"საქართველოში ბიზნესის უფლებების დარღვევა ხშირად ხდება”

ინტერვიუ აუდიტორ ირაკლი შავიშვილთან

- ბატონო ირაკლი, როგორ შეაფასებდით დღესდღეობით საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობას. რა პრობლემები აქვს სექტორს და რატომ? აქვე აღვნიშნოთ, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს, რამდენად მართებულია ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში ამის თქმა?
- ოფიციალური სტატისტიკით 2000 წელს საწარმოთა მთლიან გამოშვებაში მცირე ბიზნესს 1/3 წილი, ანუ 33% ეკავა, დანარჩენი 2/3 მსხვილ და საშუალო ბიზნესზე მოდიოდა. დღევანდელი მდგომარეობით კი საშუალო ბიზნესის წილად მოდის 8% და მცირე ბიზნესის წილად 7%, ანუ, რომ შევადაროთ, 2000 წელს მარტო მცირე ბიზნესს საწარმოთა მთლიანი ბრუნვის 33% ეკავა, ხოლო დღეისათვის ეს მაჩვენებელი 7%-მდეა შემცირებული. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხდება ეკონომიკის მონოპოლიზაცია, ოღონდ ეკონომიკის მონოპოლიზაცია არა ჩვეულებრივი, კერძო სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე, არამედ ხელისუფლებების ხელშეწყობით, მათი ლობირებით და მათ მიერ წვრილი მეწარმეობისთვის ხელის შეშლით. ხელისუფლება ყველა მხრიდან გარკვეულ ბარიერებს უქმნის მცირე და საშუალო მეწარმეებს, რისი შედეგიც დღეს სახეზე გვაქვს. 

ჩვენ გვიხარია, როცა გვეუბნებიან, რომ ვიღაც უცხოელი ბიზნესმენი აპირებს საქართველოში 200 მლნ დოლარის დაბანდებას. ჩვენი ზომის ეკონომიკისთვის 200 მლნ-ის დამბანდებელი (თუნდაც ეს მართლაც ხდებოდეს), ცხადია, მონოპოლიას შექმნის რაღაც სფეროში და პრაქტიკულად მნიშვნელოვან საბაზრო გავლენას მოიპოვებს. ხოლო, როცა ამის ლობირებას ხელისუფლება ეწევა, ცხადია, რომ აღნიშნული ბიზნესი ხელისუფლებასთან იქნება დაკავშირებული. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო არის კარგი. საინვესტიციო გარემო მაშინ იქნება კარგი, როცა, ვთქვათ, სომხეთის, აზერბაიჯანის ან თურქეთის მოქალაქე გადაწყვეტს, რომ თავისი 1000 ან 5000 დოლარი დააბანდოს საქართველოში და არა 200 მლნ. როდესაც მასიურად დაიწყებენ სომეხი თუ აზერბაიჯანელი ბიზნესმენები 5000 დოლარის და არა 500 მლნ დოლარის დაბანდებას საქართველოში, აი სწორედ მაშინ იქნება კარგი საინვესტიციო გარემო. 

- ეკონომიკის ექსპერტების სრული უმრავლესობა ხშირად აპელირებს იმ ფაქტზე, რომ ახალი საგადასახადო კოდექსით მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა გაუარესდა. ხოლო ხელისუფლებამ ეს ცვლილებები რევოლუციურად მონათლა. თქვენი შეფასებით ახალი საგადასახადო კოდექსით, რეალურად გაუმჯობესდა თუ გაუარესდა მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა და რამდენად შეუწყობს ხელს ეს ცვლილებები ამ სექტორის განვითარებას?

- ბევრჯერ მითქვამს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის შემოღებით მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა გაუარესდება. უბრალოდ სიტყვები რომ არ გამოგვივიდეს, წავიდეთ და ვკითხოთ მეწარმეებს, მოსწონთ თუ არა ახალი წესები, ვნახოთ, რამდენი პირია დარეგისტრირებული მიკრო ბიზნესად და მცირე ბიზნესებად. დარწმუნებული ვარ, საერთოდ თუ არის ასეთები, ერთეულები იქნებიან.

