გიორგი გახარიამ გერმანიაში ბინადრობის ნებართვა მიიღო და ახლა, „კომერცბანკში“ ანგარიშის გახსნას ელოდება. ეს კი ნიშნავს, რომ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი ქვეყნიდან გაიქცა და უკან დაბრუნებას აღარ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ გახარიას გერმანიის სახელმწიფომ ბინადრობის უფლება მისცა, პარტიის წევრების მტკიცებით, მათი ლიდერი გერმანიაში მხოლოდ სამუშაო ვიზიტით იმყოფება, თუმცა არ იციან, როდის დაბრუნდება საქართველოში, ან დაბრუნდება თუ არა. for.ge-ს ინფორმაციით, გახარია არ დაბრუნდება, მისი შემდეგი ნაბიჯი კი ოჯახის წევრების, მეუღლისა და შვილის ქვეყნიდან გაყვანა იქნება.
აღსანიშნავია, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ქვეყანა მოულოდნელად, 23 ივნისს, მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისგან უწყისი მიიღო. აღნიშნული უწყისი გიორგი გახარიას მამამ ჩაიბარა. ამის შემდეგ, გახარიამ ოპერატიულად შეიძინა გერმანიაში გასამგზავრებელი ავიაბილეთი, მაგრამ მხოლოდ ერთი მიმართულებით, რაც მაშინვე ცნობილი იყო, რომ გაქცევას ნიშნავდა. ყოფილმა პრემიერმა იცოდა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 15-წლიანი მუხლით უპირებდნენ შესახლებას. მიზეზი ჩორჩანას ეპიზოდია. საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, გახარიამ იგრძნო საკუთარი პასუხისმგებლობა და მოულოდნელად, ქვეყანა იმ მიზეზით დატოვა, რომ დაგეგმილი ჰქონდა საერთაშორისო შეხვედრები, საქართველოში კი რამდენიმე დღეში დაბრუნდებოდა.
ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ასევე ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან გაქცეული გიორგი გახარია პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა, გერმანიში ბინადრობის უფლება მიიღო.
ჩორჩანას ეპიზოდთან ერთად, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა 20-21 ივნისის საქმეზე გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და, ზოგადად, ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე. ამ საქმეში პირდაპირ ფიგურირებს გიორგი გახარია. სახელმწიფო კი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია.
პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ ამ დრომდე არ აკონკრეტებენ, მიიღო თუ არა გიორგი გახარიამ გერმანიაში ბინადრობის უფლება, თუმცა ამბობენ, რომ ასეც რომ იყოს, ამაში გასაკვირი არაფერია. როგორც ანა ბუჩუკური აცხადებს, ევროკავშირის ქვეყნებში ხანგრძლივი საქმიანობისთვის რა პროცედურებიც საჭიროა, რა თქმა უნდა, გახარია ამ პროცედურებს გაივლის. შესაბამისად, ვერ ხვდება ამაში კითხვის ნიშანი რა არის, ან რა არის გასაკვირი.
პარტიის წევრი თამარ კეკენაძე ამბობს, რომ ერთადერთი, რაც შეუძლია, დაადასტუროს, არის ის, რომ გიორგი გახარია, ამ ეტაპზე, სამუშაო ვიზიტით იმყოფება ევროკავშირში. ამასთან, კეკენაძის თქმით, ასევე უახლოეს მომავალში გაირკვევა, სად გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას და ჩამოვა თუ არა გახარია საქართველოში.
„როდის ჩამოვა საქართველოში, როგორ და სად გააგრძელებს იმ პოლიტიკურ საქმიანობას, რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენას, იქნება ეს აქტიური ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში ფიზიკურად, თუ ევროკავშირის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების გაგრძელება, ამას უახლოეს დღეებში, მოქალაქეები თავად გიორგი გახარიასგან გაიგებენ“, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას ქვეყანაში დაბრუნებ არ სურს.
„ეს ადამიანი, ზოგადად, გაურკვეველი პოლიტიკური ტრაექტორიით იყო ყოველთვის. ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა, უნდოდა ოპოზიციონრობა, თუ არ უნდოდა. რაც შეეხება მის უცხოეთში ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ“, - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
„ქართული ოცნებისთვის“ ეს ფაქტი იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი ქვეყნიდან გაიქცა და უკან დაბრუნებას აღარ აპირებს. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ გახარია ხანგრძლივი ემიგრაციისთვის ემზადება.
