პოლონეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ჟურნალისტის სკანდალური წერილი

პოლონეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ჟურნალისტის სკანდალური წერილი

პოლონეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ორი შვილის დედა, ინგა  ლოლაძე საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს .. შშმ პირთა შეურაცხყოფაში ამხელს. საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა საქართველოს მისამართით შენიშვნები გამოთქვა, ბურჯანაძემ განაცხადა: „სულაც არ არის გასაკვირი ამ ტიპის განცხადებების ამ ორგანიზაციის ანალიზში მოხვედრა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს წაუყენებ იმ ბრალდებას, რა ბრალდებებიც წაუყენეს, როცა დაუყადაღებ ბებიამისის 12 წლის მანქანას, რა თქმა უნდა, უნდა ელოდო, რომ ამ დაუნიზმზე შესაბამისი რეაქცია ექნება საერთაშორისო თანამეგობრობას“. გთავაზობთ ჟურნალისტ ინგა ლოლაძის წერილს, რომელიც ქართულმა საინფორმაციო პორტალმა - “მთავარი.ინფოგაავრცელა:

“აქტიურ ჟურნალისტიკას 2007 წლიდან ჩამოვშორდი, თუმცა პერიოდულად ბეჭდვითი მედიის ფურცლებზე ალაგ-ალაგ მაინც გამოვჩნდები ხოლმე. არც 2007 წლამდე და არც შემდეგ პოლიტიკაზე არ დამიწერია, ხოლო თუ ჩემს რომელიმე სტატიაში პოლიტიკოსის სახელი გაიჟღერებდა, მხოლოდ სალაღობო ფორმით (თუმცა, ეს სალაღობო ფორმა, ხშირ შემთხვევაში, ყველაზე ძლიერ ურტყამდა ამა თუ იმ პოლიტიკოსის “შეუბღალავ” იმიჯს).

დღესაც არ ვაპირებ პოლიტიკაზე საუბარს, თუმცა რაღაც დოზით პოლიტიკოსს მაინც შევეხები და ამის მიზეზი ნინო ბურჯანაძის მიერ 30 იანვარს ხელისუფლების გლობალური „დაუნიზმის” შესახებ გაკეთებული განცხადებაა.

6 წლის ანგელოზივით გოგონა მყავს, ნინო. ნინიკო დაუნის სინდრომითაა დაბადებული. დღიდან მისი ამ ქვეყნად მოსვლისა ვიბრძვი, რათა საქართველოში დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებული მითი დავავიწყო ხალხს, სტიგმა დავამსხვრიო, ჩემს შვილს ნორმალური მომავალი შევუქმნა.

და ვიბრძვი არა მარტო მე - ათასობით დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვისა და მოზარდის მშობლისა და ახლობლის ყოველდღიურ საქმედ იქცა ბრძოლა ჩვენი შვილების მომავლისთვის. მიზანს, გაგიკვირდებათ და, მეტ-ნაკლებად მივაღწიეთ - მთავრობა გვისმენს, ცდილობს, თუ ბოლომდე ვერ დააკმაყოფილებს, გაითვალისწინონ მაინც ჩვენი მოთხოვნები.

საზოგადოების დიდი ნაწილის მენტალობა შეიცვალა - ჩვენს შვილებს ზიზღით, შიშით და სიბრალულით კი არა, აღტაცებით უყურებენ. დაბრკოლებები, რა თქმა უნდა, გვხვდება, მაგრამ...

ყველაზე მტკივნეულად რას განიცდის შშმ ბავშვისა და მოზარდის მშობელი, თავად შშმ ადამიანი? - როდესაც მის გენეტიკურ მახასიათებელს (დაუნის სინდრომის შემთხვევაში), ან ფიზიკურ თუ გონებრივ შეზღუდვას, რისი მიზეზიც ძალიან ხშირად არაადაპტირებული გარემოა, დამაკნინებელ ფორმაში და ვინმეს შეურაცხყოფის მიზნით გამოიყენებენ. ყველაზე გავრცელებულ, შეურაცხმყოფელ სიტყვად, ჩემდა სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე რჩება სიტყვები - “დაუნი”, “დაუნო”, “დაუნიზმი”. არაფერს ისე არ გამოვყავარ მდგომარეობიდან, როგორც ტელევიზორის ეკრანიდან გაჟღერებულ თუ გაზეთის ფურცლებზე წაკითხულ “დაუნს”.