ვინც დარეგისტრირდა, იმასაც გარკვეული პრობლემები შეექმნა, რადგან კანონმდებლობა მოუწესრიგებელია. მოუწესრიგებელი კანონი კი კარგი ვერ იქნება. იგივე მცირე ბიზნესში ჯერ ვერ გაურკვევიათ მცირე ბიზნესის ფარგლებში ხარჯები იქვითება თუ არ იქვითება ერთობლივი შემოსავლიდან. საგადასახადო აცხადებს, რომ არ იქვითება, ოღონდ კანონში ეს არსად არ წერია. პირიქით, კანონში ის წერია, რომ ამ ბიზნესის ფარგლებში

წარმოშობილი ზარალი არ იქვითება. მაგრამ ზარალი, როგორ წარმოიშობა თუ გამოქვითვები არ არსებობს, ეს ჩემთვის გაუგებარია. და ამის პარალელურად საგადასახადო ამბობს, არა არ იქვითებაო. ანუ ასეთი საკითხები მოუწესრიგებელია. გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსით არის დამატებითი შეღავათები შექმნილი მსხვილი ბიზნესისთვის. მაგ: იმპორტზე 200 000-ლარიანი ეგრეთ წოდებული შეღავათი, როცა კომპანიას 200 000 ლარი დღგ-ს სახით შიდა ბრუნვაზე აქვს გადახდილი, მას იმპორტირებისას დღგ-ს აღარ გადაახდევინებენ.

ეს არის მსხვილი ბიზნესისთვის შეღავათი და არა წვრილი ბიზნესისთვის. მცირე ბიზნესს უჭირს ნაღდი ფული და არა მსხვილს. ანუ, კოდექსში შეღავათები მსხვილი ბიზნესისთვის არის დაწესებული. ამის პარალელურად კი წვრილ მეწარმეებს სხვადასხვა ბარიერები დაუწესეს. მაგ.: მეწარმეს საბაჟოზე საქონელი რომ გადმოაქვს, აუცილებლად 7 ტონიანი მანქანით უნდა გადმოიტანოს, თუნდაც 1 ჩანთა ჰქონდეს. 5 კგ-იანი ჩანთის ხელით გადმოტანა ეკრძალება, ამიტომ უნდა გადმოიტანოს მანქანით და დამატებით ხარჯები უნდა გაწიოს.

ჯერჯერობით, არ არსებობენ ის პირები, ვინც თუნდაც ამ მძიმე წონიანი მანქანით გადმოტანას უზრუნველყოფს. ანუ ეს სტრუქტურა ჯერ არ არის აწყობილი.

- როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის გასავითარებლად, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას როგორც საკანონმდებლო, ასევე საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით. ამ სფეროსთან დაკავშირებით ბევრი იდეა არსებობს, იგივე მიკრომეწარმეების ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრა, დაბალპროცენტიანი კრედიტების გაცემა თუ რაიმე სახის სახელმწიფო დახმარების ფონდის შექმნა. თქვენ რომელ მათგანს ეთანხმებით და რა უნდა გაკეთდეს ამ სფეროს გასაძლიერებლად?

- ფიქსირებული გადასახადის არსებობას არ ვეთანხმები. ყველა უნდა იხდიდეს ერთნაირად და ძალიან ცოტას. მსხვილი და მცირე ბიზნესიც. ჩემი აზრით, საგადასახადო ტვირთი უნდა იყოს არაუმეტეს 10%-სა - საშუალო ჯამური საგადასახადო ტვირთი, მაშინ იქნება კარგი საინვესტიციო გარემო. საქმე ისაა, რომ მაღალი გადასახადები მსხვილ ბიზნესს აწყობს. იმიტომ, რომ მას აქვს რესურსი, რომ გადაიხადოს და წვრილს ამისი რესურსი არ აქვს. მაღალი გადასახადის გადახდა მცირესათვის ნიშნავს მისი მოქნილობის შემცირებას.

100 ლარის 10% და 10000 ლარის 10% ორივე 10% პროცენტია, მაგრამ ერთი და იგივე ტვირთი არ არის. ვთვლი, რომ ხელისუფლებამ ხელი არავის უნდა შეუწყოს, უბრალოდ მან ხელი არ უნდა შეუშალოს და ეს იქნება მისგან ყველაზე დიდი ხელშეწყობა. სახელმწიფოსგან ბიზნესის რომელიმე სფეროს ხელშეწყობა იგივეა, რაც ფეხბურთში მსაჯს რომ დავავალოთ რომელიმე გუნდის ხელშეწყობა. მსაჯის გაკეთებული თამაში არასოდეს ყოფილა, მაგრამ მსაჯის გაფუჭებული - ბევრი უნახავს საზოგადოებას.

