აშშ-ის საგარეო პოლიტიკა 2014 წელს

აშშ-ის საგარეო პოლიტიკა 2014 წელს

2014 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებს საგარეო პოლიტიკის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ჰქონდა, მათ შორის სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერება, ომი უკრაინაში, სირიის სამოქალაქო ომი და დაძაბულობა პალესტინელებსა და ისრაელს შორის. ექსპერტების აზრით, 2014 წლის საერთაშორისო კრიზისებმა პრეზიდენტი ბარაკ ობამა იძულებული გახადა, უწინდელთან შედარებით მეტი ყურადღება მიექცია საგარეო პოლიტიკისთვის - დედამიწის სხვადასხვა წერტილში გამოეყენებინა ამერიკის ჯარი და ფინანსები. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის წლიურ შეჯამებას ანა ლომთაძე შემოგთავაზებთ. 

ისლამური სახელმწიფო და ურთიერთობა ასადთან

2014 წლის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ მოულოდნელი და სწრაფი გაძლიერება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კრიზისს წარმოადგენს ობამას ადმინისტრაციისთვის. როდესაც 2014 წლის იანვარში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ერაყის ქალაქი ფალუჯა დაიპყრეს, პრეზიდენტმა ობამამ მათ ალ-ყაიდასთან შედარებით, მეორეხარისხოვანი ჯგუფი უწოდა. ექვსი თვის შემდეგ მებრძოლებმა ერაყის სიდიდით მეორე ქალაქს, მოსულს შეუტიეს. ქალაქი დღემდე მათ კონტროლქვეშაა. ამ ამბიდან სამი თვის შემდეგ ობამამ უკვე საჯაროდ გამოაცხადა თავისი მიზანი, გაენადგურებინა ტერორისტები. ობამას თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები სისასტიკით გამოირჩევიან და ამერიკის უმოქმედობის შემთხვევაში, შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნან თავად შეერთებულ შტატებსაც.

„ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებამ გაართულა ობამას ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება სირიაში გაჩაღებულ სამოქალაქო ომის მიმართ. ეს იმიტომ, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, რომელსაც ობამა ათასობით ადამიანის სასტიკ მკვლელობაში ადანაშაულებს, ამერიკის მსგავსად, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვის. ოქტომბერში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, რომ ასადი დიდად ახეირა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ვაშინგტონის სამხედრო მოქმედებებმა. რამდენიმე კვირაში ობამამ მტკიცედ განცხადა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს ასადთან თანამშრომლობას და ასადის გადაყენების აუცილებლობას ეჭვქვეშ არ აყენებს.

2014 წლის ოქტომბერში ჰეიგელმა ობამას მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სიუზან რაისს, გაუგზავნა მემორანდუმი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლასა და ასადისადმი დამოკიდებულებას შორის ბალანსის შენარჩუნების საკითხზე. წერილში, რომელიც „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გამოაქვეყნა, ჰეიგელმა შეშფოთება გამოთქვა სირიასთან დაკავშირებული ზოგადი სტრატეგიის გამო. ერთი თვის შემდეგ, გავრცელებულ ინფორმაციას დაძაბულობის შესახებ პენტაგონის უფროსსა და პრეზიდენტის გუნდის წევრებს შორის, ჩაკ ჰეიგელის გადადგომა მოჰყვა.

უკრაინა: ცხელი ომი თუ ცივი ომი

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ობამამ თავის დროზე რუსეთს ურთიერთობის სუფთა ფურცლით დაწყება შესთავაზა. მაგრამ შეთანხმებამ მაინცდამაინც ხეირიანად ვერ იმუშავა, განსაკუთრებით მას მერე, რაც ვლადიმირ პუტინი 2012 წელს ოთხწლიანი პრემიერ-მინისტრობის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა რუსეთის პრეზიდენტის პოსტს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ყველაზე მეტად მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2014 წლის თებერვალში უკრაინაში გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებს მოჰყვა კრემლის მოკავშირის, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის, ჩამოგდება. მარტში რუსეთი ყირიმში შეიჭრა და ამ ტერიტორიის ანექსია განახორციელა. ამას მოჰყვა ფართომასშტაბიანი კონფლიქტი უკრაინის ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის. აშშ-ის, ევროკავშირისა და უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, პრორუსი სეპარატისტებს მხარს მოსკოვი ეხმარება.

გაეროს მონაცემებით, ამ კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში უკვე 4600 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მილიონ ადამიანზე მეტი კი იძულებით ადგილნაცვალ პირად იქცა, ათასობით ადამიანს ქვეყნის დატოვება მოუწია.

ამ ბრძოლაში რუსეთის მონაწილეობის გამო ობამას ადმინისტრაციამ და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს რუსეთის მნიშვნელოვან ოფიციალურ პირებსა და მდიდარ ბიზნესმენებს, რომლებსაც ახლო ურთიერთობა აქვთ პუტინთან. ობამას თქმით, ამ სანქციებმა სერიოზულად დააზარალა რუსეთის ეკონომიკა. ნავთობის ფასების ვარდნასთან და ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან ერთად, რუსეთი რეცესიის საფრთხის წინაშეა.

აშშ-ის სენატის რამდენიმე წევრმა თეთრი სახლი გააკრიტიკა რუსული აგრესიის წინააღმდეგ არასაკმარისად მკაცრი და რადიკალური პოზიციის დაკავებისთვის. ზოგმა სენატორმა უკრაინისთვის იარაღის გაგზავნაც მოითხოვა.