წლების წინ მწვავედ დავუპირისპირდი თაკო ჩხეიძესა და ია ფარულავას, როდესაც “იმედის” ეთერში “დაუნ რობოტებზე” იხალისეს, მერე იყო ნინა წკრიალაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი... ამ უკანასკნელს, მინდა, დღეს ბოდიში მოვუხადო - იმდენს აკეთებს შშმ პირებისთვის, იმდენად აქტიურადაა ჩაბმული მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, არ მაქვს უფლება, არ ვიფიქრო, რომ ნანუკას მიერ მაშინ მოხდილი ბოდიში ყველაზე გულწრფელი და ალალია, რაც კი ოდესმე მომისმენია. ბოდიში, ნანუკა, შენ ჩემგან შეურაცხყოფას არ იმსახურებდი!

ახლა დავუბრუნდეთ იმას, რითიც დავიწყე...

წლების წინ, ერთ-ერთ გაზეთში ნინო ბურჯანაძის დელისის ქუჩაზე მშენებარე სახლზე მქონდა სალაღობო წერილი... გაზეთის გამოსვლის დღეს, პარლამენტში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი - რუსი სამშვიდობოების აფხაზეთიდან გაყვანა - განიხილებოდა. პირველი გამომსვლელი ქალბატონი ნინო გახლდათ და იცით, რაზე ისაუბრა? - დელისის ქუჩაზე მშენებარე ე.წ. ტყუპებზე. დღეს ეს ქალბატონი მორალის, კანონისა და სამართლიანობის აღდგენაზე ღაღადებს...

სალაღობო წერილს მალევე მოჰყვა დასაბუთებული სტატია იმის შესახებ, რომ მშენებარე სახლში ხშირად ხედავდნენ ნინო ბურჯანაძესა და მისი ოჯახის წევრებს. სამწუხაროდ, ჟურნალისტი, რომელმაც ეს სტატია დაწერა, ცოცხალი აღარაა. გაზეთის გამოსვლის შემდეგ, დაახლოებით, ერთ კვირაში, სტატიის ავტორი გაზეთიდან წავიდა... ცოტა ხნის შემდეგ, მეც გადავედი სხვა გაზეთში სამუშაოდ... დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ, სრულიად შემთხვევით გავიცანი ადამიანი, რომელსაც ჩემი ჟურნალისტური ფსევდონიმის გაგონებაზე თვალები გაუფართოვდა: შენ ხარ ის მაკა? რაც ჩვენ შენ გეძებეთ... სამაგიეროდ, ზეპირად იცოდა, რომ მეორე სტატიის ავტორი სიდედრ-სიმამრთან ცხოვრობდა, იცოდა, რომელ საბავშვო ბაღში დაჰყავდა ბავშვი და რომელ საათზე გამოდიოდა თუ ბრუნდებოდა შინ. - გადარჩენილი ხარო, - მითხრა, - ძალიან გააბრაზე ქალბატონი ნინოო...

დღეს ჩემი და ნინო ბურჯანაძის გზები ისევ გადაიკვეთა - ჩემს შვილს მიაყენა შეურაცხყოფა. ერთმა ქალბატონმა ჩემი საპროტესტო მიმართვა დააკომენტარა, წამოსცდა, თავადაც დედაა, ცუდად არ იტყოდაო... 7 ნოემბერსაც იყო ნინო ბურჯანაძე დედა, მაგრამ არ გასჭირვებია შვილის ტოლი ბიჭების დასისხლიანებული სახეებისთვის გაღიმებულს ეყურებინა, თუმცა ახლა “იმან” მაიძულაო, ამბობს. კოდორის ხეობა რომ რუსებს გადასცეს ლანგრით, მაშინაც იყო დედა, აფრასიძეებს რომ ხოცავდნენ, - მაშინაც, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მონაწილეობა არაფერში მიუღია, თურმე. ჰო, ჩემი მეგობარი ჟურნალისტის ბავშვს რომ უთვალთვალებდნენ, მაშინაც დედა იყო და ყველა დროს - პარლამენტის თავმჯდომარე. მახსოვს, პირველი იყო “ქართულ ოცნებას” მოლაპარაკებები გაუმართა, მიმსახურეთ და გემსახურებითო. არ იმსახურეს და “დაუნიზმი” დამართა ყველას.

