უკვე 279-ე დღეა, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თავდაპირველად, აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ, სადაც პლენარული სხდომა მიმდინარეობდა. მოქალაქეებმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა გააპროტესტეს. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას პროტესტის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც მარშით იუსტიციის სახლთან მივიდნენ, საიდანაც მსვლელობით კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ. თუმცა, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 23-მდე პირი დააკავეს და როგორც შსს-ში აცხადებენ, თითოეული მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
„წულუკიანი მონა“, „კობახიძე მონა“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, - 2 სექტემბერს, სწორედ ამ შეძახილებით, საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეთა თქმით, სინამდვილეში, თეა წულუკიანი „ღალატის კომისიის“ თავმჯდომარეა.
„წულუკიანმა თქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, თუმცა არალეგიტიმურ პარლამენტსაც შეუძლია ქვეყანას დიდი ზიანი მოაყენოს. აქ უნდა ვიყოთ ბევრი, რადგანაც ვაპროტესტებთ წულუკიანის მიერ საქართველოსთვის ომის დაბრალებას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციაზე „ქართული ოცნების“ წევრების მისამართით, ასევე, ისმის შეძახილები: „სოზარ სუბარი მონა“, „პაპუაშვილი მონა“, „მარიამ ლაშხი მონა“, „ალუდა მონა“.
ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, „2008 წლის აგვისტოში, ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ცხინვალზე შეტევა განახორციელეს“.
პატიმრობაში მყოფი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 13 სექტემბრისა და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციებში მონაწილეობა გადამწყვეტი და გარდამტეხია. ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ 2 სექტემბრის დაკავებებით, ოპოზიციური სპექტრი ცდილობს ქვეყანაში საპროტესტო მუხტის აწევასა და ხელისუფლბის „მშვიდობიან დამხობას“. შესაბამისად, იგივე სცენარს ანვითარებს ექსპერთა ერთი ნაწილი 13 სექტემბერსა და 4 ოქტომბერს.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე არ გამორიცხავს „ქართული ოცნების“ დამხობის მოსალოდნელ სცენარს. ამასთან, აღნიშნავს, რომ აუცილებელია ოპოზიციური სპექტრის გადახალისება და ძველი პოლიტიკოსების ახლით ჩანაცვლება იმისთვის, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალს ღირსეული კონკურენცია გაუწიონ.
„ოპოზიცია უკვე შევიდა იმ მდგომარეობაში, როცა სრულად გამარგინალდა - არჩევნებს ვერ იგებენ, რადგან მოსახლეობისთვის ეს პოლიტიკური სუბიექტები მიუღებელია და იმის ნაცვლად, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, რეალურ განახლებასა და გაჯანსაღებაზე, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და იმ სუბიექტების პოლიტიკიდან იზოლირებაზე ეფიქრათ, რომელთა გამოც ოპოზიცია მიუღებელია მოსახლეობის უმეტესობისთვის, მივიდნენ იმ მდგომარეობამდე, რომ თუ არჩევნებს ვერ უგებენ „ქართულ ოცნებას“, პატრონებთან ერთად, გადაწყვიტეს, ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში.
ჩარჩენილნი არიან 2003 წელში - მთავარი გავლენა, რის გამოც შევარდნაძე გადადგა, მთავარი მოთამაშეების - ამერიკისა და რუსეთის პოზიციები იყო. მათმა პატრონებმა უნდა უთხრან ამ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომ წავიდნენ სახლებში და გზა დაუთმონ სხვებს - ახალი სუბიექტები უნდა შემოვიდნენ, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ ხელისუფლებას.
ყოფილი მოძალადეები ისევ ძალადობრივი გზით ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას. ახალგაზრდებს შეგნებულად უბიძგებენ, რომ პოლიციასთან დაპირისპირებაში შევიდნენ და დააკავონ. როდესაც ხალხი გარეთ ვერ გამოჰყავთ, მუხტის ასაწევად სჭირდებათ დაკავებები და აჭერინებენ თავს“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ, For.ge-სთან ინტერვიუში.