20 წელი მალხაზ ბეზარაშვილის მკვლელობიდან

20 წელი მალხაზ ბეზარაშვილის მკვლელობიდან

მწერალ მალხაზ ბეზარაშვილის მკვლელობიდან 20 წელი გავიდა. 28 წლის მალხაზ ბეზარაშვილი 1991 წლის 28 თებერვალს, თბილისში, კაკაბაძის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან მოკლეს. მკვლელობის საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. „20 წელია დავდივარ სამართალდამცავ ორგანოებში, გამოვიცვალე 100-ზე მეტი გამომძიებელი და ზედამხედველი. შს ამჟამინდელ მინისტრს გამჭვირვალე შენობაშიც არაერთხელ მივაკითხე, მაგრამ მინისტრთან არავინ შემიშვა“, - ამბობს მალხაზის დედა ნაზი ბეზარაშვილი.

მალხაზ ბეზარაშვილი 1962 წლის 14 აგვისტოს, გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში დაიბადა. 1979 წელს წარჩინებით დაამთავრა სოფელ გურჯაანის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე. სწორედ ამ პერიოდში დაწერა თავისი პირველი წიგნი „მგლური წყურვილი“. მალხაზის მშობლების თქმით, პირველი კურსის სტუდენტი იყო, როცა რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად მცხეთაში პოლიციამ დააკავა და ერთი ღამე დაპატიმრებული ჰყავდათ. აქტიურად წერა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

„არვიცი იმ ერთ ღამეში როგორ აწამეს. მხოლოდ ის მითხრა, შენ არ იცი რა არის მაგათი მათრახიო. როგორც ჩანს, ძალიან გაამწარეს. იქ ბევრ რამეს დაუფიქრდა და ბევრი ცუდიც დაინახა“, - იხსენებს ნაზი ბეზარაშვილი.

სწავლის პარალელურად, მალხაზ ბეზარაშვილი აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იყო „ჰელსინკის კავშირის“ წევრი.

„მალხაზი იშვიათი ნიჭის პატრონი იყო. ფლობდა რუსულ, ინგლისურ, ლათინურ და ფრანგულ ენებს. ფრანგული ენა 2 თვეში შეისწავლა. წაკითხული ჰქონდა უამრავი წიგნი. ჰქონდა თითქმის ყველა წიგნის ტომეულები. უკრავდა გიტარაზე, ფორტეპიანოზე, ხატავდა. მოთხრობების გარდა წერდა ლექსებს, პოლიტიკურ წერილებს. დაწერილი აქვს სამეცნიერო ნაშრომი გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემზე. მისი მოთხრობები იბეჭდებოდა ჟურნალ - გაზეთებში“, - ამბობს მალხაზის მამა.

ამ დროისთვის მალხაზ ბეზარაშვილის 4 წიგნია გამოცემული: „ცისკრის დედანი“, „მგლური წყურვილი“, „ყინულის ეტლი“ და „სულის ძახილი“. მეხუთე - „თქვენით დაბრუნებული ბავშვობა“ წიგნად რამდენიმე დღეში გამოვა. მალხაზის მშობლები კიდევ ერთი წიგნის გამოცემას აპირებენ, რომელსაც „ერთი სამუშაო დღე“ ერქმევა. მწერლის სამუშაო და საძინებელი ოთახები ახლაც ისევეა მოწყობილი, როგორც მის სიცოცხლეში იყო.

„მკვლელობის წინა დღეს სოფელში იყო ჩამოსული. 28 თებერვალს თბილისში წავიდა. გვითხრა, პარლამენტში შეხვედრა მაქვსო. სახლში 23:00 საათზე დაბრუნდა და ეზოში მოკლეს. მეზობლებს სროლის ხმა გაუგონიათ, მაგრამ 1991 წელს სროლა ხშირი იყო და ყურადღება არ მიაქციეს. მალხაზი მოგვიანებით იპოვეს“, - იხსენებს ნაზი ბეზარაშვილი.

გამოძიება მაშინვე დაიწყო. საქმეს მთაწმინდა - კრწანისის განყოფილება იძიებდა, მაგრამ სამოქლაქო ომის დაწყების გამო გამოძიება მალევე შეწყდა. მოგვიანებით საქმე ისევ აღიძრა, მაგრამ უშედეგოდ. მალხაზ ბეზარაშვილის მკვლელობის საქმე ახლაც გამოძიებაშია.

ამონარიდი ნაზი ბეზარაშვილის წერილიდან:

„ამას წინათ მივედი ახალ, მინებით შეკაზმულ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბატონ ვანო მერაბიშვილთან ვითხოვე შესვლა. მერამდენედ დამაწერინეს განცხადება. ნორმალურად მიმიღეს. ვიფიქრე, აქამდე რატომ არ მოვედი მეთქი. პასუხი სამ დღეში იქნებაო. გავოცდი მათი ყურადღებით. სამი დღის შემდეგ მითითებულ ნომერზე გურჯაანიდან დავრეკე. უხეშად მიპასუხეს. მეორე დღესვე ჩავედი „მინებიან“ სამინისტროში. მითხრეს, პასუხი სამინისტროს ძველ შენობაში მოიკითხე, იქ მოადგილე მიგიღებთო. არაერთხელ ვთხოვე იქ მყოფთ, მინისტრთან შემიშვით მეთქი, მაგრამ მითხრეს, არავის იღებსო.

მცველების ხელით სააკაშვილს სამჯერ ჩემი შვილის წიგნები გავუგზავნე. იმდენად დარწმუნებული ვიყავი მის გულისხმიერებაში, რომ მოლოდინი მქონდა, ან ახლა შემატყობინებენ რამეს მისი რეაგირების შესახებ, ან ახლა-მეთქი. მის მეუღლეს სანდრა რულოვსსაც რამდენჯერმე ველოდე ოფისში, მაგრამ ამაოდ.

ფრაზებს მოვიშველიებ მალხაზის მოთხრობიდან „ჩემო ანგელოზო“: „ჰეი, ქვეყნებო, მილიონიანი ქალაქები რომ ააშენეთ, რაშიც ჩვენი ხარჯი თუ არა, ჩვენი დათრგუნვის პროცესი დაგეხმარათ, წყალშია ჩაყრილი თქვენი ღვაწლი, არ არსებობს ზეაღსვლა მსოფლიო პიროვნული, ეროვნული თუ რასობრივი ჩაგვრის მოსპობის განუწყვეტელი ცდის გარეშე... გონს მოუხმეთ და სხვათა სიყვარულითა და პატივისცემით სამარადჟამოდ დაიმკვიდრეთ საკუთარი ბედნიერება. არ არის სხვა გამოსავალი, თუ მომავლისათვის სიკეთე გინდათ... იქნებ არ არის ბედნიერება ის, რასაც ვგულისხმობ მე. მოდით, ამოიღეთ ხმა, აღსდექით დიდიან-პატარიანად და გამიყვანეთ გოლგოთაზე. ეს უფრო ბედნიერება იქნება, ვიდრე ჩემი აქ დარჩენა. ...ეს ქვეყანა არ არის ღირსი ადამის მოდგმისგან გაწირვისა. არსებითად კი მისი საზღვრები დღითი დღე მცირდება და ფრთხილად, მსოფლიოვ! შაგრენის ტყავად არ გექცეს ეს მიწა. ფრთხილად, რამეთუ ყველანი სასწორს მთელი ძალით აწვებით ცალ მხარეს და მის წინაშე ადამიანის სულის უზენაეს კანონებს არღვევთ“.