რისთვის შეხვდა იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე ბიძინა ივანიშვილს?

რისთვის შეხვდა იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე ბიძინა ივანიშვილს?

ნაღმზე აფეთქებული სიმართლე! შოკში ჩავარდნილი ხელისუფლება, გამაოგნებელი რეალობა და სამოქალაქო არეულობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი! თუკი ხელისუფლება იური ვაზაგაშვილის მკვლელობას უმოკლეს ვადებში არ გამოიძიებს, ეს ნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენა გადადის სამართლის მაძიებელთა ხელში. იური ვაზაგაშვილის მკვლელობით, ქვეყანაში ახალი ერა იწყება - შურისძიება! "ქართული ოცნების" ხელისუფლება ჯერ კიდევ მაშინ დაჯდა ბომბზე, როცა სერიულ მკვლელებთან, მწვალებლებთან და სახელმწიფო ტერორიზმის ფუძემდებლებთან კოჰაბიტირება გადაწყვიტა. ესეც თქვენი სამართალი... დოყლაპია ხარ შენ, ხელისუფლებავ, შოკში მაშინ რატომ არ ჩავარდი, იური ვაზაგაშვილმა შვილის მკვლელების მფარველობაში რომ დაგადანაშაულა?! იური ვაზაგაშვილის სიკვდილი, რომელიც შვილის საფლავს დააკლეს, არის გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვის და მოითხოვს "ნაციონალური რეჟიმის" გასამართლებას. როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში სროლა უკვე დასწრებაზე იქნება, მკვლელებს გვამების აღარ ეშინიათ და ახლა მათ მშობლებზე გადავიდნენ, ამოხოცეს გირგვლიანის ოჯახი და დღეს უფრო დამაჯერებლად გამოიყურება ვერსია, რომ სანდრო გირგვლიანის დედა, ირინე ენუქიძე მოწამლეს. აქაც საფლავი ფიგურირებს. როგორც სოსო რობაქიძე აცხადებდა, სანდროს საფლავის ქვაზე მუდმივად ხდებოდა მომწამლავი ნივთიერების წასმა. მკვლელობის შემკვეთმა და დამგეგმავმა სწორად შეარჩია ადგილი, ქალბატონ ირინას, რომელიც დიდ დროს შვილის საფლავზე ატარებდა და საფლავის ქვაში "გაცოცხლებულ" სანდროს ეფერებოდა, სიცოცხლე ნელ-ნელა მოუსწრაფეს - ის პანკრიასის სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მეორე შემთხვევაშიც სასაფლაო აირჩია მკვლელობის დამკვეთმა და შემსრულებელმა. წარმოუდგენელი ბოროტება, არაადამიანურობა, სიმხდალეა, შვილის საფლავს დააკლა მამა. მსგავსი ტერორისტული აქტი ფილმებშიც არ მინახავს. 

