უსახლკარობა, უმუშევრობა, გაჭირვება - ეს ყველაფერი არაა, რაც ნაძალადევის რაიონში, ყოფილი ნევროლოგიის ინსტიტუტში მცხოვრებ დევნილებს აწუხებთ. აქ, დევნილების გარდა, თბილისის მიწისძვრით დაზარალებულებიც ცხოვრობენ... “ნევროლოგიის ინსტიტუტის” მე-11 სართული... კორიდორი ძველი და გამოუსადეგარი ნივთებითაა სავსე... უშუშო ფანჯრები... აფხაზეთიდან დევნილი 41 წლის ქალბატონი თავის ოთახში მეპატიჟება:
- ხომ ხედავთ, რა სივიწროვეა? - ამ 10 კვმ-იან ოთახში ათი წელია, ქმარსა და ორ შვილთან ერთად ვცხოვრობ. იატაკზე ფიცარიც ჩვენი სახსრებით დავაგეთ - აბა, ბავშვებს ცემენტზე ხომ არ ვამყოფებდით? მე-10 და მე-11 სართულებზე დევნილები ვცხოვრობთ, დაბლა კი, - მიწისძვრით დაზარალებულები. მათ ფართები დაუკანონეს, ჩვენ კი, საშველი არ დაგვადგა.
- როგორც ვიცი, დევნილებისთვის ახალი კორპუსები შენდება და მინისტრი სუბარი ამბობს, დევნილებს ბინა ეტაპობრივად გადაეცემათო. ამ ერთ ოთახში დარჩენა რატომ გინდათ?
- მართლა გგონიათ, რომ დევნილებს კარგ და გარემონტებულ ბინებს მისცემენ? ბინას ორ დღეში რომ ააშენებენ, იქ ცხოვრება როგორ შეიძლება? ჩემს ნათესავს სახლი მისცეს და წვიმა რომ მოვიდა, ჭერი თავზე დაემხო. ეგეთ ბინაში ცხოვრებას, ისევ აქ ყოფნა მირჩევნია! რაც შეეხება ფართების დაკანონებას, როგორც გვითხრეს, ეს შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და იმან თუ არ დაგვიკანონა, დევნილთა სამინისტო ვერაფერს იზამს. ეს ორი სამინისტრო ერთმანეთში ვერ რიგდება და ჩვენი პატრონი არავინაა.
- ეს შენობა გაყიდული ხომ არაა?
- გაყიდული რომ ყოფილიყო, ქვემო სართულებზე მცხოვრებ ხალხს ფართებს არ დაუკანონებდნენ. ისე, გამორიცხული არაფერია - მთავრობისგან უსიამოვნო სიურპრიზებს მიჩვეულები ვართ. რაც ჩვენი მინისტრი სოზარ სუბარი გახდა, სამინისტროდან ჩვენთან არავინ მოსულა და არ უკითხავს, რა გვიჭირს და რა გვილხინს. ტელევიზიით კი გვაჯერებენ, რომ ყველაფერი კარგადაა და დევნილებზე თითქოს ზრუნავენ. წლებია, ერთი ოთახის დაკანონებას ვითხოვ და ამის ღირსიც არ გამხადეს. მაგათ იმედზე როგორ უნდა ვიყო?!
- ხელმოკლედ ცხოვრობთ... თავი როგორ გაგაქვთ, სოციალურ დახმარებას იღებთ?
- არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა: ან დევნილობის კომპენსაცია აგვეღო, ან სოციალური დახმარება, ორივეს ერთად არ გვაძლევენ... მეუღლე შემცირებაში მოჰყვა და უმუშევარია, ორი შვილი მყავს და, გათენდება თუ არა, იმაზე ვფიქრობ, ბავშვებს რა ვაჭამო...
- ახალ წელს როგორ შეხვდით?
- ახალი წელი და დროს ტარება მდიდრებისთვისაა. ერთი ქათამი ვიყიდე, ბავშვებს “ბლინები” გამოვუცხე და სულ ეს იყო ჩვენი საახალწლო სუფრა. შემწეობის თანხა სულ რომ დამეხარჯა, მერე მშივრები დავრჩებოდით. იცით, გული რაზე მწყდება? - ამდენი მთავრობა გამოიცვალა და ტყუილის თქმასა თუ ცრუ დაპირებებში ყველა ერთმანეთს ჯობნის.
ამასობაში კარზე დააკაკუნეს. სტუმარი მრავალშვილიანი დედა აღმოჩნდა, რომელმაც მეზობელს შაქრისთვის მოაკითხა... მერე, თავისთან მიმიწვია... ორი პატარა ოთახი... ერთ-ერთში ბავშვების ტანსაცმელია გასაშრობად გაფენილი... პატარა ტახტი... ფეხმომტვრეული ძველი მაგიდა და რამდენიმე სკამი... დენის პატარა გამათბობელს ოთხი ბავშვი შემოხვევია. ცოტა ხანს გამორთეთ, თორემ დენის გადასახადს ვერ გადავიხდითო, - დატუქსა დედამ შვილები... უფროსმა გოგონამ დედას დაუჯერა, გამათბობელი გამორთო და, სითბო რომ შეენარჩუნებინა, ჯემპრი მოისხა...
