ახალი ცვლილება ემიგრანტებს ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლას ავალდებულებს

ახალი ცვლილება ემიგრანტებს ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლას ავალდებულებს

„ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობს. ერთ-ერთი ცვლილებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ. საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს. ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი. 

 

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას, რომ არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. ამავე დროს, ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.

 

ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას, უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში, ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს. არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ.

 

„სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, იქნება ეს არჩევნები ამერიკის შეერთებული შტატებში, თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამომრჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან.

 

ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციისა და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას. ამასთან, არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებაზე განცხადება გააკეთება საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, არჩევნებში ხმის მიცემის წესის თაობაზე არარეზიდენტ მოქალაქეებთან დაკავშირებული ინიციატივა მიმართულია დემოკრატიული არჩევნების და უცხოური გავლენებისგან ხალხის ნების დაცვისკენ.

 

„ახალი ინიციატივა არანაირად არ ზღუდავს მოქალაქეთა უფლებას. ჩვენ როცა ვსაუბრობთ უცხოურ გავლენებზე, გააზრებულ გადაწყვეტილებაზე, ამ დიდ დეზინფორმაციულ კამპანიებში რთულია, შენი მოქალაქეები საზღვარგარეთაც სრულად გყავდეს ინფორმირებული, რასთან გვაქვს საქმე, რას ეხება და სად გადის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. კიდევ ერთხელ, არავინ იზღუდება ამ ინიციატივით. 

 

საქართველოს მოქალაქეებს, ისევე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, უფლება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და მისცენ ხმა სასურველ საარჩევნო სუბიექტს, ხმის მიცემის უფლება განახორციელონ საქართველოში. ასეთი წესები არსებობს ბევრგან, ბევრი ქვეყნისთვის ეს არ არის უცხო საერთაშორისო პრაქტიკა. ბევრი დემოკრატიული ქვეყანა იყენებს ამგვარ მიდგომას და პირველ რიგში, ეს გამომდინარეობს ქვეყნის საჭიროებებიდან, ქვეყნის უსაფრთხოების, მათ შორის, დემოკრატიის დაცვის საჭიროებიდან“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ახალი ცვლილებით, ყველა ვალდებული იქნება ჩამობრძანდეს სამშობლოში, კარგად გათვითცნობიერდეს არსებულ პოლიტიკურ მდგენელში და აქ მისცეს ხმა. მისი თქმით, საარჩევნო მარათონისთვის ინფორმირებული არჩევანი ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს მიდგომა მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებში აპრობირებულია.

 

„ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილების ინფორმირებულად განხორციელებაში მსგავსი ცვლილება ჩვენს საზოგადოებას და იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ, ხელს შეუწყობს. საქართველოს ყველა მოქალაქეს დაუბრკოლებლივ ექნება საშუალება, ხმა მისცეს მისთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას. ეს საკითხი საკუთარ ქვეყანაში, საარჩევნო ურნასთან წყდება, როდესაც თითოეული მათგანი ამა თუ იმ პარტიისთვის ხმის მიცემას გადაწყვეტს. სამი დღით ადრე ჩამოვა, თუ რამდენიმე თვით ადრე, ამას ნუ შევუზღუდავთ, მათ სრული შესაძლებლობა აქვთ, თავის ქვეყანაში მისცენ ხმა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საზღვარგარეთ მყოფთა ნებაზე ტექნოლოგიებით გავლენა უფრო ადვილია, ვიდრე იმ ხალხზე, ვინც აქ ცხოვრობს, ასევე, საქართველოში კარგი ეკონომიკური ვითარება იქნება, რათა ადამიანებმა არ ეძებონ მწირი შემოსავალი საზღვარგარეთ.

 

„ოთხ წელიწადში ერთხელ თუ ჩამოვლენ საკუთარ ქვეყანაში და თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას შეასრულებენ, ეს იქნება სწორედ ის, რაც რეალურ შედეგებს დადებს არჩევნების შემდეგ. საუბრობენ საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრებ საზოგადოებაზე - ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, რომ სამ წელიწადში, საკმაოდ კარგი ეკონომიკური ვითარება იქნება საქართველოში, რათა ადამიანებმა, არალეგალური ცხოვრების ხარჯზე, მწირი შემოსავალი არ ეძებონ საზღვარგარეთ. კომპლექსური თემაა, მაგრამ მთავარი მაინც ის ფაქტია, რაც დასახელდა.

 

საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს იმ პოლიტიკური ატმოსფეროს გავლენის ქვეშ, რომელიც საზღვარგარეთ ყალიბდება, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის ახალი წესი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა, რიგი ოპოზიციური პარტიებისა და უცხოეთის გავლენის მატარებელი ორგანიზაციების მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა, მათთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევაა. მისი თქმით, ივანიშვილმა დღეს ამ ნაბიჯით აღიარა, რომ ქართული ემიგრაციის ეშინია.

 

„ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ გვართმევს ყველაფერს, ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ერთი ადამიანი - ყველაფერს, რაც ძვირფასია, რაც ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა! ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ გვექნება ადეკვატური პასუხი „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებზე. ივანიშვილმა დღეს ამ ნაბიჯით აღიარა, რომ ქართული ემიგრაციის ეშინია! ემიგრაციაში მყოფ ქართველებში არის უდიდესი ძალა. თქვენი ბრძოლა ჩანს და ივანიშვილს თქვენი ეშინია - ეშინია არჩევნებში თქვენი მონაწილეობის. მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ყველა ერთად ვართ - ემიგრანტიც და საქართველოში მცხოვრებიც. ბრძოლა იქნება ბოლომდე - ყველა სამართლებრივი გზით!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

 

ანალიტიკოსის დავით ჩიხელიძის შეფასებით, საზოგადოების ინფორმირებული ნაწილისთვის სრულიად ნათელია, რომ აღნიშნული ცვლილება არც დემოკრატიას ზღუდავს და არც მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს. მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილება არავის უკრძალავს და უზღუდავს ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.

 

„აღნიშნული ინიციატივა, პირიქით, თანამედროვე, პასუხისმგებლობიან და ევროპულ პრაქტიკაზე დაფუძნებულ მიდგომას წარმოადგენს. ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ჩეხეთში, მალტაში, ირლანდიაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში, საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს არ გააჩნიათ სპეციალური, გამონაკლისზე დაფუძნებული რეჟიმი. უმეტეს შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობისათვის მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში ბრუნდება.

 

საქართველოშიც ანალოგიური წესი ემყარება რამდენიმე მნიშვნელოვან საფუძველს: ადმინისტრაციულ-ლოგისტიკური რეალობა - საზღვარგარეთის ქვეყნებში საარჩევნო უბნების მოწყობა უკავშირდება, როგორც მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს, ასევე ადამიანური რესურსების დეფიციტს, საკონსულო პერსონალის სიმცირეს, დროებით მომუშავე წევრების შერჩევის სირთულეს და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას; ამომრჩევლის დაბალი აქტივობა - წარსული გამოცდილება ცხადჰყოფს, რომ უბნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ დაბალია; არსებული რეალობა - მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ, ათასობით ემიგრანტი აცხადებდა, რომ საქართველოში მიმდინარე აქციების მხარდასაჭერად სამშობლოში ბრუნდებოდა. ეს მაგალითი ნათლად ამტკიცებს, რომ ვისაც რეალური სურვილი აქვს, ქვეყნის პოლიტიკური პროცესების ნაწილად იქცეს, მისთვის საქართველოში ჩამოსვლა არსებით ბარიერს არ წარმოადგენს, მით უმეტეს მაშინ, როცა საუბარია არა ერთჯერად აქციაზე, არამედ ქვეყნის მომავალზე გავლენის მქონე საარჩევნო პროცესზე“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

როგორც ანალიტიკოსი ამბობს, საზღვარგარეთ ხმის მიცემის ფართო და უკონტროლო მექანიზმები ზრდის იმ რისკებს, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესი გახდეს სხვადასხვა გარე გავლენის სამიზნე. ეს გარემოება თავისთავად ქმნის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებელ გადაწყვეტილების მიღების პრინციპზე გავლენის საფრთხეს.

 

რაც შეეხება არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ სირთულეებს, ჩიხელიძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს არა შეზღუდვას, არამედ პროცესის გამჭვირვალობასა და დაცვის გაძლიერებას, რათა ხმის მიცემა განხორციელდეს იმ სივრცეში, სადაც სახელმწიფოს სრული იურიდიული, ადმინისტრაციული და უსაფრთხოების კონტროლია უზრუნველყოფილი.

 

„ინიციატივა წარმოადგენს პასუხისმგებლობიან და სამართლებრივად გამართულ ნაბიჯს, რომელიც არ მოიცავს დისკრიმინაციულ ან არასამართლებრივ შეზღუდვებს; არ ზღუდავს არჩევანის უფლებას; უახლოვდება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს; ამცირებს ბიუჯეტის ზედმეტ და გაუმართლებელ ხარჯებს; ზრდის საარჩევნო პროცესის ავთენტურობას, სანდოობასა და უსაფრთხოებას; ამყარებს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პრინციპს, შიდა საკითხებში სუვერენული, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას.

 

საკანონმდებლო ცვლილებით, სახელმწიფო იღებს მოწესრიგებულ, სამართლებრივად მყარ, არადისკრიმინაციულ საარჩევნო კოდექსს, რომელიც სრულად აღიარებს ამომრჩევლის უფლებებს, იმავდროულად უზრუნველყოფს სახელმწიფოს ინტერესების, სუვერენიტეტისა და საარჩევნო ხარისხის დაცვას“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.