,,პუტინმა პირდაპირ თბილისი უნდა დაბომბოს!’‘ - ,,მეხუთე კოლონის’‘ საიდუმლო სერობა

,,პუტინმა პირდაპირ თბილისი უნდა დაბომბოს!’‘ - ,,მეხუთე კოლონის’‘ საიდუმლო სერობა

მართალია, ლუსტრაციის კანონი არ გვაქვს, მაგრამ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ადამიანებს თვითლუსტრაცია ყველაზე კარგად გამოსდით. ეს სიტყვები პათეტიკად რომ არავინ ჩათვალოს, როგორც იტყვიან, ფაქტებით ვიმსჯელოთ. მაშ ასე, ფაქტი პირველი: რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელსაც, სხვადასხვა დროს, პრეზიდენტის პოსტი 45-45 დღით ეკავა, ღიად და დაუფარავად განაცხადა, რომ პუტინი საქართველოს მტერი არ არის. ნინო ბურჯანაძისგან მსგავსი შეფასება, პრინციპში, არც უნდა გაგკვირვებოდა, რადგან ოკუპანტი ქვეყნის მმართველს, 2008 წლის სისხლიანი აგვისტოს მერე, ,,ზამთრის სასახლეში’‘, კრემლში ეახლა. ისე, სამართლიანობისთვის, ისიც უნდა ვთქვათ, რომ პუტინის მიმართ ,,ნაზი გრძნობები’‘ თავის დროზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა _ 2004 წლის თებერვალში, ინაუგურაციის შემდეგ, მიხეილი პირველი ოფიციალური ვიზიტით სწორედ ჩრდილოეთში გაემგზავრა და იქ, როგორც ამბობენ, ოფიციალურის გარდა, არაოფიციალური შეხვედრებიც გამართა. მოგვიანებით კი, კერძოდ, 2004 წლის გაზაფხულზე, ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საუბრისას, სააკაშვილმა აღნიშნა, პუტინს პატიოსანი თვალები აქვსო.  

საერთოდ, ქართულ პოლიტიკაში, ალბათ, იშვიათია პერსონა, რომელსაც რუსული ბეგრაუნდი არ აქვს. ,,ვერსიის’‘ ერთ-ერთი წყარო 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ საკუთარი თვალით ჰყავს ნანახი, მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში, რუსეთის ერთ-ერთ გავლენიან მაღალჩინოსანს ქართველი პოლიტიკოსები ერთგულებას როგორ ეფიცებოდნენ და სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას ითხოვდნენ. ერთი სიტყვით, ფული მხოლოდ ჯოჯოხეთს კი არა, პოლიტიკასაც ანათებს და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან პოლიტიკა ამქვეყნიური ჯოჯოხეთია! რატომ ცდილობს კრემლი ჩვენი პოლიტელიტის მოსყიდვას, ადვილი მისახვედრია _ საქართველო კავკასიის აორტაა და თუ გინდა, ეს რეგიონი აკონტროლო, შესაბამისად, საქართველო უნდა დაიმონო. ვიღაცები ამტკიცებენ, რომ ევროპა და აშშ-ც ამ პრინციპით მოქმედებენ და ამიტომ, ჩვენში მხოლოდ რუსული კი არა, დასავლური ,,მეხუთე კოლონაც’‘ არსებობს. შესაძლოა, არც უამისობაა, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია: ევროპას, გნებავთ, აშშ-ს საქართველოში ,,მეხუთე კოლონა’‘ ვერ ეყოლება, რამეთუ დასავლეთი ჩვენი ტერიტორიების მიტაცებით არ არის დაინტერესებული. აი, კრემლი კი, ყველაფერს აკეთებს, საქართველო, როგორც სახელმწიფო, დააქუცმაცოს და ამით გვაიძულოს, მოდერნიზებული საბჭოთა ანუ ევრაზიული კავშირის წევრი გავხდეთ.