ნელი, მრავალშვილიანი დედა: - 21-ე საუკუნეში სიცივით რომ იყინები და მცირეწლოვან ბავშვებს დედა გამათბობელს უთიშავს, ამის ატანა როგორია? გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობ, ამდენი ნერვიულობისგან, მეშინია, რამე არ დამემართოს და 4 შვილი მთლად უპატრონოდ არ დამრჩეს.
- მეუღლე არ გყავთ?
-არა, ვიღაც ქალს გაეკიდა და დამტოვა 4 შვილით. ვის მივმართო, აღარ ვიცი. დახმარებას ვღებულობ - თითო ბავშვზე 25 ლარს, მაგრამ 100 ლარი როგორ ვიმყოფინო?
- მარტოხელა დედის დახმარება არ გეკუთვნით?
- კარგი, რა?! იმ 100 ლარს რომ ვიღებ, ეგეც გასაკვირია, მარტოხელა დედად იმას აღიარებენ, ვინც ბავშვი კანონიერი ქორწინების გარეშე გააჩინა. ახლა, რა ვქნა, სხვა კაცი უნდა მოვნახო, რომ მარტოხელა დედად მაღიარონ? ქმარი აღარ მყავს, აღარც ვახსოვართ და როგორ დავამტკიცო, რომ მომკითხველი არავინ მყავს? ნათესავები კი მყავს, მაგრამ ჩემს ირგვლივ დალხინებული არავინაა. ყველა თავის გატანას ცდილობს და 5 სულს ვინ დაგვეხმარება? დედაჩემი ლოგინადაა ჩავარდნილი, მაგრამ იმის საშუალება არ მაქვს, რომ სოფელში წავიდე, თან ხელცარიელი ხომ ვერ მივალ?
- 100 ლარის გარდა, სხვა შემოსავალი არ გაქვთ?
- 100 კი არა, 200 ლარიც რომ მომცენ, საკმარისია, რომ კუჭი მშიერი არ გვქონდეს? დღეს ბავშვებს წყალწყალა სუპი გავუკეთე... მოზარდები ხორცს რომ ვერ შეჭამენ და ვერც ვიტამინს მიიღებენ, როგორი ჯანმრთელობა ექნებათ? სამსახურები ისედაც არაა, მაგრამ რომც ვნახო, როგორ ვიმუშაო? - ძიძას ვერ დავიქირავებ და რა გავაკეთო? ჩვენს მთავრობას რომ ჰკითხო, ქალებს ხელს უწყობს, რომ ბევრი შვილი იყოლიონ, მაგრამ დახმარებას მხოლოდ მათ აძლევენ, ვინც მაღალმთიან რაიონებში ცხოვრობებ. ჩვენ, ვინც თბილისში ვართ, თითქოს არაფერი გვიჭირს.
- ბავშვებს, კვების გარდა, ტანსაცმელიც სჭირდებათ...
- ყველას ვეხვეწები, რომ დაპატარავებული ტანსაცმელი არ გადაყაროს. ჩვენს დაბლა მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაა. გამყიდველ ქალს ვიცნობ და თუ რამე არ გაეყიდება, მაძლევს ხოლმე... ძონძები გვაცვია, მაგრამ არ ვჩივი - მთავარია, არ შეგვცივდეს. ჩემი შვილი, ნატო კარგად სწავლობს, მასწავლებლები ძალიან აქებენ, მაგრამ გული მტკივა, რომ მისი თანაკლასელები ლამაზად ჩაცმულები დადიან, ეს კი, - ძველი ტანსაცმლით. ამას წინათ, თანაკლასელები ჩურჩულებდნენ, თურმე, ნატოს რა მოდიდანგადასული ტანსაცმელი აცვიაო. ბავშვი შინ ტირილით მოვიდა... ისე ავნერვიულდი, მეზობლებმა ვალერიანის წვეთები დამალევინეს.
- თქვენც ფართის დაკანონებას ითხოვთ თუ ახალი ბინა გირჩევნიათ?
- ახალი ბინა რომ მომცენ, ფული უნდა გადავიხადო - ასე მისცეს ჩემს ნათესავს ფოთში, სად მაქვს დოლარები? ადრეც იყო კორუფცია და ახლაც იგივე ხდება. რომ აცხადებენ, ერთ ლარად სახლებს გადავცემთო, ვის აძლევენ? ვერ გავიგე. ჩემზე მეტად გაჭირვებულები არიან, რომ რიგში წინ დააყენეს, ან რა კრიტერიუმით არჩევენ, ვინ მალე მიიღებს ბინას და ვინ - გვიან? ჩემი შვილები მეგობრის მოყვანას ვერ ბედავენ - რცხვენიათ, ამ სოროში სტუმარი მიიღონ, მოუკვდეთ ამათ დედა (ტირის)! ყველგან უსამართლობაა გამეფებული, არადა, სამართლიანობის აღდგენას გვპირდებოდნენ, სადაა ეს სამართლიანობა?
