ოპოზიციური პარტიები ,,შვიდიანს' ქმნიან

ოპოზიციური პარტიები ,,შვიდიანს' ქმნიან

რატომ შესთავაზა პრეზიდენტმა ოპოზიციას ორპალატიანი პარლამენტის იდეა

უკვე დიდი ხანია, დიდი მოთმინებით, ერი ქართული არასაპარლამენტო ოპოზიციის გამოღვიძებას ელის. უფრო სწორად, აღარც ელის _ 2012 წლის შემდეგ ამ ფრონტიდან ჩამიჩუმი არ ისმის. არადა, თურმე ოპოზიციას არც დაუძინია და ამის შესახებ ,,ვერსიას' კულუარულ საუბარში სწორედ არასაპარლამენტო ლიდერთაგან ერთერთმა უამბო. მოკლედ, საქმე პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ერთ საინტერესო იდეასა და ახალ ოპოზიციურ, ამჯერად, რეალურ გაერთიანებას ეხება.

ზუსტად ერთი კვირის წინ, 30 იანვარს არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს შეხვდა. ერთი შეხედვით, ამაში უცნაური არაფერია, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ეს შეხვედრა პრეზიდენტის ინტენსიურ კონსულტაციებს დაემთხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარსადგენი კანდიდატურების გარშემო. ამიტომ ეს შეხვედრაცა და მისი მთავარი თემაც აჟიოტაჟსმიღმა ჩუმად ,,გაიპარა'. არც დეტალები გახმაურებულა, არც მთავარი გმირები. მხოლოდ ის ითქვა, რომ შეხვედრას ჯონდი ბაღათურია, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ,,სხვები' ესწრებოდნენ, მთავარ საკითხად კი საარჩევნო სისტემის რეფორმირება დასახელდა. ცოტა ხნის წინ, ე.წ. ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც 15-მდე პარტიას აერთიანებს, დავით უსუფაშვილსაც შეხვდა. შედეგად, პარტიებმა განაცხადეს, რომ უსუფაშვილი, როგორც რესპუბლიკელი, არჩევნების მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე თანახმაა, ხოლო, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ საქმეს შეუძლებლად მიიჩნევს. ასეცაა _ რომელი ხელისუფლება დათმობს გარანტირებულ მხარდამჭერებს, უპარტიო მაჟორიტართა კორპუსის სახით, როცა ამ კორპუსში, ძირითადად, მსხვილი ბიზნესმენები შედიან?! ეს არც შევარდნაძეს გაუკეთებია, არც სააკაშვილს და როგორც ჩანს, უსახსროდ და უპარლამენტოდ დარჩენილი ოპოზიცია ამ ,,კარგი საქმის მკეთებელს' ახლა ივანიშვილ- ღარიბაშვილ- მარგველაშვილს შორის ეძებს. ოპოზიციიდან საჯარო კომენტარით მხოლოდ ჯონდი ბაღათურია შემოიფარგლა: ,,ჩვენი ამოცანაა სამართლიანი არჩევნების ჩატარება და პარლამენტის გაწმენდა იმ პარაზიტებისგან, რომლებიც თავს მაჟორიტარებს უწოდებენ. პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკური ძალა, სამოქალაქო სექტორი ვთანხმდებით, რომ ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე უნდა გადავიდეთ. სწორედ ამ მიზნით მოვედით პრეზიდენტთან. ერთადერთი, თვითიზოლაციაში, გაბუტული ბავშვით, პრემიერ- მინისტრია, რომელიც დიალოგზე არ მოდის'. ,,ვერსიისთვის' კი სულ სხვა დეტალების შესახებ გახდა ცნობილი. ჯერ ერთი, ამ შეხვედრას ,,ახლებიდან' მამუკა კაციტაძე, ბურჯანაძის პარტიიდან გიორგი ახვლედიანი, ედპ-დან გია ხოკერაშვილი, ცესკო- ს ექსთავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, ,,ახალგაზრდა რეფორმატორებიდან' ირაკლი ღლონტი, ,,ვეტერანებიდან' გია ბერძენაძე, პატრიოტთა ალიანსიდან გოჩა თევდორაძე, ქდმ-დან გოჩა ჯოჯუა, ხოლო პარტია ,,თავისუფლებიდან' პოლიტიკაში დაბრუნებული კოკო გამსახურდია ესწრებოდნენ. სხვათა შორის, ყური იმასაც მოვკარით, რომ გამსახურდია, ქდმ-სა და ნინო ბურჯანაძეს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესების შემდეგ, შესაძლოა, ქრისტიან- დემოკრატიული პარტიის რიგებშიც ვიხილოთ. პრეზიდენტის მხრიდან კი, მის გარდა, შეხვედრას მისი აპარატის უფროსი დავით პატარაია და პირადი მრჩეველი ესწრებოდნენ. ოპოზიციამ თავიდანვე დაბალი თამასა ასწია და მარგველაშვილს გამოუცხადა, ვიცით, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ შევკრებთ, ამიტომ დიდ რეფორმებს აზრი არ აქვს, პატარ- პატარა საკითხებს გავაძვრენთო. ასეთად არა მაჟორიტარული სისტემის მთლიანად გაუქმება, არამედ საოლქო- პროპორციულ სისტემაზე გადაყვანა დასახელდა. ოპოზიციის პოზიცია მარგველაშვილმა გულწრფელად გაიკვირვა და თქვა, ამას ,,ოცნება' თავადაც თუ გააკეთებს, მაშინ ოპოზიციის როლი და დამსახურება სადღააო და არასაპარლამენტო ლიდერებს საინტერესო იდეა აქეთ შესთავაზა: ორპალატიან საპარლამენტო სისტემაზე ხომ არ გიფიქრიათო. პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ორპალატიანი პარლამენტის მოდელით, საკანონმდებლო ორგანო ორ, ქვედა და ზედა პალატებად დაიყოფა. პირობითად, ქვედა პალატაში ,,მუშა' პარლამენტარები ანუ ის ადამიანები შევლენ, ვინც კანონების წერა-კითხვა რეალურად იცის და პარლამენტშიც ამ დამსახურების გამო შევიდა. ხოლო საზოგადოებისთვის საყვარელი სახეები, მომღერლები, მოცეკვავეები, მსახიობები თუ რეჟისორები ზედა პალატაში აინაცვლებენ, მაჟორიტარებთან ერთად. ამ მოდელით, არც მაჟორიტარული სისტემა უქმდება და იქმნება ქვედა პალატის ე.წ. შემაკავებელი ზედა ეშელონი, რომელთანაც ქვედა პალატის მიერ მიღებული ყველა კანონი მოხვდება და მხოლოდ ამის შემდეგ დამტკიცდება. რეალურად, მარგველაშვილის იდეა, მთავრობის გარდა, ყველას აწყობს: იმასაც, ვინც ვადამდელ არჩევნებს დეპუტატების არაკომპეტენტურობის გამო მოითხოვს, ნაციონალურ მოძრაობასაც, რომელიც ქვედა, ე.წ. მუშა პალატას უხვად დააკომპლექტებს, ასაკოვან დეპუტატებსაც, რომლებიც პარლამენტში სხვადასხვა დამსახურების გამო მოხვდნენ და ზედა პალატაში დაისვენებენ, მაჟორიტარებსაც, რომელთაც ახლა ამ სისტემის გაუქმებით აშინებენ და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილსაც, რომელიც ყველა ამ ჯგუფთან ვალმოხდილი იქნება, ხალხის მოთხოვნასაც დააკმაყოფილებს და თან, საქართველოს ნამდვილ საპარლამენტო რესპუბლიკად აქცევს. ცხადია, ამ იდეასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება პარლამენტში, კიდევ უფრო ცხადი კი ისაა, რომ პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილთან შეუთანხმებლად არ მიიღებს. საინტერესო აქ ისაა, რომ ოპოზიციასთან ეს თემა მარგველაშვილმა თავისი ინიციატივით გააჟღერა და დასძინა, რომ იდეის შესახებ ღარიბაშვილ- ივანიშვილთან ჯერ არ უსაუბრია. მანვე წამოსწია ვადამდელი არჩევნების თემაც, იმის პასუხად, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები არჩევნებამდე მინიმუმ 1 წლით ადრე უნდა შევიდეს. პრეზიდენტმა იკითხა, ვინ აძლევდა ოპოზიციას გარანტიას, რომ ცვლილებებისთვის წინ ერთი წელი ექნებოდათ, ხოლო არჩევნები ვადაზე, ანუ 2016 წელს ჩატარდებოდა. ამის გარანტიები და სურვილი რომ არ არსებობს, ამას ბოლო ხანებში ბიძინა ივანიშვილისა და ,,ოცნების' კოალიციის ზოგიერთი წევრის განცხადებებიც მოწმობს. ორპალატიანი პარლამენტის იდეა კი თავში პირველად მარგველაშვილს არ მოსვლია. ამაზე საუბარი 1995 წელსაც იყო და 2003-შიც, ჟვანიას პარლამენტის დროს, თუმცა იდეა ორივეჯერ ჩაიფარცხა. მარგველაშვილს ამ თემის გაჟღერება თავისი სახელით რომ ნდომებოდა, ალბათ, პასიურ, არასაპარლამენტო ოპოზიციას არ დაელოდებოდა და თავად იტყოდა. მით უმეტეს, ორი წელია ვარკვევთ, ვინ ვისთან დაწყვილდება ოპოზიციაში და ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ე.წ. ოპოზიციური შვიდიანი გამოიკვეთა. თუკი ეს ,,შვიდიანი' ორპალატიანი პარლამენტის თემას წამოწევს, მისი და ამ იდეის პოპულარობა შედარებით გაიზრდება. ამ ,,შვიდიანში' კი კახა კუკავა, ზურაბ ხარატიშვილი, მამუკა კაციტაძე, ბაჩუკი ქარდავა, გოჩა ჯოჯუა, ირაკლი ღლონტი და ჯონდი ბაღათურია მოიაზრებიან. მეტიც, ,,ვერსიის' ინფორმაციით, კახა კუკავას პარტიის წევრმა, გოგი წულაიამ ამ იდეის ინიციატივად ქცევისთვის უკვე ზომებს მიმართა და ქუთაისში ხელმოწერებს აგროვებს. ცოტა ხანში კი, თუკი ე.წ. ოპოზიციური შვიდეულის გაერთიანება შედგა, ორპალატიანი პარლამენტის იდეის ფართო კამპანია დაიწყება. და ბოლოს, ინტერპარტიული ჯგუფი 5 თებერვალს, დილის 11 საათზე სასტუმრო ,,ვერე პალასში' შეიკრიბა და ორწლიანი დაკვირვების შემდეგ დაასკვნა, რომ თუკი კონსტიტუციასა თუ ქვეყნის ცხოვრებაში რეალური ცვლილებების შეტანა სურს, ირაკლი ღარიბაშვილთან კი არა, შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან უნდა მოითხოვოს. ჩვენი ინფორმაციით, არასაპარლამენტო ოპოზიცია ქვეყნის ,,პირველ მოქალაქეს' შეხვედრას საჯაროდ რამდენიმე დღეში სთხოვს.