აშშ-ირანის დაპირისპირება ახალი ფაზაში გადადის - თუ აქამდე ვაშინგტონის განცხადებები ირანზე მხოლოდ ზეწოლის ხასიათს ატარებდა, ახლა ამერიკა ღიად გადადის რეჟიმის შეცვლის სტრატეგიაზე. ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ იმას, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერა ისრაელისთვის, ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდაციის თემის აქტუალიზება, რეგიონში დესტაბილიზაციის ხელშეწყობის მზარდ ნიშნებზე მიუთითებს. ფაქტია მიზანი უკვე მხოლოდ ირანის ბირთვული პროგრამის შეკავება კი არა, არამედ ქვეყნის ხელისუფლების სრულად შეცვლაა.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-თან მიიჩნევს, რომ თუ ირანის მმართველი რეჟიმი არ წავა საკუთარი ნებით, შიდა არეულობა გარდაუვალი გახდება და ამ პროცესში ამერიკა თავის როლს არ დამალავს. მისივე შეფასებით, რუსეთის დუმილი და ჩინეთის ჩამოშორებული პოზიცია მიუთითებს, რომ ირანი საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე რჩება და შესაძლოა, ვაშინგტონს იმაზე უფრო მარტივად დაემორჩილოს, ვიდრე ამას თეორიულად ელოდნენ.
ბენდიანიშვილი ასევე მიანიშნებს, რომ ტრამპის მხრიდან რუსეთის მიმართ სანქციების შეჩერება და მისდამი რბილი ტონი ირანის წინააღმდეგ შესაძლო გარიგების ნაწილია.
ABC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის „სიტუაციების ოთახში“ ტრამპსა და მის მრჩევლებს შორის შეხვედრის პარალელურად, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა მიანიშნეს, რომ მომდევნო 24-48 საათი გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება იმის განსასაზღვრად, შესაძლებელია თუ არა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება თუ აშშ-ს მხრიდან ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ჩართვა გახდება საჭირო.
ABC News-ის ცნობით, ირანის წინააღმდეგ აგრესიული ტონის მიუხედავად, ამერიკელი მომლაპარაკებლების შეფასებით, ირანი სუსტ პოზიციაში იმყოფება, რამაც შესაძლოა, აიძულოს ის, რომ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს და საბოლოოდ, დათანხმდეს პირობებზე, რომლის ფარგლებშიც ირანს სრულად მოუწევს, უარი თქვას ყოველგვარ ურანის გამდიდრებაზე.
ბოლო პერიოდში ტრამპმა შესამჩნევად მწვავე რიტორიკა მიმართა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ აშშ-მ და ისრაელმა იციან, თუ სად იმალება ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და ამიტომ ის უნდა დანებდეს.
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი კი დონალდ ტრამპის განცხადებას პასუხობს: „ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანელი ერი არ ნებდება და მათი მხრიდან ნებისმიერი სამხედრო ჩარევა უდავოდ გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს“.
ტრამპმა ამის შემდეგ ირან-ისრაელის კონფლიქტში შეერთებული შტატების შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას შემდეგნაირად უპასუხა: „არ ვიცი, შეიძლება, ეს გავაკეთო, შეიძლება – არა. არავინ იცის, რისი გაკეთება მინდა. მაგრამ ერთს ვიტყვი, ირანს ბევრი პრობლემა შეექმნა და მოლაპარაკება უნდა“.
ამასთან, ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს ჰკითხეს, თუ რა უთხრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრის დროს.
„გააგრძელე“, - იყო ტრამპის პასუხი ჟურნალისტებისადმი.
ტრამპის თქმით, ნეთანიაჰუ კარგი კაცია, რომელიც კარგ საქმეს აკეთებს და საკუთარ ქვეყანაში მას არასამართლიანად ექცევიან.
ამის შემდეგ ტრამპს ხამენეის მიერ დანებებაზე უარის თქმის შესახებ ჰკითხეს, რაზეც აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: „მე გეუბნები, წარმატებები“ და დასძინა, რომ მოლაპარაკებების და მათ შორის, თეთრ სახლში შესაძლო შეხვედრის შესახებ ირანელი მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ, თუმცა მისი თქმით, „ლაპარაკისთვის უკვე ზედმეტად გვიანია... უპირობო დანებება – ეს ნიშნავს, რომ ყელში ამომივიდა“.
რაც შეეხება რუსეთის პოზიციას ამერიკის ომში სამხედრო ჩართვასთან დაკავშირებით, მედიასთან საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა აშშ გააფრთხილა, რომ თავი შეიკავოს ისრაელისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევისგან და ასევე ამ თემაზე „სპეკულაციური“ განცხადებების გაკეთებისგანაც.
ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-თან ამბობს, რომ ამჟამად ამერიკისა და ტრამპის მთავარი ამოცანაა ირანში მოქმედი რეჟიმის შეცვლა. მისი შეფასებით, თუ ირანის ხელისუფლება საკუთარი ნებით არ დატოვებს პოლიტიკურ ასპარეზს, შეერთებული შტატები შიდაარეულობისა და საპროტესტო ტალღის ხელშეწყობაზე გადავა.
„პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამერიკა ამ კონფლიქტში ღიად არის ჩართული. უკვე არსებობს სამხედრო კომპონენტიც. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით არ განხორციელებულა, ის ავიადარტყმებია, რისი შესაძლებლობაც მხოლოდ აშშ-ს აქვს და არა ისრაელს. თუმცა ისრაელი სრულ მხარდაჭერას იღებს ვაშინგტონისგან და მოქმედებს საკუთარი თავდაცვის მიზნით. ამ ფონზე ამერიკა თავისი გეგმის განხორციელებას არ აკლებს ენერგიას. ტრამპის განცხადებებიც მიანიშნებს, რომ ირანში ხელისუფლების შეცვლა გადაწყვეტილ საკითხად მიიჩნევა და ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს“, - აცხადებს ბენდიანიშვილი.
მისი თქმით, ტრამპის მუქარა, რომ იცის ირანის სულიერი ლიდერის ადგილმდებარეობა, ერთგვარი გზავნილია, რომ აიათოლა თავის ნებით უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას, რათა თავიდან იქნას აცილებული რეჟიმის ძალადობრივი დაშლა.
„თუ ირანის ლიდერი არ წავა, ალტერნატიული სცენარი შიდა აჯანყებაა, რასაც აშშ ყველანაირად შეუწყობს ხელს. ეს უკვე თვალნათელია და დაუფარავი გეგმაა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, თუ პროცესი ამ ინტენსივობით გაგრძელდა, რეჟიმი ვერ გაუძლებს. ისრაელისა და ამერიკის ერთობლივმა ქმედებებმა, ფაქტობრივად, შეასუსტა ირანის სამხედრო პოტენციალი და მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში რეჟიმის რყევა რეალური გახდება“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.
რაც შეეხება ირანის მთებში ღრმად განლაგებულ ბირთვული იარაღის ლაბორატორიებს, ბენდიანიშვილის თქმით, ტრამპი ამ ობიექტების დაბომბვას ამ ეტაპზე თავს არიდებს უსაფრთხოების გათვალისწინებით. სპეციალისტების ნაწილი ასეთ ქმედებას დიდ რისკად მიიჩნევს, რაც რეალურ თავდასხმას ამ ეტაპზე აჩერებს.
„ტრამპი პირდაპირ აფრთხილებს აიათოლას და მიანიშნებს, რომ მისი პოვნა არ გაუჭირდებათ. ეს არის მოწოდება, რომ ირანიდან წავიდეს. ამერიკას გადაწყვეტილი აქვს, რეჟიმის ცვლილებამდე პროცესები არ შეაჩეროს. ამ ფონზე კი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერა ირანისთვის, ფაქტობრივად, არაფერს ნიშნავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი თავად სერიოზულ სირთულეებს განიცდის უკრაინაში“, - აცხადებს ბენდიანიშვილი.
მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის ომში დაკარგა გავლენა რეგიონში, მათ შორის კავკასიაშიც და ახლა ცდილობს, ირანი „რაღაცაში გაცვალოს“.
„შესაძლოა, ვაშინგტონმა უკრაინის დახმარება კიდევ უფრო გააძლიეროს, ხოლო რუსეთმა გარკვეულ დათმობებზე წასვლა აირჩიოს, მათ შორის ირანის ხარჯზე. ლავროვის მოადგილის არაეფექტური განცხადებები და რუსეთის პასიური პოზიცია მიუთითებს, რომ რუსეთს საკუთარი დღის წესრიგი დაკარგული აქვს. ირანში უკვე ხვდებიან, რომ რუსეთი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, მათი ინტერესები დათმოს“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.
ამ ვარაუდს ბენდიანიშვილის თქმით ისიც ამყარებს, რომ ტრამპმა შეაჩერა G7-ის ანტირუსული განცხადება და ჯგუფის მუშაობაც, რომელიც რუსეთისთვის ახალი სანქციების მომზადებაზე იყო პასუხისმგებელი.
„შესაძლოა, ტრამპმა რუსეთის ლოიალური პოზიციის სანაცვლოდ უკრაინისადმი მხარდაჭერა შეამციროს. თუმცა ბოლომდე მისი ნდობაც არ შეიძლება. შესაძლებელია ეს მხოლოდ სტრატეგიული მახე იყოს. პუტინიც არ არის გულუბრყვილო. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და მალე ბევრი რამ უფრო ნათელი გახდება“, - ამბობს ბენდიანიშვილი.
თეირანის ცა ვერ დაუცავს 1500 კილომეტრიდან მოფრენილი თვითმფრინავებისგან და ამდენს რას იბრიქებოდა ირანი?