ამ დროისათვის, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დაყადაღებულია. საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე.
დაყადაღებულია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „დემოკრატიის მცველები“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საფარი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციებზე, მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რამაც დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების მოწოდებებმა, მასობრივ დაუმორჩილებლობასა და საყოველთაო წინააღმდეგობაზე, საპროტესტო აქციები ეტაპობრივად გადაზარდა საპოლიციო ძალებთან, დაპირისპირებაში, რასაც მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა.
შედეგად, ძალადობრივმა ჯგუფებმა სამართალდამცავი უწყების ათეულობით თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს, ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის, ადვილად აალებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებების, მათ შორის, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებას. მოძალადე ჯგუფებმა ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტის შენობას, რითაც მნიშვნელოვნად დაზიანდა საკანონმდებლო ორგანო. ასევე, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის კუთვნილ სპეციალურ ტექნიკას, გაანადგურეს რუსთაველის გამზირზე სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებული ქონება.
სამართალდამცავების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ძალადობრივი აქციის ცალკეული მონაწილეები პოლიციასთან დაპირისპირებისას აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური აირწინაღებით, ჩაფხუტებით, სახის დასაფარი ნიღბებით, პირბადეებით, დამცავი სათვალეებით, ხელკეტებით და სხვა საშუალებებით. ასევე, აქციის მონაწილეთა მხრიდან არაერთგზის დაფიქსირდა პოლიციელების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის და სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენება.
გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა, კოორდინირებულად ხდებოდა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით, რომელთა ხელმძღვანელები ღიად მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და წინააღმდეგობისკენ. ამავდროულად, მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად.
ხდებოდა სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა, დაცვის ხარჯების უზრუნველყოფა და სხვა სახის პირადი, თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა. ხსნებული ქმედებების მიზანი ერთი მხრივ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართული პირების წახალისება და მეორე მხრივ, ამ ქმედებაში ჩართული პირების მფარველობა იყო. საბოლოოდ, კოორდინირებულ მოქმედებას უნდა გამოეწვია სამართალდამცავი უწყებების დასუსტება და მათი ნორმალური ფუნქციონირების მოშლა.
ვინაიდან მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 27 აგვისტოს ყადაღა დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.
არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, მათ წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა. მათივე შეფასებით, „რეჟიმი“ ახალ საფეხურზე გადადის და ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური დევნა, ეს უკვე სრულმასშტაბური რეპრესიაა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ნატროშვილი აღიარებს, რომ ევროკავშირის ფულს იყენებდა, რათა აქციის მონაწილეები სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აღეჭურვა. ამის შესახებ ნატროშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საკუთარი თანამშრომლებისთვის ოცდაათამდე აირწინაღი და სათვალე ვიყიდეთ, ვინაიდან თანამშრომლების ნაწილი აქციებში რიგით დემონსტრანტად მონაწილეობდა“, - აცხადებს ლევან ნატროშვილი.
მაშ ასე, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თავადვე აღიარებს, რომ აირწინაღები, რომელიც, როგორც წესი, დემონსტრანტებს პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს სჭირდებათ, ევროკავშირის ფულით შეიძინა. ნატროშვილის აღიარების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის საელჩო ღრმად შეშფოთებულია, რომ გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, სავარაუდო საბოტაჟის შესახებ გამოძიების ფარგლებში, საბანკო ანგარიშები გაეყინა შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას.
„გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ეს შესაძლოა იყოს მათი მხრიდან არა რამე უკანონონო ქმედებაზე რეაგირება, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომლის მიზანია აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და დაიწყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.
დიპლომატიურ უწყებას პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომლის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებამ საზოგადოებაში გააჩინა ლეგიტიმური ეჭვი, რომ შესაძლოა, საელჩოს მიზანი არა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებაში ხელშეწყობა, არამედ არჩევნების საბოტაჟის მიზნის მქონე პირების ფინანსური გაძლიერება ყოფილიყო. პაპუაშვილის თქმით, მან საელჩოს მოუწოდა ეჭვების გასაფანტად საზოგადოებისთვის აეხსნა, თუმცა საელჩომ საზოგადოების კითხვები და წუხილები უპასუხოდ დატოვა.
