„ის ცდილობს გახდეს ოპოზიციური ფლანგის ლიდერი“, - ხაზარაძის სრული მობილიზება თბილისის მოსაგებად

„ის ცდილობს გახდეს ოპოზიციური ფლანგის ლიდერი“, - ხაზარაძის სრული მობილიზება თბილისის მოსაგებად

ლელო-ძლიერი საქართველოსლიდერის, მამუკა ხაზარაძის ახალ ინიციატივას, რომლის თანახმადად, უნდა შეიქმნას თბილისის სამოქალაქო შტაბი და ზეპარტიული პლატფორმის ფორმირება დაიწყოს, რომელიც 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე დედაქალაქში ერთიან საარჩევნო სიასა და მერობის ერთიან კანდიდატს წარადგენს, ექსპერტთა წრეებში გარკვეული შეფასებები მოჰყვა. მისმა ამ განცხადებამ ანალიტიკოსთა ნაწილში გააჩინა მოსაზრება, რომ მამუკა ხაზარაძე ცდილობს ოპოზიციონერი ლიდერის მანტია მოირგოს და ოპოზიურ პარტიათა შორის წამყვანი პოლიტიკოსის როლი ითამაშოს.

რუსული რეჟიმისგან ქვეყნის დეოკუპაცია თბილისიდან უნდა დაიწყოს! ამისათვის საჭიროა შეიქმნას დამოუკიდებელი პლატფორმა/შტაბი, - თქვა ხაზარაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, თბილისის სამოქალაქო შტაბმა უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა. ამასთან, ხაზარაძე მზაობას გამოთქვამს, ყველა კომპრომისისთვის ერთიანი ახალი პლატფორმის შესაქმნელად, თუ საჭიროა ახალი ნომრით, საერთო სიით და ერთიანი ძლიერი კანდიდატით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად გადაწყვეტს. მისივე განმარტებით, თბილისი უნდა გახდეს პოლიტიკური წინააღმდეგობისა და ბრძოლის მთავარი პლაცდარმი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ არ შეიძლებაგამარჯვების ბრძოლის გარეშე დათმობა - ეს იქნება დიდი უპატიებელი შეცდომა!“.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ არაპარტიული კანდიდატის წინ წამოწევა გულისხმობს საკუთარი პარტიის წევრების დაკნინებას, რადგან ეს თავისთავად გულისხმობს, რომ ხაზარაძეს საკუთარი პარტიის მიმართ საკმარისი ნდობა არ აქვს. ანჯაფარიძის შეფასებითვე, ხაზარაძის ინიციატივას დიდი პერსპექტივა არ აქვს.

რა თქმა უნდა, ამ ინიციატივაში იკითხება მისი მორიგი მცდელობა, რომ ისევ გახდეს ოპოზიციური ფლანგის ლიდერი, მაგრამ რამდენად გამოუვა, ეს მეორე საკითხია. ყველაზე მეტად მის ინიციატივაში გამაოცა იმან, რომ ის, ფაქტობრივად, საკუთარ პარტიას გვერდზე წევს ადგილობრივი არჩევნებიდან და უნდა, რომ პარტიული რესურსი მოახმაროს არაპარტიულ და არაპოლიტიკურ კანდიდატებს. ეს რამდენად ჯდება ტრადიციულ, პარტიულ საქმიანობაში, გაუგებარია. პარტიის წევრები როგორ უყურებენ ამ ინიციატივას?! - არჩევნებში, როგორც წესი, მონაწილეობს პოლიტიკური პარტია და მან უნდა წარმოადგინოს მისი კანდიდატები. გამოდის, რომ ტოტალურად გამოთიშნული არის პარტიის მთელი ხელმძღვანელობა პოლიტიკური საქმიანობისგან და წინა პლანზე გამოდიან გაურკვეველი ფიგურები - სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და .. ეს არის პოლიტიკური პარტიის დაკნინების დემონსტრირება - გამოდის, რომ თავად პარტიაში არ არიან სანდო და საზოგადოების მხარდაჭერით მოსარგებლე ლიდერები და შენ პარტიის გარეთ ეძებნ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეებს - მგონია, რომ ამ ინიციატივას დიდი წარმატება არ უწერია, - განაცხადა ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე ცდილობს იყოს ოპოზიციის ლიდერი, თუმცა, პოლიტიკოსი საზოგადოების ნდობითა და დიდი პატივისცემით ვერ სარგებლობს.

სარგებლობს ხაზარაძე ფართო საზოგადოებაში ნდობით, პატივისცემით, სიყვარულით, მხარდაჭერით?! - მგონია, რომ არა! ამასთან, ხაზარაძემ და გახარიამ ვერ მოახერხეს კოალიციის ჩამოყალიბება საპარლამენტო არჩევნების წინ, მას შემდეგ დიდი არაფერი შეცვლილა, არც მათ ურთიერთობებში და არც ზოგადად, ორ პარტიას შორის დამოკიდებულებაში, რომ ახლა მოახერხონ - მათი კოალიციის ჩამოყალიბების ალბათობა დაბალია, - დასძინა ზაალ ანჯაფარიძემ.

სტრატეგია აღმაშენებლისერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხაზარაძის განცხადებაში პირველად გაჟღერდა ერთიანი სიისა და საერთო ნომრის იდეა, რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვანი სიახლეა. ვაშაძის შეფასებით, აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგი და კოორდინაცია საჯარო ურთიერთდაპირისპირების გარეშე.

მნიშვნელოვანი სიახლეა ამ განცხადებაში. მე ვარ ერთიანი სიის მომხრე, გაერთიანების... ვხედავ, რომ არის მცდელობა საერთო გადაწყვეტილება მივიღოთ. ვფიქრობ, რომ ზედმეტი საჯარო კომენტარების გარეშე დავსხდეთ და ერთიანი გადაწყვეტილება მივიღოთ. დღეს რა გარემოებაშიც ვიმყოფებით, ეს არ არის არჩევნები. არ თუ იგივე გარემო გვაქვს, რაც 2024 წელს გვქონდა, არამედ გაუარესებულია გარემო: პოლიტიკური პატიმრები ციხეში, პოლიტიკური ოპონენტები ციხეშია ან სისხლის სამართლის გამოძიების ქვეშ, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები არ იქნება, საარჩევნო სისტემა შეიცვალა, ცესკოს ისევ სანქცირებული ადამიანი მართავს...“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციური სპექტრი უახლოეს დღეებში შეიკრიბოს და საერთო გადაწყვეტილება მიიღოს.

ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია კვირის ბოლოს ან შემდეგი კვირის დასაწყისში, თუკი ციხეში არ ვიქნებით, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. წყენები, რაც გვაქვს, განზე გავწიოთ. მამუკას განცხადებაში დავინახე ის, რაც არ იყო აქამდე ნათქვამი - ეს არის ერთიანი სია და ნომერი. ეს არის ძალიან დიდი რამ. წინა არჩევნებზე ერთიანი ნომრით და საერთო სიით რომ გავსულიყავით, დღეს სხვა რეალობა გვექნებოდა“, - განაცხადა ვაშაძემ.