რა არ აპატიეს იური ვაზაგაშვილს? ვინ დგას ამ შემზარავი ტრაგედიის უკან? ვინ შეუკვეთა სააკაშვილის რეჟიმის მიერ დახვრეტილი ზურაბ ვაზაგაშვილის მამის მკვლელობა? როდის დაიგეგმა ტერორისტული აქტი და ვინ განახორციელა? კითხვა ბევრია. მივყვეთ თანმიმდევრულად და გავიხსენოთ ის შემზარავი ტრაგედია, რომელიც 2006 წლის 2 მაისს, დაახლოებით დილის 10 საათზე, "დინამოს" კორტებთან  მოხდა. ამ ფაქტს მოწმე ჰყავს. იქვე მცხოვრები ივლიტა გაჩეჩილაძე აღწერს, რომ ფანჯრიდან ათამდე ხაკისფერფორმიანი და ნიღბიანი ადამიანი დაინახა, რომლებიც მუქი ფერის უცხოური მარკის ავტომანქანას უახლოვდებოდნენ. ავტომანქანა არ მოძრაობდა, ის კორტების კედელთან ბოძს იყო შეჯახებული. ივლიტა გაჩეჩილაძე, რომელიც მოვლენებს თავიდან ბოლომდე ადევნებდა თვალს, ამბობს, რომ ავტომანქანიდან სროლის ხმა არ გაუგია. მან ავტომანქანის უკანა სალონიდან გადმოვარდნილი ადამიანი დაინახა. გაჩეჩილაძე დარწმუნებულია, რომ ამ ადამიანს ხელში არაფერი ეჭირა. ივლიტა გაჩეჩილაძეს არ გაუგია სამართალდამცავთა მხრიდან რაიმე მოწოდება გაჩერების ან დანებების შესახებ. ის იხსენებს, რომ იმ დღეს ქუჩაში ხალხმრავლობა იყო. ამ ყველაფერს კინოკამერით სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანი იღებდა. იმ დღეს, 2 მაისს, დილით, ზურა ვაზაგაშვილის დედა ტელევიზორს უყურებდა, როცა საინფორმაციო გამოშვებაში "ყაჩაღებზე განხორციელებულ სპეცოპერაციაზე" მოისმინა. მან კადრებში საკუთარი შვილის ჩაცხრილული მანქანა ამოიცნო. 
კრიმინალური პოლიციის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის სიცოცხლე შეეწირა. სპეცოპერაცია, რომელსაც "კორტების ტრაგედია" დაერქვა, ნაცმოძრეჟიმის სისხლიან ისტორიაში შევიდა, სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის მკვლელობებთან ერთად, ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმედ იქცა, რომელიც თავის განაჩენს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან ელოდება. სწორედ ამ ბიჭების სიცოცხლის ხარჯზე მოვიდა ეს ხელისუფლება, სწორედ მათი მკვლელების გასამართლების დაპირებით. იური ვაზაგაშვილი იყო, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე რომ ამხნევებდა ოპოზიციას, როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად, მისი ნაყიდი მეგაფონებით ჩაგვძახოდნენ, რომ არ შეარჩენდნენ ამ ბიჭების მკვლელებს, მაგრამ... მათი სიტყვები სადღაც გაფრინდა და შეგვრჩა იური ვაზაგაშვილის ცხედარი, ადამიანის, რომელიც სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა. "გადაარჩინე სიცოცხლე" - მან სწორედ რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით გადაარჩინა სხვათა სიცოცხლე. 

"კორტების" სპეცოპერაციის საქმე გამოძიებულად და დახურულად ისე გამოცხადდა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე არავინ დასჯილა. საქმეში არსებული შეუსაბამობების გათვალისწინებით, ასევე, სრულიად ბუნდოვანი რჩება პასუხი კითხვაზე, მართლა მიდიოდნენ თუ არა ვაზაგაშვილი და მისი თანმხლები პირები ბინის დასაყაჩაღებლად? ოფიციალური ვერსიით, კორტებთან სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზი შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების უფროსის მოადგილის მიერ 2006 წლის 2 მაისს შედგენილი პატაკი გახდა, ე.წ. დაგეგმილი ყაჩაღობის შესახებ. საქმიდან ირკვევა, რომ საჩვენებელი სპეცოპერაცია პოლიციას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და რეალურად არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ვაზაგაშვილი და მისი თანმხლები ორი პირი საყაჩაღოდ მიდიოდნენ, არ არსებობდა, რასაც კრიმინალური პოლიციის უფროსის ირაკლი ქადაგიძის მიერ 1-ელ მაისს დამტკიცებული ბრძანება ადასტურებს. თუ 2 მაისს პატაკი დაიწერა, წინა დღეს, 1-ელ მაისს, სპეცოპერაცია როგორ დაიგეგმა?! ვაზაგაშვილთან ერთად ჩაცხრილეს ხუბულოვი, ხოლო მძიმედ დაიჭრა ფუთურიძე, რომელმაც ჩვენებაში ჩაწერა, საყაჩაღოდ მივდიოდით, მაგრამ არ ვიცი, სადო (?!). ფუთურიძე ციხიდან უკვე გამოუშვეს, თუმცა ვაზაგაშვილის ოჯახს მასთან კონტაქტი არ აქვს და მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან. 
ვაზაგაშვილის მანქანიდან რომ სროლას ადგილი არ ჰქონია, "ალია" ამის შესახებ, ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში ადგილზე გადაღებული ფოტოების ანალიზით წერდა, რაც შემდეგში ავტორიტეტულმა ექსპერტებმაც დაადასტურეს. 

