ზაფხულის ტურისტული სეზონი დიდი აქტიურობით დაიწყო და წლის პირველი ნახევრის დინამიკაც სრულიად დამაკმაყოფილებელია. 2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს - 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 3.2 მილიონი შეადგინა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ორ კვარტალში, საქართველოში, 3 153 741 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2024 წელთან შედარებით, ზრდა 4.4%-ია. იანვარ-ივნისის პერიოდში, ქვეყანაში 2 270 363 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით, 6.9%-ით მეტია.
ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა 2025 წლის მეორე კვარტალშიც, აპრილ-ივნისის პერიოდში, 1 311 416 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით, 10.7%-ით მეტია. რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტებს, მეორე კვარტალში, 1 838 913 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით, 6.9%-ით მეტია.
საქართველოში, 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა განსაკუთრებულად გაიზარდა. ვიზიტორთა რაოდენობამ ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2025 წლის პირველ ორ კვარტალში, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 201 986 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 10.2%-იანი ზრდაა.
საერთაშორისო ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგი ქვეყნებიდან: საბერძნეთი (ზრდა 28.2%), იტალია (ზრდა 26.1%), ესპანეთი (ზრდა 25.9%), გაერთიანებული სამეფო (25.8%), პოლონეთი (21.9%), გერმანია (4.2%) და სხვა.
მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც. აღნიშნულ მიმართულებაზე 47 430 ვიზიტი შედგა, რაც 10.5%-ით, ანუ 4 525 ვიზიტით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„ექვს თვეში, საქართველოს ტურისტების უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა ეწვია: დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე აწარმოებს მარკეტინგულ კამპანიებს, წელს მოცულობითი, დიდი მასშტაბის კამპანიები გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, ჩინეთში, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში, რომ გავზარდოთ საქართველოს ცნობადობა და მოვუწოდოთ მოგზაურებს, ეწვიონ საქართველოს“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით კი, მიმდინარე წლის ექვს თვეში, ტურისტული ვიზიტებისა და საერთაშორისო მოგზაურების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, როგორც ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის, ისე უშუალოდ ტურიზმის განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიმართულებით.
მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ზრდა, ძირითადად, ფიქსირდება იმ პრიორიტეტულ, სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომლებზეც საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის ადმინისტრაცია მუშაობს ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში - ეს არის ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, საიდანაც 10 პროცენტზე მეტი ზრდა გვაქვს ამ პერიოდში, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა იტალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, პოლონეთი, საბერძნეთი და სხვა
ტურისტული სეზონის სტარტით კმაყოფილნი არიან სექტორის წარმომადგენლები. სასტუმროების ქსელის დამფუძნებლის, მაია მახათაძის შეფასებით, 2025 წლის პირველი ნახევარი, ტურიზმის თვალსაზრისით, დადებით დინამიკას ასახავს და სეზონი საკმაოდ მაღალი დატვირთვით დაიწყო.
„როგორც სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენელს, შემიძლია გითხრათ, რომ სეზონი ძალიან მაღალი ნიშნულით დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სანომრე ფონდი გაზრდილია და კონკურენცია მაღალია - განსაკუთრებით სასტუმროებისა და განთავსების სხვა ობიექტებს შორის - სექტორმა სეზონი მაინც მაღალი დატვირთვით დაიწყო. ცხადია, პერიოდულად გამოწვევებიც გვაქვს - მაგალითად, ნოემბერ-დეკემბერში, რამაც გარკვეული უარყოფითი გავლენა იქონია, თუმცა სასტუმროები მაშინაც საკმაოდ დატვირთული იყო.
ზოგადად, მაისი-ივნისი ბიზნეს-მოგზაურობის პერიოდად ითვლება და ეს აშკარად აისახება ტურიზმის მაჩვენებლებზე. განსაკუთრებით მაღალი აქტივობა შეინიშნებოდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ევროპიდანაც წინასწარ დაგეგმილი ვიზიტები შედგა და ვიზიტორების რაოდენობა დადებითად აისახა ტურისტულ დინამიკაზე. ამას ემატება მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტებიც“, - აღნიშნა მაია მახათაძემ.
არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც, რომელიც უფრო შეფასებითი ხასიათისაა. ტურიზმის ექსპერტი ვიკა შარია მიიჩნევს, რომ ევროპელ ტურისტებში საქართველოს ცნობადობა ძალიან დაბალია. იმდენად დაბალი, რომ ბევრმა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობაც კი არ იცის.
„სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ვითარებიდან და, ზოგადად, ფონიდან გამომდინარე, რა ინფორმაციაც გადის ქვეყნის გარეთ, რასაც აშუქებენ ევროპის ქვეყნებში მასმედიის არხები, ძალიან უარყოფითად აისახება საქართველოზე. ეს მთავარი მიზეზია.
ახლა ვიყავი ბელგიაში. შევხვდით ბენილუქსის ქვეყნებიდან პოტენციურ მომხმარებლებს, კლიენტებს. ძალიან დაბალი ცნობადობა არის საქართველოზე. შევხვდით 20 პოტენციურ პარტნიორსა და სააგენტოს. სულ რაღაც ორმა თუ სამმა იცოდა საქართველოს შესახებ. საქართველო ისევ არის ცნობილი მიმართულება ევროპელი მომხმარებლისთვის. ზოგს ჰგონია, რომ ვესაზღვრებით უკრაინას და ჩვენთან ომის საშიშროებაა, ზოგს ჰგონია, რომ ისრაელს ვემიჯნებით. გეოგრაფიულადაც კი ვერ ერკვევა ხალხი“, - განუცხადა „კომერსანტს“ ვიკა შარიამ.