უკრაინაში კორუფციულმა სკანდალმა ვოლოდიმირ ზელენსკის ეგზისტენციური საფრთხე შეუქმნა. საფრთხე იმდენად რეალურია, ავტორიტარულ უკრაინაში ღიად ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ზელენსკი, რომელიც უკრაინის მოქმედი კონსტიტუციით, არალეგიტიმური პრეზიდენტია, უნდა გადადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო გადატრიალება გარდაუვალია. კორუფციული სკანდალის ფონზე, დასახელდნენ საპრეზიდენტო კანდიდატებიც - გენერალი ვალერი ზალუჟნი, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშჩენკო და ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. ამ უკნასკნელს კი ყველაზე მეტი შანსი აქვს, გახდეს პრეზიდენტი.
მასშტაბურ კორუფციას დაემატა გამოძიების მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს, როგორც აშანტაჟებდნენ ხელისუფლების მაღალჩინოსნები კერძო კომპანიებს იმით, რომ თუ კონტრაქტის 10-15%-ს „ატკატის“ სახით არ დაუბრუნებდნენ, მათ საწარმოებში „ტეცეკას“, ანუ სამხედრო კომისარიატის ხალხი შევა და თანამშრომლებს მასობრივად გარეკავდნენ ფრონტზე. ამას გარდა, ერთ-ერთ ჩანაწერში, კორუმპირებული ჩინოვნიკი იმაზე წუხს, რომ მიღებული ფული - 1.5 მილიონი გრივნა ძალიან მძიმეა და წაღება უჭირს. საქმეში ათი ათასამდე ჩანაწერია, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო ნაწილ-ნაწილ, მცირე დოზებით აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ, რომლის გაუქმება ზელენსკიმ ზაფხულში წარუმატებლად სცადა, ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური სქემის შესახებ განაცხადა. გამოძიების მასალებით დასტურდება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, კრიმინალური ჯგუფის წევრებმა, რომელთა შორის არიან ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები, ასევე ქვეყანაში ცნობილი ბიზნესმენი, უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების ოპერატორის - „ენერგოატომის“ გარშემო, მასშტაბური კორუფციული სქემა ააწყვეს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოა და ქვეყნის ენერგომოხმარების 50%-ზე მეტს უზრუნველყოფს.
კრიმინალური ჯგუფი სისტემატურად მდიდრდებოდა „ენერგოატომის“ კონტრაქტორებისგან მიღებული ქრთამის მეშვეობით და „ატკატების“ სახით, სახელმწიფო კონტრაქტების ღირებულების 10-დან 15%-მდე იღებდა. გამოძიება ამბობს, რომ ამ გზით მიღებული ფულის გათეთრება კი მცირე კომპანიების ქსელის მეშვეობით ხდებოდა. ტრანზაქციების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ნაღდი ფულის გაცემა, უკრაინის ფარგლებს გარეთ განხორციელდა. ამ ეტაპზე, უკვე დადასტურებულია 100 მილიონი დოლარზე მეტი „ატკატი“. ამ თანხის ნაწილი, დაახლოებით 2 მილიონი, საბოლოოდ რუსეთში გადაირიცხა.
სკანდალური საქმის პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ სქემიდან მიღებული შემოსავალი კიევში არსებული ოფისის მეშვეობით გათეთრდა, რომელიც რუსი სენატორის ანდრეი დერკაჩის ოჯახთან არის დაკავშირებული. გამოძიების მტკიცებით, სქემის სათავეში იდგა სტუდია „კვარტალი 95“-ის თანამფლობელი და ზელენსკის ერთ-ერთი უახლოესი თანაგუნდელი, ე.წ. შავი სალაროს განმკარგავი - ტიმურ მინდიჩი, რომელმაც ქვეყანა ბრალის წაყენებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს ოქროს უნიტაზები, ნიჟარები და ონკანები. ჩხრეკა ასევე ჩატარდა უკრაინის იუსტიციის მინისტრის, გერმან ჰალუშჩენკოს ოფისში, რომელიც გამოძიების მასალებში, მინდიჩის პროტეჟედ არის მოხსენიებული.
12 ნოემბერს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ, ჰალუშჩენკოს თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განაცხადა. ჰალუშჩენკო ადრე „ენერგოატომის“ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა და მიმდინარე წლის ივლისამდე, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი იყო. კორუფციულ სკანდალში ფიგურირებს უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ალექსეი ჩერნიშოვი.
ამ დროისათვის დაკავებულები არიან: ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მრჩეველი იგორ მირონიუკი, „ენერგოატომის“ უსაფრთხოების აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ბასოვი, ბიზნესმენები - ალექსანდრე ზუკერმანი და იგორ ფურსენკო, ასევე ფულის გათეთრების ფირმის თანამშრომლები - ლესია უსტიმენკო და ლუდმილა ზორინა. ასეთია ამ ეტაპზე უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობის 15-თვიანი მუშაობის შედეგები.
100-მილიონიანი კორუფციული სქემის გამოვლენის შემდეგ, უკრაინის მოკავშირეები სერიოზულად შეშფოთებულები არიან ამ ფაქტით და კიევისგან გარანტიების მიღება სურთ იმასთან დაკავშირებით, თუ რაში იხარჯება მათ მიერ გამოყოფილი მილიარდობით ევრო. ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასი პირველად გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე კორუფციულ სკანდალს და აღნიშნა, რომ ბრალდებულები ხალხის ფულს იპარავდნენ.
„მნიშვნელოვანია, კიევმა ამ საქმეს სერიოზულად შეხედოს. ისინი ძალიან მტკიცედ მოქმედებენ. კორუფციის ადგილი, განსაკუთრებით ახლა, არ არის. ეს ხალხის ფულია, რომელიც ფრონტის ხაზზე უნდა მიდიოდეს“, - განაცხადა კაია კალასმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი კი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე კორუფციული სკანდალი რუსეთის ბრალია. მისი თქმით, ამბავი ენერგეტიკის სექტორში კორუფციული სქემის გამოძიების შესახებ, სამწუხაროდ, მოულოდნელი არ არის. ეს არის წარსულის ლოგიკური გამოძახილი, როდესაც ათწლეულების განმავლობაში, კრემლი აშენებდა სისტემას, რათა უკრაინა თავისი გავლენის სფეროში მოექცია.
„კორუფცია ამის მთავარი ინსტრუმენტი იყო და ეს მექანიზმები დღემდეა შემორჩენილი. თუმცა, დღევანდელი სიტუაცია პრინციპულად განსხვავებულია. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში 2014 წლიდან დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყებები თავიანთ საქმეს აკეთებენ. გამოძიების დაწყების, მასშტაბური საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების თავად ფაქტი ხაზს უსვამს სამართლიანი ვერდიქტების აუცილებლობას ყველაზე მაღალ დონეზე - ყველაფერი უკრაინის ტრანსფორმაციის დემონსტრირებაა.
რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა შეეცდება, გამოიყენოს შექმნილი ვითარება, რათა თქვას, რომ უკრაინა ქმედითუუნაროა, თუმცა ეს ასე არ არის. რეალობა საპირისპიროა: ჩვენ არა სახელმწიფოს ჩამოშლას, არამედ მისი ახალი ინსტიტუციური საფუძვლების გამოცდას ვუყურებთ. ცოტა ქვეყანა მოიძებნება, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს გამოავლენს, გამოიძიებს და საჯაროდ განიხილავს მსგავს შემთხვევებს“, - დაწერა პოდოლიაკმა სოციალურ ქსელ X-ში.