დაიბარებენ თუ არა მთავარ პროკურატურაში აჭარის ყოფილ ლიდერს - სახელმწიფო აუდიტის სკანდალური დასკვნა
,,ვერსია’‘ აუდიტის სახელმწიფო სამსახურის იმ მასალების გამოქვეყნებას განაგრძობს, რომლებიც ექსკლუზიურად, ოფიციალური წერილის საფუძველზე მოიპოვა. აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ სხვადასხვა უწყების შემოწმების აქტები უკვე მთავარ პროკურატურაშია გადაგზავნილი. ამჯერად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუდიტის დასკვნას გაგაცნობთ, რომელიც 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. შესაბამისად, იკვეთება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის პასუხისმგებლობის საკითხიც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვარშალომიძეს მთავარ პროკურატურაში დაიბარებენ თუ არა. ბიუჯეტის არამიზნობრივად გახარჯული თანხები, დარღვევები ელექტრონულ ტენდერებსა და პრივატიზების პროცესში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფა ან ხარვეზით შესრულება, სამინისტროს თანამშრომლებისთვის გაზრდილი პრემიის ოდენობა - ეს იმ დარღვევების მცირე ჩამონათვალია, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემოწმებისას გამოავლინა.
არამიზნობრივად გახარჯული თანხები
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელებისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან ,,იბიარდი’‘, მიღებული სესხის აუთვისებელ ნაწილზე, შესაბამისი სტრუქტურების არაეფექტური მუშაობის შედეგად, ვალდებულების გადასახადის სახით, გადახდილია 85 000 ლარი, აქედან _ 2011 წელს 51 000, 2012 წელს კი 34 000 ლარი. 2010 წლის 18 თებერვალს, ,,იბიარდსა’‘ და საქართველოს შორის ხელი მოეწერა ,,აჭარის მყარი ნარჩენების პროექტის’‘ სასესხო ხელშეკრულებას, რომლითაც ბანკმა საქართველოს 3 000 000 ევრო გამოუყო. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების შესამუშავებლად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის 2009 წლის 20 ივლისის #58 განკარგულების საფუძველზე, სპეციალური კომისია შეიქმნა, თუმცა ამის მიუხედავად, საპროექტო დოკუმენტაციის სამუშაო ვარიანტი ვერ შეიმუშავეს, რის გამოც, 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ,,იბიარდის’‘ მიერ გამოყოფილი 3 000 000 ევროდან, ერთი ევროც კი არ იყო ათვისებული; შესაბამისად, აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადის სახით, 85 000 ლარი გადაიხადეს. ამავე ხელშეკრულებით, 155 000 ევროს ექვივალენტი 334 100 ლარი არამიზნობრივად გაიხარჯა. კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის #109 განკარგულების საფუძველზე, აჭარის საავიაციო ბაზრის პოტენციალის ანალიზის, ბინზესგეგმის შემუშავების, ახალი ავიაკომპნაიის რეალიზაციის გეგმაზე, შპს LUFთHANშA ჩONშULთING GMBH-თან, 2012 წლის 6 ივლისს, გამარტივებული შესყიდვის ფორმით, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 310 000 ევრო იყო. ხელშეკრულება სამ ეტაპს ითვალისწინებდა, პირველ ეტაპზე ბაზარი უნდა შეეფასებინათ, მეორეზე ბიზნესგეგმა შეედგინათ, მესამეზე კი სამუშაოები უნდა შესრულებულიყო. ხელშეკრულების #1 დანართის თანახმად, თუ პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით, ბათუმში ავიაკომპანიის დაფუძნებას არაეფექტურად ჩათვლიდნენ, კონსულტანტისთვის მხოლოდ წინასწარ გადახდილი თანხის _ 155 000 ევროს ანგარიშით ხელშეკრულება უნდა შეეწყვიტათ. აუდიტორული შემოწმებით დადგინდა, რომ პირველი ეტაპის სამუშაოები 2012 წლის 24 სექტემბერს მიიღეს. ბაზრის შეფასებაში წერია, რომ ბათუმში ავიაკომპანიის დაარსებისთვის ჩადებული ინვესტიციები ნაკლებად ეფექტური იქნებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხელშეკრულების #1 დანართის პირობები არ შეასრულეს და საკონსულტაციო ფირმას მეორე და მესამე ეტაპის სამუშაოები გააგრძელებინეს, ხელშეკრულებით განსაზღვრული მეორე და მესამე ეტაპის შესრულებისთვის გათვალისწინებული 155 000 ევროც გადაიხადეს, რაც იმ პერიოდში არსებული კურსით 334 100 ლარი იყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის 2009 წლის 17 ივლისის #102 ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, შპს HESTOK BATUMI-ს საკუთრებაში გადასცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი, 16 892 500 ლარის ღირებულების სხვადასხვა უძრავი ქონება. ,,ვერსიის’‘ ინფორმაციით, HESTOK BATUMI-ს მფლობელი შპს HESTOK LIMITED-ია. კომპანია დიდ ბრიტანეთშია რეგისტრირებული, 20%-იან წილს ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრიტებული კორპორაცია OღIX INVEშთOღშ ჩOღP ფლობს. საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ HESTOK LIMITED-ს რუსეთის მოქალაქეები _ ირინა ანტიპოვა და კლიმენტი ქასრაძე აკონტროლებენ, ამავე კომპანიის მმართველობითი ორგანოს წევრია ლატვიის მოქალაქე ანდრეის მოროზოვი. HESTOK LIMITED-ის ჰოლდინგში შედის შპს ,,ტურინვესტიც’‘, რომელიც ბათუმში ,,ბათუმი ჰილტონს’‘ აშენებს. 2012 წლამდე, ,,ტურინვესტს’‘ კაიზერ ქასრაძე ხელმძღვანელობდა, 2012 წლიდან კი ის გიორგი აბაშიძემ ჩაანაცვლა... სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, 2009 წლის 29 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, სხვა ვალდებულებებთან ერთად, შესაბამისი ნებართვის მიღებიდან 45 თვის ვადაში, შპს HESTOK BATUMI-ს საბაგირო გზის მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა დაეკისრა. კომპანიამ საბაგირო გზის გეგმა შეიმუშავა, მაგრამ ერთ-ერთი შუალედური ხიმინჯის განთავსების ადგილად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ის ნაკვეთი შეარჩია, სადაც საქართველოს შსს-ს ანძა იყო განთავსებული. შსს-ს ანძის მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2011 წლის თებერვალში განახორციელა. 2011 წლის აგვისტოში, HESTOK BATUMI-ს მიერ შემუშავებული საბაგირო გზის გეგმა ბათუმის მერიამ უალტერნატივო პირობად მიიჩნია, რის გამოც, ახლადაშენებული ანძის დემონტაჟისა და ახალი ანძის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. გამოუყენებლობის მოტივით, ბალანსიდან 135 100 ლარის ღირებულების აქტივები ჩამოწერეს და ლევან ვარშალომიძის ბრძანების საფუძველზე, შპს HESTOK BATUMI-ს, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად, ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 199 100 ლარის ღირებულების ქონება დამატებით გადასცეს.
სანახევროდ შესრულებული სამუშაოები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის 2006 წლის 14 თებერვლის #15 ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის წესით, კომპანია ,,აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი’‘-ს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული სს ,,აჭარის კურორტების’‘ 100%-იანი და სს ,,მესხეთის’‘ 52.83%-იანი აქციათა პაკეტები გადასცეს და 2006 წლის 18 თებერვალს, ნასყიდობის ხელშეკრულება შემდეგი ვალდებულებებით გააფორმეს: საინვესტიციო თანხის მთლიანი ოდენობა 17 500 000 აშშ დოლარით განისაზღვრა; სს ,,აჭარის კურორტების’‘ საწესდებო კაპიტალში რიცხულ შენობა- ნაგებობებსა და სს ,,მესხეთში’‘ შესახლებული, იძულებით გადაადგილებული პირების გამოსახლება (თითოეულ ოჯახზე საკომპენსაციო თანხა 7 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში); სს ,,აჭარის კურორტების’‘ საწესდებო კაპიტალში რიცხულ შენობა- ნაგებობებში 36 თვის ვადაში განხორციელდეს დასასვენებელი კომპლექსის, ჯანმრთელობის რეაბილიტაციის, გასართობი, ტურისტულ- რეკრეაციული პროფილის მქონე ან/ და მათთან გათანაბრებული დანიშნულების ობიექტების ექსპლუატაციაში შეყვანა. აუდიტორული შემოწმებით გაირკვა, რომ 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებებიდან კომპანიამ შეასრულა სს ,,მესხეთში’‘ შესახლებული, იძულებით გადაადგილებული პირების გამოსახლებისა და კომპენსაციის გადახდის ვალდებულება; ყოფილ სასტუმრო ,,მედეას’‘ ტერიტორიაზე ააშენა და ექსპლუატაციაში გაუშვა სასტუმრო ღადისსონ Bლუ Hოტელ. კომპანიის მიერ პრივატიზებულ დანარჩენ ობიექტებზე, სამშენებლო სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა. იმის გამო, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში, ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის საჯარიმო სანქციები არ გაუთვალისწინებიათ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პირგასამტეხლოს დარიცხვის უფლება არ აქვს. გარდა ამისა, სს ,,აჭარის კურორტების’‘ საკუთრებაში არსებული ყველა უძრავი ქონება, ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული უფლებით, საბანკო იპოთეკითაა დატვირთული და უფლებრივად, ნაკლის მქონე ქონებას წარმოადგენს.