22 წლის ზურა ვაზაგაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობდა. პარალელურად კი, თბილისში, ამბროლაურის ქუჩაზე საკუთარი კაფე ჰქონდა. ახლა, ამ ადგილას არასამთავრობო ორგანიზაციის "გადავარჩინოთ სიცოცხლის" ოფისია, რომელიც ზურას გარდაცვალების შემდეგ მამამისმა დააფუძნა. 9 თებერვალს იური ვაზაგაშვილის ვაჟი 31 წლის გახდებოდა, სიკვდილის დღეს ზურა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში გამოცდებზე მიდიოდა. დილით შეყვარებული გაიყვანა ინსტიტუტში, თვითონ კი დაიბარა, მალე დავბრუნდებიო და ის სამუდამოდ წავიდა ამ ქვეყნიდან. სიმართლისთვის ბრძოლა მისმა მამა, იური ვაზაგაშვილმა დაიწყო. შვილმოკლულ მშობლებთან ერთად, ის იცავდა ყველა დაჩაგრულს, პოლიტპატიმრებს, უმწეოებს და იმედი ჰქონდა, რომ "ოცნების" ხელისუფლება დაიცავდა მის სამართლიან უფლებას, ობიექტურად გამოძიებულიყო მისი შვილის მკვლელობის საქმე. 

კორტებთან მომხდარი ამბავი პირველი სპეცოპერაცია არ ყოფილა, რომელიც იმ პერიოდში შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის უწყებამ მსხვერპლით დაასრულა, 2006 წელს პოლიციის სპეცოპერაციებს, სულ მცირე, 24 ადამიანი ემსხვერპლა. გირგვლიანისა და ვაზაგაშვილის საქმეებთან ერთად, იმ დროით თარიღდება ასევე ამირან რობაქიძის,  გიორგი თელიას (2006 წლის 16 თებერვალი), კიზირიას (2006 წლის  25 თებერვალი) გახმაურებული საქმეებიც. 

2009 წელს საქმეში ახალი მასალების აღმოჩენის გამო მაშინდელმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა, რომელმაც კორტების სპეცოპერაციას "სახალხო დახვრეტა" უწოდა, პროკურატურაში საქმე ხელახალი გამოძიებისთვის გადააგზავნა. სახალხო დამცველის აპარატს პროკურატურიდან პასუხი არ მიუღია, მაგრამ რა, მოვიდა ახალი ხელისუფლება, რისთვისაც იური ვაზაგაშვილმა ძალიან ბევრი იბრძოლა, ასახელებდა კონკრეტულ გვარებს, ვინც მისი შვილის ჩაცხრილვაში მონაწილეობდა და აქაც სამარისებური დუმილი... რატომ, რა ხდება? 