რიტორიკა იქით იყოს და, ისტორია ამჯერადაც მეორდება: პუტინის დამპყრობლური ვნებების მთავარი აქტიორები ისევ ქართველები არიან. რაღა შორს წავიდეთ, აი, მაგალითად, ვინმე მიხეილ ხუბუტია, რომელიც რუსეთში ქართველთა კავშირს ხელმძღვანელობს, თავმომწონედ აცხადებს, რომ პუტინი უყვარს... ნოდარ დუმბაძისა არ იყოს, სიყვარულს რას გავუგებთ, მაგრამ ბოლო დროს ხუბუტია თვალშისაცემად გააქტიურდა და შედეგმაც არ დააყოვნა - რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ ქართულ რესტორანში იმისთვის გაასილაქეს, რომ პუტინის სადღეგრძელოს სვამდა. ,,ვერსიის’‘ წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ეს ცემა ერთგვარი პიარ- ტრიუკი იყო. ,,შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ქართული პოლიტიკის რუსულ ფლანგზე სრული პანიკაა. ხუბუტიაც საქართველოში სპეცდავალებით ჩამოვიდა და, როგორც ვიცი, სოლიდური ფულიც ჩამოიტანა. კრემლში იმედი ჰქონდათ, ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები პუტინს არწმუნებდნენ, ქართველ ხალხს რუსეთი უწინდებურად უყვარს და ევროკავშირთან ხელშეკრულების რატიფიცირებას მთელი ერი ქუჩაში გამოსვლით გააპროტესტებსო, მაგრამ ასე არ მოხდა, რის გამოც აგვისტოს ომის ,,შემოქმედმა’‘ წონასწორობა დაკარგა და ქართველ მსტოვრებს სიტუაციის დალაგების დავალება მისცა. ,,სიტუაციის დალაგება’‘ კი პუტინის ენაზე იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში პრორუსული განწყობა ამაღლდეს. სწორედ ამიტომ, ბოლო დროს ჩრდილოეთიდან უბრალოდ დიდი კი არა, ძალიან დიდი ფული შემოვიდა. ეს თანხა, როგორც ვიცი, ძირითადად მედიაზე უნდა დაიხარჯოს’‘, _ ამბობს ,,ვერსიის’‘ წყარო და ყურადღებას ახლახან გავრცელებულ ინფორმაციაზეც ამახვილებს, რომლის მიხედვითაც, ახალი წლიდან საქართველოში მაუწყებლობას ახალი ტელევიზია თV8 დაიწყებს, რომლის უკანაც, მოარული ხმების მიხედვით, სწორედ ხუბუტია დგას.

ამასთან, ,,ვერსიისთვის’‘ კულუარებიდანვე ცნობილი ხდება, რომ ახალ არხზე შესაძლოა, ისეთი ცნობილი სახეები ვიხილოთ, როგორიც, მაგალითად, ნანი ბრეგვაძეა. წყაროს თქმით, ახალი მედიასაშუალებები რუსულ პროპაგანდას ღიად არ გაშლიან და ე.წ. მეხუთე კადრის ეფექტით იმუშავებენ, ანუ ადამიანებს ,,დიად საბჭოეთსა’‘ და იმ დროს, როცა მოსკოვში ,,37 მანეთად’‘ დავფრინავდით, არაპირდაპირ შეახსენებენ და აიძულებენ, ხელისუფლებას ევრაზიულ კავშირში შესვლა მოსთხოვონ. ,,კრემლისთვის 2015 წელი გადამწყვეტია, რადგან პუტინმა, თავის დროზე, დააანონსა, რომ ევრაზიული კავშირი ოფიციალურად სწორედ ამ წელს უნდა გაფორმდეს. სომხეთის ბედი გადაწყვეტილია _ ამ კავშირის წევრი გახდება. პუტინს ალიევზე ზემოქმედება გაუჭირდება, რადგან ბაქოს საკუთარი ნავთობი აქვს და პუტინის ულტიმატუმები დიდად არ ანაღვლებს. აი, საქართველოში კი, ბოლო დროს განწყობა შეცვლილია _ მართალია, იმის უამრავი ნიშანი არსებობს, რომ სააკაშვილის გარემოცვის ერთი ნაწილი ჩრდილოეთიდან იმართებოდა, მაგრამ ხელისუფლებაში ისევ მიშა რომ ყოფილიყო, ,,ფასადური წინააღმდეგობა’‘ გაგრძელდებოდა და ევრაზიულ კავშირში არ შევიდოდით. არ ვამბობ, რომ ახლა შევალთ, მაგრამ ვითარება მყიფეა, თან ზემოხსენებული სცენარის გარდა, კიდევ ერთი გეგმა არსებობს,’‘ - ეუბნება ,,ვერსიას’‘ კარგად ინფორმირებული წყარო.

