საქართველოში ყველანაირი სატრანსპორტო საშუალებების ოდენობამ უკვე კარგა ხანია 600 ათას გადაჭარბა. ყვავილოვანი რევოლუციის შემდეგ მათი რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია. ამდენ ტრანსპორტს ხომ საწვავიც ბევრი სჭირდება, ჰოდა მისი იმპორტიც 40%-ით არის გაზრდილი.
ამ ციფრების მოყვანა აქაც და ქვემოთ იმისათვის გვჭირდება, რომ ამოვხსნათ მარტივი ამოცანა - თუ რატომ არ მცირდება საქართველოში საწვავის ფასი. ამა თუ იმ პროდუტზე ფასწარმოქმნას მხოლოდ მისი თვითღირებულება არ განსაზღვრავს, არამედ მოთხოვნაც. რაც უფრო დიდია მოთხოვნა საქონელზე, მით უფრო ძვირად იყიდება იგი. საქართველოში კი საწვავის მოხმარება ლამის ყოველდღე იზრდება.
ჯერ არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ სიძვირის გამო ბენზინის ან დიზელის გაყიდვები შემცირებულიყო. ამიტომაც არცერთ ჭკუათამყოფელ ბიზნესმენს მისი გაიაფება აზრადაც არ მოუვა. საქართველოში და მსოფლიოშიც ბიზნესი ერთი პრინციპით კეთდება - როცა იშოვება, უნდა იშოვო...
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა დინამკიურად იზრდება.
მისი თქმით, თუ 2005 წელს რეგისტრირებული იყო 414 425 ერთეული სატრანსპორტო საშუალება; 2006 წელს - 467 056 ერთეული; 2007 წელს - 519 676 ერთეული; 2008 წელს 608 795 ერთეული და 2009 წელს - 654 286 ერთეული.
“ამ მონაცემების თანახმად ჩანს, რომ 2009 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოდენობა 2005 წელთან შედარებით 50 პროცენტზე მეტით გაიზარდა.
პარალელურად ამისა, გაიზარდა საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი. კერძოდ, 2005 წელს საქართველოში იმპორტირებულ იყო 589 902,5 ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავი; 2006 წელს - 647 563,1 ტონა; 2007 წელს - 694 437,5 ტონა; 2008 წელს - 752 855,8 ტონა; 2009 წელს - 828 453,4 ტონა. ანუ 2009 წლის მონაცემებით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 2005 წლის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით, 40 პროცენტით გაიზარდა”, - განაცხადა მთვრალაშვილმა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოდენობა. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ასევე საწვავის იმპორტი და შესაბამისად, მისი მოხმარება.
“ჩვენ გავაკეთეთ შედარება 2005 წლის მაჩვენებელთან, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უფრო ადრეულ წლებში (2002, 2003, 2004) ლეგალური საწვავის იმპორტი გაცილებით დაბალ მაჩვენებელზე იდგა. საწვავის იმპორტის გაზრდა გამოწვეულია, ერთი მხრივ იმით, რომ აღურიცხავ და კონტრაბანდულ საწვავს ჩაენაცვლა ლეგალურად იმპორტირებული საწვავი, რაც სახელმწიფოს უდავო დამსახურებაა და ამ მხრივ საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს.
მეორე მხრივ, ეკონომიკური დონის განვითარებამ იმ ფონზე, რომ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა იზრდებოდა, გამოიწვია საწვავის მოხმარების ზრდაც”, - აღნიშნა მთვრალაშვილმა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება. მომავალშიც, თუკი ქვეყანაში ასეთი ავტობუმი გაგრძელდება, საწვავის გაიაფებაზე ფიქრი სრული უტოპია იქნება.