- ხელისუფლებას რას ეტყვით?
- რა უნდა ვუთხრა, გენაცვალე? - მოგვხედოს, გულთან ახლოს მიიტანოს ჩვენი გასაჭირი. ისიც გვეყოფა, მამა-პაპის მიწიდან რომ აგვყარეს და აქ გადმოგვაგდეს. ტელევიზორის ჩართვა აღარ მინდა: რა დღეშია მთავრობა, ჯიბეებს ისქელებს და რა იყიდოს, აღარ იცის. იმდენ ქონებას მოაგროვებენ, რომ მაგათ შვილიშვილებსაც ეყოფათ. მთავრობა ხალხს უნდა ემსახუროს, მაგრამ მაგენი მარტო თავიანთ ჯიბეს ემსახურებიან!
- საახალწლოდ ნაძვის ხე მორთეთ?
- ამ სივიწროვეში ნაძვის ხე სად დამედგა? შარშან, მეზობლის ქალმა ბავშვებს ჩიჩილაკი მოუტანა... ოთხი პატარა ჩურჩხელა მქონდა და ბავშვებს ახალ წელს მივეცი, კარტოფილიც შევწვი... ნამცხვარი და ხორცი კარგია, მაგრამ სადაა?! ნიგოზი 25 ლარი ღირდა და არც გოზინაყი გვქონდა. ამ სიღატაკეში ახალი წელი არ იგრძნობა!.. ცხოვრება უკან მიდის, ფასები ყველაფერს ემატება და სექტემბერში პენსიონერებს მხოლოდ 10 ლარს უმატებენ. იმ დახმარებაზე კი, რასაც ვიღებ, თეთრსაც არ მომიმატებენ. ჩვენნაირი ხალხისთვის ფული არა აქვთ, თვითონ კი არაფერს იკლებენ. ცუდია სიღარიბე, ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ იქნება, შვილები მაინც მოესწრონ კარგ და გალაღებულ ცხოვრებას!
მრავალშვილიან დედას დავემშვიდობე და რას წარმოვიდგენდი, რომ კიდევ უფრო ტრაგიკულ მოხუცს შევხვდებოდი: ნაგვის ბუნკერში ქალბატონი იქექებოდა... დახეული ფეხსაცმელი ეცვა... წაიბორძიკა... ხელი მივაშველე. მადლობა გადამიხადა, ბუნკერიდან ამოღებული პური გამომიწოდა და მკითხა, შვილო, კარგად ვერ ვხედავ და ობიანი ხომ არააო...
- ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ნაგავში მომიწევდა ქექვა, მაგრამ მეტი გზა არ მაქვს. ადრე უფასო სასადილოში დავდიოდი, ახლა ფეხებს ძლივსღა დავათრევ, 84 წლის ბებერი ვარ და სიარული აღარ შემიძლია.
- მარტოხელა ხართ?
- დიახ, მთელი ცხოვრება მარტო ვარ. არ გავთხოვილვარ და აბა, ვინ მომხედავს? - შვილი არ მყავს. ერთი და მყავდა, მასთან ვცხოვრობდი, მაგრამ 5 წლის წინ გარდაიცვალა. ჩემმა დისშვილმა და მისმა ქმარმა კოპები შემიკრეს. მივხვდი, ჩემი იქ დარჩენა არ უნდოდათ და წამოვედი. ამ შენობას ლტოლვილებთან ერთად შევეხიზნე... ნათესავებს აღარც ვახსოვარ, ვის რაში სჭირდება ჩემნაირი გაჭირვებული მოხუცი? ერთი სურვილი მაქვს: მალე მოვკვდე, რომ დავისვენო და ასე აღარ ვიბოდიალო.
- როგორც სოციალურად დაუცველი, დახმარებას არ იღებთ?
- მხოლოდ პენსია მაქვს და წამლებს ვყიდულობ, ფული რომ აღარ მრჩება, აქ მოვდივარ, ზოგჯერ კეთილი ხალხი მაჭმევს... დღეს რომ გამეღვიძა, შინ პურიც არ მქონდა, აქ მოვედი, იქნება პურის ნაგლეჯები მაინც მოვნახო.
- ხელისუფლება რატომ არ გეხმარებათ?
- კაი, ერთი, როდის გვყოლია ხელისუფლება? ხალხს მხოლოდ ატყუებენ, მაგათ ჩვენი ჯავრი სადა აქვთ?! ახალ წელს ნაგავსაყრელზე შეხვდნენ, ეგენი კი რესტორნებში წავიდოდნენ და იქეიფებდნენ. არა უშავს, შვილო, ყველას მოეკითხება.
ყოფილი ნევროლოგიის ინსტიტუტში სტუმრობის შემდეგ, “ქართული სიტყვა” დევნილთა სამინისტროს დაუკავშირდა და, როგორც სამინისტროს რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა, ლევან კოკაიამ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, გუდამაყრის ქუჩაზე მდებარე შენობაში სულ 48 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც ფართები წელს აუცილებლად დაუკანონდებათ. ვნახოთ...