„ამ არქიმანდრიტის საქციელი, ერთდროულად, ანტისახელმწიფოებრივიც არის და ანტიქრისტიანულიც!“

„ამ არქიმანდრიტის საქციელი, ერთდროულად, ანტისახელმწიფოებრივიც არის და ანტიქრისტიანულიც!“

„ეს ახალგაზრდობა რომც გააჩუმოთ, ქვები დაიწყებენ ყვირილს თქვენს უსამართლობაზე; მე ისეთი საქართველო არ მინდა, როგორსაც „ოცნება“ ქმნის; რასაც ესენი კადრულობენ, კომუნისტებიც არ კადრულობდნენ; გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი, წაშალეთ საქართველოს ისტორიიდან ეს სამარცხვინო ფურცელი, გონს მოდით, რომ არ დაგატყდეთ სამართლიანი ღმერთის რისხვა თქვენ და მთელ თქვენს შთამომავლობას, ღმერთი უფრო მკაცრია, ვიდრე თქვენ გგონიათ“, - ეს არის მცირე ამონარიდი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგებებიდან. მიუხედავად არასრული ტექსტისა, აშკარად იგრძნობა ირონიული ტონიც, რომ ევროკავშირი არ მოგვთხოვს კაცის კაცზე დაქორწინებას... არქიმანდრიტმა რევოლუციონერებს უმასპინძლა და ლოცვა-კურთხევაც გაატანა. რატომ ერევა არქიმანდრიტი საერო საქმეებში და რას ამბობს ამ დროს კონკორდანტი? ამ საკითხებთან დაკავშირებით, for.ge ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო დავით, განგვიმარტეთ, რას ნიშნავს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდანტი და არქიმანდრიტის ეს პოზიცია რამდენად არის თანხვედრაში მასთან?

დავით ზარდიაშვილი: - კონკორდატი, ე.ი. კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის, წარმოადგენს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მტკიცე სამართლებრივი და სულიერი კავშირის მკაფიო და ურყევ იურიდიულ გამოხატულებას, რომელსაც კონსტიტუციური, ანუ დამდგენი („კონსტიტუციო“ ლათინური სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - „ვადგენ“) მნიშვნელობა გააჩნია ამ ორი უმთავრესი ეროვნული ინსტიტუტის ურთიერთობებში. ეს კონსტიტუციური შეთანხმება აგრძელებს საუკეთესო ქართულ ტრადიციას, რომლისთვისაც უცხო იყო როგორც „პაპ-ცეზარიზმი“, ე.ი. თეოკრატიული მართვა სახელმწიფოსი,  ასევე „ცეზარო-პაპიზმიც“ - ე.ი. სახელმწიფოს მიერ ეკლესიის მართვა.

ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ მათ შორის მტკიცე სამართლებრივი და სულიერი კავშირი უნდა დაირღვეს, არა, რასაკვირველია, პირიქით! სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საქართველოში ჩვენი ეკლესიის განსაკუთრებული სტატუსის ყოველმხრივ დაცვისა და განმტკიცებისთვის. მეორე მხრივ, ეკლესიამ საკუთარი უდიდესი სულიერი მადლით და თვით უფლის შეწევნით, რწმენაში უნდა გააერთიანოს ქართველები და მათ სჯულს - სიმართლეს, სამართლიანობასა და სამართალს, მაშასადამე, ჩვენს სახელმწიფოებრიობას - სუვერენიტეტსა და „მამულისა წესისამებრ სვლას“ უმტკიცესი საფუძველი შეუქმნას. ბუნებრივია, ეკლესია ამიტომაც პოლიტიკურად ნეიტრალურია, თუმცა იმავდროულად, ბუნებრივად არა მხოლოდ ლოიალური, არამედ თავისი სულიერი ღვაწლით უპირველესი მეოხი, შემწე და დასაყრდენი ქვეყნის მთავრობისა, თუ მხედრობისა.

სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვისას, მართალთა ლიტურგია იწყება დიდი კვერექსის კითხვით, რომლის დროსაც სულიერი მამები და მრევლი ევედრებიან ღმერთს საქართველოს, მისი მთავრობისა და მხედრობისთვის ამ სიტყვებით: „ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.“

ამდენად, ჩემთვის, ერთი რიგითი მოქალაქისათვის, სრულიად უჩვეულო და სავსებით მიუღებელია, როცა სასულიერო პირი, რა ხარისხშიაც არ უნდა იყოს იგი,  ამბიონიდან ეწევა დეზინფორმაციულ ანტისამთავრობო პროპაგანდას, ქადაგებს  მთავრობის შეუწყნარებლობას და აგულიანებს ამბოხებულებს, რითაც მრევლში აღვივებს საშინელ შფოთსა და ბოროტ ღვარძლს. ამით, იგი, რაღა თქმა უნდა, ძირს უთხრის კონკორდატს და გაცილებით უარესსაც - ღვთის გმობას ეწევა და მწვალებლობს, რადგან პირდაპირ ეწინააღმდეგება კვერექსის დროს ტაძარში წარმოთქმულ ლოცვა-ვედრებას, რომ ღმერთი  ეწეოდეს და მფარველობდეს ჩვენს სახელმწიფოს, მის მთავრობასა და მხედრობას. 

- გასაგებია და ვიცით, რომ ეკლესიამ ხელი არავის არ უნდა ჰკრას, მაგრამ ზნეობრივი კრიტერიუმებიც ხომ არსებობს? სინოდის 1997 წლის გადაწყვეტილებით, ეკლესიის მსახურისთვის შეუფერებელია პოლიტიკაში აქტიური ჩართვა, რადგან ეს აზიანებს ეკლესიის ავტორიტეტს და მის საეკლესიო მსახურებას...

- უდავოდ! ეკლესია ვერ ჩაერთვება შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში, ვერ იქნება მიკერძოებული, ვერ დაიჭერს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარეს, მაგრამ ასევე, ეკლესია მუდამ სჯულის - სიმართლის, სამართლიანობისა და სამართლის მხარესაა, ხოლო მთავრობის მიმართ მისი ერთგულება და ლოიალობა, ბუნებრივი აუცილებლობაა. ეს განპირობებულია თავად ეკლესიის შინაგანი ქრისტიანული ბუნებით. მთავრობის მიმართ მსგავსი შეურიგებლობა, რასაც ქადაგებს ეს არქიმანდრიტი, ქრისტიანულ შეხედულებებთან და რწმენასთან სრულიად შეუთავსებელია, ყოველივე იმის საპირისპირო, რისკენაც მოწოდებულია ეკლესია და ღვთისმსახურება.

- სასულიერო პირი მხოლოდ სულიერ მისიას უნდა ემსახუროს და არა პოლიტიკური პარტიების ინტერესებს, რასაც აკეთებს არქიმანდრიტი, ის და ამავე ეკლესიის მსახურები - მამა შიო და მამა ილია შეხვდნენ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს - ლევან ხაბეიშვილსა და პაატა ბურჭულაძეს, რომლებიც 4 ოქტომბერს, „მშვიდობიან გადატრიალებას“ აანონსებენ. ბატონო დავით, როდესაც რადიკალები სწორი სახელმწიფოებრივი პოზიციისთვის მადლობას უხდიან სასულერო პირებს, ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერენ გადატრიალებას?

- დიახ, ფაქტობრივად მათ ამ სასულიერო პირებისგან მიიღეს ერთგვარი „ლოცვა-კურთხევა“ ამბოხებისთვის, რაც გამაოგნებელი მწვალებლობა და მკრეხელობაა ამ სასულიერო პირების მხრივ. ბუნებრივია, ეს მძიმედ აზიანებს თავად ეკლესიის ავტორიტეტს და მრევლს აფერხებს რწმენაში. ვფიქრობ, თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს საპატრიარქოსა და წმინდა სინოდს გარკვეული მკაცრი ზომების მიღება მოუწევს, რამეთუ შფოთისა და ამბოხის წახალისება სასულიერო პირების მხრიდან, ყოვლად შეუწყნარებელია!

- როდესაც არქიმანდრიტი დოროთე ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, საზოგადოება სვამს კითხვას - სად არის ამ დროს საპატრიარქო? სასულიერო პირს, როგორც მოქალაქეს, ვერავინ აუკრძალავს პოლიტიკურ გემოვნებას, მაგრამ განსხვავებით ჩვეულებრივი მოქალაქისგან, მათ აქვთ საეკლესიო წესებით გათვალისწინებული ვალდებულება, საჯაროდ არ გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური პოზიცია, არამედ ის დააფიქსირონ საარჩევნო ყუთთან. როდესაც ამ წესს არღვევს სასულიერო პირი, უნდა მიიღოს თუ არა ზომები საპატრიარქომ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ არქიმანდრიტი მხარს უჭერს და ქადაგებს სახელმწიფო გადატრიალებას. არ მჯერა, რომ ვერ ხვდება, რა შედეგი მოჰყვება ამას, ან არ იცის რა არის რადიკალების გეგმა...

- დიახ, სრულიად გეთანხმებით. ამ არქიმანდრიტის საქციელი არის ერთდროულად ანტისახელმწიფოებრივიც და ანტიქრისტიანულიც. იგი, იმის მაგივრად, რომ მოუწოდებდეს კეთილგონიერების, კანონმორჩილებისა და პოლიტიკური პროცესების ნორმალურ კალაპოტში წარმართვისკენ, ეწევა ანტისამთავრობო პროპაგანდას, ცრუობს და ავრცელებს დეზინფორმაციას, ხელს უწყობს უდიდეს დანაშაულს - ამბოხს. ფაქტობრივად, გვევლინება ავაზაკების თანამზრახველად, ხელშემწყობად და მფარველად, რომელთაც სურთ, უკანონო გზებით მიიტაცონ ძალაუფლება. ცხადია, ჩემი, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქის პოზიცია, აქ ერთმნიშვნელოვანია - ვიმედოვნებ და მოველი, რომ საპატრიარქოს მხიდან ასეთ ქცევას სათანადო პასუხი გაეცემა!

- ფაქტობრივად, გამოცხადებული დამხობის ქრონიკას ვუყურებთ. პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე ხელმძღვანელობს ორგანიზაცია „ფარი“-ს ორგანიზებულ ტრენინგს, რომელშიც ჩართულია ოპოზიციურად განწყობილი ოციოდე სამხედრო პირი. კარგა ხანია, ისინი უკვე აკეთებენ საჯარო განცხადებებს ხელისუფლების დასამხობად. საინტერესოა, თუ ვინ დააფინანსა ეს ტრენინგი? ამავდროულად, რადიკალები ემზადებიან სახელმწიფო გადატრიალებისთვის, ამ შემთხვევაში, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მოქმედება? გავითვალისწინოთ ისიც, რომ რადიკალებს აქვთ გარე მხარდაჭერა...

- დიახ, ერთი შეხედვით, ეს პროცესი თითქოს მართლაც წააგავს გამოცხადებული დამხობის, ე.ი. სახელმწიფოს „გამოცხადებული მკვლელობის“ ქრონიკას, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში, ეს ოდენ იმიტაცია, მცდელობაა, რათა არეულობის ყალბი სურათი შექმნან და ეგებ, ამით მიაღწიონ ქვეყანაში დესტაბილიზაციას, რაც რეალურად, მათი უცხოელი პატრონებისა და დამკვეთების მიზანია. რესურსების სიმწირის გამო, ამ ძალებს არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, რომ მართლაც ამბოხება მოაწყონ, ან მეტ-ნაკლებად სერიოზული პრობლემები შეუქმნან ხელისუფლებას, ხოლო „ხელისუფლების დამხობაზე“ ასეთი უტიფარი რიხით საუბარი, უბრალოდ, მათი სასოწარკვეთილი მდგომარეობის დემონსტრირებაა.