„თუ რამის გაფუჭება შეეძლო საქართველოში, გააფუჭა. იქიდანაც არ აკლებს ხელს საქართველოში საქმის გაფუჭებას. დადის ევროპელ პარტნიორებთან და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს საქართველო და პირადი პასუხისმგებლობა რომ აირიდოს, ბინადრობაც აუღია. ეს არის მისი „პოლიტიკური სიმამაცის“ მანიშნებელი. ის პირადად ყოველთვის გაურბოდა პასუხისმგებლობას. ჯერ ამბობდა, რომ იმ ცნობილ ღამეს, როდესაც მოხდა ადამიანებისთვის თვალების დათხრა, ყველა ბრძანება თვითონ გასცა. მერე, როდესაც მას პირადად მიაკითხა მართლმსაჯულებამ, შეცვალა ჩვენება და რატომღაც თქვა, რომ საქმის კურსში არ იყო, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებას აპირებდნენ და სხვებს გადააბრალა ეს თავისი ნამოქმედარი“, - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე თვლის, რომ გახარია იყო აგენტი. აგენტი იმ „დიფ სთეითის“ ძალებისა, რომლებმაც შეძლეს მისი ხელისუფლებაში შეძვრენა და ხელისუფლების უმაღლეს პირად გაყვანა. მისი თქმით, 2019 წლის 20 ივნისს, ქართული სახელმწიფო ბეწვზე გადარჩა, როდესაც იმ ძალების მიერ განსაზღვრული იყო საქართველოს ხელისუფლების დამხობა.
„დამხობა, როგორ, როდესაც იმ ავადსახსენებელ გავრილოვის ღამეზე ლაპარაკობდნენ. ამ ავადსახსენებელ გავრილოვის ღამეს, ევროკავშირის ელჩი გახარიას გვერდით იყო, რომელიც მაშინ შს მინისტრი გახლდათ, მაგრამ ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ სამართალდამცავებს ეყოთ იმის ნება, რომ არ დაეშვათ ის უბედურება, რომელიც მოსალოდნელი იყო და რომელიც მზადდებოდა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ამის შემდეგ, გახარია დაწინაურებული იქნა პრემიერ-მინისტრად და მიაქციეთ ყურადღება - როდესაც აშშ-ში, ტრამპის ხელისუფლება შეიცვალა და მოვიდა ბაიდენი, მაშინ ჩამოვიდა ჯერ კიდევ მოქმედი სახელმწიფო მდივანი, ერთი-ერთზე შეხვდა გახარიას და ამის შემდეგ იცვლება ყველაფერი. ამის შემდეგ ვერ დაფარა საკუთარი სახე და ნახეთ, რა გააკეთა, მელიას გამო გადადგა. ეს ხომ სასაცილო იყო მაშინ, მელიას გამო გადადგომა ეს იყო მხოლოდ შირმა და საბაბი. საქმე სულ სხვა რამეში მდგომარეობდა, რაც დაამტკიცა კიდეც. გახარია არის უცხოელების ნომრიანი აგენტი საქართველოში“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.
ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ თავისი გაქცევით, გახარიამ დაადასტურა სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება, როდესაც პირადი გადაწყვეტილებით, მტერს გადასცა ქართული მიწის საკმაოდ სერიოზული ნაწილი.
„ქართული მიწები გადასცა მტერს, სადაც არ უნდა ყოფილიყო საგუშაგო განლაგებული, იქ განალაგა. დაიწყო გამოძიება და იგრძნო საფრთხე, დაკრა ფეხი და გაიქცა. გაიქცა იმიტომ, რომ იცოდა, მოელოდა ვირის აბანო. ამიტომ, ის ცალსახად არის დამნაშვე, რომელიც დღეს თუ არა, ხვალ მაინც აგებს პასუხს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ 20 ივნისის ამბები გახარიასთან შეთანხმებული იყო იმ ე.წ. ოპოზიციის მიერ, რომლებმაც შეტევა განახორციელეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, ედიშერ გვენეტაძე.