გარდაცვალებამდე იური ვაზაგაშვილი და საქმის ადვოკატი "კორტების" სპეცოპერაციის ახალ დეტალებზე ალაპარაკდნენ და ახალი  ფოტომასალა წარადგინეს. ადვოკატების თქმით, ვაზაგაშვილი დაიღუპა ახლო მანძილიდან განხორციელებული გასროლის შედეგად. იმას, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი ახლოდან ნასროლი ტყვიით არის მოკლული, ადასტურებს დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი. იური ვაზაგაშვილი სიკვდილამდე აცხადებდა: "გამომძიებელმა კინიკაძემ, რომელიც ჩემი შვილის მკვლელობის თანამონაწილეა, მიიტანა ეს კადრები "ობიექტივში". ახლა ის გაქცეულია საფრანგეთში და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ეს ფოტოები არის კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ განზრახ მკვლელობა მოხდა დამამძიმებელ გარემოებებში. კადრებში ჩანს, როგორ არის დაშლილი ჩემი შვილის თავი. ტვინი ცალკე და თავის ქალა ცალკეა, ძვლები დაშლილი. იური ვაზაგაშვილი პირდაპირ აცხადებდა მკვლელების სახელებს და დამნაშავეების თანამდებობებიდან განთავისუფლებას ითხოვდა. ბოლო პრესკონფერენციაზე ფოტო წარმოადგინა, რომელზეც მისი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ის მონაწილეა აღბეჭდილი, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა, სიმონიკა მაჩაიძე. ეს ადამიანი არის "ზონდერი". "მას მონაწილეობა აქვს მიღებული ჩემი შვილის მკვლელობაში. მაინტერესებს, როგორ უნდა დაიცვას მკვლელობის თანამონაწილემ სხვისი უსაფრთხოება... სამი თვეა ვამბობთ, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში მკვლელებს ნიშნავენ. დამნაშავეებითაა სავსე სტრუქტურები. მიკვირს ამ ხელისუფლების, რატომ ყურადღებას არ აქცევენ ჩვენს განცხადებებს? მივმართავ პრემიერ-მინისტრს, რათა მან იცოდეს, რომ ჭიკაიძე მფარველობს მკვლელებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო სავსეა "ზონდერებით" და იმ ადამიანებით, ვინც საშინელებები ჩაიდინა. მათი 80% დღეს თანამდებობაზე რჩება. ვგულისხმობ გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებს. ყალიბდება სახალხო მოძრაობა, რომელიც სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, სხვადასხვა სახის აქტივობას განახორციელებს. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები მიმდინარეობს, ჩვენ არ გავჩერდებით. პროკურატურაც და შსს-ც გაძეძგილია ძველი კადრებით. ამ სპეცოპერაციაში ფირცხალავას, სპეცრაზმის უფროს ნაკანსა და სხვებს 3.000 ლარი აქვთ მიღებული. ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ "გადაგვაგდო". ჭიკაიძეც, მერაბიშვილის მსგავსად, თავის კლანს მფარველობს და აწინაურებს. დაგინახავთ სადმე გუბაზ სანიკიძე? ან სად არიან ძიძიგური, ძმები გაჩეჩილაძეები? სად არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს გვერდით იდგნენ პლაკატებით და ყვიროდნენ, დაისაჯონ მკვლელებიო?!" 

