«Lragir»: ევრაზიულ კავშირს საქართველო „დამარხავს“

«Lragir»: ევრაზიულ კავშირს საქართველო „დამარხავს“

იმ დროს, როცა ევრაზიული ეკონომიკური კავშირი ჯერჯერობით საერთაშორისო სამართლის სუბიექტად არა არის აღიარებული, საქართველო, ბუნებრივია, ვერ გახდება ის პირველი ქვეყანა, რომელიც მასთან რაიმე სამართლებრივ ურთიერთობას დაამყარებს. ასეთ პირობებში საქართველომ და სომხეთმა დროებით ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნება გადაწყვიტეს - იმ ტვირთებისთვის მაინც, რომლებიც ევრაზიულ ქვეყნებში არ მიდის. მაგრამ როგორც კი სომხეთი ევრაზიულ საბაჟო რეჟიმზე გადავა, მოხდება ფინანსურ-სამართლებრივი კაზუსი: ევრაზიული კავშირის შეთანხმება ხომ საქონლის ტრანზიტის შესახებ არავითარ ნათელ დებულებებს არ შეიცავს.

ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ მომავალ წელს საქონელბრუნვა სომხეთ-ევრაზიელებს შორის განუხრელად დაიკლებს. ამის ტენდენცია უკვე ახლავე შეინიშნება და ის უკავშირდება როგორც რუსული ბაზრის რყევებს, ასევე რუსეთ-სომხეთს შორის სატრანზიტო გზების ფაქტობრივ არარსებობას: აფხაზეთის რკინიგზა უმოქმედოაა, საავტომობილო ტრასა კლიმატის გამო საშიშია და წლის მეტ დროს ასევე უმოქმედოა. სხვას რომ თავი დავანებოთ, ფოთსა და ნოვოროსიისკს შორის საზღვაო ბორანიც კი არ მუშაობს - როგორც ამბობენ, „რუბლის კურსის პერპეტიების გამო".

ფაქტობრივად, ევრაზიული კავშირის სრულფასოვანი წევრობის გზაზე საქართველო სომხეთისათვის გადაულახავ ბარიერად იქცევა. ანუ ყველა ის დაპირება 170-მილიონიანი ევრაზიული ბაზრის თაობაზე, ექსპორტის ზრდაზე და სხვა სიკეთეებზე შეიძლება აქვე, საქართველოს ტერიტორიაზე დაიმარხოს. შეიძლება ამგვარი სიტუაცია სომხეთისთვის მომგებიანიც კი იყოს - ხომ არსებობს „მესამე ქვეყნები", რომლებთანაც ერევანს ვაჭრობა შეუძლია? მაგრამ, ვაი რომ, ევრაზიული კავშირის შეთანხმება ასეთ გადახრებს ზღუდავს.

საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შეთანხმება აქვს გაფორმებული. მსგავსი რეჟიმი აქვს ბრიუსელთან ერევანსაც. მაგრამ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შემდეგ ერევანმა თავისი სავაჭრო კავშირები ევრაზიულ კომისიას უნდა შეუთანხმოს.

ერთი შეხედვით ეს შეთანხმება-კოორდინირება თითქოსდა მკაცრად აუცილებელი არ არის, მაგრამ ხელშეკრულებაში ჩაწერილია, რომ ევრაზიულმა კავშირმა თავისი „შიდა ბაზარი" საბაჟო და არასაბჟო მეთოდებით უნდა დაიცვას. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი ჩათვლის, რომ საქართველოდან უცხოური ავტომობილების იმპორტი „შიდა ბაზარს" ემუქრებაო, მაშინ შეიძლება, მათი შემოტანა აიკრძალოს.

ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლამ სომხეთი, ფაქტობრივად, პოსტსაბჭოთა ეკონომიკურ სივრცეს კიდევ უფრო მეტად დააშორა. პრობლემა არა მარტო გეოგრაფიაშია, არამედ იმ პოლიტიკურ, ცივილიზებულ ანტაგონიზმში, რომლის გადალახვა საკმაოდ ძნელია. რაც უფრო მეტად ცდილობს რუსეთი, თავის სხეულზე მიიბას სომხეთი, ერევანსა და მოსკოვს ანტაგონიზმი ერთმანეთისაგან მით უფრო მეტად აშორებს. საბოლოო ჯამში „ევრაზიული გისოსები" სომხეთ-რუსეთის ურთიერთობასაც მნიშვნელოვნად გააუარესებს.

(მოამზადა სიმონ კილაძემ, „რეპორტიორის" ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა)