ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის მესამე ინიციტივა სალომე ზურაბიშვილისგან, ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ

ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის მესამე ინიციტივა სალომე ზურაბიშვილისგან, ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ

ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისევ ალაპარაკდა ახალი, ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის და ტექნიკური მთვრობის შექმნის საჭიროებაზე. კერძოდ, საკითხი შეეხება მმართველი პარტიის პოლიტიკური ალტერნატივის შექმნას, რომელიც მოემზადება იმ დღისთვის, როდესაც ხელისუფლების შეცვლა რეალური გახება. ეს უკვე მესამე განცხადება და მცდელობაა ახალი პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბების შესახებ - წინა ორი ინიციატივა უშედეგო გამოდგა - თუმცა, ამ ეტაპზე კვლავ უცნობია, რა ფორმა ექნება ამ გაერთიანებას, შეიძლება თუ არა მის ბაზაზე ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირება და ზოგადად, რა პერსპექტივა აქვს ექსპრეზიდენტის ახალ წამოწყებას.

 

საჭირო იქნება ეს პოლიტიკური ალტერნატივა, რაც გვინდა, ის დავარქვათ, რა ფორმითაც არ უნდა იყოს. ცხადია, ჩვენ წინ წასული ვიქნებოდით, ეს რომ მომხდარიყო მაშინდელ საპარლამენტო არჩევნებში. არ მოხდა და მე არ მგონია, რომ დღეს ვინმეს ინტერესში იყოს, თუნდაც ჩვენ, ყველას ერთობლივ ინტერესში, რომ ახლა დავიწყოთ იმაზე ჭორაობა, თუ ვინ იყო უფრო წინააღმდეგი და ვინ - ნაკლებად. ვიტყოდი, რომ დიდი ენთუზიაზმი არავისგან არ იყო იმიტომ, რომ ეს ტექნიკური მთავრობა უნდა შემდგარიყო არა პოლიტიკოსებისგან, არამედ პროფესიონალებისგან, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოპოზიციამ მორიგი აქცია დაანონსა, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართება. გაჩნდა მოსაზრება, რომ ერთგვარი სამოქმედო გეგმა ყოფილმა პრეზიდენტმა შესაძლოა, სწორედ ამ აქციაზე წარადგინოს.

 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში არიან მარიონეტები, ქართული გვარ-სახელებით და პასპორტებით, რომლებიც გარედან იმართებიან იმისთვის, რომ დააზიანონ საკუთარი ქვეყანა.

 

ეს არის პირდაპირ, ყოველდღიური პროცესების ხელით მართვა გარედან, სადაც თითოეული სიტყვა წინასწარ არის ნაკარნახევი. თითოეული ნაბიჯი გათვლილია, ასე მოქმედებს დღეს რადიკალური ოპოზიცია და გარედან დაქირავებულიენჯეოები“. ეს, რა თქმა უნდა, სამარცხვინო ფაქტია, თუ რასთან გვაქვს საქმე. 21- საუკუნის საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, ჩვენ გვყავს ჩვეულებრივი მარიონეტები, ქართული გვარ-სახელებით და პასპორტებით, რომლებიც გარედან იმართებიან იმისთვის, რომ დააზიანონ საკუთარი ქვეყანა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე, For.ge-სთან ინტერვიუში, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას აფასებს და ამბობს, რომ დღეს შედეგიანობა ოპოზიციურ სპექტრში არათუ იზრდება, არამედ კლებულობს.

 

როგორ გგონიათ, ახსოვს ქალბატონ სალომეს, რომ ადრეც თქვა იგივე რამ, თუ გაუსვა ხაზი, რომ იმეორებს? - თუ არ გაუსვა ხაზი, შეიძლება, არ ახსოვდეს. თუ სერიოზულად მივუდგებით საკითხს, როცა უფრო სისხლსავსე იყო ოპოზიცა, მაშინ ვერ მოახერხა ქალბატონმა სალომემ ერთიანი პლატოფრმის შექმნა და პოლიტიკური პოტენციალის გაზრდა. პლატფორმის შედეგი უნდა იყოს, რომ ცალ-ცალკე მოთამაშეები შეკრიბოს ისე, რომ გაიზარდოს ოპოზიციის შედეგიანობა. გაზრდის რა მოგახსენოთ და შემცირების მიმართულებით, ბევრი რამ მოხდა. ახლა ისინი ვინ უნდა შეკრიბოს ამ პლაფორმაზე, ეს არის გაუგებარი, - აღნიშნა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსის თქმით, პოლიტიკური ლიდერობისთვის საჭიროა ქარიზმა, რაც ყოფილ პრეზიდენტს დღეს რეალურად არ აქვს.

 

ლიდერობაზე ტესტებს აკეთებენ, გამოდგება თუ არა ადამიანი ლიდერად. ანალოგიური ტესტები ზურაბიშვილსაც ჩაუტარდა რამდენჯერმე - სააკაშვილის დროს, მიშამ მინისტრობიდან რომ მოხსნა, საღამოს ტელევიზორში გამოვიდა, ქაჯები კი არ მოდიან, მიდიან-, გულზე მოსახვედრი ფრაზები ჰქონდა და მეორე დღეს, იპოდრომზე შეიკრიბა მთელი თბილისი. ძალიან ბევრი ხალხი აჰყვა, რადგან განცდა ჰქონდათ, რომ გამოჩნდა ლიდერი, თუმცა ეს მუხტი თავად ზურაბიშვილმა ჩააქრო. ნაბიჯები, რომელსაც შედეგი ექნებოდა, ვერ მოიაზრა, თორემ მხარდაჭერა ჰქონდა და დამოკიდებულება მის მიმართ, როგორც ლიდერისადმი, იყო. თუმცა, თავად პიროვნებამაც უნდა შეძლოს ლიდერისთვის შესაბამისი მკვეთრი, გააზრებული და გამიზნული ნაბიჯების გადადგმა - ეტყობა, ეს უნარები არ ახასიათებს ქალბატონ სალომეს. ამიტომ, ამ გამოცდილებით, მეეჭვება, რომ ახლა აღმოჩნდეს მასში პოლიტიკური ლიდერის ნიჭი, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.