ამ გზით სურთ, რომ რაც შეიძლება მეტი ხმაური გამოიწვიონ, რათა შექმნან ილუზია, თითქოს, მათგან მოსალოდნელი საფრთხე მართლაც რეალურია. ცხადია, ამით ორი კურდღლის დაჭერა უნდათ: უწინარესად ის, რომ უცხოელმა პატრონებმა ხელი არ აიღონ მათ მხარდაჭერაზე, ცხადია, პირველ რიგში, ფინანსური სახსრების უხვად გამოყოფას ვგულისხმობ და მერე ყველაფერ დანარჩენს - ანტიქართულ განცხადებებს, რეზოლუციებს თუ პოლიტიკურ დემარშებს. მეორე მიზანიც იოლად იკითხება - სახელმწიფოსა და საზოგადოების დაშანტაჯება და როგორც თავად მოდურად უწოდებენ, „დაბულინგება“.

ამდენად, საფრთხე თავად ამბოხება კი არ არის, რომელიც ვერ შედგება, არამედ მუდმივი „ხმაური და მრისხანება“, რაც ამ ამოხების თემაზე არის ცუდუბრალოდ ატეხილი. ამ ხმაურმა და კაკაფონიამ, რაც, საუბედუროდ, უკვე ეკლესიის თითო-ოროლა ვაი-მსახურისგან ამბიონებიდანაც კი ისმის, შექმნა უაღესად არასასურველი, აფექტური და მრისხანე ვნებების გაღვისვებისკენ მიდრეკილი ფონი, რაც სერიზულად ხელს უშლის და ემუქრება ქვეყნის „ჩვეულებისამებრ სვლას“. შფოთისა და ღვარძლის თესვა - ეს გადაიქცა მათი, ანუ „პროფესიონალი რევოლუციონერების“ ნამდვილ პროფესიად და მოწოდებად. შემზარავია, რომ ამაში ე.წ. სასულიერო პირებიც, რომლებიც ამით, პირველ რიგში, თავიანთივე სასულიერო წოდებას შეურაცხყოფენ, მონაწილეობენ.

სამწუხაროდ, ამ საშიში ხმაურის დახშობა და მზარდი მრისხანების შეკავება ლიბერალური დემოკრატიის, რაც კვლავაც არის ჩვენი პოლიტიკური წყობის ლეგალური ფორმა, პირობებში თითქმის შეუძლებელია. გამოსავალი ერთადერთია - არა ლიბერალური, არამედ კონსტიტუციური დემოკრატია! ე.ი. არა მხოლოდ უფლებები, არამედ, პირველ რიგში, ვალდებულებები! პრიორიტეტი უნდა გახდეს არა უფლებების, არამედ წესრიგის დაცვა, მაგრამ, ბუნებრივია, არა ვინმეს უფლებების დარღვევის ხარჯზე!

მათ, რომლებსაც არ სურთ წესრიგი, ანუ სჯულის - ე.ი. სიმართლის, სამართლიანობისა და სამართლის წინაშე თავისი ძირეული მოვლეობების შესრულება, სჯულითვე, აუცილებლად მკაცრი პასუხი მოეკითხება! ასეთი კონსტიტუციური წესრიგის კიდევ უფრო განმტკიცება და უფრო შეუდრეკლად დაცვა აუცილებელია ყველა სფეროში, მათ შორის, თუნდაც ეკლესიაშიც, სადაც სწორედ კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესას შორის, რაზეც თავშივე ვისაუბრეთ, წესრიგის მყარი საფუძველია!