„საზოგადოებას შევახსენებ, რომ, სულ რამდენიმე კვირის წინ, დიდი ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციებისთვის ფულის მიცემას, კერძოდ, თამარ ჩერგოლეიშვილის პარტიული კედლის გაზეთისთვის „ტაბულა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მეხუთე ნომრის, გია ჯაფარიძის რადიკალური ორგანიზაცია „მომავლის აკადემიისთვის“. ორივე შემთხვევაში, დაფინანსების მცდელობის საბაბი იყო, მათ მიერ, თითქოს, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტური მასალის მომზადება და არჩევნებზე დაკვირვებაა. ეს მაშინ, როცა ორივე სუბიექტის გაცხადებული მიზანი არჩევნების ჩაშლაა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გამოკვეთილია საბოტაჟის ნიშნები, იქიდან გამომდინარე, რომ მდიდარი „ენჯეოები“, ერთი მხრივ, აწვდიდნენ ე.წ. შეიარაღებას აქციის მონაწილეებს, მეორე მხრივ, ისინი განუწყვეტლივ მოუწოდებდნენ მათ ხელისუფლების დამხობისკენ, ასევე ჯარიმებს უხდიდნენ და პირდაპირ უანონსებდნენ, რომ კანონის დარღვევის ნუ შეეშინდებოდათ. ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ამ თანხის რადიკალური ქმედებების დასაფინანსებლად გამოყენება, რასაკვირველია, პოლიტიკურ კონტექსტში განსახილველი თემა არ არის.
„პროკურატურა იხილავს საკითხს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან და საოცრებაა, რომ ამ თემებში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია. უფრო მეტი საოცრება ის არის, რომ ისინი იმ პოზიციით კი არ გამოდიან, რომ დაასახელონ თავისი პროგრამები, ხარჯები, გამჭვირვალეები იყვნენ ამ მიმართულებით, არამედ პირდაპირ გამოდიან პოლიტიკური ბრალდებებით ისევე, როგორც გამოდიოდნენ ნებისმიერი მიტინგის დროს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
არასამთავრობო ორგანიზაციებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს რადიკალური ოპოზიცია. „ლელოს“ წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმს არ მისცემენ იმის შესაძლებლობას, რომ პასუხი არ აგოს იმ თვითნებობაზე, რასაც სჩადიან.
პოლიტიკის დოქტორი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკული ელემენტი სრულად არ გამქრალა გადატრიალების მოსურნეთა ბანაკში, მაგრამ მნიშვნელოვანწილად განეიტრალდა. მისი თქმით, ტრამპი არ ფიქრობს გადატრიალებების მოწყობაზე სხვადასხვა ქვეყნებში. ამერიკული მოაზროვნე ელიტა დარწმუნდა იმაში, რომ გადატრიალება, საბოლოო ჯამში, კონტრპროდუქტიულია.
„ევროპელები უფრო აწყობენ იმიტომ, რომ ევროპის ამ მართველებისთვის, გლობალისტებისთვის ეგზისტენციალურია, რაც ხდება უკრაინაში. ეს იმიტომ, რომ თუ წააგეს უკრაინის ომი, გლობალისტები შეიძლება ციხეში აღმოჩნდნენ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველოს მიმართ იქნება პოზიტიური დღის წესრიგი, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია ცვლის მიდგომას. ნეგატიური დღის წესრიგი, შანტაჟისა და ბულინგის ენა აღარ მუშაობს. ჭკვიანმა ხალხმა უკვე თქვა, რომ საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან არ გამოგვივა ჩვენ ეს მენტორული ტონით და შანტაჟის ენით ლაპარაკი, პოზიტიური დღის წესრიგით უნდა შევიდეთო. პირველ რიგში ეს არის ეკონომიკა და ბიზნესი. ამას ამბობენ ამერიკელი მკვლევარები“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, ირაკლი გოგავას განცხადებით, საქართველოს პროკურატურას ასეთი მწვავე განცხადება, თანაც ამ ფორმულირებით, არასდროს არ გაუკეთებია.
„ეს არის ნულოვანი ტოლერანტობა აგენტურასთან. ეს რა პროცესია, იცით? - ბრძოლა სუვერენიტეტისათვის. ჩვენ რისთვის ვიბრძვით? - საზოგადოება ხელისუფლებას მხარს უჭერს ამ კონკრეტულ ნაწილში, რომ უცხოეთიდან მართული აგენტურა თავზე გვაჯდა 30 წელია და აღარ გვინდა.
იმიტომ, რომ ეს არის სწორედ უცხოეთის კოლონიალური ადმინისტრაცია, რითაც გვმართავენ. იცით, ეს პროცესი რას გამოიწვევს? - უცხოელი უწყვეტი სახელმწიფოები, მათ შორის, სპარსეთის ყურის, ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, უყურებენ, რომ გლობალისტებისგან საქართველომ დაიცვა თავი. ე.ი. მაგარი ხელისუფლებაა, სისტემა მუშაობს, უსაფრთხო ადგილია. უნდა ვიცოდეთ, რომ არაფერი არ გამოუვათ, გამორიცხულია. რამოდენიმე პანღურს მიიღებენ და წავლენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, ირაკლი გოგავა.
ანალიტიკოს დავით ჩიხელიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ პროკურატურის წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ რეალობას, რომ საქართველოში მოქმედი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად სცილდებიან საკუთარი საქმიანობის კანონიერ ჩარჩოებს და საზოგადოების ინტერესების დაცვის ნაცვლად, პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურებიან.