დღეს, როდესაც ქალბატონი ლექსმანი საუბრობს იმაზე, რომ თურმე ეუთო/ოდირი გარკვეული გავლენების ქვეშ იმყოფება და მათი დასკვნები არ შეიძლება იყოს ობიექტური, ვიტყოდი, ეს სენსაციური განცხადებაა, - ასე უპასუხა „ქრონიკასთან“ საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის განცხადებას.
გიორგი კახიანის თქმით, ლექსმანი გამოირჩევა განსაკუთრებული სიმპათიებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში.
„ევროკავშირის მთელი სტრუქტურებისთვის ეუთო/ოდირის დასკვნები არის სახელმძღვანელო დასკვნები. დღეს, როდესაც ქალბატონი ლექსმანი საუბრობს იმაზე, რომ თურმე ეუთო/ოდირი გარკვეული გავლენების ქვეშ იმყოფება და მათი დასკვნები არ შეიძლება იყოს ობიექტური, ვიტყოდი, რომ ეს სენსაციური განცხადებაა. საინტერესოა თავად ეუთო/ოდირს როგორი დამოკიდებულება ექნება ქალბატონი ლექსმანის განცხადებასთან დაკავშირებით.
ეუთო/ოდირის დასკვნა საქართველოსთან მიმართებაში მართლაც იყო პოზიტიური და როგორც ჩანს, პოზიტიური დასკვნები ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებაში კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებში არ შედის ევროკავშირში. ამიტომ, ჩვენ ვისმენთ ასეთ სრულიად უსაფუძვლო და უარგუმენტო განცხადებებს.
სხვათა შორის, ქალბატონი ლექსმანი ასევე გამოირჩევა განსაკუთრებული სიმპათიებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.