„ამერიკა ირანისგან ითხოვს რუსეთი და ჩინეთი მთლიანად განიდევნოს რეგიონიდან ისე, როგორც ეს მოხდა სირიაში და ლიბანში“

„ამერიკა ირანისგან ითხოვს რუსეთი და ჩინეთი მთლიანად განიდევნოს რეგიონიდან ისე, როგორც ეს მოხდა სირიაში და ლიბანში“

ირან-ისრაელის კონფლიქტმა რეგიონი გლობალური დაპირისპირების ახალ ეპიცენტრად აქცია. ახლა მთავარია კითხვა, არსებობს თუ არა დეესკალაციის შესაძლებლობა? ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ ეტაპზე ეს რთული იქნება, რადგან ირანის ირგვლივ აშშ-ის სტრატეგიული მიზანი რუსეთისა და ჩინეთის რეგიონიდან გაძევებაა. ამიტომ, სწორედ, ამ კონტექსტში უნდა მოხდეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ისრაელისთვის თეირანზე შესაძლო თავდასხმის არაოფიციალური ნებართვის  განხილვა, რაც თავად ისრაელის თანახმად, ირანის მხრიდან ტრამპის ლიკვიდაციის დაგეგმვის მცდელობამ განაპირობა.

გამოდის, ახლა ირანისგან ორ რამეს ითხოვენ: ბირთვული იარაღზე უარის თქმას და რუსულ-ჩინურ ალიანსთან კავშირების გაწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაა გამორიცხული, აშშ-მ ირანში შიდა არეულობას დაუჭიროს მხარი.

ასევე ჩნდება ეჭვი ირანის რეგიონულმა მოკავშირეებმა ირანის ინტერესების ნაწილი უკვე ხომ არ გაყიდეს. რაც შეეხება მოსკოვისა და პეკინის პოზიციას - მათი რეაქცია ამ ეტაპზე ფრთხილი და არაპირდაპირია, თუმცა სწორედ ირანია მათთვის ახლო აღმოსავლეთში ბოლო გეოპოლიტიკური საყრდენი, რომლის დაკარგვაც დასავლეთის გამარჯვებას გულისხმობს.

ირანი მზადაა, რომ არაბული ქვეყნების შუამავლობით ამერიკასთან და ისრაელთან მოლაპარაკებები გამართოს და მზადაა, რომ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწეროს.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით კი, თანახმა იქნება ისრაელ-ირანის კონფლიქტში რუსეთის პრეზიდენტის შუამავლობაზე, რაზეც ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ვლადიმერ პუტინი მზად არის ამისთვის. ამასთან დაკავშირებით მან დამირეკა. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ასევე არ გამორიცხა აშშ-ის შესაძლო ჩარევა ისრაელ-ირანის კონფლიქტში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა პირობებში და რა ფორმატში შეიძლება მოხდეს ეს.

 „აშშ ამჟამად არ არის ჩართული, თუმცა შესაძლებელია, ჩაერთოს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი განაცხადა, რომ ირანს სურდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობა.

ამის შესახებ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ნეთანიაჰუს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობის მცდელობის ბრძანება პირდაპირ ირანიდან მოდიოდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დადებითად უპასუხა.

„მათ მისი მოკვლა სურთ. ის ნომერ პირველი მტერია. ტრამპი გადამწყვეტი ლიდერია. მან არასოდეს აირჩია ის გზა, რომელიც სხვებმა აირჩიეს – სუსტი მეთოდით მოლაპარაკება მათთან, რაც მისცემდა მათ ურანის გამდიდრების საშუალებას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანს მისი მკვლელობის მცდელობაც ჰქონდა.

„ჩემი საძინებლის ფანჯარას რაკეტა ესროლეს, მაგრამ ააცილეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ომთან შედარებით, ახლო აღმოსავლეთში ფსონები ბევრად უფრო მაღალია. მირიანაშვილი for.ge-თან აცხადებს, რომ ირან-ისრაელის კონფლიქტი სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული და გაანალიზებული, რადგან ამ ეტაპზე დეესკალაცია საკმაოდ რთულია.