ასეა ხელისუფლებაც. ხელისუფლება მუხრუჭია მხოლოდ, რაც უფრო მეტად დააჭერს ამ მუხრუჭს, მით უფრო ნელა განვითარდება ეკონომიკა. ზოგიერთ ქვეყანაში თითქოს ხელს უწყობს ხელისუფლება მცირე და საშუალო ბიზნესს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს. სინამდვილეში – ეს არის მუხრუჭი. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით, რომელი პერსპექტიული დარგების ჩახშობა მოხდა, როცა ჩვენ თანხები მომგებიანი სფეროებიდან ამოვიღეთ, რათა სხვა სფეროსთვის ”შეგვეწყო” ხელი. გამოდის, რომ სახსრები მომგებიანი ბიზნესიდან გადავისროლეთ წამგებიან ბიზნესში და ამით მთლიანად ეკონომიკა ვაზარალეთ.

- ”ბიზნესის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ძალიან პატარა პრობლემა გვაქვს, არის გახმაურებული საკითხები, მაგრამ მასიურად ბიზნესგარემოს დიდი პრობლემები არ აქვს”, - ამ განცხადებას ბიზნეს-ომბუდსმენი აკეთებს, რამდენად ეთანხმებით მას და თქვენი აზრით, არის თუ არა ბიზნესის დაცულობის მხრივ საქართველოში პრობლემები?

- საგადასახადო ომბუდსმენი მთავრობისგან არაფრით არ გამოიყოფა, რადგან ის არის პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული და მთავრობა განსაზღვრავს მისი საქმიანობის წესსა და პირობებს. ის ვერ იტყვის საწინააღმდეგოს. თუ იტყვის რამეს, ეს იქნება ისევ პიარისთვის განკუთვნილი და მეტი არაფერი. 

რამდენი სტრუქტურა გვაქვს ისეთი, რომელიც ბიზნესის უფლებებს იცავს? გვაქვს ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტი, სახალხო დამცველის აპარატი, ფინანსთა სამინისტროში დავების განხილვის საბჭო, სასამართლო და ა.შ. გვაქვს ამდენი სტრუქტურა, მაგრამ რისთვის არის ისინი საჭირო? ბიზნესის უფლებების ერთადერთი დამცველი არის სასამართლო, ოღონდ ნორმალური სასამართლო. ამ სტრუქტურების არსებობა, რომლებიც ზემოთ იქნა ჩამოთვლილი, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო არ ვარგა.

მე მივდივარ ასეთ სტრუქტურებში იმ შემთხვევაში, როცა სასამართლოში ვერ დავიცავი ჩემი ინტერესები. სასამართლოში რომ ვიცავდე, აღარ დამჭირდებოდა ეს სტრუქტურები. მართალია იქ ბაჟია დიდი, თუმცა ბაჟის გარდა არის სხვა ფაქტორებიც. მაგალითად, როდესაც სასამართლოში საგადასახადო დავისთვის მიდიხარ, იქ გარანტიები უნდა დადო. ან წინასწარ უნდა გადაიხადო ის თანხა, რაც დაგეკისრა და მერე გაასაჩივრო, ან შესაბამისი ფინანსური გარანტია უნდა მიიტანო ან ქონება უნდა ჩადო დასაყადაღებლად, თორემ ისე ვერ შეიტან სარჩელს.

ფაქტობრივად ასეთი სიტუაცია გამოდის - მოვიდა საგადასახადო, დავუშვათ, მაქვს სულ 20 ათასი ლარის ბრუნვა და დამარიცხა 1 მილიონი. როგორ უნდა გავასაჩივრო ეს? ვასაჩივრებ იმას, რაც მიმაჩნია, რომ არასწორია და მილიონის გარანტია უნდა მოვიტანო, ან უნდა გადავიხადო. 20 ათასი მაქვს სულ ბრუნვა 1 მილიონი როგორ უნდა გადავიხადო? ე.ი. გამოდის, რომ ამ შემთხვევაში მე ვერ გავასაჩივრებ ამ სისულელეს. მაშინ უნდა მივმართო ან დავების განხილვის საბჭოს, ან ომბუდსმენს, ანუ ეს სტრუქტურები ამისთვის მჭირდება ხომ? მაშინ მოდი გავაკეთოთ ისე, რომ სასამართლოსთვის მიმართვა იყოს შეუზღუდავი და სასამართლო სამართლიანად წყვეტდეს.