სახელშეკრულებო პირობების დარღვევის ფაქტები
2013 წლის 23 აპრილის მდგომარეობით, სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, სხვადასხვა კომპანიას პირგასამტეხლოს სახით, 48 931 600 ლარი და 14 010 000 აშშ დოლარი დაარიცხა. მიუხედავად ამისა, ბიუჯეტში ამ თანხის მობილიზებისთვის საჭირო, ქმედითი ღონისძიებები არ გაუტარებია. შემოწმების შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერებსა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებებში, სხვადასხვა სახის ხარვეზი გამოავლინეს. კერძოდ, თამარის დასახლებაში მშენებარე ორი 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში, საუკეთესო ღირებულების დაფიქსირების მიუხედავად, კომპანია, რომელმაც ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი არასრული სახით წარადგინა, დისკვალიფიკაცია მიანიჭეს. სამაგიეროდ, 4 849 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება მომდევნო პოზიციაზე მყოფ შპს NAღEM ჩMB-ს გაუფორმეს. სამუშაოს შესრულების ვადად კი 2012 წლის 20 დეკემბრამდე პერიოდი განსაზღვრეს. 2012 წლის 25 ოქტომბერს ამ კომპანიამ შეთანხმების ოქმი #2 გააფორმა, რომლის საფუძველზეც, ხელშეკრულებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა და სახარჯთაღრიცხვო მონაცემები საგრძნობლად შეიცვალა, სამუშაოების ღირებულებაც 123 200 ლარით გაიზარდა. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტის ტექნიკურ და კონსტრუქციულ ნაწილზე, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს’‘ დასკვნა არსებობს, რომელიც მშენებლობისთვის საჭირო სტანდარტებთან შესაბამისობას ეხება, მაგრამ პროექტში შესული მასშტაბური ცვლილებების სტანდარტებთან შესაბამისობა ექსპერტის მიერ დადასტურებული არაა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ხარჯთაღრიცხვაში განხორციელებულ ცვლილებებს სახელმწიფო აუდიტორები მაღალი რისკის გარემოებად მიიჩნევენ. რაც მთავარია, საცხოვრებელი სახლების მშენებლობა 2012 წელს არ დასრულებულა. ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე 4-სართულიანი საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეისყიდა. ტენდერში შპს ,,სამშენებლო კომპანია ბათუმმა’‘ გაიმარჯვა, რომელთანაც 690 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. 2012 წლის 3 აგვისტოს, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, სახელშეკრულებო ღირებულება 31 600 ლარით გაიზარდა და 721 600 ლარი შეადგინა. ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებებით, შესასრულებელი სამუშაოების დასახელებები, მოცულობები და სამუშაოების ღირებულება შეიცვალა.
სამინისტროს ხარვეზები
სახელმწიფო აუდიტების დასკვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არსებული სუსტი შიდა კონტროლის სისტემა მისი ფუნქციონირების არასაკმარის ხარისხს განაპირობებს. სამინისტროში, საქონლის სახელმწიფო შესყიდვების ყველა ეტაპს _ ტენდერის გამოცხადებას, საქონლის მიღებას, აღრიცხვასა და ამის შემდეგ თანამშრომლებზე მის გადანაწილებას ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი ახორციელებს, რაც ავტორიზაციის რისკს შეიცავს; ადგილი აქვს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაზე არასათანადო კონტროლის დაწესების ფაქტებსაც. კერძოდ, 2007 წლის 14 დეკემბერს, პირობითი აუქციონის ფორმით, ნოდარ ბერიშვილმა ქობულეთში, თამარ მეფის სანაპირო #74-ში მდებარე 451 100 კვადრატული მეტრი ფართობის #1 მუსიკალური სკოლის შენობა და მასზე დამაგრებული 1 050 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის პრივატიზება განახორციელა. 2010 წლის 29 ნოემბერს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა დასრულდა, თუმცა ამის შესახებ სამინისტრომ წერილობითი შეტყობინება მხოლოდ 2012 წლის 17 აპრილს ანუ 16 თვის შემდეგ გაგზავნა. 2011 წლის 8 სექტემბერს, ფიზიკურმა პირმა სულიკო თურმანიძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მდებარე 784 100 კვ.მ. ფართობის შენობა- ნაგებობისა და 802 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის პრივატიზება განახორციელა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პერიოდში, 2012 წლის 4 მაისს, აღნიშნული ქონება იპოთეკით დაიტვირთა, რაზეც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ნებართვა არ გაუცია. 