იური ვაზაგაშვილის სიკვდილის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე - განზრახ მკვლელობის - მუხლით მიმდინარეობს. 20 იანვარს საკუთარი შვილის, ზურაბის საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. დაიკითხნენ მესაფლავეები. შემოწმდა იური ვაზაგაშვილის კუთვნილი ავტომობილი და დგინდება ასაფეთქებელი მოწყობილობის მოდელი. ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები, ახლობლები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებისგან საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და მკვლელის დასჯას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებით იმუქრებიან. ხელისუფლება აცხადებს, რომ საზოგადოება დაგროვილ კითხვებზე პასუხს მალე მიიღებს.
ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი ირმა ჭკადუა იური ვაზაგაშვილის სიკვდილის ფაქტს მისი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საქმის გაგრძელებად მიიჩნევს. 21 იანვარს მან რადიო თავისუფლების დილის პროგრამაში განაცხადა, რომ საკმაოდ გაჭიანურებულ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში, რომლის გამოძიებაც თავად იური ვაზაგაშვილის მთავარი მიზანი იყო, ბოლო ხანებში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. გამოჩნდნენ მოწმეები საქართველოშიც და ქვეყნის საზღვრებს გარეთაც, რომლებიც ამ საქმის თაობაზე დიდ ინფორმაციას ფლობდნენ და მათ საგამოძიებო ორგანოებს ჩვენებებიც მისცეს - ალაპარაკდნენ ზეწოლაზე, რომელსაც მაღალჩინოსნებისგან განიცდიდნენ. ადვოკატის თქმით, იური ვაზაგაშვილი დღე-დღეზე ელოდა დამნაშავეების დასჯას, თუმცა, ირმა ჭკადუას თქმით, ის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ისევე ვერ დაიცვა, როგორც წინა ხელისუფლების დროს საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ვერ დაიცვა სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე:
„ვაზაგაშვილიც არის ენუქიძე 2 - ეს მკვლელობა იყო თუ თითმკვლელობა, ვაზაგაშვილის ცოდვა ორივე ხელისუფლების კისერზეა, ხოლო თუ ვინმეს ჰგონია და მკვლელი ფიქრობს იმას, რომ იური ვაზაგაშვილის სიკვდილით დაასრულეს ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება, ეს ასე ნამდვილად არ არის, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი საჩივრის თანაავტორი არის მისი მეუღლე, ციალა შანავა, და ჩვენ მასთან ერთად აუცილებლად გავიყვანთ ბოლომდე როგორც ზურას მკვლელობის, ისე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეს“.
ირმა ჭკადუა ღიად ლაპარაკობს იმაზეც, რომ პროკურატურაში დღემდე მუშაობენ წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, რომელთა მეშვეობით გამოძიებებთან დაკავშირებული ინფორმაცია ამ უწყებიდან გადის და როგორც კი გამოძიება დასკვნით ეტაპამდე მიდის, ის რაღაც მიზეზით ფერხდება. ჭკადუა ეჭვობს, რომ ასე მოხდა ვაზაგაშვილის საქმის შემთხვევაშიც.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს საკუთარი შვილის საფლავზე მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. ოჯახის ადვოკატების განცხადებით, ის იქ, როგორც წესი, ოჯახის სხვა წევრებთან - მეუღლესთან, შვილთან და შვილიშვილთან - ერთად მიდიოდა ხოლმე. ამჯერად იური ვაზაგაშვილი მარტო იყო.
საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ვერსიებზე ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია, თუმცა ის ადასტურებს, რომ ვაზაგაშვილის სიკვდილი ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. ირაკლი შოთაძემ ისიც განაცხადა, რომ იური ვაზაგაშვილის შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, მკვლელობის გამოძიება, ფაქტობრივად, დასრულებულია და საზოგადოება სიმართლეს მალე გაიგებს:
„საქმე დასკვნით ფაზაშია, მოგროვილი მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლითაც ვლინდება სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ფაქტები გარკვეულ პირთა მხრიდან. ამაზე პროკურატურა უახლოეს მომავალში მოახდენს რეაგირებას“.
ვაზაგაშვილების ოჯახის მიერ დაქირავებულმა დამოუკიდებელმა სასამართლო ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ დადგენილია იმ ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობა, რომლის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა იური ვაზაგაშვილი. მისი თქმით, ეს არის საბრძოლო დანიშნულების ასაფეთქებელი მოწყობილობა.