პრორუსული მეამბოხეები კვლავ განაგრძობენ დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების კონტროლს. საინტერესოა, რომ ნოემბერში ავტორიტეტიანი ანალიტიკური ინსტიტუტის, „ლევადის ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსების 85% პუტინს უწონებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

ისრაელი-პალესტინა: მოლაპარაკებები ისევ ჩაიშალა

2014 წლის აპრილში, ისრაელსა და პალესტინელებს შორის აშშ-ის შუამავლობით ჩატარებული სამშვიდობო მოლაპარაკება ჩაიშალა. ეს ობამას ადმინისტრაციის მეორე წარუმატებელი მცდელობაა, ხელი შეუწყოს მხარეებს შორის გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევას. ურთიერთობა დაიძაბა ვაშინგტონსა და ტელ-ავივს შორისაც.

მოლაპარაკების ჩიხში შესვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო იერიში განახორციელა. ისრაელის მთავრობა ამას უწოდებდა მცდელობას, შეეჩერებინა ისრაელის ტერიტორიისკენ მიმართული „ჰამასის“ სარაკეტო ცეცხლი. ტელ-ავივის სამხედრო ოპერაციების შედეგად დაიღუპა 2000 პალესტინელი, უმეტესად სამოქალაქო პირები. დაიღუპა ათობით ისრაელის ჯარისკაციც.

ზეწოლა ვაშინგტონზე, როგორც ისრაელსა და პალესტინას შორის შუამავლის როლის შემსრულებელზე, გაგრძელდა დეკემბრამდე, როდესაც პალესტინამ გაეროს წარუდგინა დოკუმენტი, რომელშიც პალესტინელები 2016 წლის ნოემბრამდე ისრაელის ოკუპაციის დასრულებას მოითხოვენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა დევიდ კრემერმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა 2014 წლის ამერიკის საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზე და ასე შეაფასა ობამას ადმინისტრაცია:

„მთლიანობაში [ამ] წელმა ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს ეს ადმინისტრაცია ალყაშემორტყმულია და სხვადასხვა ფრონტზე განვითარებული კრიზისების მოგვარება უწევს. ძირითადად [ამ ადმინისტრაციას] არ უჩვენებია ისეთი თავდაჯერებულობა, რომელიც ხალხს აფიქრებინებს, რომ მთავრობა ყველა ამ კრიზისს - ან რომელიმეს მაინც - უმკლავდება“.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის წარმატება: ჩინეთი და ირანი

2014 წელს ამერიკის საგარეო პოლიტიკას წარმატებაც ჰქონდა. ნოემბერში აშშ-მა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით.

შეთანხმების მიხედვით, აშშ 2025 წლისთვის, 2005 წელთან შედარებით, 28%-ით შეამცირებს ნახშირორჟანგის ემისიას, ჩინეთი კი გამონაბოლქვს 2030 წლისთვის შეამცირებს.

ოპტიმიზმის კიდევ ერთი საფუძველია მოლაპარაკებები ირანის ატომური ენერგიის პროგრამაზე. იმის მიუხედავად, რომ მხარეებმა 24 ნოემბრამდე, ანუ დაწესებული ვადის ბოლომდე, ამომწურავ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, შეთანხმების ვადა გადასწიეს 2015 წლის 1 ივლისამდე. მოლაპარაკებები შეიძლება გაართულოს აშშ-ის კონგრესის რამდენიმე წევრის ინიციატივამ, გაამკაცრონ ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები. დასავლეთი შიშობს, რომ ირანი შექმნის ატომურ იარაღს, თუმცა ირანის მთავრობის მტკიცებით, ატომური ენერგიის პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

2014 წელს ობამა არაერთხელ გააკრიტიკეს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის უქონლობისთვის. გასაკვირი არ არის, რომ კრიტიკა, ძირითადად, რესპუბლიკელი კანონმდებლებისგან ისმოდა, თუმცა დროდადრო ამ მხრივ დემოკრატებიც აქტიურობდნენ.

მას შემდეგ, რაც სექტემბერში ობამამ განაცხადა, რომ არ ჰქონდა შემუშავებული კონკრეტული სტრატეგია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, მინესოტის შტატის სენატორმა დემოკრატიული პარტიიდან, ალ ფრანკენმა ობამას ნათქვამის გამო შეშფოთება გამოთქვა წერილში, რომელიც გენერალურ პროკურორს, ერიკ ჰოლდერს გაუგზავნა.

საბოლოოდ, თეთრმა სახლმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც მის „დასუსტებასა და განადგურებას“ გულისხმობს. ერაყსა და სირიაში აშშ-მა საჰაერო იერიშები განახორციელა და ერაყში 3000 ჯარისკაცი განათავსა.

ბუშის პრეზიდენტობის შემდეგ, აშშ-ის ჯარის ხელახალი განთავსება ერაყში იოლი გადასაწყვეტი არ იყო ობამასთვის, რომელიც თავისი პიარკამპანიის დროს ამომრჩეველს დაპირდა, რომ წერტილს დაუსვამდა ამერიკის ათწლიან ომს ერაყში და ჯარებს შინ დააბრუნებდა. ამიტომ, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ამ ნაბიჯების გადადგმისას, ობამა გამუდმებით იმეორებდა, რომ ამერიკის ჯარი ერაყში ამჯერად არა საბრძოლველად, არამედ რჩევის მისაცემად იმყოფებოდა.

რიჩარდ ფონტენი, ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომელი უმცროსი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას, ამბობს, რომ პრეზიდენტ ობამას არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი, მეტი ყურადღება დაუთმოს შიდა პოლიტიკას. თუმცა, ფონტენის თქმით, პრობლემა ისაა, რომ ამის გაკეთების საშუალებას მსოფლიო არ მისცემს არც ობამას, და არც ამერიკის რომელიმე სხვა პრეზიდენტს.