სომხეთი საქართველოსგან 442 ეკლესიის გადაცემას ითხოვს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განცხადებით, "ეს წერილი თავის დროზე კანცელარიაში, პრემიერის სახელზე შევიდა. პრემიერმა ეს წერილი გადაუგზავნა რელიგიის სააგენტოს, რომელიც ასევე კანცელარიის დაქვემდებარებაშია და ჩვენთან მოვიდა წერილის ასლი, საქმის კურსში ჩაგვაყენეს, რომ ასეთი მოთხოვნა არის. სომხეთი საქართველოსაგან 442 ეკლესიის გადაცემას ითხოვს".
"ალია" ვითარების გასარკვევად რელიგიის სააგენტოს დაუკავშირდა. პრესსამსახურის უფროსმა ლელა ფირალიშვილმა ორდღიანი კონსულტაციის შემდეგ გვიპასუხა, რომ სათქმელი არაფერი აქვთ, მხოლოდ ის იციან, რომ პრემიერ-მინისტრი საკითხის შემსწავლელ კომისიას შექმნის. პასუხი საპატრიარქოდანაც ვითხოვეთ, მაგრამ, როგორც კი საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, მარიამ გაგუამ გაიგო, რომ "ალიადან" ვურეკავდით, ტელეფონი გაგვითიშა.
ამის შემდეგ, სიტუაციაში გარკვევა საეკლესიო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, საპატრიარქოს ყოფილ საპარლამენტო მდივანთან, გიორგი ანდრიაძესთან ვცადეთ:
- ბატონო გიორგი, რომელ ეკლესიებზე აცხადებს სომხური მხარე პრეტენზიას და რა საბაბით?
- ეს პრეტენზია სულ ჰქონდა არა მხოლოდ სომხურ მხარეს, არამედ სხვა ჩვენს მეზობლებს სხვადასხვა ისტორიულ კუთხეებზე. სომხეთს უფრო მეტი პრეტენზია აქვს იმიტომ, რომ საქმე ეხება ქრისტიანული კულტურის ძეგლებს. ამის შესახებ 20 წელია, სისტემატურად მიდის სჯა-ბაასი, ერთი პერიოდი საპატრიარქოს ჰქონდა სწორი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომელიც სინოდის დადგენილებაში აისახა.
- რა პოზიცია ჰქონდა საპატრიარქოს?
- საპატრიარქოს სინოდის განჩინებაში წერია, რომ რუსეთის იმპერიის პერიოდში, ანუ 1801 წლიდან წარმოებული რელიგიური პოლიტიკა არის უკანონო. როცა ქვეყანას დაიპყრობ, წაართმევ მას პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და საეკლესიო დამოუკიდებლობასაც, იმ პერიოდში რა პოლიტიკასაც გაატარებ, გამოდის უკანონო. ეს განჩინება მიიღო სინოდმა თავის დროზე, შემდეგ, როგორც ჩანს, ჩაერივნენ სხვადასხვა ძალები სააკაშვილის ხელისუფლების დროს, არც დღევანდელი მთავრობა გამოირჩევა დიდად მისგან. შესაბამისად, პოლიტიკა ამ მიმართულებით შეჩერდა. სომხეთთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ აქვს სახელმწიფოს.
- ახლა რატომ წამოწიეს ისევ ეს საკითხი?
- ახლა მიმდინარეობს სომხური ეკლესიების რესტავრაცია საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ, როცა ქართული ეკლესიების რესტავრაციის თემა საერთოდ არ არის დაძრული. ვგულისხმობ იმ ქართულ ეკლესიებს, რომლებიც სომხეთის ტერიტორიაზე არსებობს.
- ვინ უტარებს ამ ეკლესიებს რესტავრაციას?