იური ვაზაგაშვილის საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს პროკურატურისგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სამძიმრის წერილში, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუკის ირაკლი ღარიბაშვილის პირად გვერდზე გამოქვეყნდა, ვკითხულობთ:
„მოვითხოვ მთავარი პროკურატურისგან, სასწრაფოდ გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის საქმე და უმოკლეს ვადებში დაასრულოს ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით".
სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიებისაკენ მოუწოდებს ერთობლივ განცხადებაში ხელისუფლებასა და საგამოძიებო ორგანოებს არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ნაწილი. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის, საზოგადოებრივი დამცველისა და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მაღალპროფესიულად წარმართვა“.
მომხდარს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“, რომელიც ვაზაგაშვილების ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იცავს. საია აცხადებს, რომ გაჭიანურებული სამართალი წართმეული სამართალია და ასევე მოითხოვს მომხდარის მიუკერძოებლად გამოძიებას.
არასამთავრობო ორგანიზაციათა კიდევ ერთი ნაწილი პერმანენტული აქციების დაწყებას გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მომხდარს სასწრაფოდ არ გამოიძიებს. ამ აქციებით, როგორც ნანა კაკაბაძე, თავმჯდომარე ორგანიზაციისა "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის", აცხადებს, გააპროტესტებენ ხელისუფლების უმოქმედობას იური ვაზაგაშვილის შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საქმის გამოძიებაში.
ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარები პოლიტიკურ წრეებშიც გაკეთდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიგლა აგულაშვილის ვარაუდით, ვაზაგაშვილის სიკვდილი ხელს აძლევდათ იმ ადამიანებს, ვინც მართლმსაჯულებისგან გარკვეულ საფრთხეს გრძნობდა:
„როცა ვერსიებზე ვსაუბრობთ, თუ რა მოხდა, ვერსიები მიდის იქით, რომ ვაზაგაშვილი მოიშორეს იმ ადამიანებმა, ვინც გარკვეულ საფრთხეს გრძნობდა სამართალდამცველებისგან და ვინც იცოდა, რომ იური ვაზაგაშვილი არ აპირებდა ვინმეს უმოქმედობას შეჰგუებოდა“.
ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლები, რომლებიც 20 იანვარს, საღამოს, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზეც შეიკრიბნენ, ვარაუდობენ, რომ იური ვაზაგაშვილის სიკვდილი შესაძლოა მისი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის, მკვლელობის საქმის გამოძიებაში გამოკვეთილ ახალ გარემოებებსაც უკავშირდებოდეს. ასე ფიქრობს 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის პანთეონთან პოლიციელის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძეც:
„იყო ახალი გარემოებები, კვალი მიდიოდა ცუდ ადგილას და, რაც მთავარია, იწყებოდა ნულოვანი ტოლერანტობისა და იმდროინდელი რეპრესიების შეფასების პროცესი“.
იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს 21 იანვარს გამოეხმაურა კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის". როგორც მისმა თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა, განაცხადა, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს იური და ზურა ვაზაგაშვილების გარდაცვალების საქმეები:
„ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ორივე საქმე. ჩვენთვის გაუგებარია, რა პრობლემებთან იყო დაკავშირებული ის, რომ ზურა ვაზაგაშვილის საქმე დღემდე არ არის გამოძიებული, გამოძიების პროცესი კი ბოლომდე ვერ მივიდა. საზოგადოებამ ამასთან დაკავშირებითაც მეტი ინფორმაცია უნდა მიიღოს. იმედი გვაქვს, რომ ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, უმოკლეს ვადაში პასუხი გაეცემა".
შეგახსენებთ: იური ვაზაგაშვილის შვილი, ზურაბ ვაზაგაშვილი, 2006 წელს თბილისში მოკლეს სამართალდამცველებმა. იური ვაზაგაშვილი კატეგორიულად უარყოფდა მაშინდელი გამოძიების დასკვნას, რომ სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ. ის დარწმუნებული იყო შვილის უდანაშაულობაში და საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მოითხოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ხელახლა გამოძიებას. შვილის სიკვდილიდან რვა წლის შემდეგ კი, 20 იანვარს, იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.