აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა 11 „ნარკოტერორისტი“ მოკლეს - ვენესუელა ტრამპს ტყუილში ადანაშაულებს

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა 11 „ნარკოტერორისტი“ მოკლეს - ვენესუელა ტრამპს ტყუილში ადანაშაულებს

ამერიკასა და ვენესუელას შორის დაძაბულობა პიკს აღწევს. ორ ქვეყანას შორის „ომი“ მას შემდეგ გაჩაღდა, რაც დონალდ ტრამპმა ვენესუელას პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო ნარკოტერორიზმსა და კოკაინის იმპორტის ხელშეწყობაში დაადანაშაულა და მის დასაკავებლად ფულადი ჯილდოც კი დააწესა.

სამშაბათს, 2 სექტემბერს, აშშ-მა სამხრეთ კარიბის ზღვის აუზში ნარკოტიკების კონტრაბანდის გემზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, 11 „ნარკოტერორისტი“ დაიღუპა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, გემი საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდა და შეერთებულ შტატებში გასაყიდად განკუთვნილი ნარკოტიკები გადაჰქონდა. როგორც თავის სოციალურ ქსელში - Truth, ტრამპმა გაავრცელა ინფორმაცია, აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ვენესუელური ბანდის - Tren de Aragua-ს წევრების წინააღმდეგ იყო მიმართული.

„დღეს დილით, ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის სარდლობის პასუხისმგებლობის არეალში, ტრენ დე არაგუაში დადასტურებულად იდენტიფიცირებული ნარკოტერორისტების წინააღმდეგ, კინეტიკური დარტყმა განახორციელეს“. მისი თქმით, დარტყმის შედეგად, 11 ტერორისტი დაიღუპა და არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაშავებულა.

„ეს გაფრთხილება იქნება ყველასთვის, ვინც კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების შემოტანაზე ფიქრობს! ფრთხილად იყავით!“ - დაწერა ტრამპმა.

მის პოსტს თან ახლდა ვიდეოც, სადაც ჩანდა, თუ როგორ მიქროდა მოტორიანი ნავი ტალღებში აფეთქებამდე.

ტრამპის შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ X-ში დაწერა, რომ „დღეს, აშშ-ის სამხედროებმა სასიკვდილო დარტყმა განახორციელეს სამხრეთ კარიბის ზღვის აუზში, ნარკოტიკებით დატვირთული გემის წინააღმდეგ, რომელიც ვენესუელადან მოდიოდა და რომელსაც ნარკოტერორისტული ორგანიზაცია მართავდა“.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა სახის ნარკოტიკული საშუალებები შეიძლებოდა ყოფილიყო გემზე.

ექსპერტები: ეს საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს

BBC-თან ინტერვიუში, ექსპერტები ამბობენ, რომ აშშ-ის მიერ ნარკოტიკებით სავსე გემის აფეთქებამ, შესაძლოა, საერთაშორისო საზღვაო სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევა გამოიწვიოს.

„გემის შესაჩერებლად ძალის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ ის, როგორც წესი, არალეტალური უნდა იყოს“, - განუცხადა BBC-ის ბელფასტის ქუინსის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ლუკ მოფეტმა. პროფესორმა მოფეტის განცხადებით, ძალის გამოყენება სასამართლოს გარეშე, თვითნებურ მკვლელობასა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ დარღვევას უტოლდება.

გაერო-ს წესდების 2(4) მუხლის თანახმად, ქვეყნებს შეუძლიათ ძალის გამოყენება თავდასხმის დროს და თავდაცვის მიზნით.

საერთაშორისო სამართლის გარდა, კითხვები ჩნდება აშშ-ის ოპერაციის შიდა კანონმდებლობის შესაბამისობასთან დაკავშირებით. აშშ-ის კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ ომის გამოცხადების უფლებამოსილება მხოლოდ კონგრესს ეკუთვნის. თუმცა, აშშ-ის კონსტიტუციის მე-2 მუხლი აცხადებს, რომ „პრეზიდენტი არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი“ და ზოგიერთი კონსტიტუციური ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს პრეზიდენტს სამხედრო სამიზნეებზე დარტყმების უფლებამოსილებას აძლევს. უცნობია, ეს დებულება ვრცელდება თუ არა ნარკოკარტელების წინააღმდეგ.

შეიძლება ვიდეო ყალბი იყოს?

ვენესუელას ინფორმაციის მინისტრმა, ფრედი ნინიესმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და ის „ყალბია“. მტკიცებულებად მან გამოაქვეყნა ვიდეოს შესახებ Gemini-ს ნეირონულ ქსელთან საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ნეირონული ქსელი ვარაუდობს, რომ ვიდეო, სავარაუდოდ, ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა, რადგან მასში წყალი არაბუნებრივად გამოიყურება.

ნანიესმა რუბიო „პრეზიდენტისთვის ტყუილის თქმასა“ და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოების მტკიცებულებად წარდგენაში დაადანაშაულა, თუმცა მის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ამოჭრილი იყო, რომელშიც Russia Today-ის ლოგო იყო გამოსახული.

ემანუელ სალიბამ, GetReal Security-ის მთავარმა გამომძიებელმა, რომელიც ყალბი კონტენტის აღმოფხვრის სპეციალისტია, BBC-ის განუცხადა, რომ ის ხელოვნური ინტელექტის არსებობას ვერ ხედავს. „ამ ეტაპზე, ხელოვნური ინტელექტის არსებობის ვერანაირ მტკიცებულებას ვერ ვხედავ, თუმცა მანიპულაციას ვერ გამოვრიცხავთ. როგორც ხედავთ, ვიდეოდან ინფორმაციის ნაწილი ამოღებულია, ან ბუნდოვანია“, - განაცხადა სალიბამ და დასძინა: „ეს ნიშნავს, რომ ვიდეომასალა შესაძლოა გაუმჯობესებული, ან მოდიფიცირებული ყოფილიყო ხელოვნური ინტელექტის, ან ტრადიციული რედაქტირების ინსტრუმენტების გამოყენებით, მაგრამ ის მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ არ არის შექმნილი.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/c740l94ml34o