„რეგიონში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მდგომარეობა უკიდურესად რთულია, რადგან სწორედ ამ სივრცეში მოხდა მსოფლიოს ომების, დაახლოებით, 70%. ეს რეგიონი დღეს ენერგეტიკული კვანძია. ადრე ის ისედაც მნიშვნელოვანი იყო, ახლა კი - მით უმეტეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ენერგეტიკული გადატვირთვების 84% სწორედ ამ ტერიტორიაზე გადის. აქვე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კვანძები, საუბარია სპარსეთის ყურეზე.

ამიტომ უკრაინის ომთან შედარებით, აქ ფსონები გაცილებით მაღალია. ორივე შემთხვევაში კონფლიქტს მრავალმხრივი შემადგენლობა აქვს. ამასთან ერთად, ირანთან დაკავშირებით დგას რუსეთისა და ჩინეთის რეგიონიდან განდევნის საკითხიც. ამერიკა ირანში მუდმივად ცდილობდა გავლენის მოპოვებას ხან ბრიტანეთთან, ხან საფრანგეთთან ერთად. ისრაელი ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირანის საკითხებში საფრანგეთიც აქტიურად იყო წარმოდგენილი. საბოლოოდ, ამერიკელებმა ყველა ნელ-ნელა ჩამოიშორეს და ახლა რეგიონში დომინანტური პოზიცია დაიკავეს. თუ პროცესს ძირიდან არ შევცვლით, ვფიქრობ, ამ ეტაპზე დეესკალაცია შეუძლებელია“, -აცხადებს მირიანაშვილი.

რაც შეეხება ამერიკის დღევანდელ დამოკიდებულებას ირანის მიმართ, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ტრამპმა მისცა ისრაელს ირანზე ანგარიშსწორების უფლება და ამის უკან ამერიკის ინტერესები დგას.

„ირანი დღევანდელი მოცემულობით, სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთზე ძლიერია, თუ არ ჩავთვლით ბირთვულ იარაღს. მისი სარაკეტო პოტენციალი ორჯერ აღემატება რუსეთისას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ არსენალის 70% უკვე დაბომბილია და განადგურებულია, ირანს წინააღმდეგობის გაწევის სხვა რესურსი, პრაქტიკულად, აღარ აქვს. ამჟამად ირანისგან ორ რამეს ითხოვენ - პირველ რიგში, უარი განაცხადოს ბირთვულ იარაღზე. თუმცა ეს მთავარი არ არის, რადგან ირანი ამ იარაღზე უკვე 30 წელია კონცენტრირებულია. პრობლემა გაღრმავდა მას შემდეგ, რაც რეგიონში ირანმა რუსეთი და ჩინეთი შემოიყვანა. ამის ნათელი ილუსტრაცია სირიის კონფლიქტიც იყო. ახლა ირანისგან ითხოვენ რუსულ-ჩინურ-ირანული ალიანსის დაშლას. შესაბამისად, ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ რუსეთი და ჩინეთი მთლიანად განიდევნოს რეგიონის ტერიტორიიდან - ისე, როგორც ეს მოხდა სირიაში და ლიბანში“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ თუკი ირანის დღევანდელი ხელისუფლება არ დაეთანხმება ამერიკის მოთხოვნებს, დასავლეთმა შიდა არეულობა წაახალისოს და ხელისუფლება შეცვალოს, მირიანაშვილი პასუხობს: „ამერიკისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ეს სწორედ ტრამპის ქმედებების ლოგიკაა. ისრაელს ამგვარ ქმედებების ნებართვას ამ ლოგიკით აძლევს. ამერიკა, პრაქტიკულად, სპარსეთის ყურის ყველა ქვეყანაშია წარმოდგენილი - დაახლოებით 40 სამხედრო ბაზა აქვთ. ასევე მაღალია მათი სადაზვერვო შეღწევადობაც. ირანში მოსახლეობის დიდი ნაწილი უარყოფითადაა განწყობილი სასულიერო პირების მიმართ. თუმცა დღევანდელი ხელისუფლების დამხობა ირანის დეზინტეგრაციას ნიშნავს. ირანი არ არის ისეთივე ერთიანი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია - ის ეთნიკურ ანტაგონიზმებზე დაფუძნებული ქვეყანაა. ამიტომ რისკები დიდია და თუ შიდა დაპირისპირება დაიწყო, ვითარება მარტივად არ განვითარდება. საფრთხეები ყველა მიმართულებით სერიოზულია“, - აცხადებს მირიან მირიანაშვილი.