაციის გაუარესებას: რუსეთმა აფხაზეთთან ხელი მოწერა მოკავშირეობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას, მალე მსგავს დოკუმენტს გააფორმებს სამხრეთ ოსეთთანაც. თბილისი თვლის, რომ რუსეთის მხრიდან ორივე ხელშეკრულება საქართველოს ტერიტორიის ანექსიის მცდელობას წარმოადგენს და კრემლის ამ ნაბიჯებს უკიდურესად ნეგატიურად აფასებს. აქედან გამომდინარე, თითქმის გარდაუვალია, რომ ახალი რეალიები თბილის-მოსკოვის ურთიერთობის გაცივებას გამოიწვევს და „აბაშიძე-კარასინის" პროცესიც გაურკვეველი ვადით ჩიხში შევა.

პოლიტიკურ სფეროში მნიშვნელოვანია ის, რომ ახლოვდება საპარალამენტო არჩევნების დრო - 2016 წელი. აშკარაა, რომ 2015 წელი წინასაარჩევნო ბრძოლის დაწყების წელი იქნება. აი, ამ დროს „მეოცნებეებს" უკვე მწვავედ დაუწყებენ კრიტიკას, გაახსენებენ მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს და გამოვლენილ ნაკლოვანებებს. მოკლედ, მხარეთა დაპირისპირება მძაფრი იქნება. საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები გვაჩვენებს, რომ ამომრჩევლებს სულ უფრო ნაკლები სჯერათ „ქართული ოცნებისა", თუმცა ელექტორატის სიყვარულით არც მათი ძირითადი ოპონენტი - მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არ სარგებლობს. შესაბამისად, ქართულ პოლიტიკურ სისტემაში წარმოიქმნა ნიში ახალი პოლიტიკური ძალისათვის, რომელიც რაღაც ახალი პროექტით გამოვა და დღეს არსებული პარტიების ალტერნატივა იქნება. გამორიცხული არ არის, რომ ახალი ძალა ცნობილი პოლიტიკოსის ირაკლი ალასანიას პარტიის ბირთვით ჩამოყალიბდება და განმტკიცდება.

ქართველი საზოგადოების გარკვეულ შეშფოთებას იწვევს სომხური პრობლემატიკა. უნდა ვთქვათ, რომ 2015 წელს ნაკლებადაა მოსალოდნელი რაიმე გარღვევა რუსეთ-სომხეთის რკინიგზის ამოქმედების საკითხში, საქართველოს (აფხაზეთის) გავლით. მიუხედავად ვლადიმირ პუტინის განცხადებისა, რომ აფხაზეთთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ამ რკინიგზის ამოქმედების საკითხზეც დავიწყებთ მუშაობასო, სინამდვილეში ასე არ მოხდება: სოხუმთან და ცხინვალთან ხელმოწერილი შეთანხმებების შემდეგ რკინიგზის ამუშავების შესაძლებლობას დიდი ჯვარი გადაესვა - საქართველო ამას არანაირად არ დათანხმდება. ასე რომ, რკინიგზის შეკეთებასა და მასზე მოძრაობის აღდგენაზე სომხებმა და რუსებმა დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა იფიქრონ.

იგივე სიტუაციაა საქართველოსთვის მთიანი ყარაბაღის საკითხშიც. თბილისი ყურადღებით ადევნებს თვალს ყარაბაღთან დაკავშირებულ მოვლენებს და, რასაკვირველია, პერმანენტული ინციდენტები ქართველებს არ ახარებთ. მათ კარგად ესმით, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ომის შემთხვევაში საქართველო მეტ-ნაკლებად იქნება მასში ჩართული. რა პერსპექტივა ექნება ასეთ სიტუაციაში კასპიის ენერგოშემცველების ტრანზიტს? თუ მილსადენებით ნავთობ-გაზის გადაქაჩვა შეჩერდება, საქართველოს უსაფრთხოება შესუსტდება, შემოსავლები მოიკლებს, საინვესტიციო მიმზიდველობა შეილახება... ასევე შესაძლებელია, მის ტერიტორიაზე სომხური და აზერბაიჯანული დიასპორების დაპირისპირებაც მოხდეს. სამწუხაროდ, საქართველოს, სურვილის მიუხედავად, სომხეთზე და აზერბაიჯანზე გავლენა არ აქვს, რომ მათ შორის შეიარაღებული ინციდენტები თავიდან აიცილოს, შესაბამისად, თბილისი მხოლოდ სტატისტად დარჩება სხვების მიერ დაწყებულ უცხო და სახიფათო თამაშებში.

ზოგადად, საქართველოსთვის 2015 წელი დაძაბული და გარკვეულწილად ნაშანდობლივიც იქნება. ის ტენდენციები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე წელს გამოჩნდება და განმტკიცდება, ქვეყნის იმიჯისათვის მრავალი წლის განმავლობაში იქნება განმსაზღვრელი. ვუსურვოთ ქართველებს მშვიდობა და სიკეთე!"

(მოამზადა სიმონ კილაძემ, „რეპორტიორის" ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა)