28 ნოემბერს, ოპოზიციამ მორიგი აქცია დააანონსა. როგორც მედია იუწყება, 13 ნოემბრის ბრიფინგზე წასაკითხი დოკუმენტი ოპოზიციას ბრიუსელიდან გამოუგზავნეს, რასაც ხელისუფლების ოპონენტები აბსურდულს უწოდებენ, ხოლო მმართველ გუნდში გარე დირექტივებზე საუბრობენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების აზრით, ამჯერად უკვე ფაქტებით დადასტურდა, რომ ოპოზიციას „გარედან კარნახობენ“. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკაშვირებით, For.ge ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
- ბატონო ზაალ, ოპოზიცია 28 ნოემბერს მასშტაბურ აქციას გეგმავს, რაც შარშანდელი საპროტესტო მუხტის დასაწყისის ერთი წლისთავის აღნიშვნაა სლოგანით - „იგივე დღე, იგივე ადგილი, უფრო ძლიერი საზოგადოება“. მას შემდეგ, რაც 13 ნოემბერს, ერთ-ერთი მედიის ინფორმაციით გაირკვა, რომ ბრიფინგზე წასაკითხი ტექსტი ბრიუსელიდან იყო გამოგზავნილი, 28 ნოემბრის მასშტაბური აქციაც ევრობიუროკრატებმა ხომ არ დაგეგმეს?
- ოპოზიცია ზედმეტად გაიტაცა საკრარულმა თარიღებმა - რაღაც თარიღებისთვის აქციების დამთხვევა არასერიოზულად გამოიყურება. ყბადაღებულ ტექსტში განსაკუთრებული არაფერი იყო, რაც ოპოზიციას ადრე არ უთქვამს და ხალხს სტიმულს მისცემდა, რომ ქუჩაში გამოსულიყო. სავარაუდოდ, გამოვა იგივე შემადგენლობის და რაოდენობის ხალხი, რაც ადრე გამოდიოდა.
რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, როდესაც ოპოზიციურმა ლიდერებმა იუარეს, რომ ეს ტექსტი მათ დაწერეს, მათთან მიჩნდება მარტივი კითხვა: რა აზრი ჰქონდა ტექსტის ინგლისურ ენაზე დაწერას, თუ მას ქართულად წაიკითხავდნენ და მათი ადრესატი ქართული აუდიტორია იქნებოდა? დავუშვათ, რომ ტექსტი თბილისში დაიწერა, ეს ინგლისურენოვანი ტექსტი, როგორც ჩანს, მათ თარგმნეს ინგლისურად და გააგზავნეს ბრიუსელში, ასევე სხვა ქალაქებში, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მათ კავშირი აქვთ გარე ძალებთან და ეს აქცია იმართება გარედან.
საერთაშორისო წრეები, რომლებიც მხარს უჭერენ ე.წ. პროევროპულ ოპოზიციას, სთხოვენ მათ წარმატების ისტორიების ჩვენებას, ოპოზიციას კი წარმატების ისტორიის ჩვენება არ შეუძლია, რადგან ვერ ახერხებს წარმატების მიღწევას, სიტუაციის შემოტრიალებას, რომ სერიოზული, პოლიტიკური შედეგი დადოს და ერთადერთი, რაც შეუძლია აჩვენოს, 100-150-კაციანი ყოველდღიური აქციებია რუსთაველის გამზირზე. ასე რომ, ეს აქციები კიდევ რამდენიმე ხანს გაგრძელდება.
- და რა მომავალი აქვს ამ აქციებს?!
- თუ მართლა რაღაც რადიკალურ ქმედებეზე არ წავიდნენ და იგივე სცენარი არ გაიმეორეს, რაც 4 ოქტომბერს მოხდა - თუ ჭკუა ჰყოფნით, ამაზე არ უნდა წავიდნენ, რადგან თავად დასავლეთში არ მოუწონებენ ამ ნაბიჯს - ალბათ, იქნება მორიგი ორთქლის გამოშვება. არავითარი ღირებული ოპოზიციას და აქციის ორგანიზატორებს არ აქვთ - ხალხს მობეზრდა ერთი და იგივე ლოზუნგები, რომელიც აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის რადიკალური ნაწილისგან ისმის.
- საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. ამის ფონზე, განცხადებები კეთდება, რომ შესაძლოა, გერმანიაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქართველოში ექსტრადაცია განხორციელდეს, თუმცა შესაბამისი სტრუქტურა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ ეტაპზე, უცნობია. თქვენი აზრით, მოითხოვს ქართული მხარე გახარიას გადმოცემას, ანდა გერმანიის პასუხი რა იქნება ამაზე?
