ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილებას მთავრობა განახორციელებს

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილებას მთავრობა განახორციელებს

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უქმდება და მის უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობა განახორციელებს. მთავრობამ პარლამენტს საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართა და, დიდი ალბათობით, 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან საბჭო გაუქმდება. საბჭოს ლიკვიდაციის შემდეგ მის უფლებამოსილებას, საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განახორციელებს.

პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შევა. ცვლილებების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით, შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომლის შემადგენლობას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის აქტივებს, მათ შორის, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფის უფლებამოსილებას სალიკვიდაციო კომისია შესაბამის უწყებებს გადასცემს.

გადაწყვეტილება სადავო გახდა. ამ შემთხვევაშიც ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით აუქმებს. უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, არაფერი არ უქმდება, ფუნქციები გადანაწილდება სამთავრობო სტრუქტურებზე. მისი თქმით, ეს ძალიან ჩვეულებრივი და ნორმალური პრეცედენტია, ვინაიდან უშიშროების საბჭო განცალკევებულად საპარლამენტო რესპუბლიკებში, როგორც წესი, არ არსებობს.

„რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და უშიშროებას, ვაკვირდებით, როგორი მოწოდების სიმაღლეზეა ჩვენი სახელმწიფო და შესაბამისი უწყებები. ამ წლების განმავლობაში თავიდან ავირიდეთ 4 თუ 5 რევოლუცია. ასევე, ტერორიზმთან ბრძოლაში მოწინავე ვართ, რაც აშშ-ის ერთ-ერთი მსხვილი უწყების დასკვნაშიც ხაზგასმული იყო.

რაც შეეხება უშიშროების საბჭოს გაუქმებას - არაფერი არ უქმდება, უბრალოდ, ფუნქციები გადანაწილდება სამთავრობო სტრუქტურებზე, რომლებსაც ეს მიმართულება კონკრეტულად ეხებათ. ეს ძალიან ჩვეულებრივი და ნორმალური პრეცედენტია, ვინაიდან უშიშროების საბჭო ასე განცალკევებულად საპარლამენტო რესპუბლიკებში, როგორც წესი, არ არსებობს. ეს უფრო საპრეზიდენტო რესპუბლიკებში დანერგილი პრაქტიკაა და ეს გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე იქნა მიღებული“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

რადიკალური ოპოზიციის წევრი გიორგი ვაშაძე კი ამტკიცებს, რომ უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაცია არის რუსული ინტერესებისა და დავალებების შესრულება და ამავე დროს წინმსწრებად ისიც იცის, რომ საფრთხედ რუსეთი საერთოდ აღარ იქნება შეფასებული.

„ქვეყნის უსაფრთხოება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. უსაფრთხოების საბჭო არის იმიტომ, რომ იქ არის წარმოდგენილი სხვადასხვა როლები, რამაც უნდა დააბალანსოს და სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა მიიღონ მონაწილეობა. როცა ხდება ამის გაუქმება, ეს ნიშნავს, რომ ამბობ უარს კოლეგიურად უზრუნველყოფილ უსაფრთხოებაზე, სადაც ერთ პირზე კი არ არის ჩამოკიდებული, არამედ სხვადასხვა უწყებების მონაწილეობაზე. ფაქტობრივად, ამას გვერდით წევ. უსაფრთხოების დოკუმენტში საქართველოსთვის მთავარი საფრთხე ყოველთვის იყო რუსეთი. აი, ეს არის რეალობა, რატომაც ხდება. ეს არის პირდაპირ რუსული ინტერესებისა და დავალებების შესრულება. იმიტომ, რომ უსაფრთხოების საბჭო ფორმალობებს მოიცავს, დოკუმენტები საჯაროა ჩვენთვისაც, ჩვენც ვხედავთ, რა არის იქ საფრთხედ შეფასებული. თქვენ ნახავთ, რომ საფრთხედ რუსეთი საერთოდ აღარ იქნება შეფასებული კობახიძის მიერ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის დავით კუხალაშვილის შეფასებით, საფრთხედ რუსეთი არ იქნება შეფასებული უკვე მცდარი განცხადებაა იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, რომელიც ქვეყანას გააჩნია, საფრთხედ სწორედ რუსეთია შეფასებული.

„არ ვიცი რას გულისხმობს ვაშაძე. ჩვენთან ხომ ასე იციან - ჯერ ბავშვი დედის მუცელში ჩასახული არ არის და სახელს არქმევენ. ესენი ხომ ყველაფერს რუსულს არქმევენ. ყველა მოდელზე იძახიან რომ რუსულია. ვერ ვხედავ საფრთხეს ქვეყნის მიხედვით რომელიმე კანონის ინტერპრეტირებაში თუ ის თავსებადია იმ ოპერატიულ ვითარებასთან, რომელიც არის დღეს საქართველოში. ამიტომ, ნებისმიერი ქვეყანის, ეს ამერიკული იქნება, პერუსი თუ რუსეთის, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუ არის ოპერატიული ვითარების თანხვედრა იმასთან, რისთვისაც მიიღეს ის კანონმდებლობა იმ ქვეყანაში და გვაქვს იდენტური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ კანონის ინტერპრეტაციაც განხორციელდეს. მთავარია, რომ ეს კანონი, რომელიც უნდა მიიღონ და სტრუქტურა, რომელიც უნდა ამოქმედდეს, უნდა იყოს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების შესაბამისი“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ თუ ეს გადაწყვეტილება მიღებულია, იდენტიფიცირებული საფრთხეების საფუძველზე, რისკების შეფასებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება გამართლება გადაწყვტილებას და შესაბამისად, იქნება ქმედითუნარიანი სტრუქტურა.

„ორი უშიშრორების საბჭო რომ გვქონდა, ესეც ხომ გვახსოვს. აქედან გამომდინარე, ეს უნდა იყოს ის სტრუქტურული დანაყოფი, სადაც მან კატალიზატორის როლი უნდა შეასრულოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემისათვის. პრაქტიკულად, აქ თავი უნდა მოიყაროს ანალიტიკურმა, მათ შორის აგენტურულ-ოპერატიული და ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციების საფუძველზე ანალიტიკურმა ინფორმაციებმა, როგორც კონტრსადაზვერო, ისე პოლიციური და სხვა უწყებების მხრიდან, ასევე - სამეცნიერო კვლევითი ცენტრებიდან, რომლის საფუძველზე უნდა მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება, ოღონდ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო. შესაბამისად, ცივი ომის პერიოდში უნიკალური სტრუქტურა გააჩნდა აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს თვალსაზრისით და თუ ამ პრინციპით მოხდება ამ საბჭოს ჩამოყალიბება, ვფიქრობ, რომ ცუდი ნამდვილად არ უნდა იყოს.

ოღონდ, აუცილებლად, ამ საბჭოს უნდა ახლდეს ყველა ინფორმაციის სამეცნიერო დამუშავების სისტემის არსებობა, რომელშიც ჩართული უნდა იყოს ქართული უნივერსიტეტები პროფილური ხაზით, იმ დარგებით, რომელიც განვითარებულია ამ უნივერსიტეტებში. შესაბამისად, უნდა არსებობდეს საიდუმლოების რეჟიმი, უნდა არსებობდეს საიდუმლო კვლევები, მათზე დაშვება უნდა ჰქონდეთ ადამიანებს. ასეთი სტრუქტურის არსებობის შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლება გვქონდეს უსაფრთხო საგრეო პოლიტიური, თუ შიდა უსაფრთხო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.