რაში დამჭირდება მაშინ ომბუდსმენი და სხვა სტრუქტურები? ეს ხომ ისევ ჩემი ფულის დანახარჯია, ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადი იხარჯება უაზრო სტრუქტურების შექმნაში და შენახვაში.

- ირღვევა თუ არა დღეს რეალურად ბიზნესის უფლებები, თუ მართლაც გაზვიადებულია საზოგადოებაში არსებული წარმოდგენა?

- რა თქმა უნდა, ირღვევა და თან უამრავი ბიზნესის უფლებები. თუ თვალებზე აიფარე ხელი და არაფერი გესმის და ვერაფერს ხედავ, მაშინ, ბუნებრივია, ვერც ან არც დაინახავ იმ პრობლემებს, რაც დღეს ქართულ ბიზნესს უდგას. მაგრამ სინამდვილეში ბიზნესის უფლებების დარღვევა ხშირად ხდება.

ამის ძალიან ბევრი მაგალითია, იგივე ”პოპულის” ამბავი, ”იბერიის” და ”მეცხრე არხის” დახურვა, ქიბარ ხალვაშის ამბავი, ”ნიკალას” ამბები და უამრავი სხვა და ეს რაც ჩანს, მაგრამ ბევრი კიდევ ასე აშკარად არ ჩანს. ავიღოთ ერთი თვის წინანდელი გაზეთები და ვნახოთ, ხდება თუ არა ბიზნესის უფლებების დარღვევა. ის, რომ საგადასახადო თავის ჭკუაზე გირავნობით და ყადაღით ტვირთავს გადამხდელის ქონებას, მაშინ, როცა ამ გადამხდელს აქვს ზედმეტად გადახდილი, რისთვის კეთდება ეს? კეთდება იმისთვის, რომ მერე გვითხრან ”უი შეგვეშალა, მაგრამ მოდი ახლა ამ გირავნობის მოხსნაზე 15 ლარი უნდა გადაიხადო და ყადაღის მოხსნაზე 50 ლარიო”, მეწარმე კი იძულებულია, რომ გადაიხადოს, ოღონდ თავი დააღწიოს შემოსავლების სამსახურს.

- ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა ბიზნესის უფლებების დაცვა, მთავრობამ, ერთის მხრივ, ბიზნესომბუდსმენის აპარატი შექმნა, ამასთან, პარლამენტში შეიქმნა ბიზნეს-საბჭო, ასევე ფინანსთა სამინისტროში დავების მესამე ინსტანციის შემოღება იგეგმება. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბიზნესმა თავი დაცულად იგრძნოს და როგორ შეაფასებდით მთავრობის მიერ გატარებულ ბოლოდროინდელ ცვლილებებს?

- მესამე ინსტანციის დამატება არაფერ შედეგს არ მოიტანს. მომცენ წესიერი სასამართლო, არც ომბუდსმენი მინდა და არც დავების განხილვის საბჭო. აი ეს უკანასკნელი რას აკეთებს? აკეთებს იმას, რომ გადაწყვეტილებას უმზადებს სასამართლოს, ანუ თუ მე არ მომეწონა მისი გადაწყვეტილება და მაინც წავედი სასამართლოში, სასამართლომ უკვე დაწერილი და გამზადებული გადაწყვეტილება რომ გამოიტანოს. მოდი ასე ვთქვათ, თქვენ თუ გადაწყვეტილების მიღება გინდათ, ამისთვის სამჯერ უნდა განიხილოთ ერთი და იგივე საკითხი? რა საჭიროა მესამე ინსტანცია და ა.შ. მას ხომ ფული ბიუჯეტიდან უნდა გადავუხადოთ, რომელიც ხალხის ჯიბიდან ივსება.

შეიძლება მესამე ინსტანციის დამატებით კონკრეტული, თითო-ოროლა გადამხდელის საქმე გადაწყვიტონ დადებითად და არც ისეა საქმე, რომ არცერთი საკითხი გადამხდელის სასარგებლოდ არ წყდება. მაგრამ ეს არ არის სისტემური მიდგომა საკითხისადმი, ეს არის სუბიექტური გადაწყვეტილება. ანუ, კარგი მინისტრი მოვა და კარგად გადაწყვეტს, ცუდი მინისტრი მოვა და ცუდად გადაწყვეტს. სისტემურად კი აქ არაფერი არ იცვლება.