სამწუხაროდ, დღეს უკვე, როცა აღარ არის იური ვაზაგაშვილი, ყველა პოლიტიკური ლიდერი პოლიტიკური ქულებისთვის გამოიყენებს საზარელ მკვლელობას, გამოჩნდებიან აქციებზე, დებატებში და ერთმანეთს დაამუნათებენ, რომ შენ მოკალი ვაზაგაშვილი, დღეს, როცა მთავრობა უმოკლეს ვადებში საქმის გამოძიებისკენ მიუთითებს პროკურატურას, საინტერესოა, ვინ უნდა გამოიძიოს ეს საქმე? ვაზაგაშვილის შვილის მკვლელებმა? მთავარი პროკურორის მოადგილე, შოთაძე აცხადებს, რომ ვაზაგაშვილს ჩვენი უწყების მიმართ არ ჰქონდა პრეტენზიები, არადა 13 იანვრის "ალიას" ნომერში იური ვაზაგაშვილი აცხადებდა: "ძალიან უკმაყოფილო ვარ პროკურატურის მუშაობით, როგორ არ ვიქნები უკმაყოფილო დღევანდელი ხელისუფლების? გაჩვენებთ კადრებს, როგორ არის დაშლილი ჩემი ბავშვის თავი, ისე დაეშალოთ ჩემი შვილის მკვლელებს თავები და ჩემს დღეში ჩავარდნენ ეგენიც და მაგათი მფარველებიც. ესაა კაცის წყევლა, იქამდე გადამიყვანეს ჭკუიდან და წარმოიდგინეთ, ეს ვინც გააკეთა, დღეს თანამდებობებზე მუშაობენ. ავიღოთ სამინისტროში კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზოევი, ქალაქის სამმართველოს უფროსი დალაქიშვილი ვითომ გაუშვეს, მაგრამ კადრების განყოფილებაშია, ამათ პირველებმა დაიწყეს სროლა. ანდა ავიღოთ ნიკა სამარღანაშვილი, ჩემი შვილის მკვლელობის თანამონაწილე, გიორგი ბჟალავა და რაზმაძე, რომლებიც ამჟამადაც მუშაობენ, ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შოთა ჭანკვეტაძე, მკვლელი, დღესაც რომ მუშაობს. ლაშა ქურხული და გიორგი კაჭარავა, დღესაც მუშაობენ, უამრავი სხვა გარეწარი, რომლებიც დღეს მუშაობენ და მითხარით, როგორ დავიჯერო, რომ პროკურატურა რამეს აკეთებს? მინდოდა, ეს კადრები ენახა ჩვენს მოსახლეობას და ხელისუფლებას, რომლებიც დაბრმავდნენ და დაყრუვდნენ, რომ გაეგოთ, რა დღეში ვართ და ჩემნაირი გამწარებული 150 ოჯახია. ამათ ფეხებზე ჰკიდიათ, მოგვატყუეს და პირად ინტერესზე არიან გადართულები. რომელ ხელისუფლებაზე ლაპარაკობთ, ბატონო ჩემო? ჩახუტებულები რომ არიან "ნაცებს"? იმ "ნაცებს", რომელთა ბიზნესებსაც არავინ შეხებია? ბიუჯეტი საკუთარ ჯიბედ რომ ჰქონდათ გადაქცეული და ერთი თეთრიც არ მოატანინეს უკან? 7 ნოემბერი, 26 მაისი, ამდენი მკვლელობა, ამდენი ქონებაწართმეული, ამდენი პოლიტპატიმარი, ამდენი უკანონო პატიმარი და ერთი მოსამართლე და პროკურორი მანახეთ დასჯილი, ხალხოო!.. ერთი საქმე მაჩვენეთ ბოლომდე მიყვანილი. გირგვლიანის საქმე როგორ გამოიძიეს, როცა სალაყაია ევროპაში "დაგულაობს"? ერთადერთი გამოსავალია, ისევ ჩვენ დავდგეთ ერთად და შევანჯღრიოთ ესენი! "ნაცების" დროს ვიცოდით, მტერი ვინ იყო, ესენი კი, ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ, "გადამგდებები" გამოდგნენ! ხალხი და ამომრჩეველი "გადაგვაგდეს"! იმ საშინელებებს ვინც სჩადიოდა, სააკაშვილს რომ ახალ წელს მიულოცავ, ესაა სამართალი? კარგი, ხალხო, რაა! უკვე მაჟრიალებს". 

"ალიას" ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის ხმაურიანი განცხადებებისა და ბოლო პრესკონფერენციის შემდეგ, გასული კვირის პარასკევს ბიძინა ივანიშვილი იური ვაზაგაშვილს შეხვდა, ივანიშვილი დაინტერესებულა იმ დეტალებით, სადაც ბატონი იური მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებდა მაღალჩინოსნებს, საუბარი საკმაოდ დიდხანს გაგრძელებულა, ბიძინა ივანიშვილს უთქვამს იური ვაზაგაშვილისთვის, რომ ეს საქმეც იქნება გამოძიებული და ის ხალხიც გადაყვება ამ ამბავს, ვისაც თქვენ მფარველებად ასახელებთ, ხოლო ისინი, ვინც უწყებებში არიან დარჩენილები, მათი ადგილი აღარ იქნება იქო. არის ინფორმაცია, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანი, ამ საქმეს შეეწირება და ძალიან მალე! 

