15 ივლისს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხი განიხილება. საუბარია „ქართული ოცნების“ მზარდი რეპრესიების საპასუხო, შესაძლო ზომებზე, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების დასანქცირებაზე. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ოფიციალური პირის განცხადებით, „ყველა ვარიანტი, რომლის წარმოდგენაც შეიძლება, პოტენციურად განიხილება. ამისთვის საჭიროა საგარეო საქმეთა მინისტრების კონსენსუსი და შეთანხმება“. ამ ფონზე, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სანქციები მათ არ აშინებთ და ამ ქმედებებს შანტაჟს უწოდებენ.
EEAS-ის ოფიციალურმა პირმა სამი ძირითადი საკითხი გამოჰყო, რომლებზეც მინისტრები იმსჯელებენ: შეფასდება ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მიერ, 2024 წლის ივნისიდან მიღებული ზომები, რაც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე იყო დაფუძნებული.
კითხვაზე, განიხილება თუ არა მოსამართლეების დასანქცირება, EEAS-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ პოტენციურად, სანქცირებულთა სიაში, სწორედ მოსამართლეთა ნაწილია. მისი თქმით, მომდევნო კვირაში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი განაცხადებს, რომ სულ მცირე 15 პირზე არსებობს მყარი, იურიდიულად დასაბუთებული წინადადება, თუმცა სახელებს ვერ დაასახელებს. ამ წინადადებებზე, 27-მა ქვეყანამ ერთხმად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რაც „ძალიან რთული იქნება“.
ევროპარლამენტში დამტკიცებულ კრიტიკულ რეზოლუციას, რომელიც მმართველი გუნდის სანქცირებას ითხოვს, მმართველი პარტია არ იზიარებს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, განაცხადა, რომ „ჩვენს ოპონენტებს და რადიკალებს მარტო იმის სურვილი კი არ აქვთ, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს, არამედ დიდი ბომბი რომ მოხვდეს ქვეყანას და ამოწყდეს აქაურობა, ამის დიდი სურვილიც აქვთ“, - ამბობს მათიკაშვილი.
მისი თქმით, „ვერ ეღირსებიან ვერც ბომბებს ჩვენი ქვეყნის თავზე და ვერც იმ შედეგებს, რაც სურთ“, - ამატებს პოლიტკოსი.
მათიკაშვილი ხაზს უსვამს, რომ უვიზო მიმოსვლა და ევროინტეგრაციის ყველა მიმართულება ქართველი ხალხის მონაპოვარია და მათ საერთაშორისო შეთანხმებები იცავს.
ხოლო მოსამართლეთა დასანქცირების საკითხზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ „ქართველ მოსამართლეთა წინააღმდეგ სპეცოპერაცია ვერ განხორციელდა“ და რომ ეს არ არის პირველი მცდელობა. დეპუტატის თქმით, იმედია, ყველა გაიაზრებს სიმართლეს, პატივს სცემს ქვეყნების სუვერენიტეტს და დაასრულებს უაზრო, უსაფუძვლო ქმედებებს.
იურისტი ზაზა მარიდაშვილი, For.ge-სთან საუბარში, ამ კამპანიას „პირდაპირ დაცინვას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ერთმნიშვნელოვნად ეუბნება საქართველოს: „უნდა იცხოვროთ ისეთი დღის წესრიგით, როგორც ჩვენ გვინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაისჯებით“.
მარიდაშვილის თქმით, ამ ხალხს არ აინტერესებს გამჭვირვალობა, ან სხვა კანონები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება.
„პირდაპირ თითის ქნევით გვეუბნებიან და გვითითებენ, რა და რატომ უნდა გავაკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვემუქრებიან და გვაფრთხილებენ, როგორ დაგვსჯიან. გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა, კონსტიტუცია, ქვეყნის დემოკრატია, დამოუკიდებლობა - გვეუბნებიან, რომ ჩვენთვის საჭირო არაა. მთავარია, მათ დირექტივებს დავექვემდებაროთ და ყველაფერი კარგად იქნება“, - ამბობს მარიდაშვილი.
იურისტი იმასაც დასძენს, რომ მოლაპარაკებების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, პუნქტებს უყენებდნენ საქართველოს, რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო.
„ეს ყველაფერიც დასრულდა და პირდაპირ, ღია ძალადობაზე არიან გადასულები. რეზოლუციებში გაუგონარ სისულელეებს გვიწერენ. ეს არის შანტაჟი! გამორიცხულია საქართველოს „სვიფტიდან“ გათიშვა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება! თუმცა, ერთი ესაა, რომ ცდილობენ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე გავიდნენ“, - ამბობს იურისტი.
„ხალხის ძალის“ წევრისა და ანალიტიკოსის, დავით ქართველიშვილის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის ბევრმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, საქართველოსთან დაკავშირებით ჯანსაღი პოზიცია სულ უფრო მეტი დეპუტატისგან ისმის.
For.ge-სთან საუბარში, ქართველიშვილი აცხადებს, რომ „დიფ სთეითის“ მრავალწლიანი ზეობის პირობებში, რა თქმა უნდა, ეს პროცესი ასე სწრაფად ვერ შეიცვლება, მაგრამ გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე იკვეთება.
„უკანასკნელ ოთხ წელიწადში, იმდენმა სკანდალმა იჩინა თავი ევროპარლამენტის, ევროკავშირის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რომ არა ერთი ადამიანია დაკავებული კორუფციასა და არაკანონიერ ლობიზმთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ სერიოზული სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ, ამიტომ წლის ბოლოს, საბოლოო ვერდიქტია მოსალოდნელი. ევროპულმა სასამართლომ საბოლოო პასუხი უნდა გასცეს ამ კითხვებს. ამ ყველაფრის გადასაფარად, ისევ საქართველოს წინააღმდეგ ქმედებას ვხედავთ. ჩვენს მოსახლეობას შევახსენებ, რომ ამ რეზოლუციას აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო სახე. ევროსაბჭო ამას ან განიხილავს, ან - არა. დიდი ალბათობით, არც განიხილავს“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისი თქმით, მოთხოვნები იმდენად აბსურდულია, რომ წარმოუდგენელია მათი შესრულება. მაგალითად, სააკაშვილის გათავისუფლება, ასევე ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა, რომლის გაყალბება ვერავინ დაადასტურა.
„ერთი ცოცხალი მოწმე ვერ მოიყვანეს, რომელიც სასამართლოში, გაყალბების რომელიმე ფაქტზე გვიამბობდა. არის კიდევ განუხორციელებელი მოთხოვნები, რომ შესაძლოა, საქართველო ეკონომიკურ კოლაფსში მოაქციონ. ეს, უბრალოდ, სასაცილო და აბსურდია. როდიონოვის ადგილი ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაიკავა, რომელიც მის ბედს გაიზიარებს. საქართველოს ისეთი იმუნიტეტი აქვს, საკუთარი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის დაცვის კუთხით, რომ ამას ვერავინ ვერ შეაცვლევინებს! ამიტომაც, ქართველების ანტიევროპულ განწყობებს აღვივებენ მხოლოდ“, - ამბობს ანალიტიკოსი.