მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ინსტიტუციური მოწყობის მნიშვნელოვან რეფორმას იწყებს, რაც ანტიკორუფციული ბიუროსა და ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტების გაუქმებას ითვალისწინებს. ხელისუფლების მტკიცებით, ეს ნაბიჯი ემსახურება საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებას, დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას და რესურსების ოპტიმიზაციას.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ ცვლილებები სისტემური ხასიათისაა და მიზნად ისახავს გარედან თავს მოხვეული, სისტემიდან ამოვარდნილი გადაწყვეტილებების აღმოფხვრას, რადგან ინსტიტუციური მოწყობა ქვეყანამ თავად უნდა განსაზღვროს.
მთავარი ცვლილება ანტიკორუფციულ ბიუროს ეხება, რომელიც 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება. ხელისუფლების არგუმენტი მარტივია, ბიუროს ძირითადი ფუნქცია - თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი - უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომპეტენციას.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ფუნქცია გადაეცემა „უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს“, რომლის ხელმძღვანელის დამოუკიდებლობის გარანტიები კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ხაზი გაუსვა, რომ აუდიტის სამსახურს აქვს სათანადო გამოცდილება დეკლარაციების მონიტორინგისთვის და ეს საქმიანობა სწორედ კონსტიტუციით გათვალისწინებულ ორგანოს უნდა დაეკისროს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბიუროს სახელწოდება საზოგადოებას აცდენილ მოლოდინს უქმნიდა, თითქოს, ეს საგამოძიებო უწყება იყო მაშინ, როცა კორუფციული ფაქტების გამოძიება პროკურატურის ამოცანაა.
2026 წლის 2 მარტიდან, ანტიკორუფციული ბიუროსთან ერთად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციებიც სრულად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.
რაც შეეხება ბიზნეს-ომბუდსმენის თანამდებობას, ის 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადაინაცვლებს. ხელისუფლების მტკიცებით, ეს უზრუნველყოფს „ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას“.
მიუხედავად ხელისუფლების ლოგიკური არგუმენტებისა ინსტიტუციური ჩარჩოს მოწესრიგების შესახებ, დგება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში პერიოდულად ფიქსირდება კორუფციული ბრალდებებით დაკავებული ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების შემთხვევები, ხომ არ ცდილობს მმართველი გუნდი ამ რეფორმით ანტიკორუფციული ფუნქციის გაძლიერებას?
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, როგორც უმაღლესი კონსტიტუციური ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ გადასული დეკლარაციების მონიტორინგი, თეორიულად, გაზრდილი დამოუკიდებლობისა და უკეთესი კოორდინაციის ხარჯზე, კორუფციის რისკების შემცირების პრევენციულ მექანიზმად შეიძლება იქცეს. ფუნქციების კონსოლიდაცია დამოუკიდებელ ორგანოში გულისხმობს, რომ ამ მიმართულებით ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკა უფრო მეტად გამართული და ინტეგრირებული გახდეს.
ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ეს კორუფციასთან ბრძოლის შესუსტებას ემსახურება.
ირაკლი კუპრაძე - კოალიცია „ძლიერი საქართველოს-ლელოს“ ლიდერი აცხადებს, რომ ანტიკორუფციული ბიურო, „ქართული ოცნების“ პირობებში, იმდენად მარგინალიზდა, რომ მისი გაუქმება გარდაუვალი იყო, რადგან ყოფილი ხელმძღვანელი „მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ინტერესს ემსახურებოდა“.
კუპრაძის თქმით, ეს არის „კარმუშკა“ პარტიული მუშაკებისთვის, ხოლო მომავალმა ხელისუფლებამ უნდა შექმნას „რეალური, ქმედითი ანტიკორუფციული ბიურო“.
მიუხედავად მკვეთრად განსხვავებული შეფასებებისა, მმართველი გუნდის მთავარი გზავნილია, რომ ცვლილებები ინსტიტუციური მოწყობის გამართულობას ემსახურება. დრო აჩვენებს, რამდენად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კონსტიტუციური მანდატი კორუფციის პრევენციულ მექანიზმებს საქართველოში.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებას განიხილავს, როგორც საქართველოს ინსტიტუტების სუვერენიტეტის აღდგენის პროცესს, რომელიც უშუალოდ ებრძვის გარედან თავს მოხვეულ, არაკონსტიტუციურ ჩარჩოში მომუშავე „კვაზი-ორგანოებს“. ზარდიაშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს პრობლემა მისი უმოქმედობა კი არა, კანონიერი და კონსტიტუციური საფუძვლების არქონა იყო.
„ამ ინსტიტუტების შექმნა იყო პირდაპირი შედეგი იმ სამწუხარო გამოცდილებისა, როდესაც დასავლეთიდან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „თავს გვახვევდნენ“ ინსტიტუციურ მოწყობას. ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იყო გარედან ნაკარნახევი დირექტივა და არა ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებული, ლოგიკური საჭიროება. ეს იყო „კვაზი-ორგანოები“, რომელთაც არც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ჰქონდათ და არც კონსტიტუციური გარანტიები, მაგრამ დამოუკიდებელ ორგანოდ იყვნენ გამოცხადებულნი. ეს იყო ინსტიტუციური არეულობა“, - აღნიშნავს ზარდიაშვილი.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ბიუროს ფუნქცია - დეკლარაციების მონიტორინგი - არასდროს ყოფილა კორუფციის გამოძიება, მიუხედავად მისი მცდარი სახელწოდებისა. შესაბამისად, კორუფციული ფაქტების გამოვლენის პარალელურად, ამ უწყების გაუქმება ლოგიკურია, რადგან მისი რეალური ფუნქცია გაძლიერებულ და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მქონე ინსტიტუტს - სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.
„ფუნქციები არ უქმდება. ეს არის მთავარი. დეკლარაციების მონიტორინგი გადადის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, რომელსაც კონსტიტუციით მინიჭებული აქვს ყველაზე მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი. ამ ნაბიჯით, ხელისუფლება, პირიქით, აძლიერებს კორუფციის პრევენციის მექანიზმს, რადგან მას კონსტიტუციურ ჩარჩოში აბრუნებს და არასტაბილური, გარედან თავს მოხვეული სტრუქტურისგან ათავისუფლებს. ეს არის კანონის უზენაესობისა და სუვერენიტეტის აღდგენა ინსტიტუციურ დონეზე“, - ასკვნის ზარდიაშვილი.
მისივე თქმით, ამ ცვლილებით, ხელისუფლება ინსტიტუციურ „დეოკუპაციას“ ახორციელებს, რათა საქართველოს მმართველობა კონსტიტუციით დადგენილ წესებს დაუბრუნდეს.