- ჩვენი მხარე, მაგრამ კონკრეტული ვინაობა ცნობილი არაა, სახელმწიფო თუ ინვესტორი. მე მაქვს ძალიან მარტივი ინფორმაცია, რომელიც ობიექტური ისტორიკოსების მიერ იყო დადებული და მაშინ საპატრიარქომ გაიზიარა. რუსეთის იმპერია შემოვიდა ამიერკავკასიაში, მაშინ მან ჩამოასახლა ძალიან დიდი სომხური დიასპორა, რომელმაც ბევრი ტაძარი ააშენა. შეიძლება, რამდენიმე ასეული იყოს. სომხური ეკლესიები მართლაც აშენდა რუსეთის ოკუპაციის პერიოდში, მაგრამ აქ ისმის კითხვა, თუ ეს ოკუპაცია იყო სამართლიანი, მაშინ სამართლიანად უნდა დავუბრუნოთ პატრონს ეს ეკლესიები. თუ ჩვენ წავალთ საბჭოთა ისტორიოგრაფიის კუთხით, რომელიც, სამწუხაროდ, გაბატონებულია ახლაც, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებშიც, მაშინ ისინი ითხოვენ მათ ლოგიკურად, ააშენეს მათმა წინაპრებმა და უნდათ უკან დაბრუნება, მაგრამ თუ მივდივართ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიით, მაშინ საქართველოდან მათ არაფერი ეკუთვნით, გარდა კეთილმეზობლური ურთიერთობისა, ტოლერანტობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და არა ჩვენი ისტორიული მიწა-წყალი, არა ოკუპაციის პირობებში ძალადობრივად აშენებული ძეგლები.
- რომელ ეკლესიებზეა ძირითადად საუბარი? სად მდებარეობს ეს ეკლესიები?
- ძირითადად ჯავახეთში, თბილისში, კახეთში, ბევრი მათგანი არის ყოფილი ქართული ეკლესიის ნაეკლესიარი.
- მრევლი ჰყავს ამ ეკლესიებს, რა პოზიცია აქვთ მათ?
- მოსაზრება არის ელემენტარული და ლოგიკური, საქართველოში არის ასეულობით მეჩეთი, მაშინ, როდესაც, არ არსებობს თურქეთში ერთი ქართული სამლოცველოც კი. შესაბამისად, სომხური ეკლესიის მოთხოვნა ლოგიკურია, თუ არსებობს მეჩეთი, რატომ არ უნდა არსებობდეს ასეულობით სომხური ეკლესია, ეს არის და ეს.
- ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, რითაც დავადასტურებთ, რომ ეს ძეგლები ჩვენია. ისინი რით დაადასტურებენ, რომ მათია?
- უპატრონო ეკლესიას ყოველთვის ეპატრონებიან ეშმაკები, ანუ პრობლემა არის ქართულ მხარეში. ჩვენ ვერ ვეპატრონებით სიმღერას, მრავალხმიანობას, ძეგლებს, ეკლესიებს, და როცა ვერ ეპატრონები, ან სომეხი დაეპატრონება, ან სხვა მეზობელი. პრობლემა არის ჩვენში, როგორც ყოველთვის, როგორც 20 წელია. როცა მკაფიოდ არ ამბობ არც შიგნით და არც საერთაშორისო დონეზე, რა არის შენი, არ დგამ შესაბამის ნაბიჯს ნივთიერი, მატერიალური და სულიერი ძეგლების დასაცავად, მაშინ სხვა გამოჩნდება პატრონი. პრობლემა არის ქართულ მხარეში, პოლიტიკურ სივრცეშიც, რადგან ქართულმა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, რა არის ქვეყნის საკუთრება. ყველა ძეგლს, რომელიც არსებობს საქართველოში, უნდა ჰქონდეს აღრიცხვის ფურცელი, როდის აშენდა, ვისია, ამის შემდეგ აღარავის გაუჩნდება პრეტენზია. ცოტა ბრალი არის ეკლესიისაც, უფრო ქმედითი უნდა იყოს ამ მიმართულებით.
- რა უნდა ქნას საპატრიარქომ?
- მან უნდა დააყენოს მკაფიოდ საკითხი, რა არის მისი. იმ კონსტიტუციურმა შეთანხმებამ, რომელიც დაიდო და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მან მკაფიოდ ჩამოაყალიბა ყველაფერი. საჭიროა ამ დოკუმენტის განხორციელება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმება. როცა შენ ნაბიჯს არ დგამ, სხვა აუცილებლად გადადგამს და ეს შექმნის დამატებით პრობლემებს. თუ არ იაქტიურებ შენ, იაქტიურებს შენი მეზობელი, როგორც ამჯერად აღმოჩნდა სომხეთი.
- კომისია იქმნება, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის. გაართმევს თავს, თქვენი აზრით?
- მე ვარ, ალბათ, 10 კომისიის წევრი და არც ერთხელ არ შეკრებილა ეს კომისიები. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს კომისია, რომელსაც შექმნიან, შედეგს დადებს. კომისია არის ფორმა, მაგრამ ფორმა კი არა, ქმედებაა მთავარი. ქმედება აქამდე ძალიან პასიური იყო ყველა მიმართულებით და აწი ვნახოთ.