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების რაოდენობა 97 ერთეული იყო. 2011 წლის განხილული შედეგებით კი, მომგებიანად დაფიქსირებულია 16 საწარმო ანუ 16.5%, ხოლო 11 საწარმოს 2011 წელს არსებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ წარუდგენია. 2012 წელს, ავტონომიური რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებში, დივიდენდის სახით, 1 307 400 ლარია ჩარიცხული. საწარმოებიდან მიღებული დივიდენდების მოცულობას 2011 წლამდე, კლების ტენდენცია ახასიათებდა. 2011-2012 წლებში, დივიდენდების ზრდა განპირობებულია შპს ,,სავაჭრო ცენტრი 2009’‘-ს მიერ, ბიუჯეტში დივიდენდის სახით ჩარიცხული თანხებით. ამ შპს-მ 2011 წელს, 740 000 ლარი, ანუ ბიუჯეტში დივიდენდის სახით ჩარიცხული თანხის 67.2% შეადგინა, ხოლო 2012 წელს, კომპანიამ ბიუჯეტში 627 100 ლარი ჩარიცხა, რაც ბიუჯეტში დივიდენდის სახით ჩარიცხული თანხის 48% იყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წელს, ჯამში, 64 ობიექტი იყო პრივატიზებული. აქედან, 37 _ პირდაპირი მიყიდვის, 11 _ პირობითი აუქციონის და 16 _ უპირობო აუქციონის ფორმით. ამავე პერიოდში, 82 ობიექტის პრივატიზებასთან დაკავშირებით, ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი მიმდინარეობდა. მონიტორინგის შედეგად, შემდგომი რეაგირების მიზნით, 9 საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადასცეს. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ’‘, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 39 შემთხვევაში, 55 888 200 ლარის ღირებულების ქონების პრივატიზება 6 853 800 ლარად განხორციელდა. აქედან, 29 შემთხვევაში, 40 615 600 ლარის ქონება პრივატიზებულია სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად. აღსანიშნავია, რომ პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების პრივატიზებისას, პრიორიტეტული მიმართულებები არ შეუმუშავებიათ და მთავრობის მიერ, ცალკეულ შემთხვევებში, არაერთგვაროვანი მიდგომაც დაფიქსირდა. მაგალითად, 2012 წელს, პირობითი აუქციონის ფორმით, 463 500 ლარად, პრივატიზებული იყო შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიის ცენტრი’‘, რომლის საპრივატიზებო პირობად ამ ცენტრის რეაბილიტაცია, ჯანდაცვის პროგრამებში მონაწილეობა, პროფილის შენარჩუნება, დივიდენდის _ 515 800 ლარის გადახდა განისაზღვრა. არადა, შპს BღOთHEღშ-ს. მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობისა და მოქალაქეთა დასაქმების პირობით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადაეცა ბათუმში გენერალ აბაშიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მდებარე, 1 620 500 ლარის ღირებულების, 15 005 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის ბიუჯეტის შესაბამისად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შრომის ანაზღაურების მუხლით, 1 862 500 ლარი განესაზღვრა, რაც დამტკიცებული საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს 17 ოდენობას შეადგენდა. დამტკიცებული საშტატო განრიგის გათვალისწინებით, ამ თანხიდან თანამდებობრივი სარგო 1 300 800 ლარი, ხოლო საპრემიო ფონდი _ 561 700 ლარი იყო. სააუდიტო პერიოდში, საშტატო განრიგსა და შესაბამის ასიგნებებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, შრომის ანაზღაურების ფონდი 334 000 ლარით გაიზარდა და 2 196 500 ლარი შეადგინა. თანამდებობრივი სარგო 3.7%-ით შემცირდა და 1 252 500 ლარზე დაფიქსირდა, ხოლო საპრემიო ფონდი 68%-ით გაიზარდა და 944 000 ლარი გახდა. ანალოგიური მდგომარეობა დაფიქსირდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურშიც, სადაც წლის დასაწყისში დამტკიცებული თანამდებობრივი სარგო არ შეცვლილა, მაგრამ საპრემიო ფონდი 85.8%-ით გაიზარდა. სახელმწიფო აუდიტორების მოთხოვნის მიუხედავად, აუდიტის პერიოდში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა, შრომის ანაზღაურების მუხლში საპრემიო ფონდის აღნიშნული რაოდენობით გათვალისწინებისა და შემდგომში, მისი ზრდის განმსაზღვრელი დოკუმენტი ვერ წარადგინეს