ოჯახი სამართალდამცველებს უნდობლობას უცხადებს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მკველელობის პირველ ეტაპზე თვითმკვლელობის კვალიფიკაციის მიცემის მცდელობა გაჩნდა, თუმცა საქმე 109-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს განძრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. ბუტა რობაქიძის დედა საპროტესტო აქციებს აანონსებს. რა დილა გათენდება, არავინ იცის, პარლამენტთან ხალხი იკრიბება, იური ვაზაგაშვილის მეუღლე პირდაპირ ადებს ხელს ირაკლი ფირცხალავას, - ბოლო იმედი ფირცხალავამ მომიკლაო. პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსან ირაკლი ფირცხალავას, რომელიც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციას "სამართალდამცავთა დაცვის ლიგას" არის ამოფარებული, იური ვაზაგაშვილი თავისი შვილის მკვლელობაში ადანაშაულებდა. დღეს ფირცხალავა მიმართავს ხელისუფლებას, უსწრაფესად გამოიძიონ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა. არის ეს ცინიზმი?! ცხადია, არის! ვიღაცამ იური ვაზაგაშვილი სამუდამოდ გააჩუმა, არადა მას ძალიან ბევრი გეგმა ჰქონდა. 

კასპის რაიონიდან, დაკრძალვიდან დაბრუნების შემდეგ, ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის წევრებს უნდა შეხვედროდა და ისინი საქმეში არსებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმესთან დაეკავშირებინა. ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი კორტებთან მომხდარის შესახებ ფილმს ამზადებს, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გადაიცეს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში. კასპის რაიონში სოფელ ყარაფალაში იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. აფეთქება მაშინ მოხდა, რა დროსაც იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ყვავილებს ცვლიდა. ვის ინტერესებში შედიოდა ვაზაგაშვილის გაჩუმება? სიტუაციის ესკალაცია და უმართავი პროცესების საშიშროების შექმნა? 

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია "ალიასთან" საუბარში ვარაუდობს და აცხადებს, რომ "ვაზაგაშვილი ძალიან ბევრ ინფორმაციას ფლობდა და მისი მოშორებით დამნაშავე "ნაციონალები" იყვნენ დაინტერესებული. ეს არის პროფესიონალი სამხედროს გაკეთებული. ვფიქრობ, ან ე.წ. "რასტიაჟკაა" დადებული, როგორიცაა "ეფ 1", "ერ-გე-დე 5" ან დისტანციური მართვის ბომბი, "რასტიაჟკის" შემთხვევაში ავტომატურად ხდება ბომბის აფეთქება, როგორც კი შეეხები, 50 მეტრის რადიუსზე ადამიანის გადარჩენის შანსი არ არის, ეს არის მაღალი კვალიფიკაციისა და პროფესიონალი სამხედროს ან "სპეცნაზის" გაკეთებული. მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით სამი თვის წინ უნდა იყოს ეს ტერაქტი დაგეგმილი, იმდენად პროფესიონალურად არის შესრულებული, არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა. შეხედეთ, რა ხდება, "ნაცმოძრაობას" რამდენი გასამხედროებული ჯგუფი ჰყავს, ისინი შემთხვევით არ იკრიბებიან და არ ქმნიან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყოფილი პროკურორები, ყოფილი ძალოვნები, ვისაც ბრალი ედებათ ადამიანთა წამებასა და მკვლელობებში, დღეს ადვოკატებისა და უფლებადამცველების ნიღბით გვევლინებიან. ისე მიდის პროცესები, რომ ქვეყანაში დიდ დესტაბილიზაციას ველი სწორედ მათი მხრიდან".