- ველოდები, რომ გერმანიის მთავრობა, ექსტრადაციის მოთხოვნის შემთხვევაში, გახარიას საქართველოს ხელისუფლებას არ გადმოსცემს - არგუმენტად მოიყვანს იმას, რომ მართლმსაჯულება დამოუკიდებელი არ არის და გახარია პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. ამასთან, გახარია უკვე არის დასაქმებული გერმანიაში - მას, ფაქტობრივად, პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს სწორედ იმ ინსტიტუტში სტიპენდიანტად გაფმორმებით და გადმოცემა, ძალიან მეეჭვება, რომ შედგეს.
- ოპოზიციონერი ლიდერების დიდი ნაწილი დაკავებულია. მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ ოპოზიციურ ფლანგზე?
- არც ისე ბევრი დრო დარჩათ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ციხეში ყოფნის, გამოვლენ ციხიდან, თუ მათ მიმართ რაღაც ახალი ბრალი არ აღიძრა. როდესაც თავისუფლებაზე იყვნენ, რამე შესძინა ოპოზიციის აქციებს? ძალიან აქტიურები იყვნენ, მაგრამ სიტუაციის გარდატეხა ვერ მოახერხეს. დისკრედიტებულ ადამიანებს ჩვენი საზოგადოების უმეტესობა არ წყალობს, რომ გამოვიდნენ და პოლიტიკური აქტივიზმი გამოავლინონ, არ მგონია, ამას სერიოზული შედეგი მოჰყვეს. რაც დღეს ხელისუფლებას ეხმარება, ეს არის სწორედ ოპოზიციურ ფლანგზე ძლიერი, ქარიზმატული ლიდერების დეფიციტი, ეს კი ხელისუფლებას აძლევს იმის საშუალებას, რომ თვალსაწიერ მომავალში შედარებით მშვიდად იყოს. ამიტომ, რამე მნიშვნელოვანს და ღირებულს ოპოზიციის ფლანგზე არ ველოდები.
- რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და მის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ საქმეს?
- „ოცნების“ ადგილას, ასე ბოლომდე არ გავწირავდი ღარიბაშვილს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად ღრმად არის წასული მის მიერ ჩადენილი კანონდარღვევების ფესვები. ის ხალხი, რომლებიც ღარიბაშვილმა მოიყვანა მთავრობაში და რომლებსაც ჩამოურიგა თანამდებობები, მათ გარშემო განვითარებული მოვლენები მაფიქრებინებს, რომ საქმე მართლა სერიოზულად არის, სერიოზულ კორუფციულ ფაქტებთან გვაქვს საქმე.
- პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ირაკლი ხმალაძე იუსტიუციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ეს მიანიშნებს კორუფციის ბრალდებით მისი სამართლებრივი დევნის შესაძლო დაწყებაზე და არ გამორიცხავს, რომ საქმე თბილისის მერამდე და მმართველი პარტიის გენმდივნამდე, კახა კალაძემდეც მივიდეს. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?
- ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ - არ გვაქვს ისეთი ტიპის მმართველობა, როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილის პერიოდში, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლებოდა დაეჭირათ, ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე და შემდეგ, მისგან რაღაც საპროცესო გარიგებით და სხვა მექანიზმებით უზარმაზი თანხები ამოექაჩათ. უნდა იყოს რაღაც ხელჩასაჭიდი ამისთვის, ჯერ ხმალაძესაც არ დამტკიცებია რამე დანაშაული, უბრალოდ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ ჩემი ეჭვია, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა. ის ვერ ასაბუთებდა მის საკუთრებაში არსებულ საკმაოდ მნიშვნელოვან ქონებას. ჯერ იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მისი დანიშვნა და ორ თვეში გათავისუფლება, ბევრ პასუხგაუცემელ კითხვებს ტოვებს. არ მჯერა იმ ვერსიის, რომ როგორც თავად ამბობს, დაასრულა საჯარო სამსახურში მუშაობა - თუკი დაასრულა რატომ დათანხმდა ამ თანამდებობას? ეტყობა, ანტიკორუფციული ბრძოლის ბორბალში მოჰყვა ეს პიროვნებაც.
ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ხმალაძე იყო კალაძის მარჯვენა ხელი და თუ ის კორუფციაში იყო გარეული, ეს კალაძის გარეშე როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა დამტკიცდეს ფაქტებით, რაც ჯერჯერობით არ დევს. უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ იქნებოდა სწორი, მით უმეტეს, ანალიტიკური შეფასების დროს.