ახალი წლის დღეებში, ,,ვერსიის’‘ ინკოგნიტო რესპონდენტის ნაამბობის გასაჯაროება, შესაძლოა, არაერთიკურია, მაგრამ საფრთხე, წყაროს თქმით, რეალურია. ,,ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდოდა, რადგან პირველი ინფორმაცია რომ მივიღე, ვიფიქრე, ფანტაზიაა- მეთქი, მაგრამ მერე, იგივე ცნობა სხვა არხებმაც მომაწოდეს და დავრწმუნდი, რომ ,,მეხუთე კოლონას’‘ არ სძინავს. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფების ჰედ-ოფისში საიდუმლო შეხვედრა გაიმართა. ამ ,,საიდუმლო სერობის’‘ მონაწილეთა ვინაობა ვიცი, მაგრამ, ჯერჯერობით, არ გავასაჯაროებ. შეხვედრის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი თემა იყო _ რუსეთის ჯარების საქართველოში შემოყვანა. ერთ-ერთმა ,,შეთქმულმა’‘ ღიად თქვა, რომ ,,ოცნების’‘ ხელისუფლება ნაციონალების კურსს აგრძელებს, ანუ დასავლეთისკენ მიილტვის, რაც დაუშვებელია, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პუტინმა საქართველოში საკუთარი ,,მგლები’‘ გამოუშვას. ამავე შეხვედრაზე ისიც დაკონკრეტდა, რომ შეტევა პირდაპირ თბილისზე უნდა განხორციელდეს. სერობაზე ასეთი ფრაზაც კი ითქვა: ,,პუტინმა პირდაპირ თბილისი უნდა დაბომბოს!’‘ _ ამბობს წყარო. ,,ვერსია’‘ წყაროს ნათქვამის გადამოწმებას შეეცადა, თუმცა გაირკვა, რომ ქართული ,,მეხუთე კოლონა’‘ ერთიანი არაა, ანუ სხვადასხვა ცნობილი რუსეთუმეები ერთმანეთს არამცთუ ვერ იტანენ, ერთმანეთთან კავშირიც არ აქვთ და ყველა მათგანი პუტინზე ან პუტინის გარემოცვაზე დამოუკიდებლადაა გასული. ,,ვერსიამ’‘ ისიც გაარკვია, რომ ბოლო დროს კრემლი ცნობილ მერუსეთუმე ორჯონიკიძეებს აღარ ენდობა და საქართველოში ახალ დასაყრდენს ეძებს. ასე, მაგალითად, ექსკლუზიური ინფორმაციით, მალე, შესაძლოა, ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნას, რომლის უკანაც, სავარაუდოდ, იგორ გიორგაძე იდგება. სხვათა შორის, თუ ეს ინფორმაცია მართალია, მაშინ გამოდის, რომ გიორგაძე ერთ მდინარეში შესვლას მეორედ ცდილობს - თავის დროზე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ანტისოროსი’‘ ჰქონდა, რომელმაც მოღვაწეობა სრული ფიასკოთი დაამთავრა. ისე, რუსმა გენერალმა უნდა იცოდეს, რომ ერთ მდინარეში მეორედ შესვლა, პრაქტიკულად, ხარაკირის ტოლფასია. კულუარული ცნობითვე, გიორგაძე კრემლთან კავშირს უცხოეთში მცხოვრები რუსების დახმარებით ამყარებს. ,,ხუბუტიასა და სხვებისგან განსხვავებით, გიორგაძე მაინც ,,დონეა’‘ და, ჩემი ინფორმაციით, მას ჯოკერის ფუნქცია აქვს, რომელსაც კრემლი იმ შემთხვევაში აამუშავებს, თუ დაინახავს, რომ წვრილფეხობამ დავალება ვერ შეასრულა, თუმცა მეეჭვება, რომ იგორამ მიზანს მიაღწიოს. კი ბატონო, მისი ხალხი ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა და ოფიციალურ სტრუქტურებშიც გამოჩნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რუსული გეგმა ამჯერადაც ჩაფლავდება. ზოგი ამბობს, უკრაინის მერე მოსკოვი იერიშს საქართველოზე მოიტანს და პუტინიც იმუქრება, რომ კრიზისის დასაძლევად 2008 წლის მოვლენებს გაიმეორებს, მაგრამ ყველაფერი ეს მხოლოდ რიტორიკა მგონია, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა რუსეთში ხალხი პანიკაშია - იმპერიაში შიმშილის აჩრდილი დაძრწის და ხალხს დამპყრობლური ომები, მაპატიეთ და, სულ ფეხზე ჰკიდია’‘, - ამბობს ,,ვერსიის’‘ წყარო. ასეა თუ ისე, ქართული ,,მეხუთე კოლონა’‘ თავისას ცდილობს, მაგრამ მოგეხსენებათ, მიზანი საშუალებას ყოველთვის არ ამართლებს...