საშიშია თუ არა ახალაშენებულ ბინებში ცხოვრება

საშიშია თუ არა ახალაშენებულ ბინებში ცხოვრება

[რადიო "თავისუფლება"]

ასოციაციამ ”მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე” პრესკონფერენცია გამართა, სადაც ითქვა, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში თბილისში წარმოებულ მშენებლობებზე დარღვეულია ტექნიკური პარამეტრები, არ არის გათვალისწინებული შენობების სეისმომდგრადობა, ასევე არ არსებობს სამშენებლო სტანდარტები და კვალიფიციური საზედამხედველო სამსახური, რომელიც დასკვნას წარმოადგენს, დაინტერესებული სპეციალისტებისთვის კი მიმდინარე მშენებლობების ხარისხის შემოწმება ხელმიუწვდომელია.


ანზორ საკანდელიძემ, ხელმძღვანელმა ასოციაციისა ”მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე”, პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა, გარდა იმისა, რომ სამშენებლო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს, - კერძოდ, გამოიყენება დაბალი ხარისხის სამშენებლო მასალა, - საზედამხედველო სამსახურიც არაკვალიფიციურია:

”ტექნიკური ზედამხედველობა საქართველოში არის მკვდარი. მას შემდეგ, რაც მოკვდა საბჭოთა კავშირი, ობიექტზე ტექნიკური ზედამხედველი პრაქტიკულად აღარ არსებობს და მიტომ ვართ ასეთ უბედურებაში.“

ანზორ საკანდელიძემ ასევე აღნიშნა, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სამშენებლო კომპანიები იყენებდნენ კოროზირებულ არმატურას და დაბალი მარკის ბეტონს:

”დარღვეულია სამშენებლო ნორმები და წესები, კატასტროფულად და ფუნდამენტურად არის დარღვეული ყევლაფერი, რაც უნდა უზრუნველყოფდეს შენობის სეისმომედეგობას, მის მზიდუნარიანობას, გამძლეობას, საიმედოობას და ა.შ.”

ანზორ საკანდელიძისვე განცხადებით, მათმა ასოციაციამ 2004 წელს ჩაატარა 40-მდე ობიექტის კვლევა, შედეგად კი, აი, რა მიიღეს:

” რაც კი შევამოწმეთ, 200-300 მარკის ბეტონის ნაცვლად, 100-150-ს არ სცილდებოდა მათი სიმტკიცეები, რასაც ვვარაუდობდით კიდეც, და ასეა აშენებული მთელი თბილისი.”

ამ აზრს არ იზიარებს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური. სამსახურის უფროსის მოადგილე მალხაზ მუჯირიშვილი გვიხსნის, რომ ნებისმიერი მშენებლობის დაწყების წინ კომპანია მერიის არქიტექტურის სამსახურს პროექტს წარუდგენს, მისი დამტკიცების შემდეგ კი ყველა კომპონენტი - მათ შორის, სეისმომდგრადობაც და სამშენებლო მასალების ხარისხიც - მოწმდება, შემოწმებას კი უკვე ზედამხედველობის სამსახური აწარმოებს.

”როდესაც იწყება მშენებლობის წარმოება, ამის შემდეგ იწყება ჩვენი ჩართვა და გადამოწმება იმისა და კონტროლი იმაზე, რომ მშენებლობა განხორციელდა უკვე შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, ანუ არ მოხდეს ამ პროექტის დარღვევა”,

ერთ-ერთი მშენებლობა თბილისში
განმარტავს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მალხაზ მუჯირიშვილი.

როგორც გავარკვიეთ, დღეს მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის კომპანიებმა 2009 წლის 24 მარტს ძალაში შესული კანონით უნდა იხელმძღვანელონ. ეს არის კანონი ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ, რომელიც, გარკვეული გადაცდომების შემთხვევაში, სამშენებლო კომპანიებისთვის საჯარიმო სანქციებს აწესებს, თუმცა, როგორც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში განგვიმარტეს, დარღვევები ხშირი არ არის.

ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის, „არსის“, წარმომადგენელი, „არსიტეკის“ სამშენებლო- სამენეჯერო კომპანიის დირექტორი თეიმურაზ მეგრელეძე გვეუბნება, რომ სამშენებლო კომპანიები მასალებს ძირითადად ბეტონის ქარხნებიდან იღებენ. ასე რომ, თავადაც არიან დაინტერესებული ხარისხიანი მასალის მიღებით. მისივე ინფორმაციით, მსხვილი სამშენებლო კომპანიების უმრავლესობა შემოწმებული, ხარისხიანი მასალით აშენებს:

”ბეტონის ხარისხი მოწმდება ლაბორატორიულად, არმატურის ყოველი ახალი პარტია მოწმდება ლაბორატორიულად, ეს ყველა მონაცემი იწერება და როდესაც მშენებლობა შედის ექსპლუატაციაში, ეს ყველა დოკუმენტი წარედგინება ქალაქის მერიას. ასე რომ, ვერ ვიტყვით, რომ ქალაქში ძირითად მშენებლობებზე უკონტროლოდ ხდება მშენებლობა.”

თეიმურაზ მეგრელიძის ინფორმაციით, არსებობს სახელმწიფო ლიცენზიის მქონე კერძო ლაბორატორიებიც, სადაც სამშენელო მასალები მოწმდება. რაც შეეხება სამშენებლო სტანდარტებს, სპეციალისტები ამბობენ, რომ არსებობს კანონი, რომელშიც ზოგად დებულებად არის მითითებული, რომ სამშენებლო ნორმები უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის ქვეყნებში დადგენილ ნორმებს. სეისმომდგრადობის მაჩვენებელი კი, კანონის მიხედვით, 8 ბალს შეადგენს, ანუ თითოეული ახალი შენობა 8 ბალიანი სიმძლავრის მიწისძვრაზე უნდა იყოს გათვლილი.

რადიო თავისუფლებამ რამდენიმე ახალაშენებული სახლის მობინადრეებს ჰკითხა, რამდენად კმაყოფილები არიან თავიანთი ბინით.

” მე, მაგალითად, ამიშენეს გადასარევი ბინა მარნეულის 56-ში. 2000 წელს დაიწყეს მშენებლობა და 2005 წელს ჩაგვაბარეს. 9 ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი და სხვათა შორის, რომ მოჰქონდათ სამშენებლო მასალები, ბლოკი თუ ცემენტი, ყოველთვის მოჰყავდათ კომისია და ამოწმებინებდნენ.”

”ახალაშენებულ სახლში ვცხოვრობ. ჩემი აზრით, ძალიან კარგი სახლია. ამბობენ, ძალიან მყარიაო და რა ვიცი, რა გითხრათ.”

ასოციაციაში ”მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე” მიიჩნევენ, რომ 10-20 წლის წინ აშენებული შენობები რამდენიმე წელიწადში პრობლემებს გაუჩენს მობინადრეებს და დღეს დაფარული ხარვეზები თვალნათლივ გამოჩნდება.