ახლა, პირადად ნინო ბურჯანაძეს:

ორ შვილთან ერთად ვცხოვრობ პოლონეთში. საქართველოში ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია “მზის შვილები”-ს დამაარსებელი და თავმჯდომარე. ორგანიზაცია დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვების პრობლემებზე მუშაობს. რამდენიმე დღის წინ, “იმედის” ხუთსაათიან “ქრონიკაში” გავიდა სიუჟეტი, სადაც ნინო ბურჯანაძე შეურაცხყოფას აყენებს დაუნის სინდრომით დაბადებულ მილიონობით ადამიანს.

მოგმართავთ თხოვნით, ორგანიზაცია “მზის შვილები”-სა და პირადად ჩემი, დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვის მშობელის სახელით გაავრცელოთ შემდეგი მიმართვა:

დიდ ბოდიშს ვიხდი იმ არაკორექტული მიმართვის გამო, რომელსაც ქვემოთ გავაკეთებ, მაგრამ, როდემდეეეე? ნინო ბურჯანაძევ, სიტყვა “ქალბატონო”-თი მომართვა ამ შემთხვევაში ზედმეტად მეჩვენება, რომელ მორალსა და რომელ რეაქციებზე ლაპარაკობთ? საერთაშორისო ორგანიზაციებმა რომ თქვენი ეს მიმართვა წაიკითხონ, ალბათ, იმ მოსალოდნელ რეაქციას გულისხმობთ? განათლებულ და ერუდირებულ პოლიტიკოსად მოგაქვთ თავი, თუმცა შინაგანი განათლება აშკარად გაკლიათ. მჭერმეტყველებით არც ადრე გამოირჩეოდით და ამ თქვენმა განცხადებამ ხომ სულ წყალს გაატანა თქვენს მიერ დაზუთხული თეზისები და კანონები. თუ ცოტა ხნით მაინც პოლიტიკოსის მანტიას შემოიძარცვავთ, ნებას იბოძებთ და, საკუთარი განათლების დონის ასამაღლებლად ცოტა დროს გამონახავთ, აუცილებლად გაიგებთ, რომ დაუნიზმი, როგორც ასეთი, არ არსებობს. არიან დაუნის სინდრომით დაბადებული ადამიანები და ამ ადამიანებს თქვენი არაკორექტული და ქსენოფობიური განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენეთ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა თქვენგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. გამეცინა. ბოდიში? არა, პირადად მე, დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვის დედა, თქვენგან ბოდიშს არ მივიღებ, თქვენს ბოდიშს ჩემთვის ჩალის ფასი აქვს!”

ინგა ლოლაძე

P.S. მოგვიანებით, ნინო ბურჯანაძემ ბოდიში მოიხადა, - ამის შესახებ ინფორმაციაipress.ge”- გაავრცელა. “ნინო ბურჯანაძე ბოდიშს უხდის ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნებლიედ ტკივილი მიაყენა. რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დაშვებული მექანიკური გადაცდომის გამო წუხილს გამოთქვამს. განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ ეს იყო შეცდომა და ნამდვილად არ ისახავდა მიზნად ადამიანებისათვის, მით უფრო, დაუნის სინდრომის მქონეთათვის ტკივილის მიყენებას”, - ნათქვამიაipress.ge”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა, როგორც ნახეთ, ინგა ლოლაძისთვის ბურჯანაძის ბოდიშს ჩალის ფასი აქვს. ანალოგიურად ფიქრობენ სხვებიც, რომლებიც ბურჯანაძის გაცხადებამ აღაშფოთა და ამას სოციალურ ქსელფეისბუქშიგამოქვეყნებული მათი სტატუსებიც მოწმობს.