(გაგრძელება, ნაწილი 9)
დღევანდელი გადმოსახედიდან, საკუთარ თავს რომ ვკითხო, ვიყავი თუ არა უცხოური გავლენის აგენტი, როდესაც ვმუშაობდი დონორ ორგანიზაციაში - რა თქმა უნდა, ვიყავი. დონორი - ევრაზიის ფონდი (ამჯერად, ევროპის ფონდი), მისი სპონსორები (USAID, SiDa, DANIDA და სხვა) და ჩვენ, როგორც მათი ადგილზე წარმომადგენლები, გრანტების გაცემით, რეალურად ვაკეთებდით ინვესტიციას. ამ გრანტებს უნდა მოეტანათ ის ცვლილებები, რომლებიც ითვლებოდა, რომ სასარგებლო იქნებოდა საქართველოსთვის, ხოლო დონორები და სპონსორები ჩათვლიდნენ, რომ ამით ამონაგები მიიღეს - მიზნებს მიაღწიეს.
მაგალითად, ევრაზიის ფონდის ერთ-ერთ სპონსორს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SiDA) იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდა, რომ საქართველოს საზოგადოებაში გენდერული თანასწორობისა და LGBTQ თემის მიმართ მგრძნობიარობა და ტოლერანტობა დამკვიდრებულიყო, რომ ფონდის თანამშრომლებს ამაზე საფუძვლიანი ტრენინგები ჩაგვიტარეს. საგრანტო განაცხადებში კი საგანგებოდ ჩაიდო შესაბამისი მოთხოვნები და კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების გარეშე, გრანტს ვერ მიიღებდი. მაგალითად, კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ჩვენი გრანტით დაფინანსებული პროექტების ამსახველი ფოტოები „გენდერულად ნეიტრალური“ ყოფილიყო. რთული იყო ამის ახსნა ქართველებისთვის.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცვლილება ვერ დადგება, თუ ადამიანების ცნობიერებაზე შესაბამისი გავლენა არ მოახდინე, მათი ქცევის წესები არ შეცვალე იმგვარად, რომ შემდეგ უკვე მათი მეშვეობით ქვეყანაში არსებული მოცემულობა შეიცვალოს. ეს სურდათ და სურთ დონორებს. ამიტომაც, უცხოური ფულის მიმღები ორგანიზაციები და პირები, რომლებიც თბილისსა თუ რეგიონებში ხელს უწყობდნენ ამ ცვლილებებს, ბუნებრივად გამოდიოდნენ უცხოური გავლენის აგენტებად. ვიღაც თვლიდა, რომ ისინი კარგ საქმეს აკეთებდნენ, ვიღაცას სხვა აზრი ჰქონდა. ამის შესახებაც მქონია საუბრები და დისკუსიებიც სხვადასხვა ადამიანებთან.
2012 წლის შემდეგ, დონორთა მიდგომები გამკაცრდა. ისინი უკვე კატეგორიულად ითხოვდნენ, მათი გრანტების შედეგად უფრო ხელშესახებ და გაზომვად ცვლილებებს. პირდაპირ არ გაცხადებულა, მაგრამ სხვადასხვა წყაროებიდან გავიგე, რომ იყო მოთხოვნა „ენჯეო“-სექტორს უფრო აქტიურად ემუშავა სხვადასხვა სფეროში სამთავრობო პოლიტიკის შეცვლაზე. ეს კი მნიშვნელოვნად, თუ არა მთლიანად, დამოკიდებული იყო ხელისუფლების კეთილ ნებაზე და თანამშრომლობის სურვილზე.
ამასთან დაკავშირებით, ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, ფონდმა დააფინანსა რამდენიმე „ენჯეო“, რომლებსაც მთავრობის მიერ, ამბიციურად დაწყებული სოფლის განვითარების პროგრამის მონიტორინგი უნდა ეწარმოებინა. უკვე ახალი ხელისუფლების დროს, მივედი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან იმის გასარკვევად, თუ რამდენად იყო გათვალისწინებული ის რეკომენდაციები, რაც ჩვენმა გრანტორებმა სამინისტროში გაგზავნეს. მან ერთ-ერთ ყუთზე მიმითითა და მითხრა, აი, აქ აწყვია ის ბროშურებად გამოცემული რეკომენდაციები, რაც სხვადასხვა „ენჯეოებმა“ მოგვიტანესო. ჩემს წინამორბედს მათი მაკულატურაში გადაყრა ჰქონდა განზრახული, მე კიდევ გადავწყვიტე გავცნობოდი, იქნებ, რამე ღირებული რჩევა არისო. ეს იყო კიდევ ერთი შტრიხი დიდი სურათისათვის.
სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის დროს, „ანაბიოზში“ მყოფმა „ენჯეო“-სექტორმა იგრძნო რა, რეალური თავისუფლება, მეთოდურად დაიწყო ახალ ხელისუფლებაზე ზეწოლა პოზიტიური ცვლილებების მოხდენის მოტივით. მოდაში ინტენსიურად შემოვიდა სენსიტიური „თემების აგორება“.
პროცესს რომ უფრო მასობრივი და ორგანიზებული სახე მიეღო, დონორებმა დაიწყეს სხვადასხვა მიმართულებით (მედია, მართლმსაჯულება, ჯანდაცვა და ა.შ.) „ენჯეო“-კოალიციებისა და პლატფორმების შექმნა. ამით ორ კურდღელს კლავდნენ - ერთი მხრივ, „ენჯეოების“ შეკავშირება-სოლიდარობას ზრდიდნენ, მეორე მხრივ კი, მათი აზრით, მრავალსუბიექტიანი კოალიციების „ჭიდაობა“ ხელისუფლებასთან, უფრო წარმომადგენლობით ხასიათს და, შესაბამისად, მეტ ლეგიტიმაციას აძლევდა მათი ადვოკატირების ღონისძიებებს და მოთხოვნებს.
ასე მოხდა 2014-2015 წელს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა კოალიციამ დაიწყო მძლავრი და საერთაშორისო დონორების მიერ უხვად დაფინანსებული კამპანია „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“. ადამიანის უფლებებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კეთილშობილ საფარქვეშ, ცდილობდნენ, ფარულ მიყურადებაზე ისეთი კანონმდებლობისა და რეგულაციების მიღებას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს), ფაქტობრივად, წაართმევდა მნიშვნელოვან ოპერატიულ რესურსს. მაგალითად, ერთ-ერთი პუნქტით, ფარული მოსმენების ე.წ. „გასაღები“ სუს-ის ნაცვლად, საქართველოში მოქმედ მობილურ ოპერატორებთან უნდა გადასულიყო და ყოველ ჯერზე, სუს-ს მათთვის უნდა მიემართა. მიუხედავად დონორების მიერ დახარჯული უამრავი ფულისა, მათ შორის, ინტენსიურ ტელე-რეკლამაზე, კამპანიამ მინიმალისტურ შედეგებს მიაღწია. თემის „აწევა“ ვერ მოახერხეს, ფართო საზოგადოების მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. ეს იყო „ენჯეოებისადმი“ დაბალი ნდობის ერთ-ერთი ინდიკატორი.
დღემდე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამ კამპანიაში „ენჯეოებს“ და მათ ლიდერებს საკუთარი „ვიწრო კორპორატიული“ ინტერესებიც ამოძრავებდათ. როგორც ჩანს, ეშინოდათ, რომ ფარული მიყურადებით, სამართალდამცავები და შემდეგ საზოგადოება მათ შესახებ რამე ისეთს გაიგებდნენ, რის სამზეოზე გამოტანაც არასგზით არ აწყობდათ, სავსებით გასაგები მიზეზების გამო. მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, თუ რა კოლოსალურ შემოსავლებს იღებდნენ ცალკეული „ენჯეო“-ლიდერები უცხოელი დონორებისგან, დიდი ალბათობით, ისეთი კონკრეტული დავალებების შესრულებისთვის, რომელთა გასაჯაროებაც მათთვის არასასურველი იყო. ვფიქრობ, იგივე თვითშენახვის ინსტიქტები ამოძრავებდათ „ენჯეოებს“, როდესაც ფაქტობრივად აიძულეს ხელისუფლება, გაენადგურებინათ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, რაზეც წინა ბლოგში მოგახსენეთ.
ურთიერთობა „ენჯეოებსა“ და ხელისუფლებას შორის თანდათანობით იძაბებოდა. აშკარა იყო, რომ ხანმოკლე იძულებითი სიამტკბილობის ხანა სრულდებოდა. ევრაზიის ფონდის ოფისში პერიოდულად იკრიბებოდნენ ფონდის მიერ დაფინანსებული კოალიციის წევრები და მათი საუბრებიდან აშკარად იგრძნობოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიუღებლობა. ყური მოვკარი რამდენიმე „ენჯეო“ წარმომადგენლების საუბარს, სადაც ამბობდნენ, რომ ისინი უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში.
ერთხელ, ჩემთან, ოფისში მოვიდა ერთ-ერთი „ენჯეოს“ წარმომადგენელი, რომელიც არ განეკუთვნებოდა ე.წ. „ენჯეო-ელიტას“ და დაიჩივლა იმ პრობლემებზე, რასაც აწყდებოდა გრანტების მიღებაზე, რომელიც ელიტარულ „ენჯეოებს“ ჰქონდათ მონოპოლიზებული. მან მითხრა, რომ „ელიტარულ ენჯეობს“ მოლოდინი ჰქონდათ, რომ მათ ლიდერებს „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვან თანამდებობებზე დანიშნავდა. ვფიქრობ, ეს სიმართლესთან ახლოს იყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასა და „ენჯეო“-სექტორს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა, „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, „ენჯეო“-სექტორთან ურთიერთობა „დაელაგებინა“ იმით, რომ სექტორის ცალკეულ წარმომადგენლებს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობები შესთავაზა. შესაძლოა, ამან დაძაბულობა დროებით განმუხტა, მაგრამ უკვე დანთებული ხანძარი ვერ ჩააქრო და მომდევნო წლების მოვლენებმა ეს დაადასტურეს. პრობლემა კი, ჩემი აზრით, მდგომარეობდა იმაში, რომ „ენჯეოები“, როგორც უცხოური გავლენის აგენტები, მთლიანად იყვნენ დამოკიდებულნი მათ უცხოელ დონორებზე და ფაქტობრივად მათ მიერ იმართებოდნენ. ხელისუფლების პოლიტიკა კი სულ უფრო მეტ წინააღმდეგობაში მოდიოდა „ენჯეოების“ ინტერესებთან.
სამოქალაქო სექტორი (ჩათვალეთ, მათი დონორებიც) თვლიდა, რომ რეკომენდაციები, რასაც ისინი აწვდიდნენ ხელისუფლებას, უპირობოდ და სრულად უნდა ყოფილიყო მიღებული. მათი რეკომენდაციების თუნდაც ნაწილობრივ გათვალისწინება, უკვე აღარ აწყობდათ. აქ მკაფიოდ ჩანდა განსხვავება „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან, როდესაც „ენჯეოები“ გაცილებით მოკრძალებულნი იყვნენ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში. დონორების მხარდაჭერა და ფინანსები, ასევე წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ შედარებით ტოლერანტული პოლიტიკა, „ენჯეოებს“ აძლევდნენ მოქმედებისა და შესაძლებლობების იმ დიაპაზონს, რომლებსაც ისინი ზოგჯერ საკმაოდ აგრესიულად იყენებდნენ და საზოგადოებას ახსოვს ამის არაერთი მაგალითი.
2015-2016 წლებში, ფონდის ხელმძღვანელობასთან ისედაც საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები კულმინაციას უახლოვდებოდა. როგორც ჩანს, მათ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, ჩემთან კონტრაქტის გაწყვეტა და ამიტომაც, მუდმივად ითხოვდნენ ჩემგან სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის გაუმჯობესებას. მათთან მიმქონდა კონკრეტული და რეალისტური წინადადებები, რაც გულისხმობდა უკვე არსებულსა და წარმატებით გამოცდილზე ახალი ზედნაშენის შექმნას. პასუხად მესმოდა არარეალისტური რეკომენდაციები. ჩემი ვარაუდით, მაშინდელ სამოქალაქო სექტორსა და დონორ ორგანიზაციებში ბევრს არ სურდა, რომ ფონდში დავრჩენილიყავი. ამის თაობაზე იყო ღია და ფარული მინიშნებებიც.
დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვაფასებ, ალბათ, უმჯობესი იქნებოდა, უფრო ადრე დამეტოვებინა ის გარემო, სადაც ბოლო წლები, როგორც იტყვიან, „ნემსებზე“ ვიჯექი. 2016 წლის ბოლოსმ ფონდში ჩემი 11-წლიანი მუშაობა დასრულდა და ეს იყო ლოგიკური ფინალი. ამის მიუხედავად, სამოქალაქო სექტორის დატოვებას არ ვფიქრობდი, რადგანაც ვთვლიდი, რომ კიდევ შემეძლო ჩემი უნარების გამოყენება.
ამ დროს, საქართველოს სამოქალაქო სექტორი აქტიურად შედიოდა ისეთ პროცესებში, რომლებმაც ის 2022 წელს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მთავარი ორგანიზატორი და მოქმედი პირი გახადა. თუმცა, ეს უკვე სხვა ისტორიაა.